სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    25.01.2018

    "გონების გადინება" (brain drain) მრავალი განვითარებადი ქვეყნის რეალობაა. ნიჭიერი, აქტიურად მომუშავე მეცნიერები ტოვებენ სამშობლოს და მიემართებიან განვითარებულ ქვეყნებში უკეთესი ანაზღაურებისა და, რაც მთავარია, თვითრეალიზაციისთვის უკეთესი გარემოს საძებნელად. სხვა პროფილის მიგრანტებისგან განსხვავებით, ისინი შედარებით ადვილად პოულობენ ღირსეულ ადგილს ახალ გარემოში.

    ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველა ხელისუფლებისგან მიტოვებული ქართული მეცნიერება, რაც, პირველ რიგში, მის არნახულად დაბალ დაფინანსებაში გამოიხატება, სწრაფად კარგავს მეცნიერებს. "არნახულად დაბალი" მეტაფორა არაა - ეს სამწუხარო სინამდვილეა. ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის არავინ ხარჯავს მეცნიერებაზე მთლიანი შიდა პროდუქტის ისეთ მცირე წილს, როგორც საქართველო - 0.16%-ს. მეცნიერთა რაოდენობა საქართველოში უფრო მცირე გახდა, ვიდრე ჩვენზე პატარა სომხეთსა და მოლდოვაში.

    ჩვენ სპეციალური ხერხებით შევაფასეთ უცხოეთში მომუშავე მაღალკვალიფიციური ქართველი მეცნიერების რაოდენობა და განაწილება ქვეყნების, სამეცნიერო დისციპლინების, ასაკის, სქესის მიხედვით. მაღალკვალიფიციურ მეცნიერს ვუწოდებ ისეთს, ვისაც აქვს 5 და მეტი წლის კვლევითი მუშაობის სტაჟი და მაღალციტირებული პუბლიკაციები. ამ კრიტერიუმის აღწერა სხვადასხვა ხერხითაა შესაძლებელი, მაგრამ, ვფიქრობ, ეს სპეციალური საგანი არაა საინტერესო ფართო მკითხველისთვის. ვიტყვი მხოლოდ, რომ ჩვენი კრიტერიუმი ძალიან მაღალია.

    მაღალკვალიფიციური ქართველი მეცნიერები დღეს 20-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობენ. მათი ყველაზე დიდი რაოდენობა აშშ-შია (დაახლოებით 240 ადამიანი - მთლიანი სამეცნიერო დიასპორის 40%). მას მოჰყვება გერმანია (14%), რუსეთი (13%), ისრაელი (8%), შვეიცარია და ბრიტანეთი (5-5%). ყველაზე დიდი რაოდენობა მუშაობს მედიცინაში (დაახლოებით 30%), ფიზიკაში (25%), ბიოლოგიაში (18%), თუმცა მეტ-ნაკლებად ყველა სფეროა დაფარული. ჩვენ მიერ არჩეული კვალიფიკაციის მეცნიერი უცხოეთში დაახლოებით 600-ია. მათი 52% ქალია, 48% -კაცი. ამათ რაოდენობას დაახლოებით 15%-ით გაზრდიან საქართველოდან წასული ეთნიკურად არაქართველი მეცნიერები, რომელთა გამოვლენის საშუალება ჯერ არ მოგვეცა.

    ბევრი გვყავს დიასპორელი მეცნიერი თუ ცოტა? ასეთი ზომის სამეცნიერო დიასპორები ჩვენზე გაცილებით დიდ ქვეყნებს ახასიათებს. მაგალითად, 50-მილიონიან სამხრეთ აფრიკას რამდენიმე ასეული დიასპორელი მეცნიერი ჰყავს. იქ სახელმწიფო მიიჩნევს, რომ მათ დიდი სარგებლის მოტანა შეუძლიათ და მათთან აქტიურად თანამშრომლობს. სომხური სამეცნიერო დიასპორა უფრო დიდია (დაახლოებით 1300 ადამიანი), მაგრამ ეს ისტორიულად უცხოეთში მცხოვრები 5-დან 8 მილიონამდე (სხვადასხვა წყაროს მიხედვით) სომეხის გამო. მათი დარგობრივი განაწილება ჩვენსას ჰგავს, ხოლო ქვეყნების მიხედვით განაწილებაში აშშ-ს შემდეგ (46%) რუსეთი დგას (33%). სომხეთში დიასპორას სერიოზულ რესურსად მიიჩნევენ.

    დიასპორასთან თანამშრომლობა არ ნიშნავს აუცილებლად მისი წევრების სამშობლოში დაბრუნებას. ეს მსოფლიო პრაქტიკაში აპრობირებული მხოლოდ ერთ-ერთი გზაა (ჩვენ შეგვიძლია, მას საქართველოში ისტორიულად გამოცდილი "თერგდალეულთა" გზა ვუწოდოთ). შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ ქართველი დიასპორელები, რომელთა უდიდესმა ნაწილმა საქართველოში მიიღო განათლება, სერიოზული ძალა არიან და რომ ქართული განათლებისა და მეცნიერების სისტემა უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია - განსაკუთრებით მათ, ვინც ცდილობს, იგი დააკნინოს (არა მხოლოდ დღევანდელი, არამედ წარსულში არსებულიც). მის მიმართ ჩადენილი დანაშაული რომ გაამართლონ, ამბობენ: "ჩვენთან რა მეცნიერებაა... არ იცით, რაც არიან ეგ აკადემიკოსები?"

    ეს "აკადემიკოსები" საერთაშორისო საზოგადოებამ მიიღო და დააფასა. მათი დაახლოებით 5% გამოჩენილი მეცნიერების რიცხვს მიეკუთვნება. კიდევ 10% წამყვან დასავლურ უნივერსიტეტებში სრული პროფესორია და კიდევ 10% - ასოცირებული პროფესორი. ამ 25%-ის (150 ადამიანის) საშუალო ასაკი დაახლოებით 40-45 წელია, ანუ მკვლევრისთვის საუკეთესო, მაქსიმალური პროდუქტიულობის ასაკი. ამდენივე მაღალკვალიფიციური მეცნიერი საქართველოშიც ცხოვრობს (დაახლოებით 600 ადამიანი), ოღონდ მათი ასაკი, საშუალოდ, 25 წლით მაღალია, ვიდრე დიასპორელების. მათ წასვლა აღარ შეუძლიათ, მაგრამ ადგილზე მათი გამოყენება კი გაცილებით უკეთაა შესაძლებელი, ვიდრე დღეს.

    "გონების გადინების" ნეგატიური მოვლენა, მრავალი ქვეყნის მსგავსად, დადებითად უნდა გამოვიყენოთ (ნათქვამია, საბძელი რომ გეწვოდეს, ხელი მოითბეო). მაგრამ ამის გაკეთება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ სახელმწიფო ქართულ სამეცნიერო დიასპორასთან ურთიერთობის პოლიტიკას შეიმუშავებს, რომელიც კვლევისა და ინოვაციის სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი იქნება. ასეთი პოლიტიკა ჯერჯერობით არა გვაქვს, რაც მეცნიერების დაფინანსებიდანაც ჩანს. გარდა ამისა, დიდი საერთაშორისო გამოცდილება რომ გამოვიყენოთ, ჩვენი საკუთარი დიასპორა გაცილებით უფრო დეტალურად უნდა შევისწავლოთ.

    ბოლო დროს, ჩემი ცნობით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია და რუსთაველის სამეცნიერო ფონდი იჩენენ ინტერესს დიასპორის მიმართ, მაგრამ მისი კვლევის სათანადო კოორდინაცია და დაფინანსება არ ხდება.

    ოლეგ შატბერაშვილი

    ასოციაცია "ევროპული კვლევები

    საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის"

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved