სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    05.03.2018

     ნათელა ნათლიაშვილი-კვინიკაძე

    მისი უდიდებულესობა ყყ საუკუნე - რამდენი ვარსკვლავი აჩუქა საქართველოს ამ საუკუნემ... სწორედ რომ ვარსკვლავთცვენა იყო საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში: ვიზუალური ხელოვნების დარგებში - თეატრში, კინოში, საოპერო თუ საესტრადო სივრცეში, ასევე მეცნიერებაში, მწერლობასა და სპორტში.

    სახელოვანი რუსთაველის აკადემიური თეატრი, მაღალნიჭიერ შემოქმედთა ესოდენ ბრწყინვალე თანავარსკვლავედი: აკაკი ხორავა და აკაკი ვასაძე, სერგო ზაქარიაძე და ეროსი მანჯგალაძე, გოგი გეგეჭკორი და მედეა ჩახავა, სალომე ყანჩელი და ზინა კვერენჩხილაძე და კიდევ ვინ მოთვლის, რამდენი დიდებული მსახიობი...

    რუსთაველის თეატრის სცენაზე 55 წლის განმავლობაში კაშკაშებდა გამორჩეული ვარსკვლავი - რამაზ ჩხიკვაძე, ფანტასტიკური, განუმეორებელი, ღვთისაგან დაჯილდოებული და შემკული ყველა ღირსებითა და მადლით: შესანიშნავი გარეგნობით, საუცხოო ხმით, გარდასახვის შეუდარებელი უნარით, მგზნებარე ტემპერამენტით, მომაჯადოებელი არაორდინარული იუმორით, ელვარე ტალანტით.

    მასში იშვიათი ჰარმონიით იყო შერწყმული ქართული რაინდული სული, დიდი ბუნება, პირდაპირობა, შინაგანი სიმართლე...

    "ოსკარისა" და "ოქროს გლობუსის" პრემიების ლაურეატი ალ პაჩინო ხატოვნად შენიშნავს: "თეატრში თამაში ასი ფუტის სიმაღლეზე გაბმულ თოკზე სიარულს ჰგავს, თანაც ყოველგვარი დაზღვევის გარეშე."

    აი, სწორედ ასეთ, 100 ფუტის სიმაღლეზე გაბმულ თოკზე იარა რამაზ ჩხიკვაძემ ნახევარ საუკუნეზე მეტხანს. იარა ტრიუმფალური გამარჯვებებით, იარა ხალისით, სიცოცხლის, თავისი პროფესიისა და ხალხის დაუოკებელი სიყვარულით...

    და აი, საქართველომ დაკარგა ეს უბრწყინვალესი შემოქმედი, მსოფლიო რანგის მსახიობი.

    რამაზ ჩხიკვაძის საშემსრულებლო ხელოვნებას, პროფესიულ ოსტატობას უჩვეულოდ ფართო დიაპაზონი ჰქონდა. შეეძლო, ერთნაირი სიძლიერით, უდიდესი ექსპრესიითა და აღმაფრენით ეთამაშა როგორც ტრაგედიაში, ასევე დრამასა და კომედიაში. მას ხომ მაყურებლის განუზომელი გაოცება და დატყვევება შეეძლო.

    1951 წელს ცნობილმა რეჟისორმა დოდო ალექსიძემ დადგა "ფიგაროს ქორწინება". რამაზ ჩხიკვაძემ ამ პიესაში შესანიშნავი თამაშით ყველა აღაფრთოვანა.

    1954 წელი, დაიდგა მიხეილ თუმანიშვილის "ესპანელი მღვდელი". დღესაც მახსოვს ეს საეტაპო სპექტაკლი. თეატრში იყო მხიარულების ნამდვილი დღესასწაული, რადგან მაყურებელი ზეიმობდა მსახიობებთან ერთად.

    შემდეგ - ბერტოლდ ბრეხტის "სამგროშიანი ოპერა", სადაც რამაზ ჩხიკვაძე მექი-დანას განასახიერებდა უბადლოდ. ყველაფერთან ერთად დომინირებდა მისი ბრწყინვალე ვოკალი. ამგვარად, იმდენად მაღალი იყო აქტიორული პროფესიონალიზმი, ვიზუალური და ხმოვანი ეფექტები, რიტმი, ტემპი და სპექტაკლის მხატვრული დონე, რომ მაყურებელი იხიბლებოდა და ინუსხებოდა უკვე ამობრწყინებული ვარსკვლავის მაღალი ხელოვნებით.

    საოცარი ნიჭის პატრონი იყო, ბრწყინვალე - თეატრშიც, კინოშიც, მაგრამ პრიორიტეტს მაინც თეატრს ანიჭებდა. "თეატრი მაინც სულ სხვაა", - უმტკიცებდა რამაზ ჩხიკვაძე ასევე ცნობილ მსახიობ ლეილა აბაშიძეს.

    დაუვიწყარი შთაბეჭდილება დაგვრჩა მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლიდან "როცა ასეთი სიყვარულია", რომელიც მომზადდა ჩეხი დრამატურგის - პ.კოპოუტის ნაწარმოების მიხედვით. ამ პიესას წარმართავდა მთავარი მოქმედი პირის - პეტრი პეტრუსის დრამატული როლი, ამაღლებულად, შთამბეჭდავად, დიდი ვნებათაღელვით შესრულებული რამაზ ჩხიკვაძის მიერ. მაყურებელი თითქოს სპექტაკლის მონაწილე იყო, მსაჯული - სერგო ზაქარიაძე, ლიდა მატისოვა - მედეა ჩახავა. მათი თამაში გვაოგნებდა, გვაოცებდა და, მე ვიტყოდი, ბედნიერია ყველა ის მაყურებელი, ვინც ეს სპექტაკლი ნახა.

    1972 წელი, "სამანიშვილის დედინაცვალი". კირილე მიმინოშვილის დიდებულად შესრულებული როლი... რამაზ ჩხიკვაძე ისე თამაშობდა კირილეს, რომ ეპითეტები არ გვყოფნის. რაც შეეხება აზდაკსა და რიჩარდ მესამეს, ეს გმირები რამაზ ჩხიკვაძის შემოქმედების მწვერვალია, გვირგვინი, საოცარი გარდასახვის, ფანტაზიის ნიმუშები. მსახიობი თითქოს დანის წვერზე გადის, მაგრამ გროტესკი ისეთი ზომიერი აქვს, რომ არ აჭარბებს.

    რამაზ ჩხიკვაძის შემოქმედებას დიდი გამოხმაურება ჰქონდა უცხოეთში გასტროლების დროს. აი, რას წერდა უცხოური პრესა:

    "დიდი ხანია, არ მინახავს უფრო გამომსახველობითი მსახიობი, ვიდრე რამაზ ჩხიკვაძეა. ყოველი ჟესტი მრავალმნიშვნელოვანია. საბედნიეროდ, ჩვენ ამ მსახიობს ვნახავთ მთავარ როლში დასის მეორე სპექტაკლშიც - "რიჩარდ მესამე" (ალენ რაიტი, "ტრიუმფი ედინბურგში", 1979 წ.);

    "ამ მსახიობს აქვს უდიდესი ძალა, რომლის წყალობითაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ სცენა თითქოს მხოლოდ მას ეკუთვნის" (გაზეთი "გარდიანი", 1979 წ.);

    "თეატრის ვარსკვლავი რამაზ ჩხიკვაძე შეიძლება მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს მსახიობად ჩაითვალოს" ("ტელეგრაფი", "კვლავ დიდი გამარჯვება", 1979 წ.);

    "კავკასიური ცარცის წრე" ქართული თეატრის მწვერვალია" (კარლო ბენედეტი, გაზეთი "უნიტა", 1979 წ.);

    "...მრავალი სცენა - რიჩარდის სიყვარულის სცენა ლედი ანასთან, რიჩარდის მიერ გვირგვინის მოჩვენებითი უარყოფა - უბრწყინვალესია..."

    "ფეხზე ამდგარმა დარბაზმა 15-წუთიანი ოვაციით დააჯილდოვა სცენის ჯადოქრები. უკვე მეორე დღეა, ბრიტანეთის თითქმის ყველა გაზეთმა დაბეჭდა აღტაცებული რეცენზიები. განსაკუთრებით დიდი ადგილი დაეთმო მთავარი როლის შემსრულებელ რამაზ ჩხიკვაძესა და სპექტაკლის დამდგმელს - რობერტ სტურუას."

    რამაზ ჩხიკვაძეს ძალზე მდიდარი ფილმოგრაფია აქვს. მან დაუვიწყარი ეკრანული სახეები შექმნა 50-მდე ქართულ კინოფილმში: შოთა ("ჭრიჭინა", 1954 წ.), ლევანა ("სოფლის აშიკი"), დიამბეგი ("ლონდრე"), "წარსული ზაფხული", დაუდი ("სამკაული სატრფოსათვის"), ვაჭარი პანკე ("ვერის უბნის მელოდიები", 1973 წ.), ლუკა ბაბუა ("ნერგები", 1973 წ.), მამაო ოხროხინე ("ნატვრის ხე", 1977წ.), პაჟარა სავლე ("სიყვარული, ხანძარი და პომპიერო"), აფრასიონი ("რაჭა ჩემო სიყვარულო!"), გივი ("ცხელი ზაფხულის სამი დღე", 1981 წ.), შოშია ("თეთრი ბაირაღები") და სხვა.

    განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მის მიერ უმაღლესი ოსტატობით განსახიერებული გმირები კინოფილმებში "ლონდრე" (დიამბეგი), "ნატვრის ხე" (მღვდელი), "ვერის უბნის მელოდიები" (ვაჭარი), "ნერგები" (ლუკა ბაბუა), "ბებერი მეზურნეები" (თედო), "თეთრი ბაირაღები" (შოშია). "ნერგებსა" და "ბებერ მეზურნეებში" ხომ სულ ახალგაზრდამ შეასრულა მოხუცის როლი და მერე როგორ.

    საოცარი მიბაძვის ნიჭი ჰქონდა. ერთხელ 5 პერსონაჟის როლი გაახმოვანა და ეს კადრი შევიდა კიდეც ფილმში.

    გვახსოვს საბავშვო ანიმაციური ფილმებიც: "კომბლე", "კოჯრის ტყის ზღაპრები", "ჯადოსნური კვერცხი" და სხვა. ასევე სულ ახალგაზრდამ არაჩვეულებრივად შეასრულა დევის გამზრდელის, მოხუცი ქოსა მრჩევლის როლი "ჭინჭრაქაში" (1963 წ.). ამასთან, როგორ გვატკბობდა თავისი ლამაზი ვოკალით, რა ლაღი და უშუალო, ბუნებრივი და კვიმატი იყო სცენაზე.

    2006 წელი. რამაზ ჩხიკვაძემ უკანასკნელად ითამაშა რუსთაველის თეატრში. ბერტოლდ ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრეში" ისევ გააოცა მაყურებელი თავისი აზდაკით. ისევ მხურვალედ ქუხდა ტაში, ისევ ისმოდა "ბრავო! ბრავო!" აღფრთოვანებული მაყურებელი ქედს უხრიდა 609-ჯერ განსახიერებულ აზდაკს... აღსანიშნავია, რომ ეს სპექტაკლი მსახიობის 78-ე წლის იუბილესა და მისი სახელობის ვარსკვლავის გახსნას მიეძღვნა.

    რამაზ ჩხიკვაძე იყო არაჩვეულებრივი ადამიანი: ზნეკეთილი, უბრალო, თავაზიანი, მეგობრული, გულუხვი, მოყვასის მოყვარული, შესწევდა ამაღლებული ურთიერთობა, მეგობრის დახმარება, დაცვა... ჭეშმარიტი ქართველი იყო, მოქეიფე, ლაღი, ზღვარდაუდებელი იუმორით, ლხინის უბადლო მოთავე...

    ახლა, როგორი თამადობა შეეძლო? - სუფრაზე დღესასწაულს მართავდა. მაჟორული, ამაღლებული განწყობა, სიცოცხლის ხალისი შემოჰქონდა; საოცრად მხიარული პიროვნება იყო, შეეძლო, ბედნიერება მიენიჭებინა ადამიანებისათვის და ანიჭებდა კიდეც.

    სიცოცხლის ბოლოს მსახიობმა ითამაშა "საკუთარი სიკვდილი" ცნობილ რეჟისორ ნანა ჯორჯაძის ფილმში "მეტეოიდიოტი" - ბაბუა გიორგის როლში. ეს როლი მისთვის გედის სიმღერა აღმოჩნდა.

    უკანასკნელ დაბადების დღეზე შვილიშვილმა, მისმა მოსახელე რამაზ ჩხიკვაძემ, ბაბუას "ოსკარის" ასლი უსახსოვრა წარწერით: "რამაზ ჩხიკვაძე - საუკეთესო მსახიობი და საუკეთესო ბაბუა".

    დიახაც, რამაზ ჩხიკვაძე "ოსკარს" იმსახურებდა!

    მკაფიო ინდივიდუალობის, დიდი შემოქმედებითი ფანტაზიის, იმპროვიზაციისა და გარდასახვის მქონე არტისტს საპატიო რეგალიები არ აკლდა: მარჯანიშვილის სახ. პრემია (1975 წ.), სსრკ სახელმწიფო პრემია (1979 წ.), რუსთაველის სახ. პრემია (1980 წ.), ლენინის ორდენი, სხვადასხვა საპატიო ორდენი და მედალი; მაგრამ ყველაზე საპატიო ორდენი მისთვის იყო ხალხის უსაზღვრო სიყვარული, სიყვარული კი უდიდესი განძია.

    რამაზ ჩხიკვაძის გარდაცვალებამ დიდი რეზონანსი, განუზომელი სულიერი ტკივილი გამოიწვია საქართველოში.

    საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მსახიობის ოჯახს სამგლოვიარო დეპეშა გაუგზავნა, რომელშიც წერდა: "დიდ მწუხარებას გამოვთქვამ გენიალური ქართველი მსახიობის, შემოქმედის - რამაზ ჩხიკვაძის გარდაცვალების გამო. ბატონი რამაზი ქართული კინოსა და თეატრის გამორჩეული, დიდი ვარსკვლავი და მთელი ეპოქის შემქმნელი იყო. მისი განუმეორებელი ნიჭი, თვითმყოფადობით აღბეჭდილი კულტურული მემკვიდრეობა, რომელზეც თაობები აღიზარდა, მუდამ დარჩება მაყურებლის მეხსიერებაში... ასეთი ქართველები მართლაც საუკუნეში ერთხელ იბადებიან."

    რეჟისორი რობერტ სტურუა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ასე გამოეხმაურა დიდი აქტიორის ამ ქვეყნიდან წასვლას: "გარდაიცვალა უდიდესი ქართველი მსახიობი, რუსთაველის თეატრის მშვენება და ბურჯი. რამაზ ჩხიკვაძე რომ არა, ვერც ერთი ჩემი სპექტაკლი ასეთ წარმატებას ვერ მიაღწევდა. რამაზის ნიჭი ყველგან იფრქვეოდა."

    ქართველი ხელოვანნი აღნიშნავენ, რომ რამაზმა შექმნა მთელი ეპოქა. მან ზღვა სიხარული და ბედნიერი წუთი აჩუქა რუსთაველის თეატრის ერთგულ მაყურებელს. მსახიობმა ჯემალ ღაღანიძემ გაიხსენა, რომ ინგლისში რამაზ ჩხიკვაძეს "კავკასიელი ოლივიე" უწოდეს, რითაც იგი ცნობილ ინგლისელ კინოვარსკვლავ ლოურენს ოლივიეს შეადარეს.

    ცნობილმა რეჟისორმა რეზო ჩხეიძემ რამაზ ჩხიკვაძე ქართულ თეატრალურ და კინოსამყაროში მოვლენას შეადარა და გულისტკივილით განაცხადა, რომ ეს გენიოსი ქართულ კულტურას უზომოდ დააკლდება, რადგან მასთან ერთად გარდაიცვალა მსახიობის მიერ შესრულებული როლებიც.

    კომპოზიტორმა გია ყანჩელმა დიდი სინანული გამოთქვა რამაზ ჩხიკვაძის არა მარტო როგორც დიდი მსახიობის, არამედ როგორც დიდი მუსიკოსის დაკარგვის გამო.

    რუსთაველის თეატრის მმართველმა ზაალ ჩიქობავამ ქართული სცენის ჯადოქრის გარდაცვალება აღიქვა, როგორც დიდი ფენომენის დანაკლისი, ხოლო მსახიობმა კახი კავსაძემ რამაზ ჩხიკვაძის გარდაცვალებით ქართულ თეატრში ეპოქის დასრულება აუწყა საზოგადოებას.

    "ქართულმა თეატრმა დაკარგა უკანასკნელი მოჰიკანი გენიალური არტისტებისა. ჩემი აზრით, იგი იყო ყველაზე დიდი ქართველი მსახიობი, ვინც კი სცენაზე მინახავს", - წერდა რეჟისორი ავთო ვარსიმაშვილი.

    "რამაზი ნამდვილად საოცრება იყო და ამ სიტყვებში იოტისოდენადაც არაფერია გადაჭარბებული," - აღნიშნა მსახიობმა გივი ბერიკაშვილმა.

    2011 წლის 22 ოქტომბერი...

    შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის ნახევრად განათებული დარბაზი... სცენაზე დასვენებულია ყვავილებში ჩაფლული დიდი მსახიობის სასახლე. დადუმებულა დიდი ხელოვანი. ვინ იცის, რამდენი სიხარული მიუნიჭებია მას ამ სცენიდან მაყურებლისათვის.

    ლიცლიცებენ სანთლები. მთელ თეატრში რამაზ ჩხიკვაძის კოსტიუმებია გამოფენილი, აგრეთვე, ფოტოები სპექტაკლებიდან, კინოფილმებიდან. ჟღერს მსახიობის მიერ შესრულებული სიმღერები, ეკრანზე ერთმანეთს ცვლის როლები სპექტაკლებიდან, კინოფილმებიდან. ჩვენ თვალწინ კიდევ ერთხელ კალეიდოსკოპივით გაიელვებს ჩხიკვაძის უკვდავი შემოქმედება, მეხსიერებაში ცოცხლდება სამარადისოდ აღბეჭდილი თეატრსა თუ კინოში განსახიერებული პერსონაჟები.

    ლეანდროს, აკოფას, ბებერი მეზურნის, ქოსიკოს, შოშიას სიმღერებს ენაცვლება ბრწყინვალედ შესრულებული რომანსები "შავი თვალები", "ნაზი ბულბული", "წეროები"...

    ხალხი მოდის უწყვეტ ნაკადად... ისევ ვისმენთ აზდაკის მონოლოგს, კვლავ ვიზიარებთ მეფე ლირის უსაზღვრო კაეშანს, სულიერ ჭმუნვა-მწუხარებას...

    სამგლოვიარო მიტინგს ხსნის რუსთაველის თეატრის მმართველი ზაალ ჩიქობავა.

    განუზომელი ტკივილი გამოსჭვივის გამომსვლელთა სიტყვებში.

    რეჟისორ გოგი ქავთარაძის შეფასებით, რამაზ ჩხიკვაძე იყო უბრწყინვალესი შემოქმედი, გამორჩეული თავისი ვირტუოზული ხელოვნებით, უჩვეულოდ მომხიბლავი იუმორით, გვერდზე ამოდგომით. რამაზი იყო განუმეორებელი შემოქმედი. ჩვენ ქედი უნდა მოვიხაროთ მისი ხსოვნის წინაშე.

    შთამბეჭდავი იყო თეატრმცოდნე ნოდარ გურაბანიძის გამოსვლა: "რამაზ ჩხიკვაძეში შერწყმული იყო სილამაზე, უდიდესი ენერგია, უდიდესი ტალანტი, სიჯანსაღე. მან თავის გმირებს დიდი კომპოზიტორის - მოცარტის სიმსუბუქე შესძინა. დოდო ალექსიძის "ფიგაროს ქორწინებაში" იყო ისეთი სილაღე, სიკისკასე, რამაზი ნამდვილ ზეიმს ქმნიდა სცენაზე. მიხეილ თუმანიშვილის "ესპანელ მღვდელში" რამაზის ლეანდრო იყო ისეთი მუსიკალური, პლასტიკური, გროტესკული, გარდასახვა იყო ისეთი ძლიერი, რომ რობერტ სტურუა ამბობდა - აი, სწორედ აქედან იწყება რამაზიო.

    "ჭეშმარიტად ბედნიერი იყო რობერტ სტურუასა და რამაზ ჩხიკვაძის იშვიათი ტანდემი. რობერტ სტურუამ შექმნა ახალი თეატრი, ახალი ესთეტიკა, ახალი ეპოქა. რამაზი იყო მსოფლიო მსახიობი. რობერტ სტურუასა და რამაზ ჩხიკვძის საუცხოო ტანდემის წყალობით შეიქმნა რამაზის შემოქმედების გვირგვინი - აზდაკის როლი "კავკასიური ცარცის წრეში" (1975 წ.) და რიჩარდ მესამე ("რიჩარდ მესამე", 1979 წ.).

    "აზდაკი იყო თეატრის საოცრება. ასევე ბრწყინვალედ განსახიერებული რიჩარდ მესამის პერსონაჟი და შესანიშნავად შესრულებული, ფსიქოლოგიური სიღრმით აღსავსე როლი მეფე ლირისა."

    გამოჩენილმა მსახიობმა ოთარ მეღვინეთუხუცესმა განაცხადა: "რამაზის თამაშის ცქერით ვერ ვძღებოდი. რამაზის ყვარყვარეში ჩაეტია ყველა დიქტატორი. ასეთი პიესა შექმნა პოლიკარპე კაკაბაძემ, ყველა დროისათვის აქტუალური, ყოველთვის თანამედროვე."

    "კავკასიური ცარცის წრე" და "რიჩარდ მესამე" ვერ ჩაეტია ჩვენი ქვეყნის ფარგლებში. იმდენად გენიალური სპექტაკლები იყო, რომ გასცდა საქართველოს საზღვრებს.

    დიდებულმა, ულამაზესმა ქალბატონმა ნატაშა ჩხიკვაძემ - მეცნიერ-მუშაკმა და საზოგადო მოღვაწემ (რომელმაც ითამაშა ფილმში "ყვავილი თოვლზე"), იშვიათი, ღირსეული მეუღლეობა გაუწია რამაზს.

    სცენაზე წაკითხულ იქნა მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მიღებული დეპეშები.

    ტაშის გრიალით გამოეთხოვნენ დარბაზში შეკრებილი თაყვანისმცემლები თავის სასიქადულო, გამორჩეულად საყვარელ მსახიობს.

    ათასობით ადამიანი იდგა რუსთაველის გამზირზე. ქუჩა გადაიკეტა. სამგლოვიარო პროცესია ფეხით გაემართა დიდუბის პანთეონისაკენ.

    განუმეორებელი მსახიობი ქალაქური ჰანგების ფონზე დაკრძალეს საყვარელი მეუღლის გვერდით.

    რამაზ ჩხიკვაძის დაბადებიდან 84 წლის შესრულებასთან დაკავშირებით თბილისში ერთ-ერთ ქუჩას ეწოდა დიდი მსახიობის სახელი, ხოლო ლეგენდარული მსახიობის ასევე ლეგენდარულ გმირს - აზდაკს ძეგლი დაუდგეს.

    ესაა ჩვენი დიდებული შემოქმედის "ქვაში გადასული უკვდავება."

    მუდამ იარსებებს საქართველო და ვიდრე იარსებებს საქართველო, იარსებებს ქართული თეატრი, იარსებებს ქართული გენი და მოდგმა, ძარღვიანი და მადლიანი, ღრმააზროვანი, ლამაზი და ტკბილხმოვანი ქართული სიტყვა - რამაზ ჩხიკვაძის სახელს დავიწყება არ უწერია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved