სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    10.05.2018

    პაატა კოღუაშვილი, პროფესორი

    დღეს საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების დეფიციტია. ფინანსური პრობლემების გამო, ხალხს არ შეუძლია მათი შეძენა. ქართველი ფერმერებისთვის არ არსებობს სასოფლო-სამეურნეო მოსავლისა და პირუტყვის დაზღვევის სრულყოფილი სისტემა, ამიტომ ბუნებრივ კატასტროფებს თუ სხვა არახელსაყრელ გარემო პირობებსაც კი შეუძლია კოოპერატივების დანგრევა.

    როგორც წესი, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას მთავრობისგან სჭირდება ფინანსური და ტექნიკური თანადგომა, მხარდაჭერა, რასაც სახელმწიფო დღემდე ვერ ახერხებს. სწორედ შექმნილ ვითარებას იმიზეზებს საქართველოს საბანკო სისტემა აგროსექტორის დაკრედიტების ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორად. კომერციული ბანკები არ ენდობიან სოფლის მეურნეობას, რომელსაც სჭირდება გრძელვადიანი, იაფი კრედიტები. მეურნეობისთვის კრედიტი არ არსებობს, მასზე მოდის გაცემული კრედიტების მხოლოდ 1%, რაც, ხშირ შემთხვევაში, შემოიფარგლება მოკლევადიანი, მაღალი განაკვეთის სესხებით. ფერმერთა უმრავლესობა, კაბალური პირობების გამო, თავს იკავებს ასეთი კრედიტის აღებისგან, რაც კოოპერატივების წარუმატებლობის (გაკოტრების) მიზეზი ხდება.

    2016 წელს სოფლის მეურნეობის სექტორზე გაცემული კრედიტების წილი 2010 წელთან შედარებით (0.6%-დან 4,0%-მდე) გაიზარდა, მაგრამ იგი იმდენად უმნიშვნელოა, რომ არანირ ეფექტს არ იძლევა. ნაკლებეფექტიანი აღმოჩნდა ისეთი სახელმწიფო პროგრამები, როგორებიცაა "აწარმოე საქართველოში", "დანერგე მომავალი" და სხვ.

    ილია ჭავჭავაძემ აგროკრედიტის მნიშვნელობა ასე განმარტა: "დანიშნულება საადგილმამულო კრედიტისა განკარგებაა მამულ-დედულისა, გაძლიერება მიწათმოქმედთა ღონისა და მომცემლობისა". ამაზე ლოგიკური განმარტება, ალბათ, ძნელი წარმოსადგენია.

    ცალკეულ ფერმერებს თუ მათ გაერთიანებებს აუცილებლად სჭირდებათ სპეციალიზებული, მოქნილი აგროსაკრედიტო სისტემის შექმნა, სადაც ისინი შეძლებენ მისაღები პირობებით სესხის აღებას, რადგან ფინანსების ხელმისაწვდომობის გარეშე მეურნეობა ვერ განვითარდება. მსოფლიო გამოცდილებამ და საქართველოს ბოლო 25 წლის პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ აგროკრედიტის სისტემის (თანამედროვე აგროკრედიტების სისტემა წარმატებით მოქმედებს საფრანგეთში - ურთიერთდახმარების აგროკრედიტი, აშშ-ში - ფერმერთა საკრედიტო სისტემა, გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში - რაიფენზენის კრედიტი, ჰოლანდიაში - რაბობანკი) შექმნის გარეშე, მხოლოდ კომერციული ბანკები ვერ უზრუნველყოფენ აგრარული სექტორის ნორმალურ ფუნქციონირებასა და განვითარებას. ისინი თვლიან, რომ სასოფლო-სამეურნეო წარმოება მათი წარმატებული საქმიანობისთვის არახელსაყრელია. კომერციული ბანკები იმიზეზებენ იმ გარემოებას, რომ აგრარული რეფორმა ჯერ არ დამთავრებულა, არ შექმნილა მიწის თავისუფალი ბაზარი, შესაბამისად, თვლიან, რომ არ არსებობს გაცემული კრედიტიდან მიღების გარანტია. ამას ემატება ისეთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ბერკეტის უქონლობა, როგორიცაა გამართული აგროსადაზღვეო სისტემა და ა.შ.

    ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ კომერციული ბანკები და ამ ტიპის სხვა სტრუქტურები, თავიანთი სპეციფიკიდან გამომდინარე, საბაზრო პრინციპებისა და მუდმივი კონკურენციის პირობებში, საქმიანობას აგებენ მაღალ მოგებაზე და, რაც მთავარია, შემცირებული რისკის პირობებზე. ეს ნიშნავს, რომ აგრომწარმოებლები კრედიტს მიიღებენ მხოლოდ მაშინ, როცა მათ ეს ნაკლებად სჭირდებათ, ანუ იმ შემთხვევაში, როდესაც მათი ფინანსური მდგომარეობა მყარი იქნება.

    ასეთი სიტუაცია განსაკუთრებით მტკივნეულია, როდესაც საქმე ეხება ე.წ. ნაკლებგანვითარებულ ქვეყნებს. როგორც წესი, ამ დროს კომერციული საბანკო სისტემა ჯერ კიდევ სუსტია, აქტივები - მწირი, ხოლო გაკოტრების შანსი - მაღალი. მათი საქმიანობის პრიორიტეტი მიმართულია მხოლოდ გარანტირებული უკუგების მქონე სფეროებზე. ამიტომ ისინი თავს იკავებენ უშუალოდ სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში კაპიტალის დაბანდებისაგან.

    აგროსექტორის საკრედიტო რესურსით გარანტირებული უზრუნველყოფა, მხოლოდ კომერციული დაწესებულებების გამოყენებით, პრაქტიკულად შეუძლებელია. კერძო სტრუქტურა ქვეყნის აგრარული პოლიტიკის პრიორიტეტების განაწილებისას ნეიტრალიტეტისა და ობიექტურობის დაცვას ვერ შეძლებს.

    საქართველოში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა ნათლად გვიჩვენებს, რომ პრობლემის რეალურად გადაჭრა მხოლოდ სპეციალიზებული აგროსაკრედიტო სისტემის ფორმირებითაა შესაძლებელი, რასაც შემდეგი ობიექტური ფაქტორები და სპეციფიკური თავისებურებები განაპირობებს:

    - წარმოების პროცესის სეზონური ხასიათი;

    - წარმოების რენტაბელობის შედარებით დაბალი დონე;

    - სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეკონომიკური მახასიათებლების არამდგრადობა;

    - სოფლად საქონელმწარმოებლისთვის მოკლევადიან კრედიტებზე ხელმისაწვდომობის ციკლური ხასიათი;

    - შესაბამისი სტიმულირების არქონის გამო, სოფლად დაგროვილი ისედაც მწირი ფინანსური კაპიტალის გადინება დიდ ქალაქებსა და სამრეწველო ცენტრებში;

    - სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი საკრედიტო რესურსების აუცილებელი სიიაფე;

    - ეკონომიკის აგრარულ სექტორში, სასაქონლო და მომსახურების ბაზრისგან განსხვავებით, ფულადი კაპიტალისა და საკრედიტო ბაზრის არასრულყოფილი ხასიათი (წარმოების სეზონურობისა და ხანგრძლივობასთან დაკავშირებული);

    - წარმოების შედეგების, ბუნებრივ-კლიმატურ პირობებზე მნიშვნელოვანი დამოკიდებულების გამო, კომერციული ბანკების მხრიდან ობიექტური უნდობლობის ფაქტორის არსებობა;

    - გლეხების (ფერმერების) მხრიდან კრედიტის ასაღებად საჭირო გირაოს უქონლობა, საბანკო სისტემაში არსებული რიგი ხარვეზები, ნაკლოვანებები და სხვ.

    აგრარული საკრედიტო სისტემის საერთო დამახასიათებელი ნიშნებია: სახელმწიფო მხარდაჭერისა და რეგულირების პოლიტიკის არსებობა; აგრარული საკრედიტო სისტემის პრინციპული განსხვავება ჩვეულებრივი საბანკო-საკრედიტო სისტემისაგან (რაც მის მიზნობრივ ხასიათში, ანუ დარგობრივ პრინციპში აისახება); აგრარულ სექტორთან დამოკიდებულებასა და ურთიერთობაში ამ სისტემებს შორის მჭიდრო ურთიერთკავშირი; აგრარული საკრედიტო სისტემის განვრცობა ადგილობრივ, რეგიონულ და ცენტრალურ დონეზე; თითოეული დონის ფუნქციების მკაფიოდ განსაზღვრა და მკვეთრად გამიჯვნა; მუშაობის პროცესში სოლიდარობის პრინციპის არსებობა;

    დასასრული

    აგროსაკრედიტო სისტემა არ მუშაობს დივიდენდების განაწილებაზე. იგი მიღებულ მოგებას საკუთარ საბრუნავ კაპიტალში აბრუნებს და პერმანენტულად ზრდის სესხის გაცემის მასშტაბებს. სესხის მიღებისათვის არც მატერიალური გარანტიებია საჭირო და არც წინასწარ შედგენილი ბიზნესგეგმა. აქ მთავარია ურთიერთობა, სოლიდარობა, ნდობა, პასუხისმგებლობა, რომელსაც კოოპერატიული გაერთიანების, როგორც ერთი ოჯახის წევრობა წარმოშობს.

    სპეციალიზებული კოოპერატიული აგროსაკრედიტო სისტემის ფორმირების შემდეგ შეიქმნება რეალური პირობა ქვეყნის აგროსასურსათო სექტორის დაფინანსება-დაკრედიტების მწყობრი სისტემის არსებობისათვის. ასეთ სიტუაციაში, სპეციალურ საკრედიტო სისტემასთან ერთად, წარმოიქმნება მყარი პირობები ამ სექტორის დაკრედიტებაში სხვადასხვა ორგანიზაციული სტრუქტურის მონაწილეობისათვის. მათ შორის მნიშვნელოვანი იქნება: სახელმწიფო ბიუჯეტის, კომერციული ბანკების, სადაზღვევო კომპანიების, ინდივიდუალური კრედიტორების, ურთიერთდახმარების ადგილობრივი სალაროებისა და სხვა ალტერნატიული წყაროების მონაწილეობა.

    სპეციალიზებული კოოპერატიული აგროსაკრედიტო სისტემის შექმნა, განსაკუთრებით - საწყის ეტაპზე, საჭიროებს აუცილებელ რეგულირებასა და კოორდინაციას. მსოფლიო პრაქტიკამ დაადასტურა, რომ აგრარულ სფეროში, პერიოდული ხელოვნური ჩარევის გარეშე, შეიძლება, გამოუსწორებელი უკუეფექტი მივიღოთ. ამიტომ აგროსასურსათო სექტორის დაკრედიტების სისტემის შექმნისა და რეგულირების საკითხში სახელწიფოს მონაწილეობა აუცილებელია.

    აგროკრედიტის სისტემის ფუნქციონირების მთავარი მიზანი უნდა იყოს აგროსასურსათო სექტორის საწარმოო და არასაწარმოო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ხელშეწყობა; საინვესტიციო პროცესების რეგულირება; შიდა ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე მოთხოვნილების რეგულირება; საექსპორტო პროდუქციის სტიმულირება და სხვ.

    ამდენად, საქართველოში მეწარმეობისა და აგრობიზნესის განვითარებისთვის მიმდინარე ეტაპზე გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს ეფექტიანი საკრედიტო-საფინანსო მექანიზმის ჩამოყალიბება. პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია სპეციალიზებული კოოპერატიული ტიპის აგროსაკრედიტო სისტემის ფორმირებით, რომელიც, ერთი მხრივ, დაეფუძნება მსოფლიო აგროსაკრედიტო სისტემის პრაქტიკასა და გამოცდილებას, ხოლო, მეორე მხრივ, შეჯერდება ქართული სოფლის სპეციფიკასთან.

    სპეციალიზებული კოოპერატიული აგროსაკრედიტო სისტემის შემოთავაზებული ვარიანტი წარმოადგენს აგრარული სექტორის ძირითადი ფონდების რეკაპიტალიზაციის აქტიური პოლიტიკის გატარების ინსტრუმენტს. იგი ძირითადად დაფუძნებულია მისი წევრების კოოპერირებული სახსრების უფრო ეფექტიან გამოყენებაზე, რომელიც, სესხის მიღების შედარებით გაიოლებული პირობებით, დაბალი საპროცენტო განაკვეთით, ნდობით, სოლიდარული პასუხისმგებლობითა და კორუფციის გამორიცხვით მიიღწევა.

    აღნიშნული პრობლემის სისტემური გადაწყვეტა და სახელმწიფო რეგულირება ხელს შეუწყობს ამ სექტორში მეურნეობრიობისთვის საჭირო პირობების შექმნას და კონკურენტული გარემოს ფორმირებას. საბოლოო ჯამში, ის მყარ გარანტიებს შექმნის ქვეყანაში კოოპერატიული გაერთიანებების ჩამოყალიბებისა და სასურსათო უშიშროების პრობლემის გადაჭრისათვის.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved