სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    04.10.2018

    პაატა კოღუაშვილი,სსმმა აკადემიკოსი

    ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში 2015 წელს გაიხსნა კოოპერაციული ტიპის თხილის გადამმუშავებელი საწარმო, რომლის დაფინანსება განხორციელდა სახელმწიფო სახსრებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეუწყების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის განვითარების სააგენტოს მიერ. ეს საწარმო გადაეცა კოოპერატივ "დარჩელის თხილს" 5-წლიანი გამოსყიდვის უფლებით. კოოპერატივ "დარჩელის თხილში" გაერთიანებულია დარჩელის თითქმის მთელი მოსახლეობა და ამ ეტაპზე მისი წევრების რაოდენობა 500-ზე მეტია.

    მიმდინარე წელს იმავე სოფელ დარჩელში შპს "მეგრულმა თხილმა" გახსნა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი თხილის საშრობი და შემნახველი საწარმო, სადაც წლიურად 1000 ტონა თხილის გარჩევა, გაშრობა და დასაწყობებაა შესაძლებელი. ეს კომპანია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეუწყების, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს "სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის" ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად განხორციელდა 862,440 ლარის ინვესტიცია, აქედან 344,976 ლარი გრანტია, ხოლო 116,528 ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი. კომპანიამ ასევე მიიღო ფპკშპუწკპშფჰაუკკუკწ-სა და "იუესაიდის" "საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის" ფინანსური მხარდაჭერა. დაგეგმილია, რომ ეს შპს "მეგრული თხილიც", კოოპერატივი "დარჩელის თხილის" ანალოგიურად, ყოველწლიურად მიიღებს და გადაამუშავებს დაახლოებით 500 ფერმერის მიერ წარმოებულ თხილს.

    ფაქტობრივად, სახელმწიფოს მიერ ერთსა და იმავე სოფელში ორი საკმაოდ მაღალი სიმძლავრის საწარმო დაფინანსდა და რაც მთავარია, ორივე საწარმო ორიენტირებულია თხილის მიღებაზე არანაკლებ 500 პირისგან, ანუ ორივემ ცალ-ცალკე უნდა მოიცვას დარჩელის მთელი მოსახლეობა და მიმდაბარე სოფლებიც. თუ შპს "მეგრული თხილი" არ ჩაიბარებს თხილს დარჩელის მოსახლეობისგან, რაც, პრაქტიკულად, გამორიცხულია და თხილის შესყიდვას გეგმავს სხვა სოფლებიდან, მაშინ რატომ გახდა აუცილებელი ამ საწარმოს დაარსება დარჩელში და არა რომელიმე სხვა სოფელში? ფაქტობრივად, სახელმწიფომ თავისივე დაფინანსებულ კოოპერატივ "დარჩელის თხილს" იმავე სოფელში გაუჩინა კონკურენტი.

    აღსანიშნავია ისიც, რომ კოოპერატივ "დარჩელის თხილს" გადამმუშავებელი საწარმო გადაეცა არა გრანტის სახით, არამედ შემდგომი გამოსყიდვის უფლებით, რაც იმას ნიშნავს, რომ კოოპერატივის წარუმატებელი საქმიანობის შემთხვევაში იგი ვერ შეძლებს საწარმოს გამოსყიდვას.

    შპს "მეგრული თხილის" დაფინანსებაში, კოოპერატივ "დარჩელის თხილისგან" განსხვავებით, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს გრანტ-ელემენტს და მის კონკურენტუნარიანობას, ასევე, მნიშვნელოვნად ზრდის პროექტში ძლიერი ფპკშპუწკპშფჰაუკკუკწ-ს მონაწილეობა.

    გარდა ამისა, საკითხი ეხება კიდევ ერთ არანაკლებ მნიშვნელოვან გარემოებას. საქმე ისაა, რომ კოოპერატივ "დარჩელის თხილის" საწარმოს შექმნამ იმედი გაუჩინა ადგილობრივ მოსახლეობას, რომ გამოსყიდვის შემდეგ ისინი მიიღებდნენ შემოსავალს არა თხილის ჩაბარებით შუამავალი პირებისა და შპს-ების ნაკარნახევი დაბალი ფასებით, არამედ შეძლებდნენ თხილის გადამუშავებას საკუთარ კოოპერაციულ საწარმოში და გაცილებით მაღალი შემოსავლის მიღებას, რადგან გარჩეული და გადამუშავებული თხილი გაიყიდებოდა მაშინ, როდესაც მასზე გაზრდილი მოთხოვნის გამო გასაყიდი ფასი იქნებოდა გაცილებით მაღალი. სწორედ ამ მიდგომის საფუძველზე შეიქმნა კოოპერატივ "დარჩელის თხილის" კოოპერაციული საწარმო, სადაც სახელმწიფო სახსრების განთავსება განხორციელდა მიზანმიმართულად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელობის სწორად გააზრებული გადაწყვეტილების საფუძველზე. ამის შემდეგ იმავე სოფელში შპს-ს ტიპის საწარმოში საბიუჯეტო სახსრების განთავსება და ამით კოოპერაციული საწარმოს არსებობის მაღალი რისკის ქვეშ დაყენება, აშკარად გაუგებარი და არასწორი ხედვაა.

    კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ, რა თქმა უნდა, შპს-ს, როგორც ორგანიზაციულ ფორმას, თავისი ადგილი აქვს საბაზრო ეკონომიკის პირობებში, მაგრამ დღეს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, სწორედ სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის პროცესია ქართული სოფლის მოსახლეობის ინკლუზიური სამეწარმეო განვითარების ეფექტური მექანიზმი. შესაბამისად, ამ კუთხით მდიდარი საერთაშორისო გამოცდილების იგნორირება აუცილებლად შექმნის სერიოზულ პრობლემებს, რაც ნეგატიურად აისახება საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი ეკონომიკური განვითარების მასშტაბური ღონისძიებების შედეგებზე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved