სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი საქართველოს ადვოკატთა კორპუსმა უნდა შეარჩიოს
    მოსაზრება
    29.08.2018

     ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

    დემოკრატიულ ფასეულობებზე ორიენტირებულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის ყველაზე ეფექტური გარანტი, აგრეთვე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების თვითნებობის შემაკავებელი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოა.

    დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს სასამართლო ხელისუფლებაში განხორციელებული ე.წ. რეფორმების შედეგად, მოსამართლეთა დღევანდელი კორპუსი, ფაქტობრივად, ისეთივე მორჩილია ხელისუფლებისა, როგორც კომუნისტური მმართველობის დროს, ხოლო საქმეების განხილვის ვადა და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების რიცხვი აშკარად კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა.

    იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის განცხადებებმა და უზენაესი სასამართლოს მესვეურის გადადგომის ფაქტმა დამარწმუნა, რომ მართლმსაჯულების სისტემაში ვითარება საგანგებო და საგანგაშოა. ამას დაერთო პრეზიდენტის უშედეგო მოლაპარაკება აკადემიურ წრეებთან და ე.წ. არასამთავრობო სექტორთან, რამაც გადამაწყვეტინა, პრობლემის მოგვარების თაობაზე ჩემი თვალსაზრისი საზოგადოებისთვისაც გამეცნო. მით უმეტეს, რომ, როგორც თითოეული მოქალაქე, დაინტერესებული ვარ, საქართველო სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს, ქვეყანაში მიმდინარე სამართლებრივ რეფორმებსაც, დიდი ხანია, ვადევნებ თვალს და არც პოლიტიკური ამბიციები გამაჩნია.

    ცნობილია, რომ მაგ., აშშ-ში უზენაესი სასამართლოს წევრად გამწესება, ფაქტობრივად, ამერიკის ადვოკატთა ასოციაციასთან შეთანხმებით ხდება. ამდენად, გონივრული იქნებოდა, გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას მიანდოს. გამოკითხვა ინტერნეტით შეიძლება სულ რამდენიმე დღეში ჩატარდეს, ხოლო ადვოკატების მრავალრიცხოვანი კორპუსის უმრავლესობის მიერ რეკომენდებულ კანდიდატს პრეზიდენტი პარლამენტს ასარჩევად წარუდგენდა.

    დარწმუნებული ვარ, საქართველოს ადვოკატები, რომლებსაც ყველაზე მეტად უნდა ესმოდეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა ქვეყანაში ადამიანის უფლებების ეფექტური დაცვისთვის ("სამართლიანობის აღდგენისთვის"), საკუთარი რიგებიდან შეარჩევენ პიროვნული თვისებებით გამორჩეულ "სამართლის დარგის აღიარებულ სპეციალისტს" (მაგ., ლია მუხაშავრიას, ნათია წკეპლაძეს, გოჩა სვანიძეს, დავით ლანჩავას ან სხვა ცნობილ ადვოკატს). ხოლო თუ 5000-მდე ადვოკატმა უზენაესი სასამართლოს თანამდებობისთვის შესაფერისი იურისტი საკუთარ რიგებში ვერ ან არ მოიძია, გამოდის, რომ რეფორმა დამოუკიდებელ ადვოკატთა პროფესიულ გაერთიანებაშიც (რატომღაც "საჯარო სამართლის" იურიდიული პირია...) უნდა გატარდეს.

    ადვოკატთა ასოციაციის მიერ შერჩეული კანდიდატის პარლამენტში წარდგენით, პრეზიდენტს ეძლევა შანსი, საგძნობლად აიმაღლოს შერყეული რეპუტაცია და პოლიტიკური დივიდენდებიც მოიპოვოს, ხოლო პარლამენტი, იმედი მაქვს, სრულად გაიაზრებს სასამართლო ხელისუფლებაში დაგროვილი პრობლემების სიმწვავეს და მხარს დაუჭერს ადვოკატთა კორპუსის მიერ შერჩეულ კანდიდატს, რომლის თაობაზე სრული ინფორმაციის მოსაპოვებლად ჟურნალისტებიც სათანადოდ გაირჯებიან.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved