სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "რა ბედნიერებაა, როცა ხალხი არ ფიქრობს!" ჰიტლერი
    მოსაზრება
    05.02.2018

    ზელიმ ჩაკვეტაძე

    დიახ, ბედნიერებაა, როცა ხალხი არ ფიქრობს და არ აზროვნებს. მაგრამ საკითხავია - ვისთვის? ზემოთ გამოთქმული ციტატის ავტორისათვის მომგებიანია გამოთქმული აზრი, მაგრამ ჰუმანისტისთვის საშინელებაა.

    ვაჟა-ფშაველა დიდი ხნის წინათ წერდა: "მცირეთა რითღა იხარონ, თუკი არ იქნა ბნელობა. ხომ წახდა სამუდამოდა ჯადოქარისა ხელობა".

    უნდა გვახსოვდეს, რომ დიდი უბედურებების დროს, ჯადოქარი ხშირად შველის თავის თავს, ბრბო კი საზოგადოების შეგნებულ ნაწილთან ერთად ნადგურდება. ჯადოქარი იყენებს თავისი "მიზნების" განსახორციელებლად არჩევანის უფლებას, რომელიც შეიძლება ცალკეული ადამიანებისთვის სასარგებლო იყოს, მაგრამ ბრბოსა და ხალხის შეგნებული ნაწილისათვის იგი წამგებიანია.

    საღად მოაზროვნე კაცისათვის გასაგებია, რომ ვიღაცას აწყობს არჩევნების საყოველთაობა. ამ ვიღაცაში შეიძლება ვიგულისხმოთ თაღლითი კაციც, რომელსაც მაღალ ეშელონებში მუშაობით საშუალება ეძლევა, აბსოლუტურად გამოამჟღავნოს თავისი "შემოქმედებითი" უნარი. ის ეყრდნობა ბრბოს და მისი უხეში ძალით მორჩილებაში მოჰყავს მისადმი თაყვანისმცემელი ბრბოც და მთელი სახელმწიფოც. გავიხსენოთ დიმიტრი ყიფიანის აზრი: "ხალხისა და ყმაწვილის მოტყვილება ადვილია, ორივე დაპირებებით ტყვილდება".

    ადოლფ ჰიტლერი ოქროს მთებს ჰპირდებოდა ხალხს. საზოგადოების შეგნებული ნაწილი გაჰკიოდა: "დაღუპავს ქვეყანას ეს გიჟი ეფრეიტორი", ბრბო კი გაჰყვიროდა: "ჰაილ, ჰაილ, ჩვენს ფიურერს! ზიგ ჰაილ და კიდევ ჰაილ". მართალია, ჰიტლერს არც საპრეზიდენტო არჩევნებში და არც რაიხსტაგში არ გაუმარჯვია, მაგრამ ბრბო ისე მოაჯადოვა თავის ხელოვნებით, რომ 35 მილიონი კაცი ერთ მუშტად აქცია და 1933 წლის 5 მარტს 650 დეპუტატისგან 288 ჰიტლერელი იყო.

    გაიანგარიშა რა ჰიტლერის გავლენა გერმანიაზე, პრეზიდენტმა მას ჯერ კანცლერობა მისცა და შემდეგ თავის პოლიტიკურ მემკვიდრედ გამოაცხადა. ერთი შეხედვით იგი არჩეული არ იყო, მაგრამ თუ საკითხს ღრმად ჩავუკვირდებით, გასაგები გახდება, რომ იმ 35 მილიონი კაცისგან შემდგარი მუშტი მას არჩევნების გარეშე არ შეუქმნია.

    მისი წამოტივტივების მიზეზი მაინც არჩევნები იყო. ზოგი იტყვის, იგი მაინც გავიდოდა სათავეშიო. არც ეს არის გამორიცხული, რაკი მას იმოდენა სიცრუისა და ჯადოქრობის უნარი ჰქონდა, მაგრამ მან სახალხო არჩევნების გზით დაიწყო წამოტივტივება. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სატანა არ არის ბრიყვი, რომ რთული და სახიფათო გზები ეძიოს, როცა მის ხელთაა მარტივი და საიმედო გზა - ბრბო და საყოველთაო არჩევნები. რაც მრავალრიცხოვანია ბრბო, მით უფრო იოლდება სატანის საქმე. ძლიერია სატანა, მაგრამ არც ღმერთია სუსტი. მან თავისუფალი არჩევანის უფლება კი მისცა ადამიანს, მაგრამ ისიც დაუდო კოდად, რომ ბრბოს ორგანიზაციის უნარი არ ჰქონებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი წალეკავდა კულტურულ კაცობრიობას.

    ბრბო სტიქიაა, იგი ერთხელ შეუტევს მოპირდაპირეს ნიაღვარივით და მომენტალურად დაიშლება. სატანა ამ ერთი შეტევის უნარს მაქსიმალურად იყენებს.

    ქართული დემოკრატიის სასახელო შუქურამ რუსთაველზე რომ თავყბადამტვრეული ბიჭები ძირს დაყარა, რამდენჯერმე გავიგონე ბრბოში: "ძალიან კარგი... "პულიმიოტი" უნდა დაუდგა მაგ მამაძაღლებს, ამისთანა კარგ პრეზიდენტს რავა ეჩხუბებიან". ისიც მოვისმინე, რომ რომელიღაც სკოლაში მასწავლებლებს ხატზე გადაუციათ ანტიმიშათმადიდებლები: "ვინც მიშას ხმა არ მისცეს, ღმერთო, ასე და ისე უქენიო". მაშინ, როცა მათი სათაყვანებელი მიშა პოტენციური დამნაშავე ყოფილა და არა - ხალხის მსახური.

    შილერს უთქვამს: "ხმები კი არ უნდა ითვლებოდეს, უნდა იწონებოდეს". არ მგონია, მიშას თაყვანისმცემელ რაჭა-ლეჩხუმს, ქვემო სვანეთსა და ჯავახეთს მეტი ჭკუა ჰქონდეს, ვიდრე ერთ სოკრატეს.

    თუ დავეყრდნობით ბალზაკის შეხედულებას არჩევნების შესახებ: "...დაამტკიცა არსებობა იმ საზარელი კანონისა, რისი წყალობით უბადრუკ, უნიჭო ადამიანებს საშუალება ეძლევათ, საზოგადოების ყველა ფენაში მაღალი მდგომარეობისათვის განკუთვნილ პიროვნებათა არჩევანი საკუთარი გემოვნების მიხედვით მოახდინონ. რაღა თქმა უნდა ისინი საკუთარ თავს აირჩევენ და ჭეშმარიტად ნიჭიერ ადამიანებს გააფთრებით ებრძვიან ყველაფერში. საარჩევნო წესის გამოყენება მცდარია".

    გადავხედოთ ქრისტიანული რელიგიის მამამთავარ ქრისტეს და ვიმსჯელოთ მის ბედზე, თუ როგორ იყენებს ღმერთის მიერ ნაწყალობებ არჩევანის უფლებას ბრბო მწყალობლის წინააღმდეგ (იხ. მათეს სახარება თავი 27-ე აბზ. 17): "უთხრა მათ პილატემ, ვინ გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ, ბარაბა თუ იესო, ქრისტედ წოდებული? მათ უთხრეს, ბარაბა. უთხრა მათ პილატემ: იოსეს რაღა ვუყოთ ქრისტედ წოდებულს? ყველამ თქვა: ჯვარცმულ იქნეს. პილატემ ხელები დაიბანა ხალხის წინაშე და თქვა: უბრალო ვარ ამ მართლის სისხლისგან, თქვენ, იცით. მთელმა ხალხმა მიუგო პასუხად - ჩვენ და ჩვენს შვილებზე იყოს მაგის სისხლი".

    დიახ, მათ და მათ შვილებზე დარჩა მისი სისხლი. არჩევნები ჩატარდა, მაგრამ ვის სასარგებლოდ? - ბოროტების.

    თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჯვარზე გაკრული ქრისტე მითიურია და რეალობასთან საერთო არაფერი აქვს, შემცდარია. მაცხოვრის ჯვარცმა ადამიანის აზროვნების ხანგრძლივი აბსტრაქციის შედეგია. იგი ადამიანებს აუწყებს, თუ როგორ უსწორდებიან პროგრესის მქადაგებლებს ბრბო და გულბოროტი ადამიანები.

    იურისპრუდენცია თავისი ვექილებითა და სოფისტებით პილატეს გაამართლებს, პირადად მას დანაშაული არ ჩაუდენიაო. პირადად მან "ხელები დაიბანა", მაგრამ ჰქონდა მას ამის უფლება?! გამიგონია, ხალხსა და ბავშვზე პატრონია პასუხისმგებელიო. ამას ისიც ერთვის, რომ დე იურე დე მორალედან გამომდინარეობს და აქედან გამომდინარე იგი დამნაშავეა როგორც მორალურად, ისე იურიდიულად. წაწყმედილი ერის ბერი წაწყმედილია. ბოროტმა კაცმა ჭეშმარიტების მქადაგებელი მაცხოვარი ბრბოს მიუგდო საჯიჯგნად.

    ხალხმა პირველად იხილა ჯვარზე გაკრული იესო ქრისტე, იგი როგორც სიმბოლო ჭეშმარიტებისა და კაცთმოყვარეობისა კაცობრიობის ისტორიის დასაწყისიდან იყო ჯვარზე გაკრული. მუდამ ჰპირდებოდნენ და ახლაც ჰპირდებიან საწყალ ხალხს, ჩვენ ჩამოვხსნით იესო ქრისტეს ჯვრიდან, ჩვენ დაგაყენებთ ჭეშმარიტ გზაზეო, მაგრამ დამპირებელი ბევრია, ამსრულებელი...

    შეძლებს კი ოდესმე კაცობრიობა, ჭეშმარიტებისა და კაცთმოყვარეობის გზას დაადგეს? - შესძლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი სატანას უარყოფს მთელი თავისი ჯადოქრობით, შურით, მტრობით, გაიძვერობით, ავაზაკობით, ქურდობით, მეძავობით, სიცრუითა და ათასნაირი არაკაცობით და დაადგება ღვთაებრივ გზას, რომელსაც კაცობრიობა სინდის-ნამუსის, კაცთმოყვარეობის, შრომისა და უამრავი სიკეთისაკენ მოჰყავს.

    P.S. მკვლევარი სერგეევი წერს: "პლატონის სოციალ-პოლიტიკური ფილოსოფიის მთავარი პუნქტი ასეთია: ხალხის ფართო მასა არ მომწიფებულა (მისი აზრით, არც არასდროს მომწიფდება) პოლიტიკური ხელმძღვანელობისათვის და ყოველთვის ემორჩილება მათ ბრძნულ ხელმძღვანელობას, ვისშიც ჭარბობს ღვთაებრივი საწყისი".

    აქ პლატონი ლაპარაკობს იმ ღვთაებრივ საწყისზე, რომელთანაც საერთო არაფერი აქვთ იმ ტიმოკრატებს, რომლებიც ხშირად იგდებენ ხელში ხალხის ბედს. ისინი არა ღვთაებრივი, არამედ სატანისეული საწყისებით მოქმედებენ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved