სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    14.05.2018

    პაატა გაჩეჩილაძე

    ბოლო ექვსი დღის განმავლობაში რუსეთმა სირიაში ორი თანამედროვე საბრძოლო საჰაერო აპარატი - მრავალფუნქციური სუ-30სმ და შვეულმფრენი კა-52 დაკარგა. შედეგად 4 პილოტი დაიღუპა.

    2015 წლის სექტემბერში, როცა რუსეთმა სამხედრო მოქმედებები დაიწყო სირიაში, დასავლეთში ბევრი აღნიშნავდა, რომ ეს ნაბიჯი გამოიწვევდა არა მარტო ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის ესკალაციას, არამედ ძალზე მძიმე შედეგებსაც თვით რუსეთისათვის.

    "ერუ უსწტწქშთე" აღნიშნავდა, რომ პუტინს ყირიმის "ტრიუმფისა" და დომბასში საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის დასრულების შემდგომ ახალი პიესა, ახალი შოუ სჭირდებოდა შიდა ელექტორალური (და არა მარტო შიდა) მოხმარებისათვის. თუმცა ეს პიესა, სავარაუდოდ, ძალზე ძვირი დაჯდებოდა.

    "ეს ძალიან ძვირი იქნება. თუ გადავხედავთ რუსეთის ეკონომიკას, ეს აშკარად არ არის კარგი იდეა, რუსეთი რისკავს, მიიღოს სირიაში ავღანეთი", - აღნიშნა მაშინ ბარაკ ობამამ.

    თავიდან საბრძოლო მოქმედებების მსვლელობა თითქოს საპირისპიროზე მეტყველებდა. გასული წლის ბოლოსათვის მოხერხდა "ისლამური სახელმწიფოს" ლიკვიდაცია და დღეისათვის ისლამისტების მხრიდან რაიმე მსხვილმასშტაბიანი ორგანიზებული საბრძოლო მოქმედება აღარ ხდება (თუმცა, რასაკვირველია, ეს რუსეთზე მეტად აშშ-ის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კოალიციის დამსახურებაა).

    რუსეთმა დიდი ბაქიბუქით განაცხადა, რომ დაასრულა "ისლამური სახელმწიფოს" განადგურება, მიაღწია ტრიუმფალურ გამარჯვებას და დაიწყო სირიიდან თავისი შეიარაღებული ძალების ძირითადი შემადგენლობის გამოყვანა.

    გასული წლის 11 დეკემბერს პუტინი პირადად ეწვია ხმენის ბაზას და სამხედროებთან ერთად გამარჯვებისა და მათი სამშობლოში დაბრუნებისადმი მიძღვნილ პომპეზურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილოება. მაშინ დასავლეთში ბევრმა ეჭვი გამოთქვა რუსეთის გულწრფელობაზე. უკვე დეკემბრის ბოლოს მომხდარმა მოვლენებმა ეს ეჭვიც გაამართლა და ყველას დაანახა, რომ სირიაში რუსეთისათვის "ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა".

    უსიამოვნებების ახალი კასკადი რუსეთისათვის გასული წლის 31 დეკემბერს დაიწყო, როდესაც ნაღმმტყორცნების გამოყენებით დაიბომბა ზემოხსენებული ხმენის ბაზა. მიუხედავად ინფორმაციის საგულდაგულოდ დამალვისა, ცნობილი გახდა, რომ განადგურდა შვიდი სამხედრო თვითმფრინავი, დაიჭრა ორ ათეულამდე რუსი სამხედრო. ასევე, განადგურდა იარაღის საწყობი, რომელიც ჭურვის მოხვედრის შემდეგ აფეთქდა.

    3 თებერვალს იდლიბის პროვინციაში რუსეთის სუ-25 ჩამოაგდეს, პილოტი გარდაიცვალა.

    7 თებერვალს კი ქალაქ ხაშამთან მოხდა შეტაკება, სადაც აშშ-ისა და მისი მოკავშირეების საარტილერიო და საჰაერო იერიშებს, სხვადასხვა ინფორმაციით, ასადის არმიის მებრძოლების გარდა, "ვაგნერის" დაჯგუფების რამდენიმე ათეულიდან 300-მდე რუსი სამხედრო შეეწირა. განადგურდა მათი სამხედრო ტექნიკის 3/4.

    კრემლმა ამ ფაქტთან დაკავშირებით "ხელები დაიბანა", განაცხადა რა, რომ იქ ოფიციალური რუსული შეიარაღებული ფორმირებები არ ყოფილან, თუმცა არავისათვის საიდუმლო არ არის, რომ "ვაგნერი" კრემლის თანხმობით მისი მიზნების განსახორციელებლად შექმნილი კერძო სამხედრო იურიდიული პირია და მისი ამოცანაა, იქ იომოს, სადაც რუსული ოფიციალური შეიარაღებული ძალების გამოჩენა პოლიტიკურად კრემლისათვის არასასურველია. ასე იყო დომბასში და 7 თებერვალს ევფრატის მიმდებარე დეირ-ეზ-ზორის პროვინციაშიც, სადაც ასადის არმიისა და რუსების მიზანი იქ არსებული ნავთობის მდიდარ საბადოებზე კონტროლის დაწესება იყო.

    ზემოაღნიშნულის დასტურია ის გარემოებაც, რომ შეტაკების შემდგომ რუსეთმა სირიაში სასწრაფოდ გადაისროლა ოთხი ერთეული უახლესი, მეხუთე თაობის მრავალფუნქციური სე-57, რომლის გამოცდა ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ის შეიარაღებაში არც არის მიღებული. მათ უკვე რამდენიმე საბრძოლო ოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა და, რუსების თავშეუკავებელი განცხადებების თანახმად, "ვაგნერის განადგურებაზე იძიეს შური".

    მომხდარი სრულიად გასაგებია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების გარდა, სირიაში საკმარისზე მეტი ადამიანია, რომელსაც თავისი ანგარიშები აქვს ასადის რეჟიმთან და მზადაა, ესროლოს მასაც და მის ნებისმიერ მხარდამჭერსაც. ასადის კლანი ალავიტური უმცირესობაა და იგი დაპირისპირებულია ქვეყნის სუნიტურ უმრავლესობასთან, ამიტომ რუსეთს დღეს დაჯგუფებათა მთელი სპექტრი უპირისპირდება - სუნიტები, ზომიერი ოპოზიცია, ჯეიშ-ალ-ფატხი, ახრარ ალ-შამის ბრიგადა, ქურთი მებრძოლები და ა.შ. და რაც მთავარია, იქ არის აშშ-ის მეთაურობით შექმნილი საერთაშორისო კოალიცია, რომლის ძალაც რუსებმა 7 თებერვალს მწარედ იწვნიეს.

    შესაბამისად, რუსეთის დანაკარგი სირიაში გაგრძელდება და გაიზრდება. მაინც რა უჯდება ამ ქვეყანას სირიაში ომი?

    მიახლოებით შეიძლება მიჩნეული იქნეს, რომ რუსეთმა იქ უკვე დაკარგა დაახლოებით 200 სამხედრო (მათ შორის ორი გენერალი) და 900-მდე დაიჭრა. ამაში არ შედის "ვაგნერის" დანაკარგი. ავიაციის მხრივ რუსეთმა სხვადასხვა სახის 26 ერთეული საფრენი აპარატი დაკარგა. თუ როგორია ასადისათვის გადაცემული რუსული სამხედრო ტექნიკის ზარალი, ეს ცალკე თემაა.

    თუმცა, ტრადიციულად, რუსეთისათვის არაფერია ტექნიკისა და ცოცხალი ძალის დანაკარგი. საქმე ფინანსებშია.

    მხოლოდ 2016 წლის 7 ოქტომბერს, პუტინის დაბადების დღის აღსანიშნავად, კასპიის ფლოტილიის გემებიდან "კალიბრის" ტიპის 26 რაკეტა გაუშვეს სირიის მიმართულებით. თითოეული ასეთი რაკეტის საექსპორტო ღირებულება დაახლოებით 6,5 მილიონი დოლარია. ასე რომ, რუსეთის ლიდერის იუბილეს ასე ორიგინალურად აღნიშვნა რუსეთის ხაზინას დაახლოებით 169 მილიონი დოლარი დაუჯდა.

    ბრიტანული "|რთ ოფტუ"-ის ანალიტიკური ცენტრის გათვლებით, რუსეთს სირიაში ომის ერთი დღე დაახლოებით 4 მილიონი დოლარი უჯდება, ხოლო მთლიანობაში მან იქ უკვე 4 მილიარდამდე დახარჯა და აქ არ არის გათვალისწინებული ის ხარჯები, რაც რუსეთს საკუთრივ ასადის არმიის შენახვა, მისი ტექნიკითა და საბრძოლო მასალებით მომარაგება უჯდება.

    ალბათ ეს მნიშვნელოვანი დანაკარგია იმის მიზეზი, რომ, გამოკითხვების თანახმად, რუსების, რომლებიც, ტრადიციულად, "ველიკოდერჟავული" ამბიციების გამო ბევრ რამეს ითმენენ, 32% შიშობს, რომ სირიის კონფლიქტში ჩარევა შეიძლება გახდეს "ახალი ავღანეთი" რუსეთში.

    სტატიის დასაწყისში აღნიშნული თვითმფრინავისა და შვეულმფრენის კატასტროფიდან მიღებული ზარალი 70 მილიონი აშშ დოლარია. როდემდე გაუძლებს რესურსების პრიმიტიულ ექსპლუატაციაზე დაფუძნებული და დასავლეთის სანქციებით დამძიმებული რუსული ეკონომიკა ასეთ და სხვა ხარჯებს, რაც, მისი მილიტარისტული პოლიტიკიდან გამომდინარე, მრავლად აქვს აკიდებული?

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved