სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    12.04.2018

    ანზორ საკანდელიძე რეფორმატორთა კავშირის თავმჯდომარე
    ხელისუფლებას აშკარად გაუჭირდა პენსიების გაზრდის წინასაარჩევნო დაპირების შესრულება და ახალ გზებს ეძებს. ახალი კი, მოგეხსენებათ, კარგად დავიწყებული ძველია და ხელისუფლებამ გაიხსენა დაგროვებითი საპენსიო სისტემა.
    როგორც ცნობილია, პენსიების საბჭოური დაგროვებითი სისტემის ეკონომიკური საფუძველი იყო სოციალური გადასახადი, რომელიც ერიცხებოდა ხელფასებს 30%-ის ოდენობით და ამ გადასახადს იხდიდა არა მუშა-მოსამსახურე, არამედ იურიდიული პირი, სადაც ის მუშაობდა.
    თუკი ეკონომიკის სამინისტროს სხვა გზა აქვს მოფიქრებული და პრობლემის მოგვარებას ფიზიკური პირების ხელფასების ხარჯზე აპირებს, ამ გზით წასვლას ნამდვილად არ ვურჩევთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ სახელისუფლებო მაფიოზური კლანების მიერ 20 წლის განმავლობაში გამოხრულ და გაძვალტყავებულ ისეთ ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის ნახევარი შიმშილობს, აქვს ბავშვთა კვების ყოველდღიური პრობლემა და პენსიების დაგროვების თავი კი არა, შიმშილისაგან თავის დაცვის თავიც კი არ აქვს.
    ჩვენ ასეთ პოზიციაზე ვიდექით ამ 4 წლის წინ და, სამწუხაროდ, პროგნოზი გამართლდა. ხელისუფლება მართლა აპირებდა ველური საპენსიო რეფორმის ჩატარებას, მაგრამ საბოლოოდ თავი შეიკავა და ამაში ცოტაოდენი წვლილი ალბათ რეფორმატორთა კავშირმაც შეიტანა. ამჟამად ხელისუფლებამ ააგორა საპენსიო რეფორმის მეორე ტალღა და პარლამენტში ინტენსიურად მიმდინარეობს ახალი საპენსიო რეფორმის განხილვა, რასაც წარმატება ნამდვილად არ უწერია.
    რატომ? იმიტომ, რომ განვლილ 4 წელიწადში საქართველოში კონკრეტულ ციფრებში გამოხატული ველური კაპიტალიზმისა და ამ ხალხის ძარცვის მასშტაბები კიდევ უფრო გაიზარდა. ქვეყანაში ველური კაპიტალიზმი რომ მძვინვარებს, ამაში ეჭვი უკვე აღარავის ეპარება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველოში დადასტურდა 63%-იანი ჩრდილოვანი ეკონომიკა.
    ჩრდილოვანი ეკონომიკა კი ქვეყანაში დაამკვიდრა დღემდე მოქმედმა, ზურაბ ნოღაიდელის მიერ 1997 წელს მიღებულმა ანტიეროვნულმა და ანტისახელმწიფოებრივმა საგადასახადო კოდექსმა. იგი მთლიანდ არის დაცლილი საგადასახადო კოდექსებისათვის აუცილებელი, შემოსავლების გადანაწილების საყოველთაო მთავარი ფუნქციისაგან. ამიტომ სანამ ერთ-ერთ მთავარ კანონს ეს ფუნქცია არ აღუდგება, მანამდე არ გვეღირსება სოციალურად სამართლიანი საპენსიო რეფორმა. აი, რას ვწერდით ამის შესახებ 2017 წლის 9 თებერვალს გაზეთ "რეზონანსში" გამოქვეყნებულ სტატიაში:
    "20 წლის შემდეგ განსაკუთრებული სიცხადით გამოიკვეთა ის უდავო ჭეშმარიტება, რომ 1997 წელს ნოღაიდელის მიერ მიღებულმა საგადასახადო კოდექსმა უკვე გაალაღა ჩრდილოვან ეკონომიკაში "მოღვაწე" კრიმინალური კლანები და დაგვაბრუნა მე-18 საუკუნის მე-2 ნახევრის ევროპასა და ამერიკაში, სადაც ადამ სმიტისეულმა ანალოგიურმა საგადასახადო კოდექსმა უზარმაზარ ჩრდილოვან ეკონომიკას მისცა დასაბამი. კარგად გავიხსენოთ, რა ტრაგიკული მოვლენებიც მოჰყვა ყოველივე ამას სოციალურ ფენებს შორის - ზღვარგადასული ქონებრივი უთანასწორობით გამოწვეული უმწვავესი ფიზიკური დაპირისპირებები, სოციალური აფეთქებები და სისხლიანი რევოლუციები.
    ნოღაიდელის საგადასახადო კოდექსს სწორედ აქეთკენ მივყავართ და საქართველოში ზღვარგადასული ქონებრივი უთანასწორობის ეტაპიც უკვე "წარმატებით" გავიარეთ. შემდეგი ეტაპებია უმწვავესი ფიზიკური დაპირისპირებები, სოციალური აფეთქებები და რევოლუციები. აღარ ვთქვათ უარი ამ მართლაც სანაგვეზე გადასაგდებ საგადასახადო კოდექსზე და აღარ გავჩერდეთ?"
    დიახ, დღეს ჩვენ ვცხოვრობთ კლასიკური ველური კაპიტალიზმის ქვეყანაში. მოსახლეობის 5%-ზე ნაკლები მდიდართა ფენა აკონტროლებს და საკუთარი კეთილდღეობისათვის მოიხმარს მთლიანი შიდა პროდუქტის 70%-ზე მეტს, ხოლო მოსახლეობის 95%-ზე მეტი მოიხმარს მშპ-ის 30%-ზე ნაკლებს. შეიძლება ასეთი ველური საგადასახადო კოდექსისა და, შესაბამისად, ველური ეკონომიკის პირობებში განხორციელდეს სოციალურად სამართლიანი საპენსიო რეფორმა?
    რა თქმა უნდა, არა. რა არის ამისათვის, პირველ რიგში, საჭირო? საგადასახადო კოდექსის ძირეული რეფორმირება და ამ ბნელი 20-წლიანი ეპოქის დასრულება.
    ცნობილია, რომ ნოღაიდელის კრიმინალურ საგადასახადო კოდექსში ყოველწლიურად შედიოდა, საშუალოდ, 100 შესწორება. ქვეყნის ეკონომიკის დამაქცევარი და 70%-იანი ჩრდილოვანი ეკონომიკის დამამკვიდრებელი ამ კოდექსის მოქმედების 20 წლის განმავლობაში მასში უკვე შევიდა 2000-ზე მეტი ცვლილება და აღარ არის დრო, გადავაგდოთ? დიახ, უნდა გადავაგდოთ, ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტზე გამოვაცხადოთ ფასიანი სახელმწიფო ტენდერი და რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ ახალი, სოციალურად სამართლიანი საგადასახადო კოდექსი.
    სწორედ ასეთი კოდექსის მიღების შემდეგ იქნება შესაძლებელი, საქართველოში განხორციელდეს სოციალურად სამართლიანი ახალი საპენსიო რეფორმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved