სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    03.05.2018

    ანზორ საკანდელიძე

    რეფორმატორთა კავშირის თავმჯდომარე

    2016 წლის 25 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს 9-კაციან უაღრესად კომპეტენტურ კომისიაზე (კომისიის თავმჯდომარე, მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე) მოხდა პრემიერ-მინისტრის კანცელარიასა და პარლამენტში განსახილველად ოფიციალურად შეტანილი, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ მოწონებული, არასამთავრობო ორგანიზაცია "რეფორმატორთა კავშირის" მიერ 57-გვერდიან სამეცნიერო მეთოდურ ნაშრომად დამუშავებულ-დაპატენტებული (საქპატენტის მოწმობა #6333) "საქართველოს ანტიკრიზისული 5-წლიანი კომპლექსური ეკონომიკური რეფორმების კონცეფცია-პროგრამის" დადებითი განხილვა.

    ეს არასამთავრობო "კონცეფცია-პროგრამა" ჩვენ მიერ მიგნებულ-დამუშავებული საგადასახადო თამასუქების ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით 5 სამეურნეო წელიწადში საქართველოში უზრუნველყოფს მცირე მეწარმეობის აღდგენა-განვითარების, სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა (რომელთა შორის 2 მილიონზე მეტი მეანაბრეა!) ზარალის ანაზღაურება-კომპენსაციის, დასაქმების, სამართლიანობის აღდგენისა და სიღარიბის დაძლევის დღემდე დაუძლეველი უმწვავესი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას!

    ძირითადად მცირე მეწარმეობის აღდგენა-განვითარებაზე ორიენტირებული ამ არასამთავრობო 5-წლიანი უნიკალური "კონცეფცია-პროგრამის" ფინანსთა სამინისტროში წარმატებით განხილვის მე-2 დღესვე, 26 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერა მცირე მეწარმეობის განვითარების ასევე 5-წლიან სამთავრობო პროგრამის #100 მთავრობის დადგენილებას ასეთი რთული სათაურით: "საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის 2016-2020 წლებისათვის და საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ". აქვე დაიბლოკა მცირე მეწარმეობის განვითარების ჩვენი არასამთავრობო რეალური "კონცეფცია-პროგრამა" და ამოქმედდა ეს ირეალური სამთავრობო პროგრამა, რომელსაც სამოქმედო პროგრამის არავითარი ნიშანწყალი არ ახასიათებს.

    ამ სამთავრობო პროგრამას ამოქმედებამდე საპარლამენტო ფილტრი უნდა გაევლო. პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე წელიწადზე მეტი ჩვენი "კონცეფცია-პროგრამის" კომიტეტში მოსმენის გაჯანჯლებას ამ მოტივით ხსნიდა: მთავრობაც ამზადებს მცირე მეწარმეობის პროგრამას, შემოიტანს პარლამენტში და როგორც არასამთავრობო, ისე სამთავრობო ორივე პროგრამას ერთად განვიხილავთო.

    სამწუხაროდ, მთავრობამ თავისი სამთავრობო პროგრამა აამოქმედა საპარლამენტო ფილტრის გავლის გარეშე, მაგრამ ვაი ამ ამოქმედებას! მალე დამთავრდება 5-წლიანი პროგრამის ნახევარი, ხოლო 2016-2017 წლის 2-წლიანი პროგრამა კარგა ხანია, დამთავრებულია. როგორია პრაქტიკული შედეგები? ჯერჯერობით - ნულოვანი და ასეთივე შედეგები გვექნება 2020 წლის ბოლოსაც, რადგან იქ არც ერთი რეალური ეკონომიკური რეფორმის განხორციელება არ არის გათვალისწინებული, განსხვავებით ჩვენი "კონცეფცია-პროგრამისა", რომელიც მოიცავს მცირე მეწარმეობის აღდგენა-განვითარების 3 მასშტაბურ, ერთმანეთში გარდამავალ ეტაპს შესაბამისი კონკრეტული რეფორმებითა და ამ რეფორმებთან კომპლექსურად დაკავშირებულ 5 უნიკალურ, დაპატენტებულ რეფორმას.

    არადა, სამთავრობოს ნაცვლად ჩვენი პროგრამა რომ ამოქმედებულიყო, დღეს მთავრობის მიერ სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურება-კომპენსაციისათვის პირველ ეტაპზე აღიარებული 1,2 მილიარდი ლარის შიდა ვალიდან გასასტუმრებლად დარჩენილი 1,0 მილიარდი ლარის ვალი იქნებოდა უკვე გასტუმრებული და დაზარალებულებიც ამ თანხით კომპენსირებულნი.

    საბოლოო ჯამში, ეს 1,0 მილიარდი ლარის დაზარალებულთა შიდა ვალი, სახელმწიფოს მხრივ ყოველგვარი ხარჯის გაწევის გარეშე, იქნებოდა კაპიტალიზებული გარანტირებულ მოგებაზე მომუშავე ასობით ახლად გახსნილი მცირე სამრეწველო საწარმოს ადგილობრივ ინვესტიციებად, სადაც რეალურად შეიქმნებოდა ათასობით ახალი სამუშაო ადგილი, 5-ჯერ უფრო მეტი ახალი სამუშაო ადგილი კი, ყოველგვარი ინვესტიციების მოზიდვის გარეშე!

    ეს წერტილს დაუსვამდა საქართველოში ადგილობრივი ინვესტიციების შიმშილსა და უცხოელი ინვესტორებისათვის ხელისუფლების დამამცირებელ მორჩილებას.

    "კონცეფცია-პროგრამაში" განხილული, აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის მიერ დამუშავებული ემისიური დაკრედიტების პროგრამა, რომელიც ჩვენი თხოვნით დამატებით შეისწავლა და მოიწონა საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიამ, დიდი და მცირე მეწარმეების სასტარტო დაფინანსების პრობლემას წარმატებით მოაგვარებდა, განსაკუთრებით - სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელ მრეწველობაში, რასაც ცალსახად იწონებს სოფლის მეურნეობის ცნობილი სპეციალისტი, აკადემიკოსი თამაზ კუნჭულია.

    "კონცეფცია-პროგრამის" უნიკალური რეფორმების პრაქტიკული რეალიზაციით საუკეთესო სამეწარმეო პირობები შეექმნებათ სამრეწველო მცირე საწარმოებს, განსაკუთრებით - სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელ მრეწველობას. ისინი შეღავათიანი პირობებით, საკუთარი საინვესტიციო ფონდის მეშვეობით, შეიძენენ ძირითად ფონდებს, საბრუნავ სახსრებად კი ბანკების გვერდის ავლით მოიხმარენ ისევ საკუთარი საინვესტიციო ფონდის მიერ გაცემულ უპროცენტო ემისიურ კრედიტებს, ხოლო პროდუქციის წარმოების დროს წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებებს გაანაღდებენ საგადასახადო თამასუქებით! სოფლებს მასობრივად დაუბრუნდებიან როგორც ადგილობრივი, ისე უცხოეთში გახიზნული ლტოლვილები. ქართულ მიწებზე გაიზრდება მოთხოვნა. მიწებს თვითონ ქართველები დაამუშავებენ და აღარ იქნება საშიშროება მისი ფარულად თუ აშკარად უცხოელებზე გასხვისება-მიყიდვისა.

    უნდა გვახსოვდეს გამონათქვამი: ნახევარი ზომები, ანუ ნახევარი რეფორმები ხელისუფლების სისუსტის მაჩვენებელია, რომელიც სახელმწიფოს შეიძლება კატასტროფად დაუჯდეს. 2016 წლის 26 თებერვლის მთავრობის #100 დადგენილებით, საქართველოში დაწყებული მცირე მეწარმეობის რეფორმები ნახევარი რეფორმაც კი არ არის. დროა, მთავრობამ უარი თქვას თავის ამ ვითომ "რეფორმებზე", რომლებსაც მცირე მეწარმეობა და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკა ცალსახად მიჰყავს კატასტროფისკენ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved