სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    13.06.2018

    "მომიკითხე კოკაინი, მოგიკითხავ მორფსა..."

    ვატყობ, პარლამენტამდე ჩვენი ხმა არ, ან ვერ მიდის, მათი, ვინც პარლამენტისგან ითხოვს გადაწყვეტილების მიღებას ისეთ მძიმე საკითხზე, როგორიცაა მომავალი თაობების დაცვა ნარკოტიკებისგან. მცირე ჯგუფმა, თქვენს მონა-მორჩილთან ერთად, მოამზადა პეტიცია პარლამენტისადმი.

    რედაქციისადმი დიდის მადლიერების გრძნობით აღვნიშნავ - გაზეთმა "რეზონანსმა" (2018 წ. 28 მარტი) გამოგვიქვეყნა. პეტიცია ხელმოწერებით გადაეგზავნა პარლამენტს. ერთ-ერთმა ავტორმა პირადადაც მიიტანა და ჩააბარა მის კანცელარიას.

    პეტიციაში წამოჭრილი პრობლემები აქტიურად განიხილება სოციალურ ქსელებშიც - ნარკოლიბერალიზაციის შემოთავაზებულ პროექტს ჰყავს გაცილებით ნაკლები მომხრე, ვიდრე მოწინააღმდეგე. თხოვნა - კენჭისყრის წინ კენჭისყრაზე დასაყენებელი პროექტის აუცილებელი გამოქვეყნება ერთი თვით ადრე, რბილად რომ ვთქვათ, არაფრად ჩააგდეს. მეტიც, არ ვიცით, დაურიგდათ თუ არა მისი ტექსტი დეპუტატებს.

    "პეტიციის ავტორთა მოსაზრებით"-ო, გვწერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ქალბატონი ეკა ბესელია, "ნარკოლიბერალიზაციის შესახებ კანონის მიღება ნაჩქარევად, საყოველთაო განხილვის გარეშე დაუშვებელია"-ო. შემდეგ გვპასუხობს - "გასათვალისწინებელია, რომ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი (#07/3/77/9/-22.06.2017) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 147-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, პარლამენტის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულია 2017 წლის 22 ივნისიდან"-ო.

    ქალბატონი ეკას, როგორც იურისტის, პროფესიონალიზმში ეჭვის შეტანა ჩემის მხრიდან მკვრეხელობა იქნებოდა - იურიდიულად დაგვჯაბნა. სხვას ვერაფერს ვიტყვი. კითხვებს კი მაინც შევბედავ. ქალბატონო ეკა, ტერმინი ნარკოლიბერალიზაცია არ გეხამუშათ? თქვენ ხომ ხაზგასმით აღნიშნავთ, რომ იგი არა ნარკოლიბერალიზაციის, არამედ ნარკოდეკრიმინალიზაციის კანონის პროექტია. რატომ, ასე ადვილად, ტერმინი "ნარკოლიბერალიზაცია"?! მაშასადამე, მართალი ვყოფილვართ, სამომავლო სცენარის პესიმისტური მიმართულებით განვითარების რომ შეგვშინებია. თუ თქვენი რეფერენტების დაუდევრობას მივაწეროთ? პარლამენტარები თუ ჩვენს ხმას არ გაიგონებენ დღეს, გავაგონებთ ხვალ - არჩევნებზე! არჩევნებზე მოსმენილი არ იქნება სასიამოვნო ნარკოლიბერალიზაციის მომხრეთათვის.

    უნდა ვთქვა, ჯიუტი ადამიანი ვარ - სანამ კითხვაზე პასუხს არ მივიღებ, ადრესატს მოსვენებას არ ვაძლევ. ამიტომაცაა, დამაჯერებელი პასუხის მიღებამდე ვიმეორებ და ვიმეორებ უპასუხო კითხვებს. ნარკოლიბერალიზაციის პროექტით შემოთავაზებული მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი დოზები რა კრიტერიუმითაა შერჩეული? რა პრინციპი უდევს საფუძვლად, ბატონო ავტორებო?

    აი, როგორაა დადგენლი მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი დოზები: რამდენიმე მაგალითს მოვიხმობ - მარიჰუანა, კოკაინი და მორფინი: მარიჰუანა - 10 გრ., 140 გრ. და 500 გრ. კოკაინი: 0 გრ. 10 გრ. და 50 გრ. (მცირე დოზად თავიდან 1 გრ. ყოფილა შემოთავაზებული. დეკემბერში წაუშლია ვინმე დატო დატო-ს. გმადლობთ, დატო დატო!). 10 გრ. მარიჰუანა დაახლოებით 20 პაპიროსია, ანუ 40 დოზაა. 140 გრ. კი 500 დოზაზე მეტია. რომელი ნარკოგადამყიდველი ჩაიდებს ჯიბეში 40 დოზაზე მეტ მარიჰუანას?! ნარკოტიკის დაუსჯელ გასაღებას ხომ არ ვახალისებთ?! თუ ვცდები, მითხრან ბატონმა ა.ზოიძემ და ქალბატონმა ე.ბესელიამ.

    მათი სარეფერენტო გარემოცვიდან ტყუილად ნუ შეწუხდებიან - ეჭვი მაქვს, გაუნათლებელი, მოჩიქორთულე ქართულით მეტყველი ადამიანებით არიან გარშემორტყმულები. ნათქვამის საბუთიც მაქვს - ქალბატონი ე.ბესელიას უარყოფითი პასუხი პეტიციის განხილვაზე. იქნებ ნარკოლეგალიზაციის "დუღარე" მხარდამჭერებმა დაგვისაბუთონ გაზრდილი დოზების მიზანშეწონილობა. კოკაინის ერთი დოზა დაახლ. 30 მილიგრამია. ავიღოთ მაქსიმალური - 50 მგ. 10 გრამი კოკაინი გამოდის 200 დოზა. რომელი ნარკოგადამყიდველი ჩაიდებს ჯიბეში 200 დოზას?! 199 დოზით ვაჭრობისთვის (ისიც, თუ წაასწრეს!) 400-საათიანი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ადეკვატური სასჯელია?!

    მორფინის დოზები პირდაპირ თავზარდამცემია! 0.06 გრ მორფინი (60 მილიგრამი) რამდენი დოზაა, ძვირფასო პარლამენტარებო?!... ერთი ამპულა მორფინი შეიცავს 10 მილიგრამს (1 მლ, კონცენტრ. 10 მგ/მლ). ექვსი ამპულა მორფინი პირადი მოხმარებისთვის?! და სამოცამპულიან გადამყიდველს 400-საათიანი გამასწორებელი შრომა ან საყვედური სასჯელად?! საყვედური რა იქნება, ნეტავ?! "ნწუ, ნწუ, დააშავე!" თუ "დუტ, დუუტ!"?! ბატონო პარლამენტარებო, ნარკოტიკების თავშეუკავებელი პროპაგანდა რატომ მიმდინარეობს ქართული ტელეარხებით? ლამისაა, ეჭვი შევიტანო იმ ადამიანთა უანგარობაში, ვინც ასე გავეშებით ცდილობს, ნარკოდეკრიმინალიზაციის შესახებ შემოთავაზებული პროექტის კანონად ქცევას.

    რატომ ვერ ისმის კანონპროექტის ამ სახით მიღების მოწინააღმდეგეთა ხმა? ბატონო პარლამენტარებო, მოვითხოვთ, შეამციროთ კანონპროექტის დანართით გათვალისწინებული დოზები! მინიმალური დოზა დადგინდეს მხოლოდ მარიჰუანასთვის (უკიდურეს შემთხვევაში რამდენიმე მსუბუქი კლასის ნარკოტიკისთვის - კოკას ფოთლები, მაგალითად). მინიმალური დოზა უნდა იყოს არა 10 გრამი, არამედ რამდენიმე პაპიროსის შესაბამისი, ვთქვათ, 2 ან მაქს. 3 გრამი.

    კოკაინზე, მორფინსა და მათნაირებზე მინიმალური დოზა უნდა იყოს 0 გრ. (თუ მაინცდამაინც, 0.001 გრ., ანუ, როგორც ნარკომანები ამბობენ, შპრიცში ჩარჩენილი დოზებისთვის არ უნდა იყოს ციხე. თუმცა რატომ ინახავენ შპრიცში ჩარჩენილ დოზას, ვერავინ ამიხსნა). ბატონო პარლამენტარებო, დაჟინებით მოვითხოვთ, მხედველობაში მიიღოთ ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობის ნება - არა ნარკოტიკს! არა გაუაზრებელ ნარკოდეკრიმინალიზაციას! არა ნარკოლიბერალიზაციას! ჩვენ, კანონმორჩილი მოქალაქეები, არ ვაწყობთ აქციებს. ნუ შეგექმნებათ ილუზია, რომ ცოტანი ვართ. ჩვენ ჯერჯერობით ვენდობით მთავრობას და პარლამენტს. თუ ნარკოდეკრიმინალიზაციის პროექტი იმ სახით იქნა მიღებული, როგორიც ბატონი ა.ზოიძის ჯგუფის მიერაა შემოთავაზებული, ჩვენ ყველანაირი კანონიერი საშუალებით შევეწინააღმდეგებით მის განხორციელებას. გპირდებით, კანონიერი გზით გავაძევებთ საკანონმდებლო ორგანოდან ყველას, ვინც მხარს დაუჭერს ქვეყნის დამღუპველ კანონს.

    ნუ წავართმევთ ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს მომავალს! თუ თქვენ არ შეგიძლიათ საშვილიშვილო გადაწყვეტილების მიღება, აცალეთ მომავალ თაობას! ისინი მიიღებენ უკეთეს კანონებს! მე მჯერა მათი!

    სოლომონ ნერგაძე პავიას უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგიის ასისტენტ-პროფესორი (პავია, იტალია).

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved