სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    25.01.2018

    რატი აბულაძე, ეკონომიკის დოქტორი

    ბოლო 10 წელიწადში კრიპტოვალუტის ინდუსტრია (განსაკუთრებით ბიტკოინი) სწრაფად განვითარდა და მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა კერძო და სამოქალაქო სექტორს, თუმცა პრობლემები შეუქმნა მთავრობებს. ერთი მხრივ, კრიპტობაზარი სიცოცხლისუნარიანი და მაღალრენტაბელურია, მეორე მხრივ კი, მისი ძირითადი "ნაყოფი" კრიპტოვალუტა არის რისკიანი, არასტაბილური, სპეკულაციური და განვითარებადი კლასის აქტივი.

    თეორიულად, კრიპტოვალუტა ჯანმრთელი და გარანტირებული აქტივია, პრაქტიკულად კი, სპეკულაციური "საპნის ბუშტია". თუ საწყის ეტაპზე მისი პირველი ამთვისებელი იყო ინოვატორი და რისკიანი მომხმარებელი, დღეს მას ფლობს ფართო საზოგადოება.

    კრიპტოინდუსტრიის კონტრასტული ხედვა აჩვენებს, რომ შეიქმნა კრიპტოვალუტის ტალღა, რომელმაც წარმოქმნა გლობალური კრიპტომანია და შეცვალა ადამიანების ფინანსური ცხოვრება. მისი განვითარების ტენდენციებმა აჩვენა, რომ:

    - გლობალური პოლიტიკური რყევებისა და ეკონომიკური გაურკვევლობის პირობებში, კრიპტობაზრისადმი ინვესტორების ინტერესი მკვეთრად გაიზარდა. კრიპტოვალუტამ კონკურენცია გაუწია (გახდა დაზოგვის საშუალება) ფასიან ქაღალდებსა და ოქროს;

    - პოპულარული კრიპტოვალუტის - ბიტკოინის - ზრდა განაპირობა აშშ-ის, ჩინეთის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის ინვესტორების ინტერესების ზრდამ. ასევე, მის პოტენციალში არსებულმა კაპიტალის გადინების კონტროლის გვერდის ავლის მახასიათებლებმა;

    - სახელმწიფოები, რომლებიც ისწრაფვიან საკუთარი საფინანსო სისტემის კონტროლირებისკენ, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ კრიპტოინდუსტრიის განვითარების გამო. სირთულეს ქმნის ტექნოლოგიური მასშტაბები, არქიტექტურა, მოქმედების პრინციპი, მომხმარებლის აღქმა და მონეტარული მახასიათებლები;

    - ბიტკოინის ზრდამ, ვალუტის უნიკალური თვისებებით, ბიძგი მისცა მთავრობას, ყურადღება გამოეჩინა. შედეგად, ზოგიერთმა ქვეყანამ მიიღო კრიპტოინდუსტრიის რეგულირების ზომები, ზოგმაც აკრძალა მოქალაქეების მიერ ბიტკოინით გარიგების განხორციელება;

    უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტოსისტემები არის არა მხოლოდ კრიპტოგრაფია, არამედ ეკონომიკური სისტემაც. აღსანიშნია, რომ თუ 2018 წლის 7 იანვარს გლობალური კრიპტობაზრის კაპიტალიზაცია აღწევდა 813.8 მლრდ დოლარს, 17 იანვარს კი მთლიანმა მოცულობამ 462.8 მლრდ დოლარი შეადგინა. 20%-დან 37%-მდე დაეცა პოპულარული კრიპტოვალუტის ფასები, მათ შორის: "ბიტკოინის" ფასი შემცირდა 20.5%-ით (შეადგინა 9.555 დოლარი), "ეთერიუმი" გაუფასურდა 28.1%-ით (799.7 დოლარი), "რიპლი" - 33.5%-ით (0.9 დოლარი), "ბიტკოინ ქეში" - 28.3%-ით (16.916 დოლარი), "კარდანო" - 30.0%-ით (0.45 დოლარი), "ნემი" - 37.9%-ით (0.7 დოლარი), "ნეო" - 36.6%-ით (96.6 დოლარი), "იოტა" - 30.5%-ით (2.08 დოლარი), "სტელერი" - 35.4%-ით (0.3 დოლარი).

    აღსანიშნია, რომ კრიპტოვალუტის სისტემაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ "მაინერები", რომელთა შემოსავლები 2013 წელს შეადგენდა 309 მლნ დოლარს, 2014 წელს - 786 მლნ დოლარს, 2015 წელს - 375 მლნ დოლარს, ხოლო 2016 წელს - 563 მლნ დოლარს. აღსანიშნავია, რომ "ბიტკოინ მაინინგის" კუმულაციურმა შემოსავალმა 2016 წელს 2,07 მლრდ დოლარს მიაღწია.

    "მაინინგის" ინდუსტრიის ტაქსონომია აჩვენებს აქტივობის შემდეგ ტიპებს: "მაინინგს", "მაინინგ პულ"-ს, "მაინინგის" აპარატული საშუალებების წარმოებას, ღრუბლოვან "მაინინგ" სერვისსა და ჰოსტინგის დისტანციურ მომსახურებას.

    კრიპტობაზარზე უნდა აღინიშნოს ბირჟების როლიც, რომლებიც, როგორც ფულადი მომსახურების ოპერატორები, ახორციელებენ სავალუტო ოპერაციებს. ბიტკოინის პოპულარული ბირჟებიდან შეიძლება აღინიშნოს: სწშტიფთუ,დწსფდკშესწშტთ, სწშტქფქფ, სუჩყშწ, ცფდდ წა სწშტთ, შეიშე, სრფტპუდდნ,იშეღგშსლ, სდწშტრწგთუ, იშეზფტვფ, იშეშე. ბიტკოინის ბირჟები ერთმანეთისაგან განსხვავდება ქვეყნის მიერ ბირჟის მხარდაჭერის, ანგარიშსწორების მეთოდების, კონფიდენციალობის, ლიმიტის, ლიკვიდურობის, რეპუტაციის, მიწოდების სიჩქარის, მომხმარებლის მხარდაჭერის მიხედვით.

    კრიპტოვალუტის ინდუსტრიის ძირითადი გამოწვევაა:

    - სამართლებრივი აქცეპტირება, აუტსაიდერის სტატუსი. მართალია, ბიტკოინი "არსებობს და ცოცხლობს" როგორც ვალუტა, თუმცა ის მაინც "ციფრული აქტივის" ფორმით განიხილება;

    - სახელმწიფო მიდგომა, რეგულირების საკითხები, კულტურული ფაქტორები, სოციალური სტრუქტურა, პოლიტიკური მიდგომა. იმ ქვეყნებში, სადაც მაღალია კომპიუტერული წიგნიერება, მაღალია ინტერნეტ წვდომა და ციფრული აქტივობა, დიდი ხანია, არსებობს ბიტკოინის მომხმარებელი საზოგადოება და მაინერები, ხოლო სხვა რეგიონებში ამ მიმართულებით მაღალია ციფრული უთანასწორობა;

    - ფინანსური სისტემის მდგრადობის შენარჩუნება. კრიპტოვალუტის რაოდენობის ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს ქაოსი და ბზარები საფინანსო ბაზრებზე; მხედველობაში მისაღებია კრიპტოვალუტების ეკოსისტემის განვითარების ტენდენციები, რომელიც ტრადიციული საფინანსო და საბანკო სფეროს ალტერნატივას ქმნის;

    - მაღალი ენერგომოხმარება. მხოლოდ ბიტკოინ ინდუსტრია თითოეულ ტრანზაქციაზე მოიხმარს 200-300 კვტ/საათს, ხოლო ეთერიუმი - 37 კვტ/საათს. კრიპტოვალუტების 1442 ვერსიის ფართოდ გავრცელება და მათ მიერ ენერგიის მოხმარების ზრდა სერიოზულ გავლენას იქონიებს კლიმატის ცვლილებაზე;

    - კრიპტოსისტემის რეპუტაცია და იდენტიფიცირება. არალეგიტუმურობისა და კომპიუტერულად გენერირებული პროცესის გამო ბიტკოინის ნომინალური ღირებულების პროგნოზირება და ციფრული აქტივის საბაზრო ღირებულების განსაზღვრა რთულია;

    არსებითია, აღინიშნოს, რომ ბიტკოინი არის ციფრული ვალუტა, რომელიც ელექტრონული ანგარიშსწორებისათვის უზრუნველყოფილია უსაფრთხო და იაფი პლატფორმით. თუმცა ცალკეული ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ კრიპტოვალუტა უსაფრთხო არ არის.

    საქართველო გამოდის ციფრული ჩრდილიდან, სადაც ტექნოლოგიური განვითარების ტრაექტორია, სახელმწიფო მიდგომა და სამთავრობო პროგრამები, არსებული საზოგადოებისა და ბიზნეს სექტორის ციფრული აქტივობა ქმნის ქვეყნის ციფრული განვითარების ისტორიას.

    თუმცა მსოფლიო საზოგადოების დამოკიდებულება უფრო ოპტიმისტურია ბიტკოინისა და კრიპტოვალუტების ფასის ზრდის მიმართ, ვიდრე ქართული საზოგადოების დამოკიდებულება ლარის კურსის გამყარების მიმართ.

    საკითხის შეჯამების საფუძველზე უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფომ საჭიროა:

    - გააკონტროლოს კერძო და სამოქალაქო პირების მიერ ახალი კრიპტოვალუტების შექმნის საკითხი;

    - თვალყური ადევნოს კრიპტოინდუსტრიის სისტემას, მაინინგის პროცესს. ქვეყანაში უნდა შეფასდეს მაინინგის პროცესის განვითარების თავისებურებები და განისაზღვროს მოსალოდნელი გამოწვევების გადაჭრის გზები (მაგალითად, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის თვალსაზრისით);

    - დასახოს სახელმწიფო მიდგომა და სამართლებრივად დაარეგულიროს ციფრული გარემო;

    - საზოგადოებამ უნდა იცოდეს კრიპტოვალუტის უპირატესობები და ნაკლოვანებები, რისთვისაც სახელმწიფო ორგანიზაციებმა უნდა გაატარონ მკაფიო ინფორმაციული პოლიტიკა. თითოეული ადამიანი უნიკალურია ნებისმიერი ფინანსური გადაწყვეტილების მიღებისას, მხოლოდ მისი კვალიფიკაცია და ეკონომიკური აზროვნება არის რაციონალური ფინანსური აქტივობის გარანტი, მათ შორის ბიტკოინის ყიდვისას.

    და ბოლოს, ციფრული განვითარების გზაზე ქვეყანა ახალი რეალობის წინაშე დგას. თუ ბოლო წლებში სახელმწიფოს აღორძინება-განახლების გასაღები მმართველობითი და პოლიტიკური გარემოს გარდაქმნაში მდგომარეობდა, ახლა არსებული სახელმწიფო გარემო საჭიროებს რესტრუქტურიზაციას.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter