სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    18.02.2018

    გიორგი თავაძე, ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი
    საიდან მოდის სიღარიბე, ვისი და რისი ბრალია, რომ მდიდარ ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობა ღარიბია, რატომაა დოვლათი ასე უთანაბროდ განაწილებული, როგორ უნდა გადანაწილდეს ქონება სამართლიანად, რომელი ეკონომიკური სისტემაა ხალხისთვის უკეთესი, უნდა ჩაერიოს თუ არა მთავრობა ეკონომიკის მართვაში, რას გვიქადის მომავალი და სხვა ასეთ საინტერესო თემებზეა საუბარი წინამდებარე მანიფესტში.
    "მანიფესტი" საყურადღებოა იმითაც, რომ მასში შემოთავაზებულია საშუალო ფენის შექმნისა და სიღარიბისგან თავის დაღწევის გზა. როგორც დრომ დაგვანახვა, კომუნიზმის ლამაზი, მაგრამ უტოპიური იდეის მარცხის შემდეგ არც კაპიტალისტური სისტემის გადასარჩენად შემოგდებული ფუკუიამას ლიბერალური დემოკრატია აღმოჩნდა "ისტორიის დასასრული".
    ისტორია გრძელდება და თუ რა სისტემა უნდა მოვიდეს კაპიტალისტური და სოციალისტუ-რი სისტემების მემკვიდრედ, ამაზეცაა პასუხი გაცემული. არ არის გამორიცხული, რომ თვალსაწიერ მომავალში ავტორის მიერ სახელდებული ახალი საზოგადოებრივ-ეკონომიკუ-რი ფორმაციის - დემოკრატიული სოციალიზმის (სოლიდარიზმის) სამშობლოდ ჩვენი ქვეყანა იქცეს.
    (გაგრძელება. დასაწყისი "მთელი კვირის" წინა ნომერში)

    რომელი ეკონომიკური სისტემა სჯობს?
    შემოსავლებისა და კეთილდღეობის უთანაბრობის საზომის - ჯინის კოეფიციენტის თანახმად მდიდრებსა და ღარიბებს შორის უთანასწორობის დონით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა მალის, ტუნისისა და აფრიკის სხვა ღარიბ სახელმწიფოებთან ერთად.
    ამ ფონზე გასაკვირი არაა რომ ქვეყანაში ძლიერდება მდიდრების (კაპიტალისტების) საწინააღმდეგო განწყობები. იმატა მემარცხენე ფრაზეოლოგიამ, გახშირდა სხვადასხვა სოციალური ჯგუფების საპროტესტო გამოსვლები, სოციალური მოთხოვნები, კეთილი მოგონებები სოციალიზმზე. ქვეყანაში არსებული სიღარიბე, სიდუხჭირე, სოციალური უთანასწორობა და უსამართლობა ქონების განაწილებაში ამისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის.
    იმის მიხედვით, თუ რა შესაძლებლობებს იძლევა ამა თუ იმ სახელმწიფოში არსებული ეკონომიკური სისტემა შემოსავლების მიღებასა და ქონების შეძენა-დაგროვებაში, ადამიანები მსჯელობენ სისტემების ავკარგიანობაზე. ის სისტემა, რომელიც უკეთეს პირობებს ქმნის ადამიანების საქმიანობისთვის, უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და ცხოვრების უფრო მაღალ დონეს, არის უმჯობესი და არჩევანიც მის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს.

    სოციალიზმი თუ კაპიტალიზმი?
    ვისაც სოციალიზმის პირობებში უცხოვრია, კარგად ახსოვს ამ სისტემის თავმოსაწონი მხარეები: საყოველთაო დასაქმება, სოციალური დაცულობა, უფასო განათლება და ჯანდაცვა, თანასწორობა (სიღარიბეში), მომავლის იმედი, კეთილი ურთიერთობები ადამიანებსა და ერებს შორის და სხვ., მაგრამ სოციალიზმს თან ახლავს უდიდესი ნაკლოვანებებიც: თავისუფლების შემზღუდავი ტოტალიტარიზმი, კერძო საკუთრებისა და ადამიანის უფლებების უგულვებელყოფა, პირადი ინტერესის უარმყოფელი, რესურსების უყაირათოდ მხარჯველი არაეფექტიანი გეგმიური ეკონომიკა, პროდუქციის დეფიციტი, გაუპიროვნებელი სოციალისტური საკუთრება, ტოტალური კორუფცია და ა.შ.
    კაპიტალიზმს ბევრ ისეთ სიკეთესთან ერთად, როგორიცაა კერძო საკუთრება, დემოკრატიული თავისუფლებები, კერძო ინიციატივა, პროდუქციის სიუხვე, "თანაბარი შესაძლებლობები" და სხვ., ბევრი მანკიერებაც ახლავს თან: უმუშევრობა, დიდი ქონებრივი უთანასწორობა, კრიმინალი, სიდუხჭირე, გაუცხოება, მიუსაფრობა....
    მიუხედავად ყველა ამ მანკიერებისა, თუ ვთანხმდებით, რომ ამქვეყნად ყველაზე დიდი ღირებულება თავისუფლებაა ("თავისუფლების შოვნაი სჯობს საშოვნელსა ყველასა!"), რომელსაც დემოკრატიასა და ცხოვრების უფრო მაღალ დონესთან ერთად კერძო საკუთრებაზე დაფუძნებული ეკონომიკური სისტემა უზრუნველყოფს, მაშინ სოციალიზმთან შედარებით უპირატესობა კაპიტალიზმს უნდა მიენიჭოს.
    მაგრამ კაპიტალიზმიცაა და კაპიტალიზმიც. მის შიგნით ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული ტიპები (1. ამერიკული წმინდა, საწარმოო კაპიტალიზმი; 2. სოციალური საბაზრო კაპიტალიზმი; 3. აღმოსავლური სახელმწიფო (კოლექტიური) კაპიტალიზმი) გამოიყოფა, რომელთა შორის ყველაზე პროგრესულად სოციალური საბაზრო კაპიტალიზმია მიღებული, რომელსაც სხვადასხვა სახელით: "სახალხო", "სააქციო", "რეგულირებად" კაპიტალიზმად, "საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოდ" მოიხსენიებენ, თუმცა რამდენად საყოველთაოა ეს კეთილდეობა, ჯერ კიდევ საკითხავია. კეთილდღეობა რომ საყოველთაო იყოს, ის მეტ-ნაკლები რაოდენობით ყველასთვის უნდა იყოს და არა მხოლოდ საზოგადოების მქონებელი ნაწილისათვის.
    ნამდვილად დასაფასებელია აშშ-სა და, განსაკუთრებით, დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების წარმატებები როგორც ეკონომიკურ, ისე სოციალურ სფეროებში. ძალიან კარგია რომ მმართველი ელიტების მიერ ამ სახელმწიფოების ბიუჯეტებიდან თითქმის 50%-მდე ფინანსები მიიმართება საპენსიო უზრუნველყოფისთვის, სამედიცინო მომსახურების, განათლების ხარჯებისთვის, უმუშევართა დახმარებაზე და ა.შ., მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კაპიტალისტების ბუნება დიდად შეიცვალა. ისინი ძველებურად, ყველა საშუალებით აგრძელებენ ქონების დაგროვებას და გამდიდრებას, რადგან მათი არსებობისა და ბატონობის ძირითად პირობას კერძო პირების ხელში კაპიტალის დაგროვება წარმოადგენს და არა ღარიბთა პატივისცემა და სიყვარული. "საძულველია მდიდრისთვის ღარიბი, რა მშვიდობა იქნება მდიდარსა და გლახაკს შორის?.... გლახაკნი საძოვარია მდიდრისთვის" (ზირაქი. თავი ყ||).
    სოციალური დახმარებები კარგია, მაგრამ...
    "საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს" მიერ მოსახლეობის სოციალური დაცვისთვის გაღებული სახსრები, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ მისი ("ს.კ. სახელმწიფოს") აპოლოგია მიმართულია იმისკენ, რომ როგორმე გააუბრალოონ, მიაფუჩეჩონ წარმოების საშუალებების ფლობის გადამწყვეტი მნიშვნელობა შემოსავლებისა და მატერიალური დოვლათის განაწილებაში. ყველაფერი კეთდება იმისთვის (სოციალური დახმარებისთვის სახელმწიფო შემოსავლების 50%-იანი გადანაწილებაც კი) რომ წარმოების საშუალებების ფლობის უთანაბრობის საკითხი არ დაისვას, რომ აქცენტი გაკეთდეს "კეთილდღეობაზე", ყალბ სოციალურ სოლიდარობაზე და არა წარმოების საშუალებების (კაპიტალის) გადანაწილების აუცილებლობაზე, როგორც მოსახლეობის სტაბილური კეთილდღეობის უმნიშვნელოვანეს ფაქტორზე.
    დასავლეთევროპული "აქციონერთა კაპიტალიზმი" - "საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო" კაპიტალიზმის ყველაზე პროგრესული ფორმაა, მაგრამ მისგან განსხვავებით საქართველო ამერიკული ტიპის კაპიტალიზმად ყალიბდება, რომელიც უილიამ ჰატონმა "მეწილეთა კაპიტალიზმად" მონათლა და რომლის დროსაც კაპიტალს, წარმოების საშუალებებს - ქარხნებს, ფაბრიკებს, პორტებს, ბანკებს და ა.შ. წილობრივად რამდენიმე სუბიექტი ფლობს.
    აქედან გამომდინარე, საერთო შემოსავლის მფლობელიც რამდენიმე მეწილეა და მთელ მოგებასაც რამდენიმე ადამიანი ინაწილებს, მაშინ, როცა "აქციონერული", "სააქციო" კაპიტალიზმის დროს ამგვარ წარმოების საშუალებებს რამდენიმე ასეული ან ათასობით აქციონერი ფლობს და მთელი შემოსავალიც მათ შორის ნაწილდება, რამდენადაც აქციების ფლობა ნიშნავს, რომ ისინი აქციების შესაბამისი ღირებულების ქონების - შემოსავლის მომტანი საკუთრების გარკვეული ნაწილის მფლობელები არიან. ვინაიდან წარმოების საშუალებებს აქციების მეშვეობით ევროპაში მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილი ფლობს, ვიდრე შეერთებულ შტატებში, ევროპაში პროცენტულად გაცილებით მეტია საშუალო კლასის წარმომადგენელი. ამის გამო საზოგადოებაში შედარებით მეტი სოციალური თანხმობა, სიმშვიდე და სტაბილურობაა.
    რატომ უნდა აიღოს ეკონომიკის განვითარებაზე პასუხისმგებლობა მთავრობამ
    კარგი იყო, ისე, როგორც დასავლეთ ევროპაში, ეკონომიკა ჩვენთანაც ბუნებრივი ისტორიული პროცესის გზით თავისუფალი კონკურენციის საფუძველზე განვითარებულიყო, მაგრამ რადგან ეს მომენტი ხელიდან გაშვებულია, არსებულ ვითარებაში ეკონომიკის დაჩქარებული განვითარების პასუხისმგებლობა თავისთავზე მთავრობამ უნდა აიღოს და არ მიანდოს ის მხოლოდ ბაზრის "უხილავ ხელს" - თავისუფალ კონკურენციას.
    თავისუფალი კონკურენცია, მართალია, საუკეთესო, მაგრამ არა ერთადერთი გზაა ეკონომიკური კეთილდღეობის მისაღწევად. მით უფრო გლობალიზაციისა და ღია საზღვრების პირობებში, როცა ჩამორჩენილ ქვეყნებს ღია საბაზრო ეკონომიკით არავითარი შანსი არ აქვთ კონკურენცია გაუწიონ განვითარებულ ქვეყნებს, რომლებიც დაინტერესებული არ არიან სხვა ქვეყნების ეკონომიკების განვითარებით და თავიანთი ეკონომიკებისთვის კონკურენტების შექმნით.
    მათ ჩამორჩენილი (განვითარებადი) ქვეყნები საკუთარი სამრეწველო პროდუქციის გასაღების ბაზრებისა და სანედლეულო ბაზების სახით სჭირდებათ. ამიტომ არ ცდილობენ ისინი ჩამორჩენილი ქვეყნების ეკონომიკების განვითარებას, რის გამოც ეს უკანასკნელნი ყოველთვის ჩამორჩენილები იქნებიან, თუ მათ განვითარებაზე ადგილობრივმა ეროვნულმა ხელისუფლებებმა არ იზრუნეს. გლობალიზმთან შერწყმული ლიბერტარიანიზმი ღარიბ ქვეყნებს მუდმივი სიღარიბისთვის წირავს.
    (დასასრული "მთელი კვირის" შემდეგ ნომერში)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved