სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    05.04.2018

    პაატა კოღუაშვილი, სსმმა აკადემიკოსი

    ბოლო წლებში განვითარებულმა ეკონომიკურმა პროცესებმა კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა ის პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია აგრარული სექტორის განვითარების მიმართ არასისტემურ მიდგომებთან და, ხშირ შემთხვევაში, ქვეყნის ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი დარგების უკუშედეგების მომტან ორგანიზაციულ მოწყობასთან. უკვე აშკარა გახდა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების ეფექტიანი მოდელების შექმნისა და მთავრობის მიერ შემუშავებული 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი ინიციატივების შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვის კუთხით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს განსაკუთრებული როლი უნდა მიენიჭოს. საკითხი ეხება აგრარულ სექტორში მრავალმხრივი და კომპლექსური ხასიათის მქონე სისტემური ცვლილებებისა და ახალი საინვესტიციო პოლიტიკის გატარებას.

    ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული პროგრამები, სადაც კოოპერატივებს გრანტის სახით გადაეცემა საწარმოო-ტექნოლოგიური აღჭურვილობა, მაგრამ საწარმოს შენობის აშენება წარმოადგენს კოოპერატივის ვალდებულებას. აქ მთავარია შემდეგი გარემოება: დღეს სოფლის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იმყოფება უკიდურეს გაჭირვებაში და არ გააჩნია არათუ სამეწარმეო პროექტების თანადაფინანსების შესაძლებლობა, არამედ გაჭირვებით ახერხებს ყოველდღიურ თავის გატანას.

    ამ მხრივ კარგი მაგალითია უკანა ფშავის ტერიტორიულ ერთეულში, სოფ. შუაფხოში განხორციელებული პროექტი, რომლითაც ადგილობრივ კოოპერატივს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადაეცა სათიბები და საძოვრები გრძელვადიანი იჯარით, რძის გადამამუშავებელი საწარმო და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ადგილი აქვს უპრეცედენტო დახმარებას, კოოპერატივის წევრებმა ვერ შეძლეს პროგრამით გათვალისწინებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების 10%-ის შეგროვებაც კი, რამაც საფრთხის წინაშე დააყენა უკანა ფშავში პროექტის განხორციელება.

    ამ გარემოებასთან მიმართებაში აუცილებელია პრობლემის სიღრმისეული ეკონომიკური ანალიზი, რაც ფუნდამენტურად განსხვავებულ მიდგომებს აყალიბებს. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს სოფლის მოსახლეობას პრაქტიკულად არ გააჩნია ფულადი რესურსები პროექტების თანადაფინანსებისთვის, ისინი ფლობენ რესურსებს მიწის, პირუტყვის, სხვა მატერიალური რესურსების და რაც მთავარია, შრომითი რესურსის სახით, რომელიც ერთიანობაში შეადგენს მნიშვნელოვან კაპიტალს. შესაბამისად, აქცენტის გაკეთება მხოლოდ იმაზე, რომ მოსახლეობას არ აქვს ფულადი რესურსები თანადაფინანსების განსახორციელებლად და ამ მოტივით თავის შეკავება პროექტების განხორციელებისგან, წარმოადგენს სერიოზულ შეცდომას.

    ასეთ ვითარებაში სახელმწიფომ თავი კი არ უნდა შეიკავოს პროექტების განხორციელებისგან, არამედ, პირიქით, უნდა გაიღოს ადეკვატური ხარჯები, რათა მკვეთრად გაზარდოს მოსახლეობის სამეწარმეო აქტივობა და შემოსავლები. მთიანეთის კოოპერაციულ პროექტებში დამატებით უნდა ჩაერთოს ახალი კომპონენტები, როგორებიცაა: საცავები კარტოფილისა და სხვა პოდუქტების შესანახად, საშრობები მშრალი ხილისა და კენკროვანების წამოებისათვის და პირუტყვის სასაკლაოები.

    მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია და აუცილებელია სახელმწიფო უწყებების, სპეციალიზირებული ფონდებისა და დონორი ორგანიზაციების პროექტები დაიგეგმოს ამ მოცემულობის გათვალისწინებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროექტების სიცოცხლისუნარიანობა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას.

    მიუხედავად სახელმწიფოს მნიშვნელოვანი მხარდაჭერისა, სოფლად იკვეთება სხვადასხვა ხასიათის პრობლემები, რომელთა მოგვარება შემდეგი ღონისძიებების გატარებას მოითხოვს:

    1. აუცილებელია შეიცვალოს პროგრამის "აწარმოე საქართველოში" კრიტერიუმი და უნდა დადგინდეს, რომ პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს შეიძლება გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სიმბოლურ ფასად, თუ იგი განახორციელებს ამ ქონების ღირებულების არა 4-ჯერ (არსებული ნორმა), არამედ 2-ჯერ მეტი ღირებულების ინვესტიციას.

    მაგალითად, ცაგერის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა ტრადიციულად აწარმოებს ისეთი ჯიშის ყურძენს, როგორიცაა ტვიში, ორბელური ოჯალეში, ცოლიკაური, უსახელაური, საიდანაც მზადდება უნიკალური, მაღალი ღირებულების ღვინოები. სსიპ "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კოოპერატივებს გადაცემს 400 000 ლარის ღირებულების ყურძნის გადამამუშავებელ დანადგარებს იმ პირობით, თუ საწარმოს შენობას ააშენებს კოოპერატივი. მოგეხსენებათ, ცაგერის სოფლების მოსახლეობა მცირემიწიანია, ოჯახები იმყოფებიან მძიმე ეკონომიკურ პირობებში და ამიტომ ბევრი სოფელი უკვე დაცლის საშიშროების წინაშე დგას. უკანა ფშავშის ანალოგიურად, მათაც არ გააჩნიათ სათანადო რესურსები პროექტის თანადაფინანსებისთვის. ამავდროულად, სოფელ ორბელში არსებობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ღვინის საწარმოს ამორტიზირებული შენობა, რომელიც მოუვლელობით დანგრევის პირას არის მისული და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ იგი შეფასებულია 180 000 ლარად.

    "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში ადგილობრივ კოოპერატივზე აღნიშნული შენობის გადაცემის შემთხვევაში, კოოპერატივი შეძლებს მის გარემონტებას და ჩაერთვება სახელმწიფო პროგრამაში, მოსახლეობას კი მიეცემა საშუალება, მიიღოს მნიშვნელოვნად გაზრდილი შემოსავალი არა ყურძნის, არამედ მაღალი ღირებულების ღვინის რეალიზაციიდან. პროგრამის "აწარმოე საქართველოში" დადგენილი პირობით კი მისი განხორციელება ვერ მოხდება, რადგან ინვესტიციის ღირებულება 400 000 ლარი არ არის 4-ჯერ მეტი საპრივატიზაციო შენობის ღირებულებაზე.

    ანალოგიურია მდგომარეობა იმ მაღალმთიან სოფლებში, სადაც დაწყებულია რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის მეტად მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროგრამები. ამ პროექტების წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებლია, რომ კოოპერატივებს გაუჩნდეთ საშუალება, მოახდინონ პირუტყვის კონცენტრაცია მეცხოველეობის ფერმებში, სადაც ორგანიზებულად განხორციელდება რძის წარმოების, პირუტყვის კვების, ვეტერინარიის, ჯიშთა განახლების ღონისძიებები და მნიშვნელოვნად შემცირდება როგორც პროდუქციის თვითღირებულება, ასევე სხვადასხვა დაავადების გავრცელებასთან დაკავშირებული რისკები. მაშინ, როდესაც სოფლებში არსებობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ამორტიზირებული მეცხოველეობის ფერმები, რომლებიც დღითი დღე ნადგურდება, კოოპერატივები მათ ვერ იყენებენ.

    2. კოოპერატივების გამართული საქმიანობისთვის აუცილებელია თანხების მობილიზება კოოპერატივების საბრუნავი საშუალებებისთვის, რისი მატერიალური შესაძლებლობაც მეპაიეებს უმეტეს შემთხვევაში არ გააჩნიათ.

    ეს პრობლემა ასევე დაკავშირებულია კოოპერატივების მეპაიეების მიერ წარმოებული პროდუქციის გადამუშავებასა და რეალიზაციასთან; საწყის ეტაპზე კოოპერატივი ვერ ახდენს კოოპერაციული შემოსავლების (ავანსის) სახით ანგარიშსწორებას მეპაიეებთან იმის გამო, რომ იგი შემოსავალს იღებს გადამუშავებული პროდუქციის რეალიზაციიდან. კოოპერატივი მეპაიესთან ანგარიშსწორებას ახდენს გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც კოოპერატივის მიერ გადამუშავებული პროდუქცია მიიღებს საბოლოო სახეს და მოხდება მისი რეალიზაცია.

    მაღალი ხარისხისა და ღირებულების ყველის წარმოების შემთხვევაში ეს პერიოდი დაკავშირებულია ყველის მომწიფებასა და რეალიზაციასთან, რომელიც მოიცავს 1-დან 6 თვემდე პერიოდს; მაღალხარისხიანი ღვინის წარმოების შემთხვევაში კი აღნიშნული პროცესი 1 წელზე მეტ ხანს გრძელდება. სოფლის მოსახლეობა მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო იძულებულია, პირველადი პროდუქცია (რძე, ყურძენი და სხვა) ჩააბაროს შუამავალ პირებს ან - გადამამუშავებელ საწარმოებს და უარი თქვას საბოლოო პროდუქციის რეალიზაციიდან დამატებითი ღირებულების მიღებაზე. ისინი იძულებულით ეთანხმებიან გადამამუშავებელი საწარმოების მიერ დაწესებულ ნედლეულის შესყიდვის დისკრიმინაციულ ფასს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ვერ ანაზღაურებს თვით ამ პროდუქციის წარმოებაზე გაწეულ დანახარჯებსაც კი.

    ყურძნის მწარმოებელი კოოპერატივებისთვის აღნიშნული პრობლემის მოგვარება უნდა მოხდეს კოოპერატივების საბრუნავი საშუალებების დაფინანსებით, 1-დან 2 წლამდე ვადით. ეს უზრუნველყოფს კოოპერატივების გამართულ მუშაობას, გაზრდის მევენახეთა შემოსავლებს არა ყურძნის, არამედ ღვინის რეალიზაციიდან და მნიშვნელოვნად შეამცირებს ბიუჯეტიდან ყურძნის შესყიდვის სუბსიდირების მოცულობას.

    ამიტომ კოოპერაციის პროცესის სწორად წარმართვისათვის აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს კოოპერატივების ფინანსური მხარდაჭერის სპეციალიზირებული საინვესტიციო ინსტიტუტების ჩამოყალიბება. საჭიროა, კოოპერატივების ფინანსური მხარდაჭერის განახორციელებაში აქტიურად ჩაერთონ საქართველოში არსებული საინვესტიციო ფონდები და დონორები.

    3. აუცილებელია, საქართველოში დაარსდეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამუშავების საწარმოო-ტექნოლოგიური დანადგარების დამამზადებელი საწარმო.

    სახელმწიფო პროგრამების ("შეღავათიანი აგროკრედიტი", "აწარმოე საქართველოში", სსიპ "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს" პროგრამები და სხვა) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება ბევრი პროექტი სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელ და შემნახველ საწარმოებში კაპიტალური ინვესტირების კუთხით. განსაზღვრული საწარმოო-ტექნოლოგიური აღჭურვილობის შეძენა ხდება სახელმწიფო ტენდერების საშუალებით, სადაც მონაწილეობას იღებენ შუამავალი კომპანიები, რომლებიც ახდენენ სხვა ქვეყნებში წარმოებული მანქანა-დანადგარების შესყიდვას. აღნიშნული სქემით სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული აღჭურვილობის შეძენა ხდება ამ მანქანა-დანადგარების მწარმოებლის დადგენილ ფასებზე გაცილებით მაღალ ფასად. შედეგად ათეულობით მილიონი დოლარი გაედინება ქვეყნიდან.

    სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოო-ტექნოლოგიური დანადგარების წარმოება უნდა გახდეს საქართველოს ინდუსტრიული განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვანი კომპონენტი. ამ საკითხის განხორციელება შესაძლებელია ერთობლივი საწარმოს შექმნით სხვა ქვეყნის ცნობილ კომპანიებთან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აქტიური ჩართულობით, რომელიც ორგანიზებას გაუწევს აღნიშნული პროექტის მომზადებას და სადაც თავმოყრილია ამ სფეროს არაერთი მაღალკვალიფიციური სპეციალისტი. ფინანსური მხარდაჭერა მიზანშეწონილია, განხორციელდეს საქართველოს საპარტნიორო ფონდის მიერ.

    კოოპერაციის ფინანსური მხარდაჭერის სისტემური ღონისძიებები ხელს შეუწყობს ძლიერი კოოპერაციული გაერთიანებების ჩამოყალიბებას, სამეურნეო საქმიანობაში მოსახლეობის მასობრივ ჩართვას და საწარმოების მასშტაბების გადიდებას. ეს შექმნის მყარ გარანტიებს აგრარული რაიონების განვითარებისა და სასურსათო უსაფრთხოების პრობლემის გადაჭრისათვის.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved