სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    29.11.2017

    პაატა გაჩეჩილაძე

    სახელმწიფო დეპარტამენტის თანხმობა საქართველოსთვის "ჯაველინის" ტიპის ტანკსაწინააღმდეგო, უფრო სწორად, ჯავშანსაწინააღმდეგო, გადასატანი კომპლექსების მიყიდვის თაობაზე უფრო დიდი მნიშვნელობის ფაქტია, ვიდრე მხოლოდ ახალი, თანამედროვე სახის შეიარაღების გამოჩენა ჩვენს არმიაში. რასაკვირველია, ეს კიდევ ერთი დასტურია აშშ-ის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისა. ამასთან, ეს ნაბიჯი არ შეიძლება ცალკე აღებულ მოვლენად განვიხილოთ. იგი ერთი შემადგენელია იმ მიდგომისა, რასაც დღეს აქვს ადგილი აშშ-ის მხრიდან რუსეთთან მიმართებაში, და რაც, ვფიქრობთ, იმის დამადასტურებელია, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა რუსეთის მიმართ მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისაგან, რასაც 2009 წლიდან ჰქონდა ადგილი და რომ იგი გაცილებით უფრო ხისტი და უაპელაციოა.

    დღეისათვის ჩვენი შეიარაღებული ძალების განკარგულებაში მხოლოდ მსუბუქი საბჭოთა/რუსული (რპგ 7, რპგ 18, რპგ 22, რპგ 26) ასევე გარკვეული რაოდენობის ჩეხური რპგ-75 და ჩვენი "დელტას" რპგ-7გ ყუმბარმტყორცნებია.

    ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებიდან კი მცირე რაოდენობის "ფაგოტი", "მეტისი" და "სკიფი" გვქვს, რაც, რასაკვირველია, სრულიად არასაკმარისია.

    ამ ფონზე "ჯაველინის" მიღება, კონგრესის მხრიდან თანხმობის შემთხვევაში, რასაკვირველია, მნიშვნელოვანი შენაძენია.

    "ჯაველინი" 1996 წელს მიიღეს შეიარაღებაში და მიუხედავად ამისა, იგი უფრო მაღალი კლასის (მესამე თაობის) იარაღია, ვიდრე რუსების მიერ ორი წლის შემდეგ წარმოებაში ჩაშვებული "კორნეტი" (მეორე თაობა%). ამგვარი იარაღი დღეისათვის მხოლოდ ნატო-ს წევრი და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი 18 ქვეყნისათვისაა ხელმისაწვდომი.

    "ჯაველინში" რეალიზებულია პრინციპი "გაისროლე და დაივიწყე", ინფრაწითელი დამიზნების სისტემა უზრუნველყოფს დამიზნებიდან მიზნამდე რაკეტის მიღწევისა და მისი განადგურების პროცესის ავტომატურად მართვას, მსროლელის შემდგომი ჩარევისა და თვალყურის მიდევნების გარეშე. ასე რომ, მსროლელს თავისუფლად შეუძლია, დატოვოს თავისი პოზიცია გასროლისთანავე და ამით თავიდან აიცილოს მოწინაააღმდეგის საპასუხო ცეცხლი.

    "ჯაველინს" გააჩნია ორმაგი ტრაექტორიის მიღების უნარი და შეუძლია, შეჯავშნული მიზანი ზემოდან, მისი ყველაზე დაუცველი ადგილიდან გაანადგუროს. ასე რომ, მისგან თხრილში ან რაიმე ამაღლებულ ადგილს მოფარებას აზრი არ აქვს. ჯავშანტექნიკის კუმულატიური დაცვის სისტემაც უძლურია მის წინააღმდეგ, რადგან მას ორმაგი აფეთქების ეფექტი აქვს. იგი მსუბუქია და ადვილად გადასატანი, თუმცა - ძვირი.

    "ჯაველინისა" და ფრანგული ჰაერსაწინაარმდეგო დაცვის სისტემების (ქდ ქ|სფტტ) მიღებით საქართველო მნიშვნელოვნად უფრო მეტად იქნება დაცული როგორც ხმელეთზე, ისე ციდან.

    თუმცა ამ მოვლენას წმინდა სამხედროსაგან განხვავებით, უფრო მეტი და ძალზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვაც გააჩნია.

    ამ სახის იარაღის მიღებას საქართველო დიდი ხანია, ცდილობდა. 2011 წელს სააკაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებდა: "რაც ნამდვილად სჭირდება საქართველოს, ეს ჰაერსაწინაარმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო იარაღია. აი, რა უნდა იყოს ჩვენი თანამშროლობის შემდგომი ეტაპი". თუმცა მაშინ ამ სახის იარაღის მიღება ვერ მოხერხდა.

    ეს გასაგებიცაა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 2009 წლიდან აშშ-ის მხრიდან რუსეთის ურთიერთობებში სხვა მიდგომა ისახებოდა. 2009 წლის 7 მარტს კლინტონმა და ლავროვმა ჟენევაში შეხვედრისას ურთიერთობების "გადატვირთვის ღილაკზე" დააჭირეს ხელი.

    ამ შეხვედრაზე განხილული იყო ნატო-ს გაფართოების, ახლო აღმოსავლეთის, კორეის ნახევარკუნძულის, ავღანეთის, ირანისათვის ეს-300 ჰაერსაწინააღმდეგო სისიტემების მიწოდების და სხვა უმნიშვნელოვანესი საკითხები.

    საუბარი იყო ცნობილი ე.წ. სნვ-ის ახალი ხელშეკრულებით ჩანაცვლებაზე, თუმცა...

    თუმცა რუსეთის აგრესიამ უკრაინაში საბოლოოდ დაუსვა წერტილი ამ იმედებს. რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობები გადატვირთვიდან სანქციებამდე შეიცვალა.

    უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დაწყების დღიდან მიმდინარეობდა პოლემიკა იმის თაობაზე, უნდა მიეწოდებინათ თუ არა ნატო-ს წევრ ქვეყნებს უკრაინისათვის ლეტალური იარაღი. აქამდე ისინი ამ ქვეყანას მხოლოდ მეორეული დანიშნულების საშუალებებით ეხმარებოდნენ.

    2018 წლის ბიუჯეტის თანახმად, აშშ 4,6 მილიარდ დოლარს გამოყოფს რუსეთის ევროპაში "შეკავებისა" და მისი აგრესიის საპირწონედ.

    აგრეთვე დასახელებულია რუსეთის აგრესია საქართველოსა და უკრაინაში, მუქარა ნატო-ს წევრი ქვეყნების მიმართ, ჩქარი ტემპით მიმდინარე სამხედრო მოდერნიზაცია, ხმელთაშუაზღვისპირეთსა და არქტიკაში სამხედრო აქტიურობების გაძლიერება და ა.შ.

    აქედან, უკრაინა 350 მილიონ დოლარს მიიღებს, საიდანაც 47 მილიონი დოლარი გათვალისწინებულია "ჯაველინების" შესყიდვაზე. შეიძლება ითქვას, რომ ამ პროცესის ბოლომდე მიყვანის შემდგომ რუსეთთან მიმართებაში უკრაინული რუბიკონიც გადალახული იქნება.

    დაბოლოს, განსაკუთრებული შეშფოთების საგანს ის გარემოება წარმოადგენს, რომ რუსეთი ავითარებს თავის ბირთვულ დოქტრინას, რაც ქმნის პირობებს საშუალო და მცირე სიშორის ბირთვული ქობინების მატარებელი რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულების დარღვევისათვის. ეს ხელშეკრულება (ე.წ. ერ-ეს-ემ-დე) ჯერ კიდევ 1987 წელს იქნა ხელმოწერილი. მის ფარგლებში მთელი ორი ტიპი რაკეტებისა საშუალო (1-5,5 ათასი კმ.) და მცირე (500-100 კმ.) სიშორის იქნა ამოღებული შეიარაღებიდან. ეს მოვლენა "ცივი ომის" ოფიციალურ დასარულადაა მიჩნეული.

    დღევანდელი რეალობიდან გამოდინარე, უკვე რუსეთის უპასუხისმგებლო ქმედებები ამ ხელშეკრულების დარღვევის რისკს ქმნის. ამ პირობებში ახალი "ცივი ომის" დაწყება სულაც არ არის ფანტასტიკის სფერო.

    ამბობენ, რომ ზემოაღნიშნული ჟენევის შეხვედრის დროს, გადატვირთვის ცერემონიალისას, საინტერესო კურიოზს ჰქონდა ადგილი. საქმე ისაა, რომ ღილაკის ინგლისურენოვანი წარწერა - "რესეტ" ლავროვის განცხადებით არა ურთიერთობების გადატვირთვას, არამედ დატვირთვას აღნიშნავდა. დღევანდელი რეალობა, ვფიქრობთ, ამ ტერმინს შეესაბამება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter