სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    02.11.2018

    რატი აბულაძე, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი

    ვალუტის კურსი არის ის ბარომეტრი, რომლის მეშვეობითაც განისაზღვრება ქვეყნის ეკონომიკური "ჯანმრთელობის დონე". საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონის პროექტში ("საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ") გაცვლითი კურსი დაანგარიშებულია 1 აშშ დოლარი 2.63 ლარი, რაც, რა თქმა უნდა, ეროვნული ვალუტის არსებულ პორტრეტს ასახავს.

    თუ გავითვალისწინებთ, რომ გლობალური და ლოკალური ფაქტორების ფონზე, ბოლო 3 კვირაში ლარის გაცვლითი კურსი დოლართან (აშშ) მიმართებით 2.66-2.70 ნიშნულის ირგვლივ მერყეობს, გაცხადებული მონაცემის შენარჩუნება და მის ირგვლივ დასტაბილურება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება.

    კურსის გაუფასურებისაგან გამოწვეული გამოწვევების პრევენციისა და საზოგადოების კეთილდღეობის დაცვის მიზნით გამოიყენება მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის ინსტრუმენტები. ბიზნესსექტორი სავალუტო რისკის მინიმიზაციის მიზნით იყენებს ჰეჯირების სხვადასხვა ინსტრუმენტს. ეროვნული ბანკი იყენებს: სახაზინო ფასიან ქაღალდებს, სადეპოზიტო სერტიფიკატებს, მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნებს, მუდმივმოქმედ ინსტრუმენტებს.

    აღსანიშნია, რომ ჯანსაღი ფინანსური და ეკონომიკური პოლიტიკა ეროვნული ვალუტის გაურკვევლობის შესაძლებლობას არ იძლევა. ვალუტის კურსის ცვალებადობაზე მოქმედი ფაქტორებიდან შეიძლება გამოვყოთ სახელმწიფო ვალი.

    საქართველოს სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 2019 წლის ბოლოსთვის განისაზღვრა 19 715.8 მლნ ლარის ოდენობით. მათ შორის: სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა შეადგენს 15 315.8 მლნ ლარს, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალისა - 4 400.0 მლნ ლარს.

    სახელმწიფოს ვალი მთლიან ეკონომიკასთან მიმართებით მშპ-ს 44.6 პროცენტის დონეზეა. აქედან საგარეო ვალი - 35.3%, ხოლო საშინაო ვალი 9.3%-ია. აღსანიშნია, რომ 2019 წლის ბოლოსათვის მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა განისაზღვრება მშპ-ის 42.2%-ით (დადგენილი ზღვარი 60%), სადაც სახელმწიფო საგარეო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებულია 1,230 მლნ ლარი. აქედან ძირითადი თანხის დაფარვისათვის განსაზღვრულია 890 მლნ ლარი, ხოლო გადასახდელი პროცენტისათვის - 340 მლნ ლარი.

    კანონპროექტში აღნიშნულია, რომ "სახელმწიფო ვალის პორტფელი ინარჩუნებს ხელსაყრელ ფინანსურ პარამეტრებს და საშუალოვადიან პერიოდში არ მიაღწევს კრიტიკულ ზღვარს". ბუნებრივია, ეკონომიკური მაჩვენებლები "შთამბეჭდავია" ყველა მიმართულებით, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის მმართველობით პრაქტიკაში, ფაქტობრივად, გვაქვს ერთი უცვლელი დინამიკა: ვალებისა და ვალდებულებების ზრდა. ასეთ მოცემულობაში, როგორადაც უნდა შეიფუთოს პორტფელი და პოპულისტური ციფრები, ვალი ძვირად და მძიმე ტვირთად აწევს ხალხს.

    ბუნებრივია, ამ სიდიდის თანხების გადახდისათვის საჭირო გახდება: საგარეო ვალის შემცირებისათვის საშინაო ვალის ზრდა, საზოგადოებისათვის პრიორიტეტი ღონისძიებების დაფინანსების შეკვეცა, სოციალური უთანასწორობის შემცირებისათვის საჭირო პროგრამების გადადება, სახელმწიფო პროექტებისა და პროგრამების შესრულების ვადების ზრდა ან არასრულად შესრულება, ახალი კრედიტების აღება და ძველის გასტუმრება. ყოველივე აღნიშნულით კი ისევ ვალის ზრდას ვიღებთ.

    პრაქტიკულად, სახელმწიფოს ვალი ნიშნავს, რომ გასტუმრების ვალდებულებები ეკისრება ქვეყანას, ხალხს. მნიშვნელობა არ აქვს, რა ფორმით მოხდება: ეს იქნება გადასახადების ზრდა თუ ინფრასტრუქტურული პროექტების, ჯანდაცვის პროგრამების, საგანმანათლებლო ღონისძიებების, სოციალური და მოქალაქეების საჭიროებების დაფინანსებისათვის აუცილებელი ფულადი სახსრების შეკვეცა.

    იგივე პოლიტიკური მოცემულობის ფონზე, ვალებისა და ვალდებულებების შემცირების ნაცვლად მოსალოდნელია მატება. სამწუხაროდ, არსებული მოცემულობის ფონზე, პრეზიდენტობის კანდიდატებიც ვერ აჩვენებენ ახალი ეკონომიკური ტალღის წარმოქმნის რესურსს, ახალი პოლიტიკური გუნდისა და ახალი პოლიტიკური კონსტრუქციის ფორმირების პოტენციალს.

    ამიტომ როდესაც პოლიტიკურ და მმართველობით რგოლს ვირჩევთ, აკადემიურად უნდა შეფასდეს კანდიდატის ქვეყნის მართვის პოტენციალი, ეკონომიკური ტალღის წარმოქმნის ძალა და პოლიტიკური ქარიზმა. როდესაც კანდიდატი აცხადებს, რომ ქვეყნის მართვას შეძლებს სხვა ქვეყნის სპეციალისტებით (და არა ადგილობრივი კანდიდატებით), აქცენტს აკეთებს სხვა ქვეყნის რესურსებზე (და არა ადგილობრივი რესურსების გამოყენებაზე), მოქმედებს ძველი პოლიტიკური ტექნოლოგიებით, პროგრამაში ვერ აჩვენებს ბიუჯეტის შევსების ახალი წყაროებს, ასეთი მოცემულობა ქმნის ვალისა და ვალდებულებების ზრდის პერსპექტივას.

    შედეგად კი კანდიდატი ხდება ხელისუფლებას "ჩამოკიდებული" და ვეღარ ერევა ვერც მმართველობით და ვერც პოლიტიკურ ცხოვრებაში. შესაბამისად, ვიღებთ მმართველობიდან მმართველობამდე ძველი სახელმწიფო ვალების მემკვიდრეობის მოცემულობას. ამიტომ ვალებისა და ვალდებულებების მოცემულობის შეცვლისათვის საჭიროა პოლიტიკური კონსტრუქციის შეცვლა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved