სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    31.03.2018

    ნათელა ნათლიაშვილი-კვინიკაძე

    "ვეფხისტყაოსანს" დამსახურებულად უკავია თავისი ადგილი მსოფლიო ლიტერატურის უდიდეს ნაწარმოებთა შორის. რუსთაველის პოემაში მსოფლიოს ხალხები შეიგრძნობენ არა მხოლოდ ეპოქის დამატყვევებელ ჰეროიკას, არამედ, აგრეთვე, ხალხის სიბრძნის, ერთგულების, მეგობრობისა და მშვენიერი სიყვარულის მარადიულ ღირებულებათა ბრწყინვალე გამარჯვებას.

    სიმბოლური იყო, რომ "თბილისობა 2015"-ის ფარგლებში თბილისში, უორდროპების სკვერში, გაიხსნა ოლივერ და მარჯორი უორდროპების ძეგლი. ეს ფაქტი დიდი მოვლენაა ქართული საზოგადოებრიობის კულტურულ ცხოვრებაში და ცხადყოფს "ვეფხისტყაოსნის" ინგლისურ ენაზე პირველ მთარგმნელთა დამსახურებულად აღიარებას.

    ინგლისურ ენაზე ასევე არსებობს რუსთაველის პოემის პოეტური თარგმანი, შესრულებული ვენერა ურუშაძის მიერ, გამოცემული თბილისში 1968 წ.

    "ვეფხისტყაოსნის" პროზაული ინგლისურენოვანი თარგმანები ეკუთვნის რობერტ ლუის ბალფურ სტივენსონს და ქეთრინ ვივიანს. ისინი გამოცემულია აშშ-სა და ინგლისში 1977 წ.

    პოემის ახალი ინგლისური თარგმანი შეასრულეს ამერიკელმა ქ-ნმა ლინ კოფინმა და ქართველმა ქ-ნმა დოდონა კიზირიამ.

    ქ-ნი ლინ კოფინი ცნობილი ამერიკელი პოეტი, პროზაიკოსი და მთარგმნელია. მას გამოცემული აქვს სამი პოეტური თარგმანი. მისი ლექსები, ესეები, მოთხრობები და პიესები მრავალი წლის განმავლობაში ქვეყნდება პერიოდულ პრესაში. ის მონაწილეობდა პოეზიის საღამოებში უდიდეს პოეტებთან - იოსებ ბროდსკისა და ჩესლავ მილოშევიჩთან ერთად. ქ-ნ ლინ კოფინს თარგმნის მრავალწლიანი და წარმატებული გამოცდილება აქვს. მისი თარგმანები გამოყენებული იყო ჩეხი პოეტის - იაროსლავ სეიფერტისათვის ნობელის პრემიის მინიჭების დროს (1984 წ.). ლინ კოფინმა ინგლისურ ენაზე თარგმნა ჩეხი, ჰოლანდიელი, მონღოლი და ირანელი პოეტების ლექსები.

    უკანასკნელ წლებში ქ-ნი ლინ კოფინი თარგმნის ქართულ ლიტერატურას. მის თარგმანებს ეკუთვნის ნაწყვეტები შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნიდან" (ადრეულ წლებში), გალაკტიონ ტაბიძის, ვაჟა-ფშაველასა და სხვათა ლექსები. ქ-ნი ლინი თანამშრომლობს ქართველ პროფესორ გია ჯოხაძესთან (მუშაობს ილია ჭავჭავაძის სახ. უნივერსიტეტში), რომელმაც შეასრულა ბწკარედი თარგმანები ინგლისურ ენაზე.

    ლინ კოფინი მუშაობს ვაშინგტონის შტატში, ქალაქ სიეტლში, ერთ-ერთ უნივერსიტეტში, კითხულობს შემოქმედებითი ლიტერატურის კურსს, სტუდენტებს ასწავლის წერის კულტურას, მართლწერას.

    ქ-ნი დოდონას რედაქტირებით 2013 წ. აშშ-ში გამოიცა ძველი ქართული პოეზიის ლინ კოფინის თარგმანების ნიმუშების "ქართული პოეზიის ანთოლოგია" (ყ|ყ საუკუნის ჩათვლით).

    ქ-ნმა ლინ კოფინმა თარგმნა აგრეთვე თანამედროვე ქართველი პოეტების - დათო ბარბაქაძის, გიორგი კეკელიძის, გივი ალხაზიშვილისა და ზაზა აბზიანიძის ნაწარმოებები.

    თავს ბედნიერად მივიჩნევ, რომ დღემდე ვმეგობრობ ჩემს ახლო, საყვარელ, ერთგულ, დიდი ხნის სკოლის მეგობართან - დოდონა კიზირიასთან, რომელიც ცხოვრობს და ეწევა ლიტერატურულ, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მოღვაწეობას აშშ-ში 1971 წლიდან. ასე რომ, უკვე შესრულდა აშშ-ში მისი შემოქმედებითი მოღვაწეობის 46 წელი.

    დოდონა კიზირია გახლავთ ცნობილი საზოგადო მოღვაწე; ფილოსოფიის დოქტორი; კინომცოდნე; ქართველოლოგი; მკვლევარი; მეცნიერი; მთარგმნელი; ინდიანის უნივერსიტეტის სლავისტიკის დეპარტამენტის პროფესორი; ხუთჯერ იყო არჩეული უნივერსიტეტის საპატიო, საუკეთესო ლექტორად. ის გახლავთ უნივერსალური ადამიანი, პოლიგლოტი (ფლობს 9 უცხო ენას); კინო და თეატრი მისი სულიერი საზრდოა, ინტელექტუალური ფიქრის მასალა.

    ადრეულ წლებში დოდონა კიზირიამ ინგლისურ ენაზე თარგმნა დავით აღმაშენებლის "გალობანი სინანულისანი" და ქართული პოეზიის დედოფლის - ანა კალანდაძის ლექსი "ფეხი დამადგით გულზე ყოველმან..."

    ხუთიოდე წლის წინ ქ-ნმა დოდონამ გამოუშვა სახელმძღვანელო "ქართული დამწყებთათვის". ამ სახელმძღვანელოში მან საზოგადოებას ინდიანის უნივერსიტეტში ქართული ენის სწავლების თავისი ორმოცწლიანი გამოცდილება გაუზიარა. სპეციალისტები ძალიან მაღალ შეფასებას აძლევენ ამ სახელმძღვანელოს, რადგან ის ძალზე მისაწვდომი მეთოდით ასწავლის მსურველებს ქართულ ენას.

    მისი სამომავლო გეგმებია: გამოსცეს პასუხები კულტუროლოგიურ საკითხებზე, გამოიკვლიოს, როგორ არის ისინი აღქმული დღეს საზოგადოებაში, როგორი რეზონანსი აქვს "ოთარაანთ ქვრივის" გმირს, აგრეთვე, გიორგი სააკაძის გმირს და ა.შ. ქ-ნ დოდონას სურს, პროფესორ ქ-ნ თინათინ ბოლქვაძესთან ერთად ინგლისურ ენაზე გამოსცეს "ქართული ენის გრამატიკა". რამდენიმე წლის წინ ქ-ნმა დოდონამ გამოჩენილ ამერიკელ მეცნიერთან,, ქართველოლოგ ჰაუვარდ არონსონთან ერთად გამოუშვა "ქართული ენის სახელმძღვანელო". გასულ წელს ჟურნალში "ჩვენი მწერლობა" დაიბეჭდა ამერიკაზე მისი მოგონებებიდან ერთი თავი.

    ქ-ნი დოდონა კიზირია გვიამბობს: "არასოდეს ვიფიქრებდი, რომ ოდესმე შევეჭიდებოდი გენიალური ქართველი პოეტის - შოთა რუსთაველის უკვდავ პოემა "ვეფხისტყაოსანს" და ინგლისურ ენაზე შევასრულებდი მის ბწკარედ თარგმანს. ბაქოში ცხოვრობს ქართველი მეცენატი, დიდებული ქ-ნი ნატო ალხაზიშვილი. ის მუშაობს გაეროს ერთ-ერთ ოფისში. ქ-ნი ნატოც და მეც ვიცნობთ ცნობილ ამერიკელ პოეტს, ქ-ნ ლინ კოფინს, რომელთანაც ჩვენ შემოქმედებითი კონტაქტები გვაკავშირებს.

    "მას შემდეგ, რაც მე და ქ-ნი ლინ კოფინი ერთად ვმუშაობდით ქართველი პოეტების პირველ პოეტურ კრებულზე, ქ-ნმა ლინმა თავად გამოთქვა სურვილი, რათა მე ვყოფილიყავი "ვეფხისტყაოსნის" ინგლისურ ენაზე ბწკარედი თარგმანის ავტორი. მეცენატმა ნატო ალხაზიშვილმა ქ-ნ ლინ კოფინს შესთავაზა შოთა რუსთაველის პოემის ინგლისურ ენაზე თარგმანის შესრულება, ხოლო ქ-ნმა ლინ კოფინმა, თავის მხრივ, შემომთავაზა მასთან მეთანამშრომლა. მე დავთანხმდი და ჩვენ, ორივემ, ერთად ხელი მოვკიდეთ ძალზე სერიოზულ, ურთულეს და შრომატევად სამუშაოს, გვიწევდა დღედაღამ მუშაობა, ერთსა და იმავე სტროფზე 4-5-ჯერ დაბრუნება, კორექტირება. რასაკვირველია, დიდი შრომა ჩავდეთ. ვმუშაობდით პოემის ტექსტის დამდგენი კომისიის მიერ მომზადებული 1966 წ. გამოცემის მიხედვით.

    "თუ შევადარებთ ამ ახალ ინგლისურ თარგმანს რუსულ თარგმანთან, ირკვევა, რომ რუსული თარგმანი შეიცავს 1587 სტროფს, ხოლო ჩვენ მიერ წარმოდგენილი ინგლისური თარგმანი შეიცავს 1661 სტროფს. თარგმანზე ვმუშაობდით 2012 წლიდან 2015 წლის ჩათვლით."

    "ვეფხისტყაოსნის" ახალი ინგლისური თარგმანი დაიბეჭდა თბილისში, გამომცემლობაში "პოეზია". დაფინანსება - ნატო ალხაზიშვილის; თარგმანი - ლინ კოფინის; ბწკარედი თარგმანი და საერთო რედაქტირება ეკუთვნის დოდონა კიზირიას; თარგმანის რედაქტორი, კომენტარების ავტორი - გამოჩენილი ლიტერატორი და პოლიტიკოსი, პროფესორი ნოდარ ნათაძე; ილუსტრაციები - მიხაი ზიჩის.

    თარგმანი მიეძღვნა შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლისთავის იუბილეს.

    ახალი ინგლისური თარგმანის პრეზენტაციამდე, 2015 წლის სექტემბერში მისი წარდგინება გაიმართა დიდ ბრიტანეთში, ლონდონში. ქართული კინოფილმების მე-4 კინოფესტივალის ფარგლებში შედგა თარგმანის წარდგინება, რომელშიც მთარგმნელის - ლინ კოფინის გარდა მონაწილეობდნენ ქართველი მწერალი აკა მორჩილაძე, მთარგმნელი-ისტორიკოსი დონალდ რეიფილდი. სტროფებს პოემიდან კითხულობდა სახელგანთქმული ინგლისელი აქტიორი დაიან კვიკი.

    დაახლოებით იმავე დღეებში "ვეფხისტყაოსნის" თარგმანის წარდგინება შედგა აგრეთვე ვესტენდის კინოთეატრში ეგიდით "კინოში ასახული ცხოვრება". კინოფესტივალის ჩარჩოებში ნაჩვენები იყო უკანასკნელ ხანებში გამოშვებული საუკეთესო ქართული კინოფილმები.

    ბუნებრივია, რომ რუსთაველის პოემა "ვეფხისტყაოსნის" ახალი ინგლისური თარგმანის გამოცემამ ქართულ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. წიგნის პრეზენტაცია შედგა 2015 წლის ოქტომბერში ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ინგლისურ ენაზე); ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში; ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში (ინგლისურ ენაზე); საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეროვნული გმირის - მარო მაყაშვილის კაბინეტში.

    პრეზენტაციებზე სტროფებს თავისი თარგმანიდან კითხულობდა ქ-ნი ლინ კოფინი, სიტყვით გამოვიდნენ პროფესორები, ქ-ნი დოდონა კიზირია და ბ-ნი ნოდარ ნათაძე, გამოცემის სპონსორი, ქ-ნი ნატო ალხაზიშვილი.

    ლინ კოფინის თარგმანი ინგლისურ ენაზე პირველი თექვსმეტმარცვლოვანი თარგმანია, რომელშიც თითოეულ სტროფში, თითოეულ ფრაზაში რითმის სქემა შენარჩუნებულია. ეს ერთადერთი გარითმული თარგმანია, რომელიც ლექსად ააწყო პროფესიონალმა, კვალიფიციურმა პოეტმა.

    ქალბატონების - ლინ კოფინისა და დოდონა კიზირიას ახალმა ინგლისურმა თარგმანმა დაიმსახურა უმაღლესი ჯილდო - პრემია "საბა".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved