სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    29.03.2018

    ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდისთვის კვოტირების მექანიზმის პარლამენტში განხილვა სავარაუდო იყო, რომ საკმაო ვნებათაღელვას გამოიწვევდა, მაგრამ რეალობამ მოსალოდნელს გადააჭარბა.

    კვოტირების მოწინააღმდეგეთა ძირითად არგუმენტებს, შევეცდები, რომ ვუპასუხო; ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იყო ასეთი:

    რა საჭიროა ხელოვნური ჩარევა კვოტის სახით, ვინც მაგარი ქალია, ისეც მოხვდება პარლამენტშიო.

    ვპასუხობ: ხელოვნური ჩარევის აუცილებლობა ჩნდება მაშინ, როცა ბუნებრივად არ ხდება პრობლემის მოგვარება: მოვიყვან ძალიან მარტივ მაგალითებს:

    ხელოვნური კალაპოტი წყლისთვის კეთდება მაშინ, როცა საჭიროა იქეთ წარვმართოთ წყალი, საითაც გვჭირდება და ბუნებრივად კი იქეთ არ მიდის ან მაგ., როცა ჯანმრთელობის დაცვისათვის ერევიან ხელოვნურად, როცა ბუნებრივად ვერ ხდება ორგანიზმში აღდგენითი პროცესები და სხვა. სოციალური მოვლენაც ასეთი ხასიათისაა (არ წავიკითხავ ახლა ლექციას იმ ფაქტორების შესახებ, რაც ხელს უშლის ქალთა თანაბარ მონაწილეობას პოლიტიკაში. არ მითხრათ, ახლა ეს ფაქტორები მოვაგვაროთო: ამ ფაქტორების მოგვარებას ათწლეულები უნდა), ქალთა თანაბარი მონაწილეობა პოლიტიკაში კი არის დროის გადაუდებელი მოთხოვნა მრავალი შიგა თუ გარე ფაქტორების გამო, რომლის შესახებ ჩვენი პარლამენტის წევრებმა, რომლებიც მხარს უჭერენ კვოტირებას, საკმაოდ ისაუბრეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საკმაოდ უხერხულია, რომ უამრავ სფეროში ჩვენი ქვეყანა წამყვან პოზიციებზეა დემოკრატიის განვითარების მხრივ და უაღრესად ჩამორჩენილია გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ქალების ჩართულობის მხრივ (მსოფლიოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა შეადგენს 23%-ს, ხოლო ევროპაში (ეუთოში შემავალი ქვეყნები) 27%-ს, ამერიკაში 28.5 %-ს. საქართველოში კი 2016 წლის არჩევნების მიხედვით 15,3%-ს) და ეს მონაცემი არ უმჯობესდება დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან დღემდე, რაც მოწმობს, რომ საჭიროა ხელოვნურად გარკვეული ხელისშემწყობი ზომების გატარება.

    არაერთი მამაკაცი პარლამენტარი, რომელიც კვოტის მოწინააღმდეგეა, ხშირად იმეორებს, რომ დიდ პატივს სცემს ქალებს, მაგრამ ქალი კოლეგების პატივისცემა არ ნიშნავს იმას, რომ მათ სურთ იმ დისბალანსის აღდგენა, რაც არის დღეს ქართულ პოლიტიკაში: როცა 53% მოსახლეობას შეადგენენ ქალები, მათ წარმომადგენლობს მხოლოდ 15% ქალი დეპუტატებისა და 47% მამაკაცებს წარმომადგენლობს 85% მამაკაცი დეპუტატებისა. როცა ამბობენ, რომ ქალს არ სურს პოლიტიკაში მოსვლა, მინდა ვურჩიო, ჰკითხონ ქალებს (გინდაც, მაგალითად, საკუთარი მეუღლეებს). დარწმუნებული ვარ, რომ მათი მეუღლეები ძალიან პროგრესულად უყურებენ ამ საკითხს და მიაჩნიათ, რომ ქალებს სჭირდება წახალისება და ხელისშეწყობა, რომ მეტი იყვნენ პოლიტიკაში. საინტერესოა მონაცემები ფართო სოციოლოგიური კვლევებისა, რომლებიც მოწმობენ, რომ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 70% მხარს უჭერს კვოტირების მექანიზმის გამოყენებას, რათა უზრუნველყოფილი იქნეს პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდა.

    1995 და 2015 წლების შედარებითი სტატისტიკა უჩვენებს, რომ სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, რომელიც დაკავშირებულია ქალების პოლიტიკურ ცხოვრებაში გააქტიურებასა და, შესაბამისად, ეკონომიკური და სოციალური დამოუკიდებლობის მოპოვებასთან, რაც უაღრესად დადებით გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, პირდაპირპროპორციულად უკავშირდება გენდერული კვოტების შემოღებას მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.

    პარლამენტის ზოგიერთი ლიდერი, რომელიც კვოტირების წინააღმდეგია, ამბობს, რომ ყველა შესანიშნავი თვისებების ქალს უჭერდა და დაუჭერს მხარს პარლამენტში მოსახვედრად, ოღონდ საოცარია, რომ მხოლოდ 13 ქალს ("ოცნების" დეპუტატები) აღმოაჩნდა ის შესანიშნავი თვისებები, რომ პარლამენტში მოხვდნენ და ასეთი თვისებები აღმოაჩნდა გაცილებით მეტ მამაკაცს (102 დეპუტატი კაცი).

    კვოტების მოწინააღმდეგე დეპუტატები (მამაკაცები ძირითადად, რადგან ქალების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს კვოტირებას) გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ კვოტით შემოსულებს უჩნდებათ ვალდებულება, კონცენტრაცია გააკეთონ გარკვეულ თემებზეო. ეს, ფაქტობრივად, აღიარებაა, რომ არის საკითხები (უპირველესად სოციალური ხასიათის), რაც ქალებს უფრო აწუხებთ და, შესაბამისად, ქალი დეპუტატების დღის წესრიგში უფრო იქნება, ვიდრე კაცი დეპუტატების დღის წესრიგში. სწორედ ამიტომ გვსურს კვოტირების მომხრეებს, კვოტირებით მივაღწიოთ შედარებით თანაბარ წარმომადგენლობას, რომ იყოს წარმოდგენილი პარლამენტის დღის წესრიგში განსხვავებული და მოსახლეობისათვის საჭირო საკითხები.

    მაგალითისათვის მოგიყვანთ ერთ ფაქტს: როცა 2012 წლის არჩევნების შემდეგ ჩვენმა ხელისუფლებამ შესთავაზა სოფლის განვითარების ფარგლებში თვითონ სოფელს გადაეწყვიტა, რაში უფრო სჭირდებოდა თანხების მობილიზაცია, გამოვლინდა საინტერესო განსხვავება: მამაკაცების უმრავლესობას მიაჩნდა, რომ უკეთესი იქნებოდა სოფელში რიტუალების სახლის აშენება, სადაც გაიმართებოდა ქორწილები, ქელეხები და ა.შ, მაშინ, როცა ქალების უმრავლესობას მიაჩნდა, რომ უკეთესი იქნებოდა ამ თანხით საბავშვო ბაღის აშენება. ასე რომ, ქალებისა და კაცების საჭიროებები, ხედვა, მოთხოვნილებები განსხვავებულია-ხოლმე და თითოეულ ჯგუფს უნდა ჰყავდეს სათანადო რაოდენობის წარმომადგენლობა, რომ გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების მიღებაზე. ამასთანაა დაკავშირებული ე.წ. კრიტიკული მასის მოთხოვნა: რეალურად რომ იყოს გათვალისწინებული შედარებით მცირერიცხოვანი სოციალური ჯგუფის პოზიცია (ჩვენ შემთხვევაში ესენი არიან გადაწყვეტილების მიღებაში ჩართული ქალები), ამ ჯგუფმა უნდა შეადგინოს მთელი რაოდენობის არანაკლებ მესამედისა. ფაქტობრივად, ეს მოთხოვნა არის ასახული კანონპროექტში კვოტირების შესახებ.

    რაც შეეხება შეშფოთებას, რომ ამას მოჰყვება კვოტირების მოთხოვნა სხვადასხვა დაწესებულებაში და იქნება ანარქია, მინდა, ყველა დავამშვიდო, რომ კვოტირება, როგორც კანონის ნორმა, როგორც წესი, გამოიყენება პოლიტიკური პარტიებისა და პარლამენტებისათვის. საჯარო სამსახურებში, კომერციულ დაწესებულებებში რაიმე კვოტა, როგორც წესი, არაა ხოლმე გამოყენებული. თუმცა ეს არის თითოეული დაწესებულების გადასაწყვეტი, რამდენად მიიჩნევს საჭიროდ, შეუწყოს თუ არა ხელი მეტი ქალის დასაქმებას მმართველობის სხვადასხვა დონეზე.

    ამასთან, გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ ჩემი აზრით, მეც და კვოტის მოწინააღმდეგე ბევრი მამაკაციც ვარაუდობს და სწორადაც ვარაუდობს, რომ ის ქალები, რომლებიც კვოტირების მექანიზმით, მაღალი კონკურენციის პირობებში მოხვდებიან პარლამენტში, დაანახებენ საზოგადოებას, რამდენად უკეთესია გადაწყვეტილებები და წარმატებულია მართვა ყველა დონეზე, როცა მამაკაცი და ქალი შედარებით თანაბრადაა წარმოდგენილი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. და ამას სწორედაც რომ ბუნებრივად მოჰყვება მეტი ქალი მმართველობის მაღალ ეშელონებში ყველა სფეროში, იქნება ეს საჯარო სამსახური, ბიზნესი და ა.შ. არ მინდა ვიფიქრო, რომ სწორედ ასეთი კონკურენციის მომავალი აშინებს მამაკაცების გარკვეულ ჯგუფებს, როცა მხარს არ უჭერენ კვოტირების მექანიზმის, როგორც დროებითი ზომის, გამოყენებას პოლიტიკაში მეტი ქალის ჩართულობის ხელშეწყობისათვის.

    გუგული მაღრაძე

    პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved