სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    01.02.2018

    ანზორ საკანდელიძე

    მშენებელთა ლიგის თავმჯდომარე

    2017 წლის 24 ნოემბერს ბათუმის სასტუმრო "ლეოგრანდში" დატრიალებულმა ტრაგედიამ 10 ქართველის სიცოცხლე შეიწირა. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც აუცილებლად უნდა დაინტერესდეს, სხვა დარღვევებთან ერთად, ხომ არ არის დარღვეული საქართველოში მოქმედი კანონი "სეისმომედეგი მშენებლობა პნ-01-01-09". ამ კანონით, რკინაბეტონის კარკასული ნაგებობები 12 სართულს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო ურიგელო კარკასული შენობები - 7 სართულს! უფრო მაღალი შენობების აგება აკრძალულია.

    აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ამ კანონის გამოყენებით ჩვენ მოვიგეთ სამივე დონის სასამართლო და საქართველოში პირველად მოვახერხეთ, შეგვეჩერებინა თბილისის ასათიანის ქუჩის ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიაზე 32-სართულიანი 6 საცხოვრებელი კორპუსის უკანონო მშენებლობა მანამ, სანამ მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაცია არ მოვა შესაბამისობაში სამშენებლო კანონმდებლობასთან და, პირველ რიგში, კანონთან "სეისმომედეგი მშენებლობა პნ-01-01-09".

    სამწუხაროდ, მერიის აწ უკვე ყოფილმა ხელმძღვანელობამ არ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილებები, არ შეაჩერა ერთ-ერთი კორპუსის მშენებლობა. მერიის მაღალჩინოსნების დანაშაულებრივი წაყრუებით გათამამებულმა ამ უკანონო მშენებლობების განმახორციელებელი კომპანიის იურისტმა სააპელაციო სასამართლოს წაგების შემდეგ ტელეეთერით განაცხადა: საქალაქო სასამართლოს წაგების შემდეგ მერიას არ გავუჩერებივართ. თუ ახლა შეგვაჩერებს, ჩვენ უკვე დახარჯული გვაქვს 10 მილიონი დოლარი და სასამართლოში ვიჩივლებთ, რატომ თავის დროზე არ გაგვაჩერა მერიამ და მუნიციპალიტეტს მოუწევს ამ 10 მილიონი დოლარის გადახდა!

    დაშანტაჟებული მერია კი დღემდე არ აჩერებს ამ უკანონო მშენებლობას. 32 სართული უკვე მოქცეულია სახურავის ქვეშ, მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და ხარჯებმა, რომელიც მშენებლობის გაჩერების შემთხვევაში, ამ ვაიინვესტორთა გათვლებით, მერიის გადასახდელია, ალბათ მიაღწია 25 მილიონ დოლარს, სამუშაო კი ისევ გრძელდება და ჩართულია მერიის მიერ მომავალში გადასახდელი დოლარების მრიცხველი.

    უფრო მეტიც, ამ კორპუსში მყვირალა რეკლამებით დაწყებულია ბინების გაყიდვაც კი. ეს იმ დროს, როცა არ არის ჩატარებული 100 მეტრზე უფრო მაღალი შენობებისთვის (ამ კორპუსის სიმაღლე 125 მეტრია) სავალდებულო საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა და გაანგარიშება სივრცით მდგრადობაზე. საერთოდ არ ჩატარებულა ლაბორატორიული შემოწმება სეისმომედეგობაზე, სამშენებლო-ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე და, რაც მთავარია, მიღება-ჩაბარების აქტით ეს საცხოვრებელი კორპუსი სახელმწიფოს მიერ არ არის მიღებული ექსპლუატაციაში. მაშ, ვინ რას ყიდის და ვინ რას ყიდულობს? ამ სამშენებლო კომპანიის გარდა, მსგავსი სიტუაციაა ძალიან ბევრგან.

    საუბედუროდ, 2004 წელს მშენებლობის სამინისტროს გაუქმების შემდეგ ასეთი ქაოსი საქართველოში მასობრივადაა გავრცელებული მშენებლობის ყველა ეტაპზე: დაპროექტება, მშენებლობა, მშენებლობის შემოწმება და აშენებულის მიღება-ჩაბარება. ამ ვითარებით გაოცებული და საშინლად აღშფოთებული იყო 8 წლის წინ რუსეთიდან საქართველოში სამუშაოდ დაბრუნებული, უნიკალური სამშენებლო თეორიული და პრაქტიკული ცოდნით გამორჩეული ინჟინერ-მშენებელი თემურ ბულია. მან თავისი ნიჭი და ინტელექტი დაამტკიცა მრავალწლიანი სამშენებლო მოღვაწეობით რუსეთში, სადაც მოიხვეჭა მაღალპროფესიონალი ინჟინრის ავტორიტეტი 60-70-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სანიმუშო მშენებლობისთვის.

    აი, რას წერდა უდროოდ გარდაცვლილი, უნიჭიერესი მშენებელი თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, რომელიც ყურად უნდა იღოს თბილისის მერიის დღევანდელმა ხელმძღვანელობამ: "100 მეტრზე უფრო მაღალი მაღლივი კორპუსების დაპროექტების უფლება ჩიკაგოში აქვს მხოლოდ 3 სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, მოსკოვში მხოლოდ 2 სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, თბილისში კი ყველას, ვისაც და სადაც მოესურვება, თუნდაც საკუთარ საცხოვრებელ ბინაში". აქვე ბატონი თემური აღნიშნავდა, რომ მსოფლიოში არსებობს სულ 7 ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, საიმედოდ დააპროექტოს და ააშენოს 100 მეტრზე უფრო მაღალი რკინაბეტონის საცხოვრებელი კორპუსები. ჩვენ ვითომ გავხდით მსოფლიოში მე-8 ქვეყანა? ეს ხომ აბსურდია?

    დიახ, კახა კალაძემ ყურად უნდა იღოს თემურ ბულიას მიერ ანდერძად დატოვებული, 100 მეტრზე უფრო მაღალი საცხოვრებელი კორპუსების დაპროექტება-მშენებლობის ეს შეგონებები, სასწრაფოდ აამოქმედოს კანონი "სეისმომედეგი მშენებლობა პნ-01-01-09" და შეაჩეროს "ცაში აღმართული ბეტონის კუბოების" მშენებლობები, ვიდრე თბილისში ფატალური შედეგი არ დამდგარა.

    როგორ გადავწყვიტოთ ეს უმძიმესი პრობლემები, რა გზებითა და საშუალებებით? უპირველეს ყოვლისა, უკვე დამუშავებულ-დაპატენტებული და საქართველოს მშენებელთა ლიგის მიერ განხილულ-მოწონებული "თბილისისა და თბილისელების გადარჩენის მეგაპროგრამის" გამოყენებით, სადაც დაწვრილებითაა განხილული ეს გზები და საშუალებები. ამ "მეგაპროგრამის" გასაცნობად ახალი წლის წინა დღეებში შევხვდით მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლებს და გვქონდა საინტერესო საქმიანი საუბარი. ჩვენი "მეგაპროგრამა" წინასწარ განსახილველად დავუტოვეთ მერიის წარმომადგენლებს, კერძოდ ნინო ტალახაძეს და ვართ მოლოდინში, რომ მოხდება შეხვედრა ბატონ კახასთან. ეს შეხვედრა კი ნამდვილად დასაჩქარებელია, რადგან მერიაში ამჟამად მიმდინარეობს ძირეული რეორგანიზაცია და კარგი იქნება, ამ რეორგანიზაციაში გათვალისწინებული იყოს "მეგაპროგრამაში" რეკომენდებული, თბილისელების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის აუცილებელი ახალი სტრუქტურების შექმნა.

    ყველაზე მძიმე და თბილისელების სიკვდილ-სიცოცხლესთან დაკავშირებული პრობლემა, რაც ძველმა მერიამ მემკვიდრეობით დაუტოვა ახალ მერიას, არის "სეისმომედეგი მშენებლობა პნ-01-01-09" კანონის მოთხოვნათა დანაშაულებრივი იგნორირებით თბილისში, 7-12-სართულიანების ნაცვლად, უკანონოდ აშენებული 20, 30, 40 და უფრო მაღალსართულიანი საცხოვრებელი ასობით კორპუსი და ათასობით ასეთივე უკანონო სიკვდილის კორპუსების მშენებლობაზე გაცემული ნებართვა. მერიაში შეხვედრის დროს დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ბატონ კალაძემდე ჯერ კიდევ არ არის მიტანილი ინფორმაცია თბილისელების ამ ტრაგედიაზე და მოსალოდნელ უდიდეს მასშტაბებზე. არადა, სიკვდილის მანქანა მუდმივად ჩართულია და ყოველდღიურად აწარმოებს როგორც სიკვდილის კორპუსების მშენებლობას, ისე ახალ-ახალ მშენებლობებზე ნებართვების გაცემას!

    როგორ შევაჩეროთ ეს ყოველივე? უკვე ცხადია, რომ მერია ამას დამოუკიდებლად ვერ შეძლებს და მას აუცილებლად დასჭირდება დიდი გამოცდილების მაღალპროფესიონალი მშენებლების რჩევა. პრობლემის მოგვარების დასაწყებად ქალაქის მერს ვურჩევთ, ჩვენ მიერ "სეისმომედეგი მშენებლობა პნ-01-01-09" კანონის გამოყენებით სამივე დონის სასამართლოს მოგების პრეცედენტი გამოიყენოს ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით გაცემული სამშენებლო ნებართვებისა და დაწყებული მშენებლობების დროებით შესაჩერებლად. ამის შემდეგ უნდა გაირკვეს, შეჩერებული სამშენებლო ნებართვები და დაწყებული მშენებლობები რამდენად აკმაყოფილებს თბილისელების სიკვდილ-სიცოცხლის ტოლფასი "სეისმომედეგი მშენებლობა პნ-01-01-09" კანონის მოთხოვნებს. ამ გარკვევაშიც ჩვენს ლიგას შეუძლია, დიდი დახმარება გაუწიოს მერიას.

    თუ მერია ამას დღეს არ გააკეთებს, დღევანდელთან შედარებით, ხვალ გაცილებით უფრო მეტი საშიში კორპუსი აღიმართება დედაქალაქში და დამოკლეს მახვილებად დაადგება თავზე ჩვენს მომავალ თაობებს, რომლებიც მოსალოდნელი 8-9-ბალიანი დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ მოგვიგონებენ "ცოდვილებად" და "უსჯულოებად".

    ზ.თ. ეს სტატია უკვე მზად გვქონდა, როცა 2018 წლის 24 იანვრის გაზეთ "რეზონანსში" გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ანალოგიური დარღვევებია ატენის ქუჩაზე, სადაც, თავდაპირველი 7-სართულიანი თუ 11-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაცვლად, შენდება 27-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. თბილისის მერია აქაც არ ასრულებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას და არ აჩერებს ამ უკანონო მშენებლობას. დაზარალებული თბილისელები ამჟამად სარჩელს ამზადებენ პროკურატურაში შესატანად. ვურჩევთ დაზარალებულებს, რომ სარჩელში შეიტანონ მთავარი დარღვევა - შენობა არის რკინაბეტონის კარკასული ტიპის და, 2010 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედებული კანონის - "სეისმომედეგი მშენებლობა პნ-01-01-09"-ის თანახმად, არ შეიძლება იყოს 12 სართულზე მეტი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved