სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    24.05.2018

    ანზორ საკანდელიძე, მშენებელთა ლიგის თავმჯდომარე

    მივმართავ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროს გიორგი ბაგრატიონსა და მის მოადგილე მამუკა ჯაყელს: ბატონებო, თავი დაანებეთ უკანონო მშენებლობების ლობირებას, რამაც კარს მომდგარი 8-ბალიანი მიწისძვრების დროს შეიძლება თბილისი გადააქციოს სეისმონანგრევებში ჩამარხული ასი ათასობით თბილისელის ერთ გლობალურ საძმო სასაფლაოდ და ამით დამთავრდეს საქართველოს სახელმწიფოს ისტორია. დღეს თბილისში ცხოვრობს თითქმის ნახევარი საქართველო და აქაა თავმოყრილი ჩვენი ისტორიულ-სახელმწიფოებრივი ძეგლები და მართლმადიდებლურ-სულიერი სიწმინდე-საგანძურები!

    გიფიქრიათ, ბატონებო, ამაზე? გიფიქრიათ იმაზე, რომ თქვენ გადააბიჯეთ სეისმომედეგობის კანონს: "სეისმომედეგი მშენებლობა პნ 01-01-09". ამ კანონით 4 ურთულესი და საქართველოში დღემდე განუხორციელებადი სეისმოუსაფრთხოების დამცავი სამუშაოს ჩატარების გარეშე რკინაბეტონის კარკასული და ურიგელო კარკასული შენობების მშენებლობა ნებადართულია მხოლოდ, შესაბამისად, 12 და 7 სართულამდე!

    არქიტექტურის სამსახურის მიერ ამ კანონის დარღვევით, ანუ უკანონოდ გაცემული მშენებლობის ნებართვებისა და თქვენი დანაშაულებრივი ზედამხედველობის გამო დღეს თბილისი გადაჭედილია უკანონოდ აშენებული 20-40-სართულიანი "სიკვდილის კორპუსებით." ეს უკანონო სართულიანობა ასეთი განუკითხაობის გაგრძელების შემთხვევაში მალე გადააჭარბებს 60 სართულს და დასანგრევად განწირულ "სიკვდილის კორპუსებში" დღეს ვიცხოვრებთ ჩვენ, ხვალ კი - ჩვენი შვილები და შვილიშვილები!

    ამ სასიკვდილო განუკითხაობის თვალსაჩინო მაგალითია ასათიანის ქუჩა #10 მისამართზე, ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიაზე თქვენი ზედამხედველობის სამსახურის დანაშაულებრივი ლობირებით, 12-სართულიანის ნაცვლად, უკანონოდ აშენებული 32-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც დღემდე არ არის შემოწმებული საპროექტო 8-ბალიან სეისმომედეგობაზე, საინჟინრო გეოლოგიასა და სივრცით მდგრადობაზე, რის გამოც იქ ცხოვრება სიკვდილის ტოლფასია!

    არადა, ჩვენ ზუსტად "პნ 01-01-09" სეისმომედეგი მშენებლობის კანონის გამოყენებით მოვიგეთ სამივე დონის სასამართლო და შევაჩერეთ აქ გათვალისწინებული 32-სართულიანი 8 საცხოვრებელი "სიკვდილის კორპუსის" მშენებლობა იქამდე, სანამ მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაცია არ მოვა სრულ შესაბამისობაში ამ კანონთან. სამწუხაროდ, ნარმანიას დროინდელმა თბილისის მერიამ არ შეასრულა თბილისელების სიკვდილ-სიცოცხლის ტოლფასი ეს სასამართლო გადაწყვეტილება მშენებლობის პროექტის სამშენებლო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე.

    უფრო მეტიც, მაშინდელმა მერიამ შეაჩერა მხოლოდ 7 "სიკვდილის კორპუსის" მშენებლობა და ვაიინვესტორს დაამთავრებინა ზოგი მათგანი, რომლის მშენებლობა დაწყებული იყო. ასეთი გარიგებებითა და სეისმომედეგობის ამ კანონის გვერდის ავლით თბილისში უკვე აშენებულია ასობით "სიკვდილის კორპუსი" და დღემდე ჩართულია კონვეიერი: უკანონო ნებართვები-უკანონო ზედამხედველობა-უკანონო მიღება-ჩაბარება.

    როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს სასიკვდილო ბაკქანალია საქართველოს ისტორიაში გამორჩეული 2 ბრწყინვალე გვარის - ბაგრატიონებისა და ჯაყელების შთამომავალათა თავკაცობით? რა არის გამოსავალი? როგორ უნდა მოიქცეს აშკარად დაბნეული თბილისის მერი კახა კალაძე, რომელსაც 3-ჯერ გავუგზავნეთ ჩვენ მიერ დამუშავებულ-დაპატენტებული ("საქპატენტის" მოწმობა #7069) "თბილისისა და თბილისელების გადარჩენის მეგაპროგრამა". ნახევარი წელიწადი გავიდა და პასუხი დღემდე არ მიგვიღია. რატომ?

    იმიტომ, რომ დღეს მერიაში ამ "მეგაპროგრამის" წამკითხავი და გამგები არავინაა, რადგან მერიის ხელმძღვანელობასა და მის ქვემდებარე სამსახურებში ერთი გამოცდილი ინჟინერ-მშენებელიც კი არ მუშაობს. ამიტომ ერთხელ კიდევ ვურჩევთ ბატონ კახას, სასწრაფოდ აიყვანოს მრჩევლად გამოცდილი ინჟინერ-მშენებელი, რომელიც წაიკითხავს და გაიგებს ამ "მეგაპროგრამას", სადაც გაწერილია სეისმონგრევებისაგან თბილისის გადარჩენის აუცილებელი პირველადი გასატარებელი ღონისძიებები მიწისძვრების წინასწარი პროგნოზირების ჩათვლით.

    თუ ამას დროულად არ გავაკეთებთ და 8-ბალიან სეისმურ ზონაში მდებარე თბილისში მოხდება მოსალოდნელი 8-ბალიანი მიწისძვრა, უკან დაგვრჩება ღამის ბიზნესიც, დღის ბიზნესიც და თბილისში დატრიალდება ისეთი საშინელი, წარმოუდგენელი ტრაგედია, რის გამოც ჩვენი შვილები და შვილიშვილები შეგვრაცხავენ "ცოდვილებად", "უსჯულოებად" და მოგვიგონებენ ბიბლიური იერემია წინასწარმეტყველის ამ სიტყვებით: "მამათა ჩვენთა ცოდეს, და არღა არიან, და ჩვენ უსჯულოებათა მათთა მოვისჟამთ".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved