სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    08.03.2018

    ვასო ურუშაძე

    დედაქალაქის მერიაში დაანონსებული სტრუქტურული ცვლილებები ნაწილობრივ უკვე განხორციელდა. ცვლილებების მიხედვით, სსიპ "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს" გამოეყოფა ურბანული განვითარების მიმართულება და არქიტექტურის სამსახური მხოლოდ სერვისებზე ორიენტირებული სტრუქტურა გახდება.

    ამასთან, ცალკე შეიქმნა ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს დაემატა რამდენიმე ფუნქცია, რომლის ძირითადი მიმართულებები იქნება ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკის განსაზღვრა და გატარება, ურბანული პოლიტიკის შემუშავებასა და ქალაქმშენებლობითი პროცესების მართვაში მონაწილეობა.

    ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ემატება ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკის განყოფილება მაშინ, როცა ტრანსპორტის პოლიტიკით უნდა იმართებოდეს ტრანსპორტის საქალაქო სამსახური, ანუ დედაქალაქის ერთიანი განვითარების პოლიტიკა უნდა მართავდეს მთლიანად ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს, თავისი მიმართულებებით, იქნება ეს ინფრასტრუქტურის განვითარება, საგზაო მოძრაობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, პარკირება და სხვა. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტში, საქალაქო სამსახურში ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკის განყოფილება იქმნება. ეს იგივეა, თავდაცვის სამინისტრომ შექნას თავდაცვის პოლიტიკის განყოფილება, რომელიც მართავდეს მინისტრს. არადა, სტრუქტურულად ჯერ უნდა იყოს პოლიტიკის განმსაზღვრელი განყოფილება და მას ექვემდებარებოდეს მინისტრი. დაახლოებით მსგავს მოდელს გვთავაზობენ თბილისის მერიაშიც.

    ეს კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, რაც ბოლო პერიოდის ინფორმაციით გახდა ცნობილი. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში აცხადებენ, რომ მომავალში, სანამ კეთილმოწყობის სამსახური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობას დაიწყებს, ტრანსპორტის საქალაქო სამსახური ამის შესახებ წინასწარ იქნება ინფორმირებული, ანუ მათ საქმის კურსში ჩააყენებენ.

    აქედან გამომდინარე, დღემდე კეთილმოწყობის სამსახური საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ისე გეგმავდა და ახორციელებდა, რომ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს საქმის კურსშიც კი არ აყენებდა. ეს იგივეა, საგარეო საქმეთა სამინისტრო ყიდულობდეს სამხედრო შეიარაღებას ისე, რომ თავდაცვის სამინისტრო არ იყოს წინასწარ ინფორმირებული. შესაბამისად, ჩნდება შეკითხვა, რის საფუძველზე და რაზე დაყრდნობით გეგმავდა და გეგმავს კეთილმოწყობის სამსახური საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რით ხსნიან ამის საჭიროებას, რა გათვლებს ეფუძნება ან საერთოდ აქვთ თუ არა რამე წინასწარი მონახაზი გაკეთებული? ამ ყველაფერს ხომ ტრანსპორტის სამსახური უნდა აკეთებდეს, რომელიც ინფორმირებულიც კი არ იყო, ხოლო კონკრეტულ პროექტებში ჩართვაზე ხომ საუბარიც ზედმეტია.

    აქვე ჩნდება ლოგიკური შეკითხვა, რის საფუძველზე გვპირდებოდნენ პერიოდულად დედაქალაქის მერები საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით, ესტაკადებისა და ხიდების მშენებლობით საცობების პრობლემის მოგვარებას, თუკი იგი არანაირ გათვლასა და გაანგარიშებას არ ეფუძნებოდა? ტრანსპორტის საქალაქო სამსახური, რომელიც პირდაპირ არის პასუხისმგებელი საგზაო მოძრაობის ორგანიზებასა და საცობებზე, საერთოდ არ ყოფილა ჩართული დაგეგმარების პროცესში.

    ერთი სიტყვით, თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა ყირამალას ჰგავს. კეთილმოწყობის სამსახური გეგმავს ინფრასტრუქტურას, მაგრამ არ იცის, რატომ; ტრანსპორტის საქალაქო სამსახური ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკის სამსახურს ქმნის და ჯერ დაუდგენელია, რა ფუნქცია ექნება ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს.

    "ტრანსპორტი" ლათინური სიტყვაა და გადაღმა ზიდვას ნიშნავს, რომელიც შედგება კომპლექსური ერთობლიობისგან, სატრანსპორტო საშუალება, ინფრასტრუქტურა და მართვა. ჯერ გაჩნდა სატრანსპორტო საშუალება, რომლის ეფექტური გადაადგილებისთვის საჭირო გახდა ინფრასტრუქტურის მოწყობა, ხოლო ამ ერთობლიობას დასჭირდა მართვა. ეფექტიანი და შეუფერხებელი გადაღმა ზიდვისათვის - ადამიანის, ტვირთის, ინფორმაციის გადაადგილებისათვის საჭიროა სატრანსპორტო საშუალებები, ინფრასტრუქტურა და ამ ყველაფრის მართვა. თბილისის მერიაში რატომღაც ცდილობენ, ეს საუკუნოვანი ცნება დაამსხვრიონ და ყველაფერი თავდაყირა დააყენონ.

    სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილში ანალოგიური მდგომარეობაა აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზეც, ვინ, რას და რისთვის გეგმავს, გაუგებარია, რასაც მივყავართ გაუაზრებელ გადაწყვეტილებებამდე.

    ამ ფონზე, სატრანსპორტო პოლიტიკის პრიორიტეტულობაზე საუბარი ზედმეტია და ნუ გვექნება იმის ილუზია, რომ ქალაქში არსებული პრობლემები მოგვარდება. თუ თბილისის მერიას მართლაც აქვს სურვილი ქალაქში არსებული პრობლემების გადაჭრისა, თუკი მათთვის მართლაც პრიორიტეტულია ტრანსპორტის პოლიტიკა, უნდა დაიწყონ ინსტიტუციური და ადმინისტრაციულ-სტრუქტურული პრობლემების მოგვარება. რეორგანიზაციის ფარგლებში კეთილმოწყობისა და ტრანსპორტის საქალაქო სამსახური უნდა ფორმულირდეს ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის ერთიან სამსახურად, რომელსაც ექნება ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკა, პრიორიტეტები, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ამ ცვლილებების შემდეგ შეგვიძლია, დავიწყოთ რეალური დისკუსია მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და გასატარებელ ღონისძიებებზე. მანამდე კი, უბრალოდ, ერთ წრეზე ვიტრიალებთ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved