სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    18.01.2018

    რამაზ გახოკიძე

    ამერიკის ფარმაკოგნოზიის საზოგადოების ნამდვილი წევრი

    სამწუხაროდ, ბოლო დროს სულ უფრო და უფრო მატულობს სიტყვიერი აღვირახსნილობა. უცენზუროდ საუბრობენ ახალგაზრდები და მოზრდილები, ქალები და კაცები. გინება ისმის ტელეეთერებიდანაც. განა ასე უწყინარია ასეთი მავნე ჩვევა? მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ ბილწსიტყვაობა საშიშია ჯანმრთელობისთვის. იგი არა მარტო აქვეითებს ინტელექტს, არამედ ახდენს დანაშაულის პროვოცირებას, სულიერად აღატაკებს ადამიანს, იწვევს ნაადრევ სიბერესა და სიკვდილს.

    მეცნიერთა ჯგუფი პ. გარიაევის ხელმძღვანელობით გამაოგნებელ დასკვნამდე მივიდა, რომ სიტყვიერი სახეებით ადამიანი აუმჯობესებს ან ანადგურებს თავის გენეტიკურ აპარატს, რის შედეგად ხდება მუტაციები, რომლებიც თითოეულ თაობაში იწვევს გადაგვარებას.

    როგორც ვლაპარაკობთ, ისე ვცხოვრობთ. სიტყვები, ასე ვთქვათ, ჩვენი აზრების სამოსელია. გერმანელმა ფსიქოთერაპევტმა ნოსრატ პეზეშკიანმა აღმოაჩინა, რომ გამანადგურებელი სიტყვები, რომელთაც შეუძლია სხეულის დაავადებების პროგრამირება, შეიძლება ყველა ადამიანის ლექსიკაში ისე ვირტუოზულად იყოს შენიღბული, ძნელი წარმოსადგენია, რომ მათ შეუძლიათ დიდი ზიანის მოტანა. მაგალითად: "მოთმინების ფიალა ამევსო", "სევდა მღრღნის", "ვერ ვინელებ", "გული გამიწყალდა", "ყელამდე მაძღარი ვარ", "გამომწურეს", "კისერზე მაზის" და ა.შ. ერთი შეხედვით ასეთ უწყინარ მეტაფორებს შეუძლია სხვადასხვა დავადების (ჰიპერტენზია, კიბო, ნევროზი, ინფარქტი, შაკიკი) გამოწვევა. ჩვენ თავად ვაპროგრამებთ ჩვენს თავს კონკრეტულ დაავადებებზე. მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვის მიმართ არის ნათქვამი ეს სიტყვები. თვით აქტიურ მეტყველებაში მათი გამოყენება აპროგრამებს დაავადებებს. გინება და უწმაწური სიტყვები აღწევს ქვეცნობიერების ღრმა ფენებში და იწვევს ძალადობისა და აგრესიის ესკალაციას.

    აყველაზე დიდი საშიშროება ემუქრებათ ბავშვებს. ბავშვები, რომლებიც ხშირად ისმენენ გინებას, მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან გონებრივი განვითარებით თანატოლებს. დაიმახსოვრეთ, თქვენი მეტყველება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს გარშემომყოფთა და თქვენ ჯანმრთელობას!

    სიტყვები გავლენას ახდენს მცენარეებზეც. აღმოცენებულმა მცენარეებმა, რომელთაც უშვერი სიტყვებით მიმართავდნენ, ჭკნობა დაიწყო, ხოლო როცა ლოცვა წაუკითხეს, ზრდა-განვითარების პროცესი აღდგა. მცენარეები "იმახსოვრებენ" იმ ადამიანთა ხმას, რომლებიც მათ უვლიან. ცნობილი ბგერების გარემოცვაში ისინი ბევრად სწრაფად იზრდებიან.

    სანკტ-პეტერბურგში ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარეს: აიღეს სინჯები სხვადასხვა წყალსცავიდან - ჭებიდან, ტბებიდან და გუბურებიდან, რომლებიც დიდი კონცენტრაციით შეიცავდა ნაწლავის ჩხირსა და ოქროსფერ სტაფილოკოკს. წყალზე, "მამა ჩვენოს" ლოცვის წაკითხვის შემდეგ მავნე ბაქტერიათა რაოდენობა 100-ჯერ შემცირდა. ანალოგიური ექსპერიმენტი ჩაატარეს ხორბლის თესლებზე. მარცვლებს ასხივებდნენ რადიაციით, შემდეგ კი ლოცვას უკითხავდნენ. დასხივებული, ლოცვაწაუკითხავი მარცვლებისგან არც ერთი არ აღმოცენდა, ხოლო ლოცვაწაკითხული დასხივებული მარცვლებისგან იმდენივე აღმოცენდა, რამდენიც დაუსხივებელისგან.

    ექსპერიმენტებით დადასტურდა, რომ წყალს შეუძლია ინფორმაციის დაგროვება, შენახვა და გადაცემა მისი სტრუქტურულ-კრისტალური თვისებების ცვლილების ხარჯზე. წყლიან სინჯარებთან სხვადასხვა სიტყვას წარმოთქვამდნენ. ერთ სინჯარაში ჩასხმულ წყალს კეთილ სიტყვებს ეუბნებოდნენ, მეორეს - სალანძღავს. აპარატურამ აჩვენა, რომ პირველში წყლის ნაწილაკები სტრუქტურებად ჩამწკრივდა, ფიფქების მსაგავსად, მეორეში კი წარმოიქმნა არეული, აწეწილი ნალექები. როდესაც ხორბლის თესლები მორწყეს წყლით, რომელთაც უშვერ სიტყვებს ასმენინებდნენ, მხოლოდ 49% აღმოცენდა, ხოლო ის თესლები, რომლებიც იმ წყლით მორწყეს, რომელზეც ლოცვას კითხულობდნენ, 96%-ით აღმოცენდა.

    დაკვირვებამ აჩვენა, რომ ექიმის მიერ გამოყენებული "კარგი ლექსიკა" არა მარტო აუმჯობესებდა ავადმყოფთა გუნება-განწყობილებას, არამედ რეალურად ცვლიდა სისხლის შედგენილობას: ზრდიდა მის ენერგეტიკულ პოტენციალს, უჯრედულ იმუნიტეტს. "სიტყვიერი თერაპიის" გამოყენებით სწრაფად მიმდინარეობდა ჩირქოვანი აბსცესების შეხორცება; გაციებისას ავადმყოფები 5-7 დღით ადრე იკურნებოდნენ, ვიდრე ისინი, რომლებიც წამლებს იღებდნენ. განსაკუთრებით ძლიერ ზემოქმედებას ახდენდა ისეთი სიტყვები, როგორებიცაა: "სიყვარული", "იმედი", "რწმენა", "სიკეთე".

    ჯერ კიდე 300 წლის წინ დედის გინების მოსმენა ქუჩაში შეუძლებელი იყო. უცენზურო სიტყვების ხმარების გამო მკაცრი სასჯელი იყო დაწესებული, სიკვდილით დასჯაც კი. შესაძლოა, ჩვენი წინაპრები ქვეცნობიერ დონეზე ხვდებოდნენ სიტყვის დამანგრეველ ძალას. უცენზურო ლექსიკა ორპირი მახვილია. მისგან ზარალდება ისიც, ვინც მას იყენებს და ისიც, ვის მიმართაც არის ნათქვამი.

    სიტყვა გავლენას ახდენს ბიოქიმიურ პროცესებზე, რაც, თავის მხრივ, აისახება უჯრედების და, ზოგადად, მთელი ორგანიზმის მუშაობაზე. ამასთან, ეს იდუმალი თავისებურება გადაეცემა შთამომავლობას. ჩვენი ადამიანური მენტალობა პირდაპირ ზემოქმედებს გენეტიკურ აპარატზე, რადგან თვით გენეტიკური კოდი ლინგვისტიკის პრინციპით არის აგებული. არსი ისაა, რომ იგი აგებულია ტექსტური პრინციპით. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გარკვეული სიტყვები ინფორმაციულად ზემოქმედებს ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის დნმ-ზე, ე.ი. დნმ აღიქვამს ადამიანის სიტყვას. გენეტიკური აპარატი აღიქვამს ბგერით ვიბრაციებს, ისევე როგორც რადიოაქტიურ გამოსხივებას. ამიტომაც არის წყევლა ყველაზე ძლიერი და დამანგრეველი იარაღი. იგი უჯრედის დონეზე მოქმედებს და ადამიანის დნმ-ს დაზიანებაც შეუძლია, რაც შეიძლება გადაეცეს თაობიდან თაობას. ამ შემთხვევაში დეფორმაციას განიცდის დნმ და იგი იწყებს არაბუნებრივი პროგრამების გამომუშავებას. ამგვარად, შთამომავლობას თანდათანობით გადაეცემა თვითლიკვიდაციის პროგრამა.

    სალანძღავი სიტყვები იწვევს მუტაგენურ ეფექტს, იმგვარს, რასაც იძლევა რამდენიმე ათასი რენტგენის სიმძლავრის რადიოაქტიური გამოსხივება. დნმ-ს აქვს საკუთარი "ცნობიერება", რომლის მექანიზმის ახსნა თანამედროვე მეცნიერებას არ შეუძლია. როგორ შეუძლია მოლეკულას, რომელიც მემკვიდრეობაზეა პასუხისმგებელი, იაზროვნოს და აღიქვას გარეშე გზავნილი? არ არსებობს სხეულის დაავადებები, სულის დაავადებებთან რომ არ იყოს დაკავშირებული. ამიტომ აზრი არ აქვს სხეულის მკურნალობას სულის მკურნალობის გარეშე!

    ბოლო დროს ბევრი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ნებისმიერი ინფექცია ადამიანის ორგანიზმში იმის გამო ვითარდება, რომ მას სხეულში დაუგროვდა მეტისმეტად ბევრი წყენა, ჯავრი და ბრაზი. ასეთი ადამიანი ხშირად ავადმყოფობს, მას ძლიერ უქვეითდება იმუნიტეტი. ნეგატიური ემოციების ზემოქმედებით ადამიანს დიდი საფრთხე ემუქრება, დაავადდეს არა მარტო ბანალური გაციებით, არამედ - კიბოთიც კი. "ჩვენ ვიხოცებით არა დავადებებისგან, არამედ - უცოდინარობისგან", - წერდა შუა საუკუნეების უდიდესი ექიმი და ფილოსოფოსი, სამედიცინო ქიმიის ფუძემდებელი პარაცელსი.

    ჯანმრთელობაზე ნეგატიურად მოქმედებს სიცრუე. იგი ამაღლებს კიბოს განვითარების რისკს, იწვევს სიმსუქნეს, მოუსვენრობას, დეპრესიას, სტრესს. ერთ ტყუილს მოჰყვება მეორე და ადამიანი იძულებულია, ჩაერთოს სიცრუის ნევროტიზირებულ ციკლში, რომლის თვალის მიდევნება შეუძლებელი ხდება. სტრესის ხანგრძლივმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, რომლებიც ამოკლებს სიცოცხლის ხანგრძლივობას. ხშირად მშობლები შვილებს სიმართლეს არ ეუბნებიან, შემდეგ კი უკვირთ, თუ რატომ არ ენდობიან მათ შვილები. საჭიროა მხოლოდ სიმართლის თქმა, ოღონდ - ბავშვის ენაზე. აუცილებელია ამ მანკიერი წრის პროფილაქტიკა ბავშვობიდან ადამიანის განვითარების საერთო ჰარმონიის ხელშეწყობით, რომლის პრინციპებზეც შექმნილია სამყარო.

    მრავალწლიანი სამედიცინო დაკვირვებით ნაჩვენებია, თუ რა დაავადებებს იწვევს ესა თუ ის მანკიერი თვისება: სიხარბე - ბულემიას, სიმსუქნეს, უძილობას, ქოლეცისტიტს, ჰეპატიტებს, ფერიმჭამელებს, ონკოლოგიურ და ქრონიკულ დაავადებებს; ანტაგონიზმი - ანთებით პროცესებს, შაკიკს, შაქრიან დიაბეტს (დიაბეტს იწვევს აპათიაც); უპრინციპობა - ქრონიკულ დაავადებებს და ინფექციებს; უხეშობა - ვირუსულ ინფექციებს, ჰემოროის, ქოლეცისტიტს, ეროზიულ გასტრიტს, ბრონქიტს, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლას; სისასტიკე - ასთმას, ბრონქიტს, ონკოლოგიურ დაავადებებს, ეპილეფსიას, სოკოვან დაავადებებს, იმპოტენციას, გასტრიტს, ანემიას; შური - აუტოიმუნურ დაავადებებს, უძილობას, ასთმას, ჰიპერტონიას, გასტრიტს, წყლულს, ონკოლოგიურ, ფსიქიკურ და გულის დაავადებებს; წარყვნილი გემოვნება - ონკოლოგიურ დაავადებებს, ქალთა უშვილობას, საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებებს; სიცრუე - იმუნიტეტის დაქვეითებას, ალკოჰოლიზმს, სოკოვან დაავადებებს, ჰეპატიტებს; სიძულვილი - მეჭეჭებს, ანგინას, ეპილეფსიას, ონკოლოგიურ, ინფექციურ და გულის იშემიურ დაავადებებს; თავშეუკავებლობა - გასტრიტს, მამაკაცთა უნაყოფობას, ქრონიკულ დაავადებებს; ამპარტავნობა - არტერიული წნევის მომატებას, ვირუსულ ინფექციებს; წყენიანობა - შაქრიან დიაბეტს, ართრიტებს, უძილობას, ცისტიტს, გულის იშემიურ და ქრონიკულ დაავადებებს; სასოწარკვეთილება - პნევმონიას, შაკიკს, ხერხემლის დაავადებებს, ართრიტებს, გასტრიტს, გულის იშემიურ დაავადებას; პესიმიზმი - რადიკულიტს, ანემიას, დაბალ არტერიულ წნევას, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციას, ტუბერკულოზს, ქრონიკულ დაავადებებს; შარიანობა - ჰეპატიტს, კოლიტს, ქოლეცისტიტს; გარყვნილება - იმუნიტეტის დაქვეითებას, კანის დაავადებებს, უშვილობას, ონკოლოგიურ დაავადებებს; ძალადობისადმი მიდრეკილება - აუტოიმუნურ ინფექციებს, ტრავმებს, ონკოლოგიურ დაავადებებს; მოუსვენრობა - ყაზბობას, ვირუსულ ინფექციებს, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციას; სიჯიუტე - ჰაიმორიტს, ასთმას, ეპილეფსიას, მამაკაცთა უნაყოფობას, წყლულოვან დაავადებებს; გულქვაობა - ქოლეცისტიტს, ყაზბობას, წყლულოვან დაავადებებს, ბრონქიტს, ქალის სასქესო ორგანოების დისფუნქციას.

    მიიღეთ და შეიყვარეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ სინამდვილეში. ეცადეთ, ხალხს უჩვენოთ თქვენი ნამდვილი სახე და ისინიც თქვენ მიმართ კეთილად განეწყობიან. ცუდი თვისებების უბრალოდ მოცილება და გადაგდება შეუძლებელია. შეიძლება მხოლოდ მათი პოზიტიურად "ტრანსპორტირება" და, ამგვარად, დაავადების მიზეზისგან თავის დაღწევა და სამკურნალო საშუალებათა გარეშე განკურნება.

    ზემოთ განხილული მანკიერი თვისებები იწვევს ადამიანის სულის დეფორმაციას არა ერთბაშად, არამედ შეუმჩნევლად. ასეთი ცდა იქნა ჩატარებული: ბაყაყი მდუღარე წყალში ჩააგდეს. იგი ამოხტა და გადარჩა. შემდეგ ცივწყლიან ქვაბში ჩააგდეს და დაიწყეს წყლის შეთბობა. ბაყაყი გაიტრუნა თბილ წყალში. წყალი თანდათან ცხელდებოდა. ბოლოს ბაყაყი მდუღარეში მოიხარშა ისე, რომ ამოსვლაც კი არ უცდია.

    მრავალი დაავადება იწყება ტალღურ დონეზე, ხშირად ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ფიზიკურ დონეზე მოხდება მათი გამომჟღავნება. ტალღურ ინფორმაციათა მიზეზს წარმოადგენს ადამიანის ველის მახასიათებლების შეუსაბამობა დედამიწისა და სამყაროს ინფორმაციულ ველებთან. აზრები, ემოციები, ქცევა, რომლებიც წინააღმდეგობაშია სამყაროს ჰარმონიასთან, იწვევს ტალღური სტრუქტურების დეფორმაციას. მაშასადამე, ამ დეფორმაციების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა გამოჯანმრთელების საწინდარია.

    ადამიანების მიმართ ბოროტი ზრახვები და ბოღმა - ეს ენერგეტიკული იერიშის მცდელობაა, მიმართული არა მარტო კონკრეტული ადამიანის, არამედ სამყაროს მიმართ, რაც იწვევს ტალღური სტრუქტურების დეფორმაციას და ბოროტება უკანვე გვიბრუნდება. "ილოცეთ თქვენი მაწყევრებისთვის, კეთილი უყავით თქვენს მოძულეებს" (მათე, 5,44). ბოროტების დაძლევა მხოლოდ სიკეთითაა შესაძლებელი. ეს ყველაზე ძლიერი დაცვაა დავადებებისა და უბედურებისგან.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved