სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    14.11.2017

    ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობას რვა წლის წინ ჩაეყარა საფუძველი. ეს იყო პოლონეთისა და შვედეთის ერთობლივი ინიციატივა, რომელიც გულისხმობდა ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავებას მის უახლოეს 6 მეზობელ ქვეყანასთან, 75 მილიონი ადამიანის სამშობლოსთან, კერძოდ: სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან.

    აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინიციატივაა. ამ რვა წლის განმავლობაში ევროკავშირმა საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულებები და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულებები გააფორმა.

    მეტიც, მაგალითად: 2009 წლიდან მოყოლებული, ევროკავშირმა 1,5 მილიარდი ევრო გამოყო რეგიონში კერძო სექტორის განვითარებაზე. მხოლოდ გასულ წელს 4000-ზე მეტმა სტუდენტმა ისარგებლა ევროკავშირის სტიპენდიებით და თითქმის 10 000 ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა გაცვლით პროგრამაში.

    საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მოქალაქეები შენგენის წევრ ქვეყნებში უკვე უვიზოდ მოგზაურობენ. რეგიონის მოსახლეობის უმრავლესობა (61%) დარწმუნებულია, რომ ევროკავშირთან უფრო ძლიერი თანამშრომლობის განვითარება კარგია, ხოლო რეგიონის მოსახლეობის 70%-ზე მეტისთვის ევროკავშირი ასოცირდება ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებთან, როგორიცაა: ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა, სამოქალაქო თავისუფლება და ეკონომიკური კეთილდღეობა, მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება.

    მიღწეული წარმატებების მიუხედავად, აღმოსავლეთ პარტნიორობა ახალ დინამიკას საჭიროებს, რათა ასევე რელევანტური იყოს მომავალშიც. ევროპელი ლიდერები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის 24 ნოემბერს ბრიუსელში შეიკრიბებიან.

    გვსურს, აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომი განვითარების ჩვენეული გზები შევთავაზოთ. ჩვენი სურვილია, რომ აქცენტი გაკეთდეს ადამიანების, განსაკუთრებით ახალგაზრდების საჭიროებებზე, რათა უფრო კონკრეტულ შედეგებს მივაღწიოთ შემდეგ ოთხ სფეროში:

    თანამონაწილეობა. მიგვაჩნია, რომ ყველა ის ქვეყანა, რომელიც ჩართულია აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკაში, ერთობლივად უნდა იყოს პასუხისმგებელი დასახული მიზნებისა და პრიორიტეტების განხორციელებაზე. მათ, ვინც უფრო მაღალ ამბიციას გამოთქვამენ, უნდა გაატარონ კიდეც ნაკისრი ვალდებულებებით გათვალისწინებული რეფორმები. საქართველო ამის კარგი მაგალითია.

    მდგრადობა. ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგი მიმართული უნდა იყოს იმ საკითხებისაკენ, რომლებიც ჩვენს საზოგადოებებს კიდევ უფრო გააძლიერებს. ეს გულისხმობს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტური თავისუფლების მხარდაჭერას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, გამჭვირვალობის გაზრდას, საჯარო ადმინისტრაციის მეტ ეფექტურობასა და ქალსა და მამაკაცს შორის თანასწორობის გაზრდას.

    ამაში აგრეთვე იგულისხმება ფოკუსირება გარემოსდაცვით საკითხებსა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ მიმართულ მოქმედებებზე.

    საზოგადოების ჩართულობა. არსებობს მკაფიო კავშირი მდგრადი საზოგადოების შენებასა და ინსტიტუტებისადმი ხალხის ნდობის ხარისხს შორის: ერთმანეთის გარეშე არც ერთი არ მიიღწევა. აღმოსავლეთ პარტნიორობამ მნიშვნელობა უნდა შეიძინოს ხალხის თვალში და დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ნებისმიერ რეფორმას საკუთარ თავზე იგრძნობენ ჩვეულებრივი ადამიანები.

    ამ კუთხით ახალგაზრდები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არიან და სწორედ ამიტომ თხოვნით მივმართეთ ევროკომისიას, სამიტისთვის ძლიერი ახალგაზრდული პაკეტი მოემზადებინა.

    დაკავშირებადობა. პრიორიტეტულად უნდა განვიხილოთ ნებისმიერი საშუალება, რაც ერთმანეთთან დააახლოებს ადამიანებს. ეს, შესაძლოა, იყოს უვიზო მიმოსვლა, გაცვლითი პროგრამები საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის, სწრაფი ინტერნეტისა და როუმინგის დაბალი ტარიფებით სარგებლობის სფეროში.

    ევროკავშირმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის გააფართოოს დამაკავშირებელი ქსელები, რაც სასარგებლო იქნება არა მხოლოდ ვაჭრობისათვის, არამედ ჩვენი ქვეყნების ხალხებს შორის მჭიდრო კავშირის დამყარებისათვის. ვინაიდან ინფრასტრუქტურული პროექტები ძვირადღირებულია, საჭიროა, გავაერთიანოთ ევროპული და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების საკრედიტო და საგრანტო ინსტრუმენტები.

    მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არ მოიცავს უსაფრთხოებას ტრადიციული გაგებით, იგი, შესაძლოა, გახდეს სტაბილურობისა და მდგრადობის ინსტრუმენტი. ასევე შეიძლება გახდეს პლატფორმა რეგიონულ პარტნიორებს შორის თანამშრომლობისათვის.

    მომდევნო წელს პოლონეთი და შვედეთი გაეროს უშიშროების საბჭოში წარმოდგენილი იქნებიან არამუდმივი წევრების სტატუსით. გვსურს, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა კონფლიქტების გადაჭრისა და კრიზისების მართვის ხელშეწყობის მიზნით, განსაკუთრებით "აღმოსავლეთ პარტნიორობის" რეგიონში.

    პოლონეთი და შვედეთი კვლავ ჩართულები იქნებიან აღმოსავლეთ პარტნიორობაში. პოლონეთი, ისევე როგორც შვედეთი, ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ კარი ღია უნდა დარჩეს იმ ქვეყნების პოტენციური წევრობისთვის, რომლებიც რეალურად ახორციელებენ რეფორმებს.

    პასუხისმგებლობას ვიღებთ ამ ურთიერთობაზე და დარწმუნებული ვართ, რომ ევროკავშირსა და მის აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაღრმავება ჩვენი ქვეყნების ხალხებისთვის უკეთეს ცხოვრებას მოიტანს.

    ვიტოლდ ვაშიკოვსკი (პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი)

    მარგოტ ვალსტრიომი (შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter