სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    26.11.2017

    ქართლოს ზაქარეიშვილი

    მოგმართავთ მე, ქართლოს ზაქარეიშვილი, 86 წლის, 46-წლიანი შრომის სტაჟით, | ჯგ. უსინათლო და სმენადაქვეითებული ინვალიდი. თქვენ რომ ჩემს ფორმა #100-ში ჩაიხედოთ, გაოცდებით, როგორ ვარ დღეს კიდევ ცოცხალი. მიუხედავადა ამისა, თქვენ, საქართველოს პატივცემულო ჩინოვნიკებო, ვერ ხედავთ საფუძველს, განიხილოთ ჩემი საქმე არსებითად და გადაწყვეტილება მიიღოთ მხოლოდ კანონიერებიდან გამომდინარე.

    ჩემი საკუთრების დაბრუნებისათვის ვიბრძვი უკვე 14 წელია, მას შემდეგ, საც სააკაშვილმა გამოსცა 2005 წლის ნოემბრის 108-ე ბრძანებულება - ბლეფი ბრძანებულება ბლეფი კომისიის შექმნის მიზნით, რომელიც ნებისმიერ აფრიკულ ქვეყანაში სასაცილოდაც არ ეყოფათ.

    ჩემი ხანგრძლივი ბრძოლის განმავლობაში შევეხე კონსტიტუციის | ნაწილის მე-6-7 მუხლებს, სადაც თქვენ, პატივცემულო ჩინოვნიკებო, შეზღუდული ხართ, ალბათ ხვდებით, უკანონო ქმედებაში. შევეხე მეორე ნაწილის მე-14 მუხლს, სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ მე, მოქალაქე და თქვენ, ჩინოვნიკები, თანაბარუფლებიანი ვართ. სინამდვილეში კი თქვენ მთვარეზე დაფრინავთ, მე კი წამლის ფული არ გამაჩნია. შევეხე 21-ე მუხლს, რომელიც ცალსახად განმარტავს, რომ საკუთრება ხელშეუვალია და მას ეშმაკიც კი ვერ შეეხება. შევეხე 42-ე მუხლს, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ მსგავს შემთხვევაში, როცა საკუთრების მიტაცება, ექსპროპრიაცია ხდება, ამ ქმედების ჩამდენი პასუხისმგებელია ქმედებაზე და სასამართლო ვალდებულია, სახელმწიფოს ხარჯზე ამინაზღაუროს ჩემგან მიტაცებული საკუთრება.

    შევეხე ყველას და ყველაფერს, რაც ცალსახად მიუთითებს, რომ ჩემ მიმართ დარღვეულია აბსოლუტურად ყველა შესაძლო და შეუძლებელი უფლება. შევეხე ორგანული კანონის 69-ე მუხლს, რომელიც ცალსახად ადასტურებს, რომ ესაა დისკრიმინაცია ჩვეულებრივი მოქალაქისა, ჩინოვნიკისაგან განსხვავებით. შევეხე იმასაც, რომ ერთადერთ გამონაკლის შემთხვევაში ქონების ჩამორთმევა დასაშვებია საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირობით, რომ კომპენსაციით იქნეს აღდგენილი დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ქმედება. მრავალჯერ აღვნიშნე, რომ მე კომპენსაციაზე თანახმა ვარ.

    აყველაფერ ამას თან ახლავს უზარმაზარი რეკლამები და მოწოდებები - "იცოდე კანონი და იქნები დაცული". ჯერ ერთი, რა გვასწავლეთ, რომ ვიცოდეთ, მაგრამ, თქვენდა გასაკვირად, კარგად ვიცი ჩემი უფლებები, ვიცი კანონებიც ამ უფლებების დამცველი, მაგრამ ისიც კარგად ვიცი, რა ხელისუფლებასთან და რა ჩინოვნიკებთან მაქვს საქმე, მაშინ, როცა მოქალაქე, მისი უდიდებულესობა, ობიექტია ზრუნვისა, ჩინოვნიკი კი სუბიექტი, ამ ზრუნვის განმახორციელებელი. აქ, საქართველოში კი ეს ყველაფერი უკუღმა ინტერპრეტაციით ხორციელდება. ვერ შეიგნო ქართულმა ისტებლიშმენტმა, რომ ის (ჩინოვნიკი) დროებითია, ხოლო მისი უდიდებულესობა ადამიანი (მოქალაქე) - მუდმივი. ან შეიგნეთ ჭეშმარიტება, ბატონო დროებით მოვლენილო ჩინოვნიკებო, ან შექმენით ისეთი სამართლებრივი ინსტიტუტები, რომ თქვენისთანა ჩინოვნიკობამ ვერ იბოგინოს და ვერ დაღუპოს ეს მშვენიერი, სულ ახლო წარსულში აყვავებული ქვეყანა თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით.

    თქვენ ყველამ კარგად იცით, ოფიციალური მონაცემების თანახმად, რამდენი ნადირია ლაგოდეხის ნაკრძალში, ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიაზე და არ იცით აბსოლუტურად ყოველი კუთხით პასპორტიზებული საქართველოს მოქალაქე, მაშინ, როდესაც ქვეყანას ხელისუფლების შენახვა უჯდება 2 მლრდ. ლარი და ახლა გახდა ცნობილი, რომ ბიუროკრატიული ხარჯები გაიზარდა კიდევ 800 მლნ. ლარით. არადა, ამ კომპიუტერიზაციის ეპოქაში, უბრალოდ, ერთი საათის საქმეა მიიღოთ სრული სურათი საქართველოს მოქალაქეთა, სრული ანკეტიზაციით და გადაანაწილოთ იგი წლების მიხედვით, ვინ როგორ მიიღებს თავის ვალს, გაცემულს სახელმწიფოზე.

    თქვენ კარგად იცით, რომ მგელი მეტს ხოცავს თავის მსხვერპლს, ვიდრე მას სჭირდება, მაგრამ თქვენ მგელზე ასჯერ მეტს იტაცებთ ხალხისგან, ვიდრე თქვენ გჭირდებათ. ეს გახლავთ მოდერნიზებული მგლების ხროვა.

    თქვენ, უკლებლივ ყველა ჩინოვნიკი, ვადაზე ადრე მიდიხართ პოლიტიკურ სამარეში და შემდეგ იმის ბოღმით, რომ ბოლომდე ვერ შეძელით მგლობა, ბიოლოგიური სიკვდილიც მალე გიდგებათ. აბა, იქნებ დამისახელოთ ერთი ჩინოვნიკი, რომელმაც 86 წელს მიაღწია.

    ბოლოს და ბოლოს მიხვდით, რომ ეს უბედურება დამოკლეს მახვილივით კიდია თქვენს თავზე, სანამ არ მოსცილდებით ამ ბინძურ ჩინოვნიკობანას თამაშს, ან არ მიხვალთ იმ აზრამდე, რომ ასე ცხოვრება სიცოცხლისათვის საშიშია. მე არასდროს შემშურდება იმ უბედური სააკაშვილის ბედი, რომელსაც მილიარდები აქვს მიტაცებული და არც ერთი ქვეყანა მას არ ღებულობს. ასე ხართ დღეს ყველა, სააკაშვილის მენტალიტეტის მქონე ჩინოვნიკები.

    ბოლოს! შეიგნეთ, მე მიცავს ჩემი კონსტიტუცია. როგორადაც უნდა დაჭრათ და დაამახინჯოთ, ფუნდამენტურ უფლებებს საკუთრებაზე ვერავინ შეეხება. საკონსტიტუციო სასამართლოსაგან მოვითხოვ, განიხილოს არსებითად ჩემი საქმე, დამასწროს სრულად უფლებამოსილი პირი, ამ ქონების პატრონი სასამართლოზე და ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გამოიტანოს სამართლიანი გადაწყვეტილება. უარიც კი უნდა იყოს დამაჯერებელი და ასეთ შემთხვევაში მე საწინააღმდეგო არაფერი მექნება.

    ჩემი საქმე უკვე მეოთხედ ელოდება განხილვას საკონსტიტუციო სასამართლოში და არ არის გამორიცხული, კიდევ ერთხელ მივიღო დანაშაულებრივი გადაწყვეტილება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter