სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თბილისში რესტორან "ანდროპოვის ყურების" გახსნასთან დაკავშირებით
    მოსაზრება
    11.01.2018

    იოსებ არჩვაძე

    ჭთბილისში წინასაახალწლო დღეებში ახალი რესტორნის პრეზენტაცია შედგა, რომელიც კლიენტებს 15 იანვრიდან მიიღებს... დღევანდელ პირობებში ვის უნდა უკვირდეს რესტორნის გახსნა, მით უფრო, თბილისში, სადაც ისედაც უამრავია და ცენტრალურ თუ არაცენტრალურ ქუჩებზე თითქმის მიჯრით არიან მიწყობილნი. თუმცა ჩვენი ყურადღება არა თავად აღნიშნულმა ფაქტმა, არამედ რესტორნის სახელწოდებამ მიიპყრო, რომელსაც ... "ანდროპოვის ყურები" უწოდეს. ეს თიკუნი რესპუბლიკის მოედანზე (ახლა რომ "ვარდების მოედანი" ჰქვია...) მდებარე ტრიბუნის უკან აღმართულ ოვალურ სვეტებს სკკპ გენერალური მდივნის (მანამდე კი 15 წლის განმავლობაში საბჭოთა უშიშროების სამსახურის - კგბ-ის შეფის), იური ანდროპოვის, ყურებთან მიმსგავსების გამო ჯერ კიდევ 1980-იანი წლების დასაწყისში შეარქვეს ენასხარტულა თბილისელებმა. თვალში საცემი მასშტაბურობა და ანდროპოვის ყურებთან გარეგნული მსგავსება ღიად მიანიშნებდა საბჭოთა უშიშროების სამსახურის განუზომელ შესაძლებლობას და ამ უწყების მიერ ქვეყნის მოქალაქეების ტოტალური (არა მხოლოდ სატელეფონო!) მოსმენის პრაქტიკას.

    უკვე კარგა ხანია, იმ ადგილზე აღარც ტრიბუნაა და აღარც, შესაბამისად, მის უკან აღმართული "ყურები", მაგრამ ეტყობა, იმდენად მძლავრობს მავანთა სულებში წარსულის ნოსტალგია, რომ იმ პერიოდის "უკვდავყოფა" ხსენებული თიკუნის რესტორნის სახელწოდებაში გამოტანით გადაწყვიტეს.

    პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ეს გადაწყვეტილება უკბილო ხუმრობამდეც კი ვერ "ქაჩავს" და თუ კარგად დავაკვირდებით, რეაქციულობის ელემენტების შემცველია. დღევანდელი გადასახედიდან, დამოუკიდებელ საქართველოში რესტორნის სახელწოდებად "ანდროპოვის ყურების" გამოყენება ირონიისა და სარკაზმის გამოხატულებად კი არ აღიქმება, არამედ ტოტალიტარული სისტემის გაიდეალებისა და რეაბილიტაციის, გამართლების ლატენტური ფორმაა. ამიტომაც ამ სახელწოდებით რესტორნის არსებობა თბილისში მიუღებელია ესთეტიკისა და მორალის, ეროვნული და პატრიოტული ასპექტებით და, უბრალოდ, საღი აზრის მხრივ.

    თბილისი ბოლო წლებში საოცრად ეკლექტურ, მათ შორის, მრავალეროვნულიდან მრავალრასობრივ ქალაქად იქცა და მისი ასეთი ტოლერანტობა და კოსმოპოლიტურობა მომრავლებული რესტორნების პროფილსაც დაეტყო. მიუხედავად ამისა, ვერავითარ კონტექსტსა და ტოლერანტობაში ვერ ჯდება ის გარემოება, რომ ქალაქის ცენტრში რესტორანი ატარებდეს (თუნდაც ვითომდა ირონიულ კონტექსტში) საბჭოთა უშიშროების სამსახურის იმ ხელმძღვანელის სმენითი ორგანოს სახელს, რომლის უშუალო ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა რეპრესიები თავისუფალი აზრის გამომხატველი პირების, დისიდენტური და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლების მიმართ. ამ დროს ამ რესტორნიდან სულ რაღაც რამდენიმე ასეულ მეტრში მთაწმინდაზე განისვენებენ ასეთი მოძრაობის ანდროპოვისეული სისტემის მიერ რეპრესირებული ადამიანები...

    იქნებ ამ ახალი რესტორნის სახელწოდების ხათრით საერთოდ აგვეკრძალა 1983 წლის ნოემბერში თბილისის აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიის მონაწილე ბიჭებზე და, ზოგადად, სისტემის მსხვერპლ ახალგაზრდებზე, სპექტაკლი "თავისუფალ თეატრში"?

    ჩვენს ქალაქში, მართალია, "ყველაფერი მოსულა", მაგრამ არანაირ მორალში არ ჯდება, რომ თბილისელებს ერთდროულად ეპატიჟებოდნენ რუსთაველის გამზირის დასაწყისში - "ჯინსების თაობაზე", ბოლოში კი - "ანდროპოვის ყურებში" "საგრიალოდ". ეს ისეთივე ალოგიკურია, "თავისუფალ თეატრში" ხსენებული სპექტაკლის ნახვის შემდეგ გულაჩუყებულმა მაყურებელმა "ანდროპოვის ყურებს" რომ მიაშუროს და წარმოდგენიდან გამოყოლილი ემოციური მუხტისაგან დაცლა რუსული არყითა და ქაშაყით სცადოს...

    რას ფიქრობდნენ ამ რესტორნის დამფუძნებლები სახელწოდების შერჩევისას? იქნებ ვარაუდობენ, რომ ეს რესტორანი, სახელწოდების "საკრალურობიდან" გამომდინარე, თბილისში სხვადასხვა ქვეყნიდან (და არა მარტო რუსეთიდან) შემოსული ჯაშუშების საყვარელი თავშეყრის ადგილი გახდება?!

    ამგვარი ლოგიკით, სადაც ასეთ საარაკო ნოსტალგიას ამჟღავნებენ ანდროპოვისა და მისი ეპოქისადმი, ამ რესტორნის მომსახურე პერსონალმა - ადმინისტრატორიდან დაწყებული და ოფიციანტებით დამთავრებული, წესით, ანდროპოვის გამოსახულებიანი და მისი ყურის პროფილის მქონე საფირმო სამკერდე ნიშნები უნდა იქონიონ, სლოგანით "ზასტოღნთე-დოსტოღნთე გოდთ". რესტორან "ანდროპოვის ყურების" მეპატრონეებს იქნებ ეცადათ და მარკეტინგულ ხერხად გამოეყენებინათ კალამბურები, რომელთა შინაარსი განსაკუთრებით კარგად იციან უფროსი თაობის წარმომადგენლებმა: ნახეთ, როგორ "მოუხდებოდა" რესტორნის შესასვლელს პუშკინისეული სიტყვები: "დუში პრეკრასნთე პორთვთ", ხოლო გამოსასვლელს - ხატოვანი ფრაზა-გაფრთხილება: "სკოროსტქ სტუკა რასპოსტრანჭეტსჭ ბთსტრეე სკოროსტი ზვუკა!".

    ეეჰ, რომ იტყვიან, თქვენი კრეატულობის სახელმძღვანელო დავხიე. რესტორნის დამფუძნებლებმა ხომ საზოგადოებას თავზე უკვე "გადაახიეს" საქართველოს პარლამენტის მიერ თავის დროზე მიღებული კანონი ("თავისუფლების ქარტია"), რომელიც პირდაპირ ზღუდავს ტოტალიტარულ რეჟიმებთან ასოცირებული სიმბოლოებისა და პირების არსებობას საჯარო სივრცეში, პოლიტიკასა და სახელმწიფო დაწესებულებებში.

    თუ რასთან გვაქვს საქმე - ბანალურ სიბრიყვესთან, "კრეატულ" რეაქციონერობასთან თუ ლატენტურ რეტროგრადობასთან, ამის შეფასება მკითხველისთვის მომინდვია...

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ვანო   (14.01.2018)
    სახელისაც გეშინიათ?


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved