სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    20.11.2017

    ჰათემ ჯაბბარლი

    პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი

    სომხეთის საქართველოსთან დაკავშირებული პოლიტიკა ძირითადად სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებისთვის პოლიტიკური ურთიერთობის განვითარების საჭიროების ფონზე ყალიბდება. ასე რომ, სომხეთი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობის დიდ ნაწილს საქართველოს გავლით ახორციელებს, ნავთობისა და ბუნებრივი გაზის საჭიროებას კი ამ ქვეყნის ტერიტორიიდან გამავალი ხაზით აკმაყოფილებს. ამ და კიდევ სხვა მიზეზებიდან გამომდინარე, სომხეთი მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან ურთიერთობას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თავს არ იკავებს ჯავახეთთან დაკავშირებული და ამავე დროს საქართველოსთვის შემაშფოთებელი განცხადებებისგან.

    სომხეთი ხელს უწყობს საქართველოში მცხოვრები სომხების სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას.

    სომხეთი აცხადებს, რომ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ გარკვეულწილად მხარი დაუჭირა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ მოთხოვნებს - სომხეთმა დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის საშუალებით ურთიერთობა დაამყარა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან. აქ ჩატარებულ არჩევნებში დამკვირვებლები გააგზავნა, მონაწილეობდა სხვადასხვა კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში.

    2002 წლის მონაცემებით, საქართველოში 248.929 სომეხი ცხოვრობს, რაც მოსახლეობის საერთო რაოდენობის 5,7 პროცენტს შეადგენს. სომხები საქართველოს სამხრეთით სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონებში კომპაქტურად ცხოვრობენ.

    მთიანი ყარაბაღის სომხების სეპარატისტული მოთხოვნების რუსეთის მიერ მხარდაჭერამ და დამოუკიდებლობის პირველ წლებში საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიერ ქართველების ეროვნულობის წინა პლანზე წამოწევამ უფრო გააძლიერა საქართველოში მცხოვრები სომხების ავტონომიასთან დაკავშირებული მოთხოვნა. მაგრამ გამსახურდიას შემდეგ სომხების მიმართ წნეხის შემცირება, მთიან ყარაბაღის პრობლემის შეიარაღებულ კონფლიქტად გადაქცევა სომხების მოთხოვნის უკანა პლანზე დარჩენის მიზეზი გახდა.

    საქართველოს "თავისუფალი პარტიის" ლიდერი რეზო შავიშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით ამბობდა: "თუ არ გამწვავდებოდა მთიანი ყარაბაღის პრობლემა, სომხებს ექნებოდათ საქართველოში სომხური ტერიტორიის სომხეთთან შეერთების მოთხოვნა."

    სომხებს არ უნდათ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროს დაშვებული შეცდომების გამეორება და, შესაბამისად, ჯავახეთთან დაკავშირებით სწორ ისტორიულ მომენტს ელოდებიან. სომხეთი ფიქრობს, რომ მოკლე დროის განმავლობაში მთიანი ყარაბაღის პრობლემას თავის სასარგებლოდ მოაგვარებს და მერე გაააქტიურებს ჯავახეთის საკითხს. იმის გამო, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ არ აღიარა დეფაქტო მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, ორი მიმართულებით ბრძოლა სომხეთისთვის ადვილი არ იქნებოდა. ამიტომაც უკანა პლანზე გადავიდა ჯავახეთთან დაკავშირებული მოთხოვნები.

    ამის კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ სომხეთს საერთაშორისო ტრანსპორტთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. იგი ჩრდილოეთში მხოლოდ საქართველოს გავლით გადიოდა და, შესაბამისად, ამ ქვეყანასთან მიმართებით პოლიტიკაში ფრთხილად იყო, მოთხოვნების მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების საშუალებით წამოყენებას ცდილობდა.

    სომხეთის ხელისუფლება საქართველოში სომხების პოლიტიკურ და კულტურულ ორგანიზაციებს ყველანაირ დახმარებას უწევს. სომხეთი 1994 წელს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების გაფორმებამდე ჯავახეთში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან შეზღუდულ ჩარჩოში მოქმედებას ითხოვდა, შემდეგ კი მათ თავისუფლება მისცა. ამით სომხეთმა თითქოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემებს კიდევ ერთი პრობლემა დაამატა და საქართველოს ხელისუფლებისგან ჯავახეთის სომხების სოციალურ-ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური მოთხოვნების გათვალისწინებას ითხოვდა.

    ჯავახეთის საკითხთან დაკავშირებით სომხეთს დილემა აქვს - ერთი მხრივ, არ სურს საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება და, მეორე მხრივ, ჯავახეთის სომხების მოთხოვნებს მხარს უჭერს.

    პარტიამ "დაშნაკცუთიუნი" 2003 წელს ჯავახეთის საკითხის გააქტიურება მოითხოვა. ჯავახეთი "დიდი სომხეთის" ნაწილად მიაჩნიათ და, ამ პარტიის აზრით, მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარების შემდეგ ჯავახეთის რიგი დადგება. ამ თვალსაზრისით, ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს სომხეთში პოლიტიკური პარტია "ზორ ჰაირენიკ" ("ძლიერი სამშობლი").

    სომხეთის ხელისუფლებაში რობერტ ქოჩარიანის მოსვლის შემდეგ ოფიციალური პირები საქართველოს სომხებთან დაკავშირებით შემაშფოთებელი განცხადებებით გამოდიოდნენ. სომხეთის პარლამენტის წევრი ვაან ონანნესიანი აცხადებდა, რომ სომხეთ-საქართველოს საზღვრები ერთგვარი ფრონტია, რაც უარყოფითად შეფასდა სომხური მედიის მხრიდან.

    მიუხედავად იმისა, რომ ასეთი განცხადებები საქართველოსთვის შემაწუხებელია, სომხეთი, ზოგადად, საქართველოსთან ურთიერთობის დაცვას ცდილობს.

    ჯავახეთის სომხების ორგანიზების პროცესი 1990-იანი წლებიდან იწყება. ამ წლებში სომხებმა სახალხო მოძრაობა "ჯავახკი" შექმნეს. მისი ძირითადი მიზანი ჯავახეთისთვის ავტონომიის მოპოვება და შემდგომში სომხეთთან გაერთიანება იყო. "ჯავახკი" და სომხეთის პარტიები - "დაშნაკცუთიუნი" და სხვები თანამშრომლობენ. მათი უდიდესი მიზანია "დიდი სომხეთის" შექმნა.

    "ჯავახკის" პოლიტიკური საქმიანობის დაწყებისთანავე მისი შეიარაღებული წევრების მიერ საქართველოს სახელმწიფო წარმომადგენლის რეგიონში ჩასვლისთვის დაბრკოლების შექმნამ კიდევ უფრო გაამწვავა სიტუაცია. 1994 წელს, საქართველოს პრეზიდენტის 237-ე დადგენილებით, მესხეთი და ჯავახეთი სამცხე-ჯავახეთის პროვინციად გაერთიანდა.

    იმავე პერიოდში ადგილობრივ და ცენტრალურ მედიაში გავიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეიარაღებული ჯგუფის - "პარვენტის" წევრები ახალქალაქში მდებარე რუსეთის 62-ე სამხედრო ბაზის სწავლებაში მონაწილეობდნენ და სომხეთის ტერორისტული დაჯგუფება "ასალას" ჯავახეთის ბიუროში შედიოდნენ. "ჯავახკის" ლიდერები ჯავახეთის ავტონომიას არაერთხელ ითხოვდნენ.

    საქართველოს პარლამენტის ფრაქცია "ყყ| საუკუნის" ხელმძღვანელმა ვახტანგ ბოჭორიშვილმა ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა: "სომხეთის რესპუბლიკის კონტროლისა და ერევნის მხარდაჭერის გარეშე ასეთ მოთხოვნას ვერ გამოთქვამდნენ". სომხეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სტეფან მარგარიანმა ჯავახეთში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ეს მოთხოვნა საქართველოს კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება.

    "ჯავახი", ორგანიზაცია "ზანგი", პოლიტიკური პარტია "დიადი სამშობლო" და "ვირკი" დე ფაქტო "სომხური გენოციდის" საქართველოს მიერ აღიარებისთვის სერიოზულად მუშაობენ. 2002 წლის მარტში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძის რეგიონში სტუმრობის დროს, ამ ორგანიზაციებმა მისგან დე ფაქტო "სომხური გენოციდის" აღიარება ითხოვეს. საპასუხოდ ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საკითხი განიხილება სომხეთსა და თურქეთს შორის, შესაბამისად, უნდა დაველოდოთ შედეგებს.

    ჯავახეთის სომხების ორგანიზების მექანიზმი შეიძლება ორ ნაწილად გავყოთ - "მტრედები" და "შევარდნები". ჯავახეთის ავტონომიის მოთხოვნას "მტრედების" საშუალებით აცხადებენ, საქართველოს ხელისუფლების დადებითი პასუხის არარსებობის შემთხვევაში კი "შევარდნების" საშუალებით ემუქრებიან. ამ კლასიფიკაციის მიხედვით, "ჯავახკი", ორგანიზაცია "ზანგი" და "დიდი სამშობლოს პარტია" - "მტრედებს", "ვირქ" და "პარვენტი" კი შევარდნებს ეკუთვნის.

    მიუხედავად იმისა, რომ მხარეები მათ შორის არსებული კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობის განვითარებას ცდილობენ, ჯავახეთის პრობლემა ამ ურთიერთობის განმსაზღვრელ ფაქტორად რჩება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter