სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    02.05.2018

    სოფლის მეურნეობის მრავალფეროვანი დარგების განვითარებისათვის ტექნიკის გამოყენება რომ აუცილებელია ეს ყველა მიწათმფლობელმა კარგად იცის, მაგრამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობას ეს მნიშვნელოვანი დარგი არ მიაჩნია პრიორიტეტულ დარგად, ამიტომაა, რომ უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის საჭიროებისათვის ქვეყანაში არ შემოზიდულა ახალი ტექნიკა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნებოდა მიწათმოსარგებლეებისათვის და წინ წასწევდა მათ საქმიანობას.

    დღეისათვის სოფლის მეურნეობაში ტექნიკის სიმცირე შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, როცა საგაზაფხულო სამუშაოებზე ტრაქტორები აღმოსავლეთიდან დასავლეთში გადააქვთ და პირიქით, ხოლო თავთავიანების მოსავლის აღების დროს, კომბაინები აზერბაიჯანიდან შემოჰყავთ, რაც დიდ დანახარჯებთან ერთად, აგროწესების უხეშ დარღვევას და მოსავლის სიმცირესა და დანაკარგებს განაპირობებს. 

    ქვეყნის სოფლის მეურნეობაში არსებული ისედაც მცირე 15177 ტრაქტორიდან სამუშაო მდგომარეობაშია მხოლოდ 10_12 პროცენტი, 44800 სასოფლო-სამეურნეო მანქანიდან 20%, 523 მარცვლის ამღები კომბაინიდან 63 საჭიროებს კაპიტალურ შეკეთებას, სარემონტოა 80 ბალახის ამღები, 275 მოტობლოკი, რამდენიმე ასეული ნიადაგდამამუშავებელი და სათესი მანქანები, მცენარეთა დაცვის ტექნიკური საშუალებები და ა. შ. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენთან არ არსებობს ტექნიკის შემკეთებელი და მარაგნაწილების სერვისი, რაც უარყოფითად მოქმედებს სოფლად არსებული ისედაც მცირე ტექნიკის მზადყოფნაზე. 

    უკანასკნელ წლებში ასევე დილეტანტთა მიერ სესხითა და საბიუჯეტო თანხებით, შეძენილია მილიონობით ღირებულების ისეთი ახალი ტექნიკა, რომლებიც ჩვენს პირობებში საერთოდ არ გამოიყენება და ხუთი წელია უმოქმედოდ ალაგია შპს  `მექანიზატორის~ სერვისცენტრებში, ხოლო ამ ტექნიკის შეძენის ღირებულებას იხდის სამინისტრო ბიუჯეტით გამოყოფილი თანხებიდან. 2014 წელს გადახდილია 25,1მილიონი ლარი, 2015 წელს 26,0 მილიონი ლარი, 2016 წელს 22,0 და 2017 წელს 20,0 მილიონი ლარი.

    როგორც შევიტყვეთ, სამინისტროს პროგრამების მართვის სააგენტოში დამუშავდა პროგრამა, რომელიც ეხება შპს `მექანიზატორის~ ტექნიკის გასხვისების (გაყიდვის) საკითხს.

    ცნობილია, რომ ამ სააგენტოში არც ერთი სპეციალისტი არ მუშაობს, რომელიც სრულყოფილად ფლობდეს სოფლად არსებული ტექნიკის ეფექტურად გამოყენების, ფერმერთა ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის, ტექნიკის რემონტის, ტექნიკური მომსახურებისა და მოვლა-შენახვის აგროსაინჟინრო საკითხებს. ამ პროგრამის შედგენისას მათ არ გაუვლიათ კონსულტაციები სოფლად მომუშავე მექანიზატორებთან, მწათმფლობელებთან. ამ დარგის არასამთავრობო ორგანიზაციასთან და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მაღალკვალიფიციურ მეცნიერებთან. ამიტომ გონივრულ ეჭვს ბადებს ის, რომ მათ მიერ შედგენილი პროგრამა, მინიმალურადაც ვერ უზრუნველყოფს ტექნიკაზე ფერმერთა და გლეხთა დახმარებასა და ხელმისაწვდომობას. კვალიფიციურ მექანიზატორთა აზრით, შპს `მექანიზატორის~ ტექნიკა კი არ უნდა გაიყიდოს, არამედ შესწავლილი იქნას ამ ორგანიზაციის საქმიანობა, გაეწიოს მას ყოველმხრივი დახმარება, რათა გააფართოვოს მოქმედების არეალი, ყველა რაიონში შექმნას სერვისცენტრები და ამით ხელი შეუწყოს მიწათმფლობელთა საქმიანობას და სოფლის მეურნეობის წინსვლა-განვითარებას. შპს `მექანიზატორის~ მუშაობას თუ გადავხედავთ ნათლად ჩანს ამ ორგანიზაციის საქმიანობის მეტად დაბალი დონე, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებაზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს აუდიტის სამსახუის ამ დარგის არასპეციალისტებმა მეტად დაბალი ხარისხით შეისწავლეს შპს `მექანიზატორის~ 2014 წლის საქმიანობა, მაინც გამოავლინეს საგანგაშო მდგომარეობა, კერძოთ: `2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიას ბალანსზე ერიცხებოდა დაახლოებით 200.0 მილიონი ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, რომელთა ინვენტარიზაციაც წლების განმავლობაში არ განხორციელებულა, შესაბამისად კომპანია არ ფლობს სრულ და ზუსტ ინფორმაციას მის ბალანსზე რიცხული ტექნიკის არსებობისა და მდებარეობის შესახებ~. შემოწმების მასალებში აღნიშნულია, რომ 15 მილიონი ლარის ღირებულების ტექნიკის გამოყენებით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა მხოლოდ 367.758 ლარი, ანუ 2,44%. ამასთან შემოსავლები არ ედრება კომპანიის მიერ შედგენილ ხელშეკრულებებს. 2014 წელს ტექნიკის მიმდინარე რემონტზე მესამე პირისაგან შესყიდულია 871.136 ლარის მომსახურება, რაზედაც არ არსებობს აღნიშნული ხარჯების გაწევის აუცილებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. საგულისხმოა, რომ სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტები ფორმდება მომსახურების გაწევამდე, რაც განაპირობებს შეუსრულებელი სამუშაოების ფაქტობრივ დადასტურებას. გარდა ამისა კახეთის რეგიონში ერთი ჰექტარის მოხვნაზე შპს `მექანიზატორი~ მოწათმფლობელს ახდევინებს 120 ლარს, მაშინ როცა ამ სამუშაოს კერძო ტრაქტორისტები 60-70 ლარის ფარგლებში ასრულებენ, არ მიმდინარეობს სატრაქტორო სამუშაოებზე მონიტორინგი, რაც მოსავლიანობის სიმცირეს განაპირობებს და ა. შ.

    საგულისხმოა ის ფაქტი, რომ 2012 წლიდან დღემდე ამ საინჟინრო ორგანიზაციამ, ოთხი ხელმძღვანელი გამოიცვალა და ოთხივენი იურისტები იყვნენ, მაშინ როცა აქ არავითარი სისხლისა და სამოქალაქო სამართლის სამუშაოები არ იწარმოება.

    ახალი ტექნიკის შეძენის, მისი ეფექტურად გამოყენების, შპს `მექანიზატორის~ საქმიანობის გაუმჯობესებისა და ამ დარგში არსებული მძიმე მდგომარეობის საკითხებზე, რაშიაც ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის კვალიფიციური სპეციალისტებიც გაუწევდნენ დახმარებას, ვესაუბრეთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეუნეობის მინისტრის მოადგილეს ბატონ გიორგი ჩხეიძეს და ამავე სამინისტროში შემავალი პროგრამების მართვის სააგენტოს დირექტორს ბატონ რევაზ ასათიანს, რომელშიაც უშუალოდ შედის შპს `მექანიზატორი~, მაგრამ მათთან საუბარს არავითარი შედეგი არ მოჰყოლია, რადგან ძნელია დაარწმუნო ისინი საჭირო ტექნიკის შეძენის, სოფლად ტექნიკის ეფექტურ გამოყენების, საინჟინრო საკითხების მოგვარების აუცილებლობაში, როცა მათ ამ დარგში შესაბამისი არც თეორიული ცოდნა და არც პრაქტიკული გამოცდილება გააჩნიათ. ამიტომაა, რომ ეს მნიშვნელოვანი დარგი უკან მიდის და სერიოზულ უარყოფით გავლენას ახდენს მოსახლეობის სოფლის მეურნეობის პროდუქტებით მომარაგებაზე. 

    რაც შეეხება მინისტრს ბატონ ლევან დავითაშვილს, თანახმად სამინისტროს ახლად დამტკიცებული დებილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტისა, იგი ვალდებულია დაინტერესდეს სოფლად არსებული ტექნიკის მდგომარეობით, თავისი ბრძანებით შექმნას სამუშაო ჯგუფი მექანიზაციის დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რაშიც ჩვენც გაუწევთ დახმარებას, რომლებიც შეისწავლიან და გაანალიზებენ სოფლად არსებული და სამომავლოდ საჭირო ტექნიკის მდგომარეობას და გაატარებს აუცილებელ ღონისძიებებს ამ დარგში არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში სოფლის მეურნეობა ტენიკის ეფექტური გამოყენების გარეშე ვერ განვითარდება, რაც დიდ ზიანს მოუტონს ქვეყნის ეკონომიკას და მკვეთრად გააუარესებს მოსახლეობის სურსათით მომააგებას.

     

               ირაკლი დვალი 

    საქართველოს მიწათმფლობელთა და მექანიზატორთა

    საზოგადოების თავმჯდომარე, ტექნიკის

    მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერტი,

    სოფლის მეურნეობის მექანიზაციის დარგში


               გივი ქურდიანი

    საქართველოს დამსახურებული მექანიზატორი,

    ექსპერტი სოფლის მეურნეობის მექანიზაციის დარგში

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved