სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    21.12.2017

    მგონი, რუსეთ-ამერიკას შორის მე-20 საუკუნეში დაწყებული ცივი ომი დღემდე არ დამთავრებულა და, ვინ იცის, როდის დასრულდება. დიდი გონიერება არ სჭირდება იმას, რომ მიხვდე - ეს იყო იდეოლოგიური ომი. რუსეთი რომ კაპიტალისტური ქვეყანა ყოფილიყო, არანაირი დაპირისპირება არ ექნებოდა.

    ჩერჩილს აქვს ნათქვამი: "უგუნურია ადამიანი, რომელიც პოზიციას არ იცვლის". ამიტომაც მოგახსენებთ: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიმსხვრა სოციალისტური სამყაროს უძლეველობის მითი. გეგმური ეკონომიკა ჩაანაცვლა საბაზრო ეკონომიკამ. ბუნებაში შემთხვევით არაფერი ხდება.

    ნიჭიერი ადამიანი თავისი თავის სრულად რეალიზაციას ვერ ახდენდა - ბევრს იმუშავებდი თუ ცოტას, დადგენილ ხელფასს მაინც ვერ ასცდებოდი; მმართველობის სტრუქტურა ისე იყო მოწყობილი, რომ ხელისუფლების სათავეში თავს იყრიდნენ ფულზე დახარბებული, მლიქვნელი, ქლესა პერსონები. მათ ნაკლებად სჯეროდათ იმ იდეოლოგიისა, რომელსაც ვითომდა ემსახურებოდნენ.

    ამ ვითარებაში არ უნდა გაგიკვირდეს, როდესაც დიდი ფულით მოისყიდიან ვიღაცებს, იაკოვლევი იქნება იგი თუ გორბაჩოვი და ყველაფერი თავზე დაგემხობა. ამის გარდა, როდესაც გადასაყრელი პროდუქციის რაოდენობაზე გაქვს გაკეთებული აქცენტი და არა ხარისხზე - ასეთი ფორმაციის დაშლა ადრე თუ გვიან გარდაუვალია. ჩემი აზრით, რაც მთავარია - ყველაფერი ვითარდება და როდესაც საუკუნის წინათ დაწერილი კანონებით საზრდოობ, ცივილიზებულ სამყაროს ჩამორჩები.

    რომელი ნორმალური ადამიანი იტყვის უარს, იცხოვროს ისე ყველანაირად იდეალურ ქვეყანაში, როგორიცაა სკანდინავიის ქვეყნები. ბარემ აქვე დავსძინოთ: როგორც საზიზღარია საცქერლად ულვაშიანი ქალი, ასევე ამაზრზენია საყურეებიანი მამაკაცი, რომელიც ისე საუბრობს, ვერ გაიგებ, ქალია თუ კაცი? სამწუხაროდ, ჩვენში დასავლური ღირებულებები ხალხს შეაძულეს, რადგან იმ იდეოლოგიას პროპაგანდას ძირითადად საყურეებიანი ბიჭები უწევენ.

    ისინი კი, საზოგადოდ, აზრზე არ არიან, რა არის ევროპელობა და რატომ არის ეს იდეოლოგია ხელსაყრელი ნორჩი ქართული სახელმწიფოსთვის. თუ ეროვნული სახელმწიფო გინდა შექმნა და ქართულ ტრადიციებს ეფერები და უფრთხილდები, გოიმად მიგიჩნევენ.

    ამ არასამთავრობო ორგანიზაციის მესვეურებსა და საყურეებიან ბიჭებს მხოლოდ იმიტომ აქვთ ენა გადატყავებული დასავლური იდეოლოგიის ქადაგებით, რომ, უბრალოდ, კარგად უნდათ იცხოვრონ და ვინც მათ ფულს უხდის, მგონი, დიდ შეცდომას უშვებს.

    საყოველთაოდ ცნობილია: ქვეყანა ვერ ვითარდება, თუ საშუალო ფენა 80%-ზე მეტი არ არის. რამდენი ნიჭიერი ბავშვის უნარი ჩაიჩუმქრა ჩვენში მხოლოდ იმიტომ, რომ ღარიბი ოჯახის შვილია. არადა, ამით ხომ სახელმწიფო ზარალობს? ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ პრეზიდენტ შევარდნაძის დროს ჩაეყარა საფუძველი უსამართლო საზოგადოების ჩამოყალიბებას.

    შეგახსენებთ: შევარდნაძემ ირგვლივ შემოიკრიბა "ამხანაგი დემოკრატები" და ასლარიანმა მინისტრებმა ყველაფერი ქაფეს და ქაფეს. სწორედ იმ დროს გადანაწილდა უსამართლოდ ხალხის მიერ შექმნილი ქონება. ბევრი ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერი გაჰკიოდა, ქვეყანაში კორუფცია ჰყვავისო, მაგრამ კონკრეტული ფაქტების დასახელებას ყველა თავს არიდებდა.

    გავიხსენოთ, ვინ იყო ის დასავლური ღირებულებების მატარებელი, კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ვინც გაბედა და სამთავრობო სხდომაზე კორუმპირებულთა კონკრეტული გვარები დაასახელა. როდესაც ვიღაცას მიწიერი სამოთხე აქვს მოწყობილი და შენ ამის წართმევით ემუქრები, ეს გმირობის ტოლფასია, რადგან ამ "გამოხდომის" საპასუხოდ არავინ დაინანებს შენთვის ცხელ ტყვიას.

    საქართველო პატარა ქვეყანაა და ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით: ვინ რას წარმოადგენს, როგორ იშოვა ქონება. დღესაც იგივე ხდება. უაზროდ გამდიდრებულ ამ ხალხსა ჰგონია, რომ დასავლური ღირებულებები ის არის, როდესაც ჩინოვნიკი და მასთან დაახლოებული პერსონები მდიდრდებიან.

    იმ ავადსახსენებელი საბჭოთა კავშირის დროს ამ მხრივაც ვითარება გაცილებით უკეთესი იყო; თავის დროზე ავსტრიელებისაგან მოპარული განათლების სისტემა შედარებით მოწესრიგებული იყო, ვინემ დღეს არის. საკმაო ქებას იმსახურებდა ჯანდაცვაც. საშუალო ფენა მაშინ უფრო მეტი იყო, ვინემ დღეს არის. მართალია, ჩინოვნიკები იპარავდნენ, მაგრამ ქონებას მალავდნენ, რათა ხალხი არ გაეღიზიანებინათ.

    ამიტომ ჩვენს დასავლელ მეგობრებს ნუ გაუკვირდებათ, თუ მოსახლეობის არცთუ პატარა ნაწილს წარსულის ნოსტალგია აქვს და ვერ გაუგია, თუ რა არის ეს დასავლური ღირებულებები. დიდი უსამართლობაა, როდესაც დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ ორ პროცენტს უპყრია ხელთ პლანეტის ქონების 90%. ძირითადად ესენი აზიელი შეიხები არიან.

    არსებობს ადამიანის ფსიქიკაში მკვიდრად დაბუდებული ასეთი კითხვა: "რატომ არის ის მდიდარი? და, სამწუხაროდ, ნაკლებ ადამიანს ებადება კითხვა: "რატომ ვარ მე ღარიბი?" ნუ ჰგონია ვინმეს, რომ ეს მარტო რუსი ერის ფსიქოლოგიაა! არ არის გამორიცხული, ეს ფსიქიკა ვინმემ მარჯვედ გამოიყენოს ახალი სოციალისტური რევოლუციების მოსახდენად.

    2018 წელს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებია და პუტინი რომ აიძულონ, გადააბაროს ხელისუფლება ზუგანოვს ან კალაშნიკოვს, რა შეიძლება მოხდეს? ამას რა ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება პოსტსაბჭოურ ქვეყნებში, ხომ წარმოგიდგენიათ? ნათქვამია, ხალხი ბრძენიაო. უკვე წლებია, რუსი ერი მხოლოდ იმას გაიძახის: "რუსეთი პუტინის გარეშე".

    ძალიან მიკვირს იმ ქართველი პოლიტიკოსებისა, რომლებიც მოხიბლული არიან პუტინის დიდი პოლიტიკოსობით. ამ კაცმა დედა უტირა რუსეთს და ჩვენ რა უნდა გაგვიკეთოს კარგი? როდესაც რაღაცას მაჩუქებ და ოცი წლის შემდეგ უკან მართმევ, ჩვენ შორის ყოველთვის გაუგებრობა იქნება. როდესაც პუტინმა უკრაინელებს ყირიმი წაართვა, ამით რუსეთი და ამხელა უკრაინა ერთმანეთს საშვილიშვილოთ გადაჰკიდა.

    თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამით რუსეთს კარგი საქმე გაუკეთა, ძალიან ცდება. ეს კაცი აძულებს ერებს ერთმანეთს, თორემ საყოველთაოდ ცნობილია რუსი ხალხის განსაკუთრებული კეთილგანწყობა ქართველი ერის მიმართ.

    ამიტომაც იყო: საბჭოთა კავშირის პერიოდში მოსკოვში ყველა კავკასიელი, სომეხი იყო, აზერბაიჯანელი თუ სხვა, ქართველობას იბრალებდა. პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურსო, - გაიძახის ბევრი. მას რომ ეს განზრახვა მართლა ჰქონდეს, ათეულობით მილიარდად შეფასებულ რეზიდენციას არ აიშენებდა, არც კომუნისტის მანდატს გადააგდებდა, ხოლო გორბაჩოვს ფეხებით დაჰკიდებდა.

    ნუ ჰგონია ვინმეს, რუსეთი კვლავ უძლეველი ქვეყანა იყოს; წლები დასჭირდა ამხელა სახელმწიფოს ერთი ციცქნა ჩეჩნეთის დასამორჩილებლად. სირიაში რომ გაიმარჯვა რუსეთმა, უბრალოდ, დაუთმეს ამერიკელებმა ეს ქვეყანა. ეს არის და ეს!

    უგუნურებად მიმაჩნია, გადაიკიდო მეზობელი: თურქეთი იქნება ეს, აზერბაიჯანი, სომხეთი თუ, მით უმეტეს, რუსეთი, მაგრამ არ მესმის, რატომ უნდა იმეგობრო ქვეყანასთან, რომელსაც არ უნდიხარ, იმაზე ფიქრობს, რა წაგართვას და რომლის ეკონომიკაც ათჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე ოკეანის გაღმა არსებული ქვეყნისა. დღესდღეობით არანაირი ბარიერი არ გექმნება პლანეტის ნებისმიერ ქვეყანასთან სრულყოფილი მეგობრობის დასამყარებლად.

    რაც შეეხება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს, პატარა ბავშვიც მიხვდება, რომ საქართველოს მესამე და მეხუთე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სერიოზული ძალები უმაგრებენ ზურგს.

    ასეთ რამეს მსოფლიოს უახლოეს ისტორიაში ვერავინ ამოიკითხავს: უპასპორტოდ დასეირნობს ხან სად, ხან სად, ფეოლასავით დაშლიგინობს სახლის სახურავებზე და მსოფლიოს წამყვან ტელევიზიებს ინტერვიუს აძლევს.

    კენედი შვიდგრამიანი ტყვიით მოკლეს და რა სერიოზული ძალაც უნდა გიმაგრებდეს ზურგს, ვერავინ მოგცემს გარანტიას, რომ ისეთ ქაოსში, როგორშიც იმყოფება ყოველდღიურად საქართველოს მესამე და მეხუთე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის ცოლსა და პატარა შვილთან ერთად, ვერავინ გავნებს რამეს, მით უმეტეს, როდესაც ამ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი გყავს გადაკიდებული და იმასაც დაპატიმრებით ემუქრები; უცხო ქვეყანაში ატარებ მიტინგებს, თანაც, ბევრისგან განსხვავებით, ბრონირებული მინა ბარიერის გარეშე. ბუნებრივია, იბადება კითხვა: რატომ აკეთებს ამას მიხეილ სააკაშვილი, თავი მოსძულებია?!

    მინისტრები შოულობენ მილიონებს და იგი ვერ იშოვიდა?! დაჯდებოდა სადმე თავის ცოლ-შვილთან ერთად და იქნებოდა განცხრომაში! პიროვნება იმით ფასობს ყველაზე მეტად, რამდენად არ ღალატობს თავის პრინციპებს. საქართველოს პრეზიდენტმა თავისი ცხოვრებით დაამტკიცა, რომ მსოფლიოში გამორჩეული ლიდერია.

    მას ოლიგარქების წინააღმდეგ ბრძოლა გუშინ არ დაუწყია, საკუთარ პრინციპებს არ ღალატობს და შინაგანი ზიზღი ქურდებისა და უნამუსოდ გამდიდრებულთა მიმართ დღემდე არ განელებია. ალბათ ბევრი ნანობს და მათ შორის მეც, რომ თავის დროზე გვერდით არ დავუდექით ამ კეთილშობილური საქმის განხორციელებაში, თორემ არ იარსებებდნენ დღესდღეობით უთოფო ყაჩაღები ბანკირების სახით.

    ოჯახი არ არსებობს საქართველოში, ბანკის ვალი არ ჰქონდეს და კაციშვილი არ ჩანს ხმის ამომღები. ეს არის ხალხზე ფიქრი?! სამწუხაროდ, თავის დროზე ექსპრეზიდენტის ბრძოლა ჩვენმა დასავლეთელმა პარტნიორებმა ჯეროვნად ვერ გაიგეს, ბევრჯერ შეუშალეს ხელი, სახელისუფლებო რესურსი არ გამოაყენებინეს და ხელისუფლებას ჩამოაშორეს, რასაც ალბათ ძლიერ ნანობენ, რადგან ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის თითქმის ნახევარი შიმშილობს, ჩამოყალიბდა უაზროდ გამდიდრებულთა კასტა.

    ასე უქნიათ, დამხრჩვალან იმ ფულში, ოღონდ ცუდი ის არის, რომ ჩამოყალიბდა ისეთი ფეოდალური სახელმწიფო, სადაც თუ ფული არა გაქვს, ადამიანად არ მიგიჩნევენ. ასეთი ქვეყანა კი დასტურ არ არის დასავლური ღირებულებების მატარებელი.

    ამჟამად, იდეოლოგიას რომ საბოლოოდ არ შეერყეს ავტორიტეტი, ჩვენს პარტნიორებს ჰაერივით სჭირდებათ ქარიზმატული, უნამუსოდ გამდიდრებული პერსონების წინააღმდეგ უშეღავათოდ მებრძოლი სააკაშვილი. საქართველოს ყოველთვის ის ღუპავდა, რომ ბევრი მოიძებნება ქართველი საზიზღარი და შურიანი. ჩვენ ვერ ვიტანთ ნიჭიერ და გამორჩეულ პერსონებს.

    ასეთ ლიდერს ალბათ ბევრი ქვეყანა ინატრებდა და ჩვენში კი ზოგს რცხვენია იმისი გამხელაც კი, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი იყო, ზოგი კი ადრე უნამუსოდ გაიძახოდა: "შე სომეხოო". ჯერ ერთია და სად გინახავთ ამ სიმაღლე სომეხი? მეორეც, სომეხი რომ იყოს, საერთო ენას ნაღდად გამონახავდა ავაკოვთან. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი რომ მაღალია და ამდენი ენა იცის, სრულებითაც არ გახლავთ ნაკლი.

    ნორმალური ქვეყნის აშენება თუ გინდა, პირველმა პირმა უნდა მისცე ხალხს მაგალითი. იგი ყოველთვის მოკრძალებულად ცხოვრობდა; არც შვილები ჰყავს განებივრებული და არც ცოლის ჭკუაზე უვლია. პოლიტიკური ფიგურა, უწინარეს ყოვლისა, ადამიანია და ყველა ადამიანს აქვს რაღაც სისუსტე. ხეების აქეთ-იქეთ გადარგვას ნაღდად სჯობს ატეხილი ქალების დაშოშმინება.

    მიხეილ სააკაშვილის აქტიური მოქმედებებით მთელმა მსოფლიომ რომ შეიტყო საქართველოს არსებობის შესახებ, ცოტა რამეს არც ეგ ნიშნავს და თუკი მობრუნდა საქართველოს ხელისუფლებაში, მხოლოდ მას ძალუძს, აღადგინოს სოციალური თანასწორობა და გაჭირვებული ხალხიც უცებ მოითქვამს სულს. ამის გარდა, რამხელა მხარდაჭერა ექნება ცივილიზებული დასავლური ღირებულებების მატარებელი ქვეყნებიდან, რაც ალბათ ინვესტიციებსაც დაეტყობა.

    პარტნიორები ნაკლებად შეუშლიან ხელს და გაცილებით გაიზრდება ქვეყნის დამოუკიდებლობის ხარისხი. გადავხედოთ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს. ცოტათი მაინც ახლოს თუ დგას ამ თვალსაზრისით მასთან ვინმე? ასე იყო, ასე არის და ასე იქნება ყოველთვის: ხალხი გმირებს მიჰყვება.

    წამოიჭრება კითხვა: პერსონა ქმნის ეპოქას თუ, პირიქით, ეპოქა - პერსონას? ანუ პიროვნება ქმნის ისტორიას თუ ისტორია ქმნის პიროვნებას? მე მაინც მგონია, პიროვნება ქმნის ისტორიას, მაგრამ თავად პიროვნებას ხომ უფალი ქმნის? ყველა ადამიანს თავისი მისია დააკისრა განგებამ ამქვეყნად, ზოგს - დიდი, ზოგს - პატარა და ვინც კეთილ საქმეს ემსახურება თავისი სამშობლოს საკეთილდღეოდ, მას ზენაარი არ გაწირავს.

     

    15.12.2017

    ალეკო ნაცვლიშვილი

    საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved