სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    30.03.2018

    ანზორ საკანდელიძე, რეფორმატორთა კავშირის თავმჯდომარე

    საქართველოში მეანაბრეების დაყაჩაღება 1992 შავბნელი წლიდან იწყება, როცა დაამხეს ეროვნული ხელისუფლება და ძალაუფლება ლანგრით მიართვეს მოსკოვიდან ჩამოყვანილ, უმუშევრად დარჩენილ შევარდნაძეს. სწორედ ამ დროს მოიხარშა და განხორციელდა კიდეც შევარდნაძის თავში ასეულათასობით ქართველი მეანაბრის გაკოტრების სქემა.

    ბანკების მეშვეობით მეანაბრეთა პირველი დაყაჩაღება მოხდა მაშინ, როცა შემნახველი ბანკებიდან პირდაპირ მიიტაცეს იქ არსებული მილიარდობით დოლარის საბჭოთა ფულის ნიშნები, საჰაერო სპეცრეისებით ჩაზიდეს მოსკოვში, მოახდინეს იქ კონვერტაცია დოლარებში და ეს მილიარდობით დოლარი საიდუმლოდ გადარიცხეს საზღვარგარეთის სხვადასხვა ბანკში. იმ ქართველს, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ ოპერაციას, გადაუხადეს 2 მილიონი დოლარი. დღეს იგი დიდი ხანია, ამერიკაში ცხოვრობს და ვერ ბრუნდება საქართველოში, სადაც მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

    მეანაბრეთა 5-მილიარდიანი მეორე დაყაჩაღება ისევ ბანკების მეშვეობით განხორციელდა, როდესაც საჯაროდ განაცხადეს, შემოიტანეთ ანაბრები და ერთ წელიწადში გაორმაგებულად დაგიბრუნებთო. შევარდნაძეს ამ წარმოუდგენელი თაღლითობისაკენ უბიძგა პირველი დაყაჩაღების "წარმატებულმა ნაბიჯმა".

    მეანაბრეთა მესამე დაყაჩაღება მოხდა მაშინ, როცა ბანკირებმა აღარ იკმარეს მეანაბრეთა ორჯერ დაყაჩაღება, შექმნეს თაღლითური საფინანსო ორგანიზაციები, სადაც მოტყუებით, ძალადობით, ფარულად აწევრიანებდნენ მეანაბრეებს მეპაიეებად და ჰპირდებოდნენ გარანტირებულ დივიდენდებს. ამის სანაცვლოდ კი თაღლით ბანკირებს მეანაბრეების კუთვნილი საბჭოთა მანეთებში რიცხული თანხები გადაჰქონდათ თაღლითური კომპანიის მეპაიეებად გაფორმებული მეანაბრეების ანგარიშებზე კუპონებში, რომელიც ყოველდღიურად განიცდიდა ჰიპერინფლაციას და ხდებოდა მაკულატურა!

    ამჟამად დაწყებულია ქართველ მეანაბრეთა მეოთხე დაყაჩაღება, რომელიც პოლიტიკურად შეიძლება ძალიან ძვირი დაუჯდეს საქართველოს. მხედველობაში გვაქვს რუსეთის მთავრობის დადგენილება: რომ 2017-2019 წლებში 15-ჯერ გაზრდილი კურსით გაუნაღდოს საბჭოთა ანაბრები ყოფილი სსრკ-ის მთელ ტერიტორიაზე ნებისმიერ მსურველს, ვისაც აქვს ძველი საბჭოთა პასპორტი ან მიიღებს რუსეთის მოქალაქეობას. ამის მსურველი კი ძალიან ბევრი აღმოჩნდება როგორც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ისე არაოკუპირებულ საქართველოშიც, რადგან შევარდნაძის მიერ 3-ჯერ დაყაჩაღებული ქართველი მეანაბრეების ზარალის ასანაზღაურებლად არც ძველ და არც ახალ მთავრობას აბსოლუტურად არაფერი გაუკეთებია.

    ვაიქართველი ბანკირები კვლავ არ ისვენებენ, ამჟამად უნდათ, რუსეთის ამ პოლიტიკური ხაფანგის გამოყენებით ახალი თაღლითური სქემა შეიმუშაონ და მეოთხედ დააყაჩაღონ ქართველი მეანაბრეები ან მათი მემკვიდრეები. როგორც ჩანს, დაიწყო ნადირობა ძველ საბჭოთა პასპორტებზე და ანაბრების წიგნაკებზე. ამ ორი დოკუმენტის ერთად წარდგენით რუსეთი გაანაღდებს ძველ საბჭოურ ანაბრებს, ხოლო პასპორტის უქონლობის შემთხვევაში იქნება საჭირო რუსეთის მოქალაქეობის მიღება.

    ეს ეჭვები გაგვიჩნდა მას შემდეგ, რაც ოფისში მოგვაკითხა ორმა დაზარალებულმა ქალბატონმა, რომლებსაც ერთ-ერთ ბანკში უთხრეს, რომ თუ მოუტანდნენ საბჭოთა პასპორტებსა და მეანაბრეთა წიგნაკებს, მისცემდნენ მეპაიეთა სოლიდურ დივიდენდებს. როგორც ჩანს, ამ თაღლითებს მათ კოლეგა რუს თაღლითებთან უკვე აწყობილი აქვთ საქმე სხვისი საბჭოთა ანაბრების მისატაცებლად. ისიც ნიშანდობლივია, რომ ჩვენთან მოსული ქალბატონები რუსეთის მთავრობის დადგენილებას საერთოდ არ იცნობდნენ და ამის შესახებ პირველად ჩვენგან შეიტყვეს. ამ თემაზე მთავრობა და პრესა-ტელევიზიაც ძალიან საეჭვოდ დუმს. ალბათ ეშინიათ, რომ გასაჯაროების შემთხვევაში ბევრი ქართველი მიიღებს რუსეთის მოქალაქეობას.

    არადა, ეს პრობლემა ხელისუფლების სირაქლემის პოზაში ყოფნით ვერ მოგვარდება და მალე საქართველოში რიცხობრივად რუსეთის მოქალაქეებმა შეიძლება გადააჭარბონ საქართველოს მოქალაქეებს, მით უმეტეს, რომ რუსეთის მოქალაქეობის მიღებით ანაბრების განაღდებასთან ერთად მსურველი მიიღებს გაცილებით უფრო მაღალ რუსულ პენსიას. ამ რეალური რუსული პოლიტიკური ანექსიისგან თავის დაცვის ერთადერთი საშუალებაა, რომ რუსეთის მიერ შემოთავაზებულ მეანაბრეთა ზარალის ანაზღაურების რუსულ პროგრამას დავუპირისპიროთ ეკონომიკურად უფრო მომგებიანი ქართული პროგრამა.

    საბედნიეროდ, ასეთი "სახელმწიფოს მიერ მეანაბრეებისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების პროგრამა" უკვე კარგა ხანია, დამუშავებულ-დაპატენტებულია (საქპატენტის მოწმობა #5341) და ერთ-ერთი ძირითადი თავია ასევე ჩვენ მიერ სამეცნიერო-მეთოდურ ნაშრომად დამუშავებულ-დაპატენტებული (საქპატენტის მოწმობა #6333), საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ მოწონებული დიდი ჩარჩო პროგრამისა - "საქართველოს ანტიკრიზისული 5-წლიანი კომპლექსური ეკონომიკური რეფორმების "კონცეფცია-პროგრამა". ამ "კონცეფცია-პროგრამის" მოსმენა-განხილვა 2016 წლის 25 თებერვალს წარმატებით ჩატარდა ფინანსთა სამინისტროში.

    მცირე მეწარმეობის აღდგენა-განვითარებაზე, მოსახლეობის დასაქმებაზე, დაზარალებულ მეანაბრეთა ზარალის ანაზღაურებაზე ორიენტირებული ჩვენი "კონცეფცია-პროგრამის" პრაქტიკული რეალიზაცია დანაშაულებრივად დაბლოკა ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა. მან 2013 წელს დაარწმუნა პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომ ზარალის ანაზღაურება შესაძლებელი იყო მხოლოდ საბიუჯეტო სახსრებით, რაც დაანგრევდა ქვეყნის ბიუჯეტს.

    ეს არის აბსოლუტური ტყუილი. 15 წელიწადია, საქართველოში ყველა ფინანსთა მინისტრს ვუმტკიცებდით, რომ ჩვენი პროგრამის ამოქმედების დროს ბიუჯეტიდან საბიუჯეტო თანხები კი არ გადის, პირიქით, შედის, თანაც საკმაოდ სოლიდური მოცულობით. ხადურის გამოისობით ეს უდავო სიმართლე ვერაფრით მივიტანეთ ივანიშვილამდე, როცა ის იყო პრემიერ-მინისტრი და ვერ მიგვაქვს დღემდე.

    ხადურის ფინანსთა მინისტრობიდან წასვლამ გაგვიჩინა იმედი, რომ ქართველი ხალხის სიკვდილ-სიცოცხლის ტოლფასი ჩვენი "კონცეფცია-პროგრამით" განსაზღვრული უნიკალური რეფორმების ამოქმედებას მწვანე შუქი აენთება, რაც უზრუნველყოფს 5 სამეურნეო წელიწადში საქართველოში როგორც მცირე მეწარმეობა-დასაქმების, ისე ზარალის ანაზღაურება-სამართლიანობის აღდგენის პრობლემის მოგვარებას. ქართველი მეანაბრეებიც გადაურჩებიან მეოთხედ დაყაჩაღებას და რაც მთავარია, გადავურჩებით რუსეთის სასტიკ პოლიტიკურ ანექსიას.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved