სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    09.08.2018

    ანზორ საკანდელიძე რეფორმატორთა კავშირის თავმჯდომარე

    მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთავრობის ადმინისტრაციაში მალე შეიქმნება ინფრასტრუქტურის სამინისტროდან გადმოტანილი და განახლებულ მართვის სისტემაზე დაფუძნებული რეგიონული განვითარების სამსახური, რომელსაც სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს.

    სწორედ რეგიონული განვითარების პრობლემების სწრაფად მოგვარებას ითვალისწინებს ჩვენ მიერ დამუშავებულ-დაპატენტებული ("საქპატენტის" მოწმობა #6333), საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიისა და ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწონებული "საქართველოს ანტიკრიზისული 5-წლიანი კომპლექსური ეკონომიკური რეფორმების კონცეფცია-პროგრამა". ეს კონცეფცია-პროგრამა ვრცლადაა წარმოდგენილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისადმი გაგზავნილ, 2018 წლის 26 ივნისის #21 ჩვენს ოფიციალურ წერილსა და მის დანართებში.

    კონცეფცია-პროგრამა დაფუძნებულია ჩვენი დიდი ძალისხმევით 1999 წელს მიღებული და 2006 წელს ნაციონალების მიერ დანაშაულებრივად გაუქმებული, მსოფლიოში დასაქმებულთა 90%-ის დამსაქმებელი, მცირე მეწარმეობის კანონის სწრაფად აღდგენაზე. ამ კანონის აღდგენასთან ერთად, ავტომატურად აღდგება კანონთან მიბმული მცირე მეწარმეობის მართვის ცენტრი და მასთან მიბმული საინვესტიციო ფონდი, სადაც დაიწყებს უწყვეტად შემოდინებას მიზნობრივად მცირე მეწარმეობის განვითარებისათვის ყოველწლიურად გამოყოფილი ათეულობით მილიონი დოლარის ადგილობრივი თუ უცხოური გრანტები, ტრანშები, დახმარებები, შეღავათიანი კრედიტები და სხვა სახის ფულადი ნაკადები. აღსანიშნავია, რომ ეს ფულადი ნაკადი მცირე მეწარმეთა გვერდის ავლით 12 წელიწადია, უკანონოდ მიედინება ჯერ ბანკებში და შემდეგ - ბანკირთა უძირო ჯიბეებში.

    მცირე მეწარმეობის კანონის, ცენტრისა და საინვესტიციო ფონდის აღდგენის შემდეგ, ჩვენი კონცეფცია-პროგრამის მიხედვით ცენტრი გადავა რა მცირე მეწარმეობის მართვის ამერიკულ მოდელზე, მცირე მეწარმეობის მართვის ცენტრის ფილიალებს გახსნის საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონში. ეს ფილიალები ადგილებზე დაიცავენ მცირე მეწარმეთა უფლებებს, ინტერესებსა და, ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების მარაგებიდან გამომდინარე, ცენტრიდან დაეხმარებიან ადგილობრივ მცირე მეწარმეებს ადგილობრივი მცირე საწარმოების დაარსებასა და გარანტირებულ მოგებაზე ფუნქციონირებაში დამოუკიდებლად თუ ცენტრთან ერთობლივად.

    ბატონო სოზარ, მთელმა საქართველომ იცის, დღეს პოლიტიკურ დესტაბილიზაციაში გადასული დასაქმების რა უმწვავესი პრობლემები დგას მესტიის რაიონის სოფლებში ჭუბერსა და ხაიშში. თუ სწრაფად აღვადგენთ 2006 წელს გაუქმებულ მცირე მეწარმეობის კანონს, მასთან მიბმულ მცირე მეწარმეობის მართვის ცენტრსა და ამ ცენტრთან მიბმულ მცირე მეწარმეთა საინვესტიციო ფონდს, ამ ფონდში დაუყოვნებლივ დაიწყება მცირე მეწარმეობის განვითარების მიმართულებით გამოყოფილი, ზემოთ ჩამოთვლილი ათეული მილიონობით დოლარის ფულადი ნაკადების მობილიზება. მათ შორისაა 2015 წელს ფინანსთა სამინისტროს მიერ კომერციულ ბანკებში მიზნობრივად მცირე მეწარმეობის სასტარტო დაფინანსებისათვის გადარიცხული 200 მილიონი ლარის დღემდე აუთვისებელი ფულადი რესურსები.

    ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება, მესტიის რაიონში სასწრაფოდ გაიხსნას მცირე მეწარმეობის მართვის ცენტრის ფილიალი, რომელსაც მცირე მეწარმეთა საინვესტიციო ფონდში მობილიზებული ფულადი რესურსებიდან, პირველ რიგში, გაეწევა უმნიშვნელოვანესი ფინანსური დახმარებები. უკვე მოფიქრებულია, თუ რა მიმართულებით შეიძლება დაიხარჯოს ეს თანხები. პირველ რიგში, რეფორმატორთა კავშირის წევრის, აკადემიკოს გივი ჯავახიშვილის მიერ სპეციალურად მთიანი რეგიონებისათვის დამუშავებული სასურსათო სუბინდუსტრიული აგროსამრეწველო უნიკალური კომპლექსების მშენებლობა-ფუნქციონირების მიმართულებით.

    მესტიის რაიონისა და მისი სოფლებისათვის გამოვიყენებთ მთიანი რეგიონებისათვის დამუშავებულ, 51 მლნ ევროს კაპდაბანდების პროექტს, რომელიც მოიცავს ძირითად საწარმოო შენობასა და ამ შენობაში განთავსებულ სუბინდუსტრიული საკვებწარმოების კომპლექსს, რომლის ბაზაზე სხვადასხვა სოფელში, მათ შორის - ჭუბერსა და ხაიშში, ამუშავდება 13 მცირე სამრეწველო საწარმო. ამ კომპლექსსა და მცირე საწარმოებში 3000 დასაქმებულთა გარდა, არასამრეწველო მცირე ბიზნესებში ავტომატურად დამატებით დასაქმდება 5-ჯერ უფრო მეტი ადამიანი. მთელი კომპლექსი და საწარმოები მთლიანად აღიჭურვება ჰელიო და ბიო დანადგარების სისტემებით და ყოველწლიურად გამოუშვებს 78 მილიონი ევროს ღირებულების პროდუქციას.

    ბატონო სოზარ, ასეთია ჩვენი შემოთავაზებული წინადადებები. თუკი ის თქვენთვის მისაღებია, კონკრეტული შეხვედრის დროს ყველაფერს მოგახსენებთ უფრო ვრცლად და არგუმენტირებულად. გარდა ამისა, შეგვიძლია ვისაუბროთ იმ დიდ, ნამდვილად გრანდიოზულ აგროსამრეწველო პროექტებზე, რომელთა დანერგვა გივი ჯავახიშვილმა საქართველოში ვერ მოახერხა და ახლა მათ დასანერგად საზღვარგარეთის ბევრ ქვეყანაშია მიწვეული.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved