სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    31.05.2018

    დიმიტრი შენგელია, ნავთობქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

    ატმოსფერული ჰაერი წარმოადგენს მნიშვნელოვან სასიცოცხლო ელემენტს გარემოში და ბუნებრივია, რომ მისი სისუფთავე ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია მოსახლეობისათვის ეკოლოგიური კეთილდღეობის შესანარჩუნებლად. ავტომობილების მიერ გამონაბოლქვის სახით ატმოსფეროში მოხვედრილი მავნე ნივთიერებები დიდ ზიანს აყენებენ ადამიანის ჯანმრთელობასა და საერთოდ - გარემოს.

    ატმოსფეროს დაბინძურებამ საქართველოს მასშტაბით გადააჭარბა ეკოლოგების ყველა პროგნოზს. პრობლემის მოგვარება აუცილებელია ავტოპარკის ტექნიკური მდგომარეობისა და საწვავის ხარისხის გაუმჯობესებით. როგორი მაღალი ხარისხის საწვავიც არ უნდა გამოვიყენოთ ტექნიკურად გაუმართავ ავტომობილში, ეკოლოგიური თვალსაზრისით სასურველი შედეგი არ მიიღება.

    საწვავის პარამეტრები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და სტანდარტის მოთხოვნებიდან მცირედი გადახრა, თუნდაც ერთი პარამეტრის შეცვლა, იწვევს ძრავას მწყობრიდან ნაადრევ გამოსვლასა და გარემოს დაბინძურებას. ასეთი საწვავის რეალიზაცია მომხმარებლისათვის განვითარებულ ქვეყნებში აკრძალულია, ამიტომ სასაქონლო მოტორული საწვავის ყველა ცალკეული პარამეტრისათვის უნდა მოინახოს ფიზიკურ-ქიმიური და ექსპერიმენტულ თვისებებთან ურთიერთკავშირის ოპტიმალური დონე.

    გარემოს ეკოლოგიური უსაფრთხოების ამაღლების მიზნით, ევროპულ ბაზარზე მოხვედრილი ყველა ავტომობილი უნდა შეესაბამებოდეს "ევრო-5"-ის სტანდარტს, ამიტომ მათთვის დიდი მინიშვნელობა აქვს გამოყენებული საწვავის ხარისხს. საქართველო არ მიეკუთვნება ნავთობისა და ნახშირწყალბადოვანი აირის მოპოვების მსხვილ რეგიონს. ბენზინი და დიზელის საწვავი შემოდის ძირითადად რუმინეთიდან, საბერძნეთიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან და მომხმარებელს სთავაზობენ ავტომობილის შემდეგი სახეობის საწვავს: ბენზინი "რეგულარი", "პრემიუმი", "სუპერი" და აგრეთვე - დიზელი. ზემოთ აღნიშნულ საწვავს საქართველოში იმპორტირებისა და ხარისხის სერტიფიცირების შემდეგ ათავსებენ ტერმინალებში და ავტოგასამართ სადგურებში (აგს), სადაც შეიძლება მათი ხარისხის შეცვლა.

    საწვავის ხარისხი უარესდება 1-2 წლის განმავლობაში ტერმინალის ან ბენზინგასამართი სადგურების გაუწმენდავ ავზებში ახალი საწვავის მოთავსების შემთხვევაში. ასე რომ, იმპორტირებული საწვავი შეიძლება იყოს ნამდვილი და ფალსიფიცირებული, ამიტომ რეალიზაციამდე უნდა განხორციელდეს მათი ანალიზი სტაციონარულ ლაბორატორიაში. ძირითად ნაერთებს, რომლებიც აბინძურებენ ჰაერს, მიეკუთვნება ნახშირის მონოქსიდი, ნახშირის, აზოტის, გოგირდის დიოქსიდი, ნახშირწყალბადები, რომლებიც შეადგენენ ავტომობილის მიერ გამონაბოლქვი ტოქსიკური ნართების 98%-ს, აგრეთვე - ბენზოლი, ჭვარტლი და სხვა.

    ნახშირის მონოქსიდი წარმოადგენს ნახშირწყალბადის არასრული წვის პროდუქტს. დიზელის საწვავის გამოყენებისას მონოქსიდის რაოდენობა შედარებით ნაკელებია იმის გამო, რომ იგი მუშაობს ჰაერის დიდი სიჭარბით.

    ნახშირის მონოქსიდის მოხვედრისას ადამიანის სისხლში ის წარმოშობს ჰემოგლობინთან მყარ ნაერთს - კარბოქსი ჰემოგლობინს, რაც იწვევს ჟანგბადოვან შიმშილსა და საბოლოოდ - გონების დაკარგვას. აზოტის ოქსიდი წარმოიქმნება ჰაერის აზოტის ჟანგბადთან ურთიერთქმედებისას. აზოტის მონოქსიდიც, როგორც ნახშირის მონოქსიდი, უკავშირდება ჰემოგლობინს. ამ პროცესში წარმოიქმნება არამდგრადი ნიტროზონაერთი, რომელიც გადადის მეტჰემოგლობინში. ამგვარად, დიდი რაოდენობით აზოტის მონოქსიდის მოხვედრა ატმოსფეროში იწვევს სიკვდილიანობას.

    გოგირდის ოქსიდები იწვევენ სასუნთქი გზების დაავადებებს და ამცირებენ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას, ასევე უარყოფითად მოქმედებენ მცენარეებზე და იწვევენ სამშენებლო მასალის კოროზიას. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ნახშირბადის დიოქსიდის როლი გლობალურ დათბობაში უდიდესია.

    საწვავის არასრული წვისას მანქანის გამონაბოლქვში არსებული ნახშირწყალბადები წარმოადგენენ მრავალი ქიმიური ნაერთის ნარევს, რომლებიც ახდენენ მრავალმხრივ უარყოფით გავლენას ადამიანზე და სმოგის წარმოშობის ნედლეულია. სერიოზულ საშიშროებას წარმოადგენს ბენზოლი, იგი ტოქსიკურად მოქმედებს ცოცხალ ორგანიზმზე, ხოლო ბენზოლის წვისას ძრავაში წარმოიშვება ბენზპირენი. აშშ-ის შრომის დაცვის ფედერალური ადმინისტრაციის მიერ ბენზოლი შეტანილია ყველაზე საშიშ ნივთიერებათა სიაში.

    საქართელოს ეკოლოგიური აკადემიის წევრის, პროფესორ თ. ვეკუას განცხადებით, ჰაერის დაბინძურების მხრივ დედაქალაქში კატასტოფული მდგომარეობაა. ამ მხრივ არასახარბიელო მდგომარეობაა რეგიონებშიც. მისი აზრით, მთავარი არ არის ის, რომ ონკოლოგიური დაავადებები და ფილტვების დაავადებები იზრდება, მთავარია ის, რომ კატასტროფულად ქვეითდება იმუნური სისტემა. ეს უფრო საშიშია, ვიდრე ონკოლოგიური შემთხვევები.

    ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ჰაერის დაბინძურებით გამოწვული ავადობისა და სიკვდილიანობის შესაფასებლად იყენებს შემდეგ დაავადებებს:

    - გულის იშემიური დაავადებები 25 წლისა და მეტი ასაკის მოსახლეობაში;

    - ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები 25 წლისა და მეტი ასაკის მოსახლეობაში;

    - ინსულტი 25 წლისა და მეტი ასაკის მოსახლეობაში;

    - ტრაქეის, ბრონქისა და ფილტვის სიმსივნეები 25 წლისა და მეტი ასაკის მოსახლეობაში;

    - ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები 5 წლამდე ასაკის ბავშვებში.

    საქართველოში 2017 წელს დაფიქსირდა ზემოთ აღნიშნული დაავადებების 61 268 შემთხვევა, რომელთა მკურნალობის სახელმწიფო ხარჯმა, ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, შეადგინა 106 766 056 ლარი.

    საწვავის მაღალი ხარისხი არის ავტომობილების ხანგრძლივი მუშაობისა და გარემოს ნაკლებად დაბინძურების გარანტი. ეს თემა აქტუალურად იხილება სახელმწიფო დონეზე. მუშავდება შესაბამისი კანონპროექტები, მაგრამ, ყოველივე ამის მიუხედავად, პრობლემა მაინც მოუგვარებელი რჩება.

    საწვავის მაღალი ხარისხი დამოკიდებულია ათეულობით ფაქტორზე, მაგრამ მათ შორის შეიძლება გამოვყოთ ორი ძირითადი: ფასის დონე და საწვავის ხარისხი. ნავთობპროდუქტების იმპორტით დაკავებულ ზოგიერთ ბიზნესმენს კი არ აინტერესებს საწვავის ხარისხი და გარემოს დაბინძურება, ვინაიდან საკუთარი საქმიანობის უმნიშვნელოვანეს საზომად მიაჩნია მხოლოდ ფინანსური მხარე. ამიტომ საწვავის ხარისხის კონტროლი უნდა გახდეს ყველა დონის ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების ყოველდღიური საზრუნავი, ვინაიდან მარტო აგს-ების რაოდენობის გაფართოება არ არის კომპანიის გაკოტრებისაგან დაცვის გარანტი.

    განვითარებულ ქვეყნებში შესაბამისი ორგანოების მიერ სისტემატურად ხდება ამ ყველაფრის კონტროლი, სასაქონლო ბენზინისა და დიზელის საწვავის წარმოების დასაწყისიდან, მათ მოთავსებამდე ავტომობილის ავზში, საქართველოში კი კმაყოფილდებიან, ძირითადად, მიღებული საწვავის მონაცემებით, რომლებიც შემოთავაზებულია სერტიფიკატში ან პასპორტში. ამიტომ აუცილებელია ცენტრალიზებული დამოუკიდებელი თანამედროვე აპარატურითა და მაღალკვალიფიციური ნავთობქიმიკოსებითა და სპეციალისტებით დაკომპლექტებული ლაბორატორიის ჩამოყალიბება, სადაც ევროპული ქვეყნების დონეზე მოხდება საწვავის ხარისხის შემოწმება და კონტროლი.

    სასაქონლო ბენზინისა და დიზელის საწვავის შესყიდვა, იმპორტი, ტრანსპორტირება, დასაწყობება, რეალიზება კორპორატიულ და ინდივიდუალურ კლიენტებზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს საწვავის ხარისხზე. "სოკარის" მიერ საქართველოში იმპორტირებული ბენზინისა და დიზელის საწვავის მონიტორინგმა ევროსტანდარტთან მიმართებაში გვიჩვენა, რომ აღნიშნული საწვავები შეესაბამება ევროსტანდარტის მოთხოვნებს. საწვავი ითვლება ხარისხიანად, თუ საწვავის განსაზღვული პარამეტრები შეესაბამება ნორმატიულ დოკუმენტაციაში მითითებულ მონაცემებს.

    ავტომობილის ხარისხიანი ბენზინისა და დიზელის საწვავის რეალიზაცია უნდა გახდეს პრიორიტეტული საქმიანობა ყველა ნავთობკომპანიისათვის. მთავრობა, ქალაქის საკრებულო, მერია, ადამიანის უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია და სხვები აქტიურად უნდა ჩაერთონ აღნიშნული პრობლემის დადებითად მოგვარებაში, განსაკუთრებით - დედაქალაქში. აღნიშნული ავტომობილის მიერ გამონაბოლქვში შემავალი მავნე ნივთიერებები ილექებიან ჰაერში გამოფრქვეულ მყარ ნაწილაკებზე (სამშენებლო მასალები, აზბესტი, მტვერი და სხვა) და სასუნთქი გზების მეშვეობით ხვდებიან ადამიანის ორგანიზმში. ამიტომ დილით ადრე სასურველია, გაირეცხოს ავტომობილისა და მოსახლეობის სავალი გზები, როგორც ეს ადრე ხდებოდა.

    ამჟამად საქართველოში ავტომობილების საერთო რაოდენობა, რომლებიც მუშაობენ ნახშირწყალბადოვან აირზე, შეადგენს დაახლოებით 300 000 ერთეულს. აირადი ნახშირწყალბადოვანი საწვავის მნიშვნელოვანი ღირსებაა უკეთესი ეკოლოგიური მახასიათებლები და, პირველ რიგში, ძრავას მუშაობის შედეგად გამოტყორცნილ აირში მავნე ნივთიერებების სიმცირე. თხევად საწვავთან შედარებით მისი უპირატესობაა ის, რომ აირადი საწვავის გამოყენება ავტომობილში არსებითად ამცირებს საწვავის ხარჯს. მრავალგანვითარებული სახელმწიფოს მთავრობა ხელს უწყობს გაზომოტორული საწვავის გავრცელებას. დიმეთილის ეთერი არის ჩინებული დიზელის საწვავი. მისი ღირსებაა მაღალი ცეტანური რიცხვი. ამჟამად დანიისა და შვეიცარიის ბევრ ქალაქში მუნიციპალური საავტომობილო პარკი გადაყვანილია დიმეთილეთერზე. ცნობილია, რომ მსოფლიოში დიდი ყურადღება ეთმობა ისეთი ავტომობილების წარმოებასა და განვითარებას, რომლებიც მუშაობენ მარტო ელექტროენერგიაზე.

    ასეთი სახეობის ტრანსპორტმა შეიძლება, გადაწყვიტოს ორი თანამედროვე გლობალური პრობლემა და უზრუნველყოს ატმოსფერო მავნე ნივთიერებებით დაბინძურებისაგან, ამასთანავე - ნახშირწყალბადოვანი რესურსების ეკონომია. საკონტროლო სამსახურმა მკაცრი ზომები უნდა განახორციელოს იმ აგს-ებისა და ტერმინალების მიმართ, რომელთაგან რეალიზებადი ავტომობილის თხევადი საწვავი არ პასუხობს სტანდარტის მოთხოვნებს. წარმოდგენილი კონცეფცია საქართველოში შესრულდება იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობას, მთავრობასა და დედაქალაქის მერიას გაუჩნდებათ ნება და სურვილი, მოაგვარონ აღნიშნული პრობლემა კომპეტენტური სპეციალისტების მონაწილეობით. ამით ბევრად შემცირდება მოსახლეობის სიკვდილიანობა, დაავადებების მკურნალობის ხარჯები

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved