სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    01.10.2018

    ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

    ცნობილი გახდა, რომ გახმა ავლაბრის მეტროს ფასადზე ფრანგი სპეციალისტების მიერ მოწყობილი ე. წ. ვერტიკალური ბაღი, რომლის გაშენება-მოვლაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან მილიონ ლარზე მეტია დახარჯული (მედიის ცნობით, მორიგ ტენდერში გამარჯვებული საწარმოსთვის მხოლოდ 2017 წლის მარტიდან 2017 წლის 30 დეკემბრამდე პერიოდშია გადახდილი 126 000 ლარი...).

    არაგონივრულად მიმაჩნია მის აღსადგენად დამატებით თანხის გამოყოფა, როდესაც იქვე, ფაქტობრივად, იგივე სახის უნიკალური ლანდშაფტური ძეგლია. რომ არა სააკაშვილის ახირება, ძნელი დასაჯერებელია, რომელიმე სპეციალისტს მხარი დაეჭირა ავლაბრის მოედანზე 50 კვ. მეტრამდე ბეტონის კედლის ხელოვნურად "გამწვანებისთვის", როდესაც ბარათაშვილის (ავლაბრის) აღმართზე 50-ჯერ მეტი ფართის კლდეზე მცენარეები ბუნებრივად იზრდებიან.

    ავლაბრის მეტროს ფასადისთვის კი მერია კონკურსის გზით შეარჩევდა მისაღებ ვარიანტს (მაგ., ბარელიეფი, მოზაიკა, ჭედურობა ან საინფორმაციო-გასართობი დანიშნულების მონიტორი), რისთვისაც ერთჯერადად მოუწევდა ხარჯის გაღება. თუმცა შეიძლებოდა გამოთავისუფლებული ფართი აუქციონის გზით გაქირავებულიყო სარეკლამო კომპანიებზე, რაც მერიას ყოველწლიურად რამდენიმე ათეულ ათას ლარ შემოსავალს მოუტანდა.

    ფრიად საშური საქმეა ბარათაშვილის აღმართზე კომუნიკაციების შეცვლა, მაგრამ, როგორც ჩანს, რეაბილიტაციის პროექტით (იქვე საჯაროდ არის გამოფენილი) გათვალისწინებული არ არის კლდის გაყოლებაზე საფეხმავლო ბილიკის მოწყობა. ამჟამად ტროტუარი ავლაბრის მოედნიდან ასიოდე მეტრში მოულოდნელად წყდება, რაც ტურისტებსა და კლდიდან ჩამოდენილი წყლის ავსების მსურველებს აიძულებს, სამანქანო გზაზე გადავიდნენ და თავი ხიფათში ჩაიგდონ.

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებლობად მიმაჩნია, სასწრაფოდ მოხდეს პროექტის კორექტირება და თუნდაც 1 მეტრი სიგანის საფეხმავლო ბილიკი ბარათაშვილის ძეგლამდე გაგრძელდეს. უსაფრთხოებისთვის, სასურველია, სტანდარტულზე გაცილებით მაღალი ტროტუარი სამანქანო გზიდან მოაჯირით გამოიყოს და სანიაღვრე არხის თავზე ან გვერდით მოეწყოს (ტროტუარი ან მისი ნაწილი შეიძლება ლითონის ცხაურის სახით დამზადდეს, რომ სანიაღვრე არხის გაწმენდისას იოლად მოიხსნას).

    თუ კლდის მხარეს ტროტუარის მოწყობა სამანქანე გზის დავიწროებას გამოიწვევს, შეიძლება მეორე მხარეს არსებულ საკმაოდ განიერ ტროტუარს მოაკლდეს მცირე ნაწილი. საფეხმავლო ბილიკი გზიდან რამდენიმე მეტრ სიმაღლეზეც შეიძლება დამაგრდეს.

    ამასთან, სანამ ბარათაშვილის აღმართის რეაბილიტაცია დაიწყებოდა, თბილისის მესვეურებს გარემოსთან აშკარად შეუსაბამო დაუმთავრებელი ნაგებობის ("რიყის მილების" თუ "რიყის დოქების"...) ბედიც უნდა გადაეწყვიტათ. მიუხედავად იმისა, მომავალში სად განთავსდება იტალიელი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული საკონცერტო დარბაზი (დიღომში, გლდანში, რუსთავში, ქუთაისსა თუ ბაკურიანში... იქნებ აუქციონის გზითაც გაიყიდოს), მისი დემონტაჟი და გატანა აუცილებელია. ყველა შემთხვევაში, აღმართის მხრიდან მისასვლელი ბაზალტის უსახური კიბეები დაუყოვნებლივ უნდა მოიშალოს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved