სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    22.08.2018

     ბატონო აკაკი, ქვემოთ მომაქვს ქალბატონი მანჩო გიორგობიანის გზავნილი. მე მასთან ვარ! თქვენ?!... თქვენ, ჩემი ქვეყნის პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ხართ. ჩემს სახელმწიფოს წარმოადგენთ. იმ სახელმწიფოს, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმეკაციან ჯგუფს ხელი არ შეუშალა, კონსტიტუცია გადაეხია ჩემთვის თავზე...

    დიახ, მე ჩემი ქვეყნის კონსტიტუცია თავზე გადამახიეს - პიროვნების თავისუფალი განვითარების ნიღბით... საკონსტიტუციო სასამართლომ მოუსმინა ვინმე ზ.ჯაფარიძის ხანგრძლივ მოხსენებას მარიჰუანის დადებითი ზემოქმედების შესახებ.... სახელმწიფომ კი მას ვერაფერი ან არაფერი დაუპირისპირა.

    თქვენ შეწუხდით საკონსტიტუციოს გადაწყვეტილების გამო. მჯერა, წუხილი გულწრფელია (დამიჯერეთ, გულწრფელად გეუბნებით). აი, საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების მიმღები კოლეგიის წევრების გულწრფელობისა კი რა მოგახსენოთ... მათ პროფესიონალიზმში ეჭვს ვერ შევიტან - როგორც იურისტებმა აჯობეს სახელმწიფოს, გაჯობეს თქვენ... მე კი კონსტიტუცია თავზე დამაფხრიწეს...

    ბატონო კაკი, ახლა მოგახსენებთ, რამ მიგვიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე - მარიჰუანის მოხმარების ლეგალიზაციის გადაწყვეტილებამდე: თქვენ, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, "იმედის" გადაცემაში "პირისპირ" ნარკომანების გვერდით დადექით და თქვენივე კომიტეტისა და პარტიის წევრებს დაუპირისპირდით. თქვენ დანებდით რბილ ძალადობას, ნარკომერეკლამეების მიერ ნაბიჯ-ნაბიჯ წარმოებულს. შეგახსენებთ თქვენდამი დასმულ მათ "მიამიტურ"კითხვას: - მეტად ხალხმრავალი მიტინგი რომ გაიმართოს თბილისის ცენტრში, დაგეხმარებოდათ თუ არა წარმოდგენილი კანონპროექტის მალე განხილვა-გატანაში.

    თქვენი დუმილი დასტურის ნიშნად მიიღეს. ვერ დაგიმალავთ, მეც ასე მივიღე. და, თბილისის ცენტრში გაიმართა ხალხმრავალი მიტინგი, უმეტესობა ახალგაზრდობა იყო, რომელმაც, ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები, მოითხოვა ნარკოლეგალიზაცია... რომელმაც მოითხოვა ნარკობარიგების ციხიდან განთავისუფლება...

    საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამდე, პირწიგნაკზე, თქვენ შეშფოთება გამოთქვით მარიჰუანის ნარკოტიკის რეკლამირების წინააღმდეგ უძლურებისა გამო. თქვენ, ჩემმა სახელმწიფომ, თქვით, რომ ძნელია ამნაირი რეკლამების აკრძალვა. თამბაქოს რეკლამა ხომაა აკრძალული?!... მარიჰუანის რეკლამას რატომ არ კრძალავს ჩემი სახელმწიფო?

    ბატონო კაკი, 28 ივლისის გადაცემაში "ცოდნა ფულია" დ.სხირტლაძის მიერ დასმული ერთი "საღლიცინო" (ტერმინი მისია) კითხვა ასეთი იყო: "ჯანდაცვის სამინისტროს კვალიფიციური აზრით, რისი მოწევა იწვევს ფილტვის კიბოს?" ოთხი შესაძლო პასუხი: მოსავლის, კანაფის, სკამის და თამბაქოს. სწორი პასუხია - თამბაქოს. თქვენ მეტყვით, რომ ეს არაა კანაფის რეკლამა?! თქვენ, სახელმწიფო, ვერ კრძალავთ რეკლამას?! თუ არ კრძალავთ? ბატონო კაკი, სწორედ ასეთი "ღლიცინ-ღლიცინით" (დ.სხირტლაძის ტერმინს ვიმეორებ) მივალთ მარიჰუანის თავისუფალ გაყიდვამდე... მერე სხვა ნარკოტიკების აფთიაქებში გაყიდვამდე... მივალთ, ბატონო კაკი, მივალთ!

    გულწრფელად მჯერა, თქვენც გაქვთ ასეთი ეჭვი... სხვანაირად შეუძლებელია. მითხარით, რომ ვცდები. გთხოვთ! თქვენ და თქვენმა თანამოაზრეებმა ექიმ კანდელაკს, რომელმაც ინტერნეტში ადვილად მოსაძიებელი, ოფიციალური ინფორმაცია გამოიყენა თავისი საგანმანათლებლო მოხსენებისათვის, რა არ უწოდეთ!

    ზოგიერთმა შარლატანიც კი ეძახა. ზედა კითხვაში, სადაც ჯანდაცვის სამინისტროს კვალიფიციური აზრით, რისი კანაფის მოწევა არ იწვევს ფილტვების კიბოს, არავის გაუპროტესტებია, რომ კანაფს თამბაქოში ურევენ. კანაფიანი თამბაქო არ იწვევს ფილტვების კიბოს, თუ რაშია საქმე? თქვენ როგორ ფიქრობთ, ბატონო აკაკი? ექიმი კანდელაკი შარლატანია - ნუთუ თქვენც ასე ფიქრობთ, ბატონო აკაკი?

    ახლა კი ქალბატონ მანჩო გიორგობიანს მივმართავ: დაო, შენთან ვარ. შენთან ერთად და შენნაირებთან ერთად. გპირდები, ჩემზე წინ შენ და შენნაირებს ვერ დაიჭერენ! ჯერ მე დამადებენ ხელბორკილებს! ჯერ ჩვენ დაგვადებენ ხელბორკილებს - ჩვენ, ვინც ბნელი და ტოტალური ნარკომანიის 90-იანები ისე გამოვიარეთ, არ დავცემულვართ და არ გავთახსირებულვართ!

    დღეს საქართველოს სამართავ რგოლებში 90-იან წლებში გაზრდილი თაობაა ძირითადად. მადლობა ღმერთს, მმართველი კიბის საფეხურებზე მყოფი (იმედი მაქვს) აბსოლუტური უმრავლესობა გადარჩენილია და ჯანსაღად აზროვნებს.

    ჩვენი ბრალია, რომ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სახელმწიფოს რომ წარმოადგენს, ნარკომანების გვერდში დადგა იმ ავადმოსაგონარ გადაცემაში. ჩვენი ბრალია! ჩვენი ბრალია იმიტომ, რომ ჩვენ ვერ ვაჩვენეთ რბილი ძალადობა. ჩვენ ვერ შევკრიბეთ იმაზე უფრო ხალხმრავალი მიტინგი, ვიდრე ეს ნარკომერეკლამეებმა შეძლეს.

    იმიტომ ვერ შევკრიბეთ, რომ ჩვენ სახელმწიფოს საკანონმდებლო და სამართავი პულტები არჩეულ ადამიანებს ჩავაბარეთ. იმის იმედით, რომ მოედნებზე და ქუჩაში გამოსვლა აღარ დაგვჭირდებოდა. იმის იმედით, რომ ჩვენ წყნარად მუშაობა, ოჯახებზე ზრუნვა შეგვძლებოდა. ახლა უკვე ვხედავთ, რომ არ ვყოფილვართ მართალი. არჩევა არ კმარა თურმე... ყოველდღიურად უნდა გვეგრძნობინებინა, რომ ჩვენ ვართ...  რომ არ უნდა მიიღონ ქვეყნის დამქცევი კანონი... ძალით უნდა ვამუშაოთ ჩვენი კანონმდებლები?!

    მე ასეთი ქვეყანა არ მინდა. არც მანჩოს უნდა. არც შენ გინდა, არც იმას, ვისაც ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების ბედი სტკივათ, არ უნდა! გინდათ დიდი მიტინგი, ბატონო აკაკი?! ალბათ მიიღებთ დიდ მიტინგს. რა მოჰყვება იმ დიდ მიტინგს, მე არ ვიცი. არ ვარ პოლიტიკოსი. პოლიტიკის არაფერი გამეგება. არც ხალხის მართვის. დიდი მიტინგი დიდი ძალაა, რომელიც გულით აზროვნებს და არა გონებით!

    გულის კარნახი კი ყოველთვის ვერაა ყველაზე კარგი გადაწყვეტილების მიღების გარანტია. აიკრძალოს ნარკოტიკების რეკლამირება! არა ციხეში ნარკოტიკების მომხმარებელი ნარკოტიკების მოხმარებისათვის! ჩვენ ვითხოვთ ნარკობარიგებისგან თავისუფალ საქართველოს! ჩვენ გვაწუხებს და გვტკივა ჩვენი შვილები, ჩვენი შვილიშვილები - ჩვენი ქვეყნის მომავალი!

     

    სოლომონ ნერგაძე

    მოლეკულური ბიოლოგიის ასისტენტ-პროფესორი

    პავია (იტალია), აგვისტოს 20, 2018.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved