სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    08.11.2018

    ანდჟეი ჰვალბა

    1918-1921 წლებში ევროპაში ათეულობით სახელმწიფო დაარსდა, რომელთაც ევროპის ახალი პოლიტიკური არქიტექტურა შექმნეს. შემდგომ წლებში ამ სახელმწიფოთა უმრავლესობამ დამოუკიდებლობის შენარჩუნება მოახერხა, ზოგიერთი კი მე-18 საუკუნის მიწურულს შეწყვეტილი სახელმწიფოებრიობის ეპოქას დაუბრუნდა - ერთ-ერთი მათგანი პოლონეთი იყო.

    ევროპის რუკაზე გაჩნდნენ ისეთი სახელმწიფოები, როგორებიცაა: ლატვია, ესტონეთი, სლოვაკეთი (ჩეხოსლოვაკიის ფარგლებში) და სლოვენია (იუგოსლავიის შემადგენლობაში). ვერც ერთმა ახალმა სახელმწიფომ ვერ შეძლო საკუთარი ტერიტორიის ბოლომდე დაკავება იქამდე, სანამ ადრე არსებული წესრიგი არ შეიცვალა.

    1918 წლის ოქტომბრის ბოლოს ხელმეორედ დაბადებული პოლონეთის რესპუბლიკა შეგნებულად დაადგა თავისი წინამორბედის - პოლონურ-ლიტვური რესპუბლიკის ტრადიციებისა და მემკვიდრეობის შენარჩუნების გზას.

    პოლონურ-ლიტვური რესპუბლიკა იყო გაერთიანება, რომელმაც შეიმუშავა სუვერენულ სახელმწიფოთა ერთიანობის იდეა, რასაც თანამედროვე ევროკავშირი ეფუძნება.

    მიუხედავად ორივე სახელმწიფოს პოლიტიკურ კლასთა ინტერესებისა, იმარჯვებდა მოსაზრება, რომ საყოველთაო სიკეთისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი თანამეგობრობის კეთილდღეობა იყო. ხაზგასმული იყო სამოქალაქო თავისუფლებისა და საერთო პარლამენტის ცნება.

    სხვათა შორის, 21-ე საუკუნის პოლონური პარლამენტი, მისი წინაპრის მსგავსად, იწოდება სეიმად. ამავე ტრადიციას მისდევენ ლიტველებიც, რომელთა საკანონმდებლო ორგანოს სეიმას ჰქვია და ლატვიელები, რომელებიც პარლამენტს საეიმას უწოდებენ.

    პოლონელები, ლიტველები, ლატვიელები, უკრაინელები და ბელარუსები ამაყობდნენ საკუთარი კონსტიტუციით, რომელიც პირველი იყო ევროპაში, ხოლო მსოფლიოში - მეორე. აღნიშნული კონსტიტუცია 1791 წლის 3 მაისს იქნა მიღებული.

    ცნობილმა პოლონელმა მოაზროვნე ჰუგო კოლონტაიმ კონსტიტუციაში შეიტანა ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, აღმასრულებელი ხელისუფლება - მთავრობა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას საკანონმდებლო ორგანოს - პარლამენტის წინაშე იღებდა, ხოლო ამ უკანასკნელს ამომრჩევლები ირჩევდნენ.

    ჰუგო კოლონტაის პრინციპი მე-19 და მე-20 საუკუნეებში მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იქნა გაზიარებული. ის ერები და სახელმწიფოები, რომლებიც რესპუბლიკის მემკვიდრენი არიან, აპრიორი იზიარებენ პოლიტიკური და აღმსარებლური ტოლერანტობის ტრადიციებს.

    1573 წელს პოლონურმა პოლიტიკურმა კლასმა სრულიად რესპუბლიკის მიწაზე კონფედერაციის აქტში გააკეთა ჩანაწერი რელიგიური ტოლერანტობის შესახებ, რომელიც მოგვიანებით იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში იქნა შეტანილი. მისი ავტორები პოლონეთის გახსნილობისა და ტოლერანტობის ტრადიციის ბრწყინვალე ილუსტრატორები იყვნენ.

    იმ მოზაიკურმა საზოგადოებამ, რომელიც დასავლეთ ევროპაში იდევნებოდა, პოლონურ-ლიტვურ თანამეგობრობაში ჰპოვა უსაფრთხო თავშესაფარი. მონარქთა და სეიმის მფარველობის წყალობით, ებრაელებს ყველა ის უფლება მიენიჭათ, რაც მათ ადგილობრივ მკვიდრებთან ათანაბრებდა. მათ საკუთარი ორგანოც კი ჰქონდათ.

    პოლონეთის რესპუბლიკის პოლიტიკური კლასის გახსნილობის წყალობით, მე-16 საუკუნეში ჰოლანდიიდან განდევნილ მენონელებს, ისევე როგორც რელიგიური ნიშნით დევნილ შოტლანდიელებს პოლონეთში უსაფრთხოდ ცხოვრების საშუალება მიეცათ. ასევე, ლტოლვილთა შორის იყვნენ ბერძნები, იტალიელები, სომხები, ყარამიტები, რუსები, გერმანელი პროტესტანტები და ა.შ. ისინი კიდევ უფრო ამდიდრებდნენ და მრავალფეროვანს ხდიდნენ რესპუბლიკის კულტურასა და ღირებულებებს.

    მე-18 საუკუნის ბოლოს განხორციელებული რეფორმების მიუხედავად, თანამეგობრობა დაეცა. 3 უძლიერეს იმპერიულ სახელმწიფოსთან ჭიდილში - რუსეთი, ავსტრია და პრუსია - რესპუბლიკას გადარჩენის უმცირესი შანსი ჰქონდა. თუმცა მიუხედავად სუვერენიტეტის დაკარგვისა, პოლონელებისათვის თავისუფლება და დამოუკიდებლობა განუყოფელი ფასეულობებია.

    ეს ყველაფერი დაადასტურა დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ ორგანიზებულმა არაერთმა აჯანყებამ მე-18 და მე-19 საუკუნეებში: კოშჩიუშკო 1794, 1830-1831 ნოემბერი და 1863-1864 იანვარი. გარდა ამისა, პოლონელები აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა ომში ერთა და სახელმწიფოთა თავისუფლებისათვის ლოზუნგით: "ჩვენი და თქვენი თავისუფლებისათვის!" ისინი იბრძოდნენ ავსტრიაში, პრუსიაში, უნგრეთში, დასავლეთ გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში და ა.შ.

    ნოემბრის აჯანყებისას სეიმმა ოფიციალურად დაამტკიცა შემდგომში ეროვნულ ჰიმნად ქცეული მეამბოხეთა სიმღერა: "პოლონეთი ჯერ არ დაღუპულა!" და თეთრ-წითელი სახელმწიფო ფერები, რომელიც დღემდე რჩება რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილად, დროშად.

    პოლონელები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მხოლოდ საკუთარი სახელმწიფო უზრუნველყოფდა მათ თავისუფალ, სულიერ და მატერიალურ განვითარებას, ისევე როგორც პროგრესს განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროებში. აქედან გამომდინარე, პოლონეთის ეროვნულ პანთეონში ისეთი ადამიანები არიან დაკრძალულნი, რომლებიც იარაღითა თუ კალმით პოლონეთისათვის თავისუფლების მოპოვებასა და ევროპაში კუთვნილი ადგილის დაბრუნებას ცდილობდნენ.

    მათ შორის ყველაზე გამორჩეულნი იყვნენ: მთავარსარდლები კოშჩიუშკო და პონიატოვსკი, პოეტები მიცკევიჩი და სუოვაცკი. ისინი კრაკოვშკი, ვაველის ციხე-სიმაგრეში, მეფეთა აკლდამაში განისვენებენ, როგორც მეფეთა თანასწორნი. ვაველში განისვენებს რესპუბლიკის პირველი მარშალი, 1918 წელს პოლონეთის მხსნელი იუზეფ პიუსუდსკი, რომელიც 1935 წელს გარდაიცვალა.

    მე-19 საუკუნის განმავლობაში პოლონეთის საკითხი საკმაოდ აქტუალური იყო - მისი რესპუბლიკად აღდგენა გარკვეული ტერიტორიული კონფიგურაციის ფარგლებში. ნაპოლეონის წყალობით, საფრანგეთის პროტექტორატის ქვეშ ვარშავის საჰერცოგო დაარსდა, ხოლო მისი დაშლის შემდეგ დამოუკიდებელი, კონსტიტუციური, ლიბერალური პოლონეთის სამეფო აგრძელებდა არსებობას 1832 წლამდე (რომანოვების დინასტიასთან კავშირში).

    1846 წლამდე კი კრაკოვი ინარჩუნებდა თავისუფალი ქალაქის სტატუსს. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული აჯანყებები კრახით დასრულდა, თავისუფლებისათვის ბრძოლა მაინც ხელს უწყობდა პოლონური საკითხის აქტუალიზაციას ევროპაში. იქამდე, სანამ დამპყრობელთა ალიანსი - პრუსია, ავსტრია და რუსეთი - არსებობდა, დამოუკიდებლობაზე ფიქრი წარმოუდგენელი იყო, თუმცა მე-19 საუკუნის ბოლოს ევროპაში ორი სამხედრო ბლოკი ჩამოყალიბდა: ცენტრალური სახელმწიფოები და ანტანტი.

    პირველ ბლოკს წარმოადგენდნენ ავსტრია-უნგრეთი, მეორეს - რუსეთი. პირველად ბოლო 100 წლის განმავლობაში დამპყრობელთა გზები რადიკალურად გაიყო და პოლონეთში იმედი აღორძინდა. მაგრამ 1914 წლამდე არავის სურდა პოლონეთის საკითხის საერთაშორისო არენაზე განხილვა.

    მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანელები და ფრანგები სიმპათიით იყვნენ პოლონელთა დამოუკიდებლობის იდეისადმი განმსჭვალულნი, რუსეთთან მოკავშირეობის გამო თავს არიდებდნენ საკითხის წამოწევას. მაგრამ 1916 წელს ევროპისა და მსოფლიოს პოლიტიკური ვითარება პოლონეთის ინტერესების სასარგებლოდ შეიცვალა. პირველ რიგში, ამის მიზეზი ავსტრია-უნგრეთისა და რუსეთის დასუსტება იყო.

    ასევე, ხაზგასასმელია ბერლინის ინიციატივაც, რომელიც აღმოსავლეთში ფორმალურად დამოუკიდებელ სახელმწიფოთა შექმნას გულისხმობდა, თუმცა, ფაქტობრივად, ისინი მაინც გერმანიაზე იქნებოდნენ დამოკიდებულნი. ბერლინს სურდა, ასევე, ავსტრია-უნგრეთის მეტად დასუსტება, რუმინეთის ომში დამარცხება და დასავლეთ საზღვრებთან ფლამანდიური სახელმწიფოს შექმნა.

    ამავე პერიოდში ჩამოყალიბდა პოლონური ლეგიონები, რომლებიც მოხალისეებით დაკომპლექტდა - მათი არაფორმალური ლიდერი იუზეფ პიუსუდსკი იყო. 1916 წელს გერმანელებმა და ავსტრიელებმა პოლონური ლეგიონები აღმოსავლეთის ფრონტზე საუკეთესო სამხედრო ფორმირებად აღიარეს. 1916 წლის 5 ნოემბერს ორივე იმპერატორმა, ვილჰელმ || და ფრანცისკ იოზეფმა, მოაწერეს ხელი აქტს - აღნიშნული აქტით ვარშავა პოლონეთის სამეფოს დედაქალაქად გამოცხადდა.

    მომდევნო თვეების განმავლობაში, მიუხედავად ოკუპაციისა, პოლონეთის სახელმწიფო ორგანოები - მთავრობა და მმართველობითი საბჭო ჩამოყალიბდა. 5 ნოემბრის აქტის შემდეგ პოლონეთის სამეფოში გერმანიის გუბერნატორმა გერმანული სარდლობით პოლონეთის შეიარაღებული ძალების ფორმირება დაიწყო, თუმცა უშედეგოდ, რადგან გაწვევაზე გამოხმაურება მინიმალური იყო.

    1917 წელს განვითარებულმა მოვლენებმა ახალი იმედი ჩაუსახა პოლონეთს. ჯერ ოქტომბრის რევოლუცია მოხდა რუსეთში. ახალმა ხელისუფლებამ პირდაპირ განაცხადა, რომ არსებობდა ახალ რუსეთსა და პოლონეთს შორის თავისუფალი კავშირის დამყარების შესაძლებლობა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი იმავე წლის აპრილთანაა დაკავშირებული, როდესაც ომში ამერიკის შეერთებული შტატები ჩაერთო მოკავშირეთა მხარეს.

    1918 წლის იანვარში კონგრესისათვის განკუთვნილ მიმართვაში პრეზიდენტმა ვუდროუ უილსონმა 13-პუნქტიანი გეგმა წარადგინა, რომლის მიხედვითაც, ომის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ბალტიის ზღვასთან თავისუფალი წვდომის მქონე დამოუკიდებელი პოლონეთის შექმნა უნდა ყოფილიყო.

    13-პუნქტიანი გეგმის შინაარსზე განსაკუთრებული ზეგავლენა ცნობილმა პოლონელმა არტისტმა, კომპოზიტორმა და პიანისტმა იგნაცი იან პადერევსკიმ მოახდინა, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის ახლო მეგობარი იყო. ამერიკელთა კვალდაკვალ ევროპელმა მოკავშირეებმაც დაუჭირეს მხარი პოლონელთა უფლებას, შეექმნათ თავისუფალი სახელმწიფო.

    საფრანგეთში ჩამოყალიბდა პოლონეთის სამოკავშირეო არმია, რომელსაც სათავეში ჩაუდგა პოლონური ლეგიონების ოფიცერი, გენერალი იუზეფ ჰალერი, რომელიც, თავის მხრივ, პოლონეთის ეროვნულ კომიტეტს ემორჩილებოდა (მთავარი ოფისი პარიზში. ხელმძღვანელი რომან დმოვსკი). პოლონეთის ეროვნული კომიტეტი პოლონეთის ოფიციალურ წარმომადგენლად იქნა აღიარებული.

    აღნიშნული ორგანიზაცია უფლებამოსილი იყო, გაეცა პოლონური პასპორტები და კრედიტები მოეზიდა პოლონეთის სახელით. 1918 წელს პოლონეთის მომავალი უკვე უზრუნველყოფილი იყო. გარანტირებული იყო დამოუკიდებლობის აღდგენა და ცენტრალური სახელმწიფოების კრახი.

    პასუხგაუცემელი რჩებოდა მხოლოდ ერთი კითხვა: რომელი პოლიტიკური დაჯგუფება გადაიბარებდა ძალაუფლებას და კონკრეტულად ვინ? პიუსუდსკი თუ დმოვსკი? ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაცემამ და გერმანიის კრახმა 1918 წლის შემოდგომაზე პოლონელ შეთქმულებს ოკუპანტი ჯარების განიარაღების საშუალება მისცა. განიარაღებულები მშვიდობიანად დაბრუნდნენ სახლებში.

    პოლიტიკოსთა ჭიდილში პიუსუდსკიმ გაიმარჯვა - ავსტრიელთა უწინდელმა მოკავშირემ და 1917 წლის ივლისიდან გერმანელთა მიერ მაგდებურგში დატყვევებულმა. ვარშავაში იგი 1918 წლის 10 ნოემბერს დაბრუნდა. მას დახვდნენ, როგორც განმათავისუფლებელს, მესიას. იგი მაშინვე გახდა სახელმწიფოს დროებითი ხელმძღვანელი. მთავრობასთან და პოლონელებთან ერთად, შექმნა თავისუფალი, ღია, ტოლერანტული და დემოკრატიული პოლონეთის რესპუბლიკა.

    მოსახლეობას მიენიჭა სამოქალაქო თავისუფლების ყველა ელემენტი, ხოლო ქალებს - მსგავსად მამაკაცებისა, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მიღების უფლება. თუმცა იყო ერთი ძალიან რთული და საკამათო საკითხი - საზღვრები. რესპუბლიკის თანამცხოვრებნი იყვნენ ლატვიელები, ლიტველები, უკრაინელები, ბელარუსები და ყველა მათგანი საკუთარ სახელმწიფოს ქმნიდა... ხშირად საკმაოდ საკამათო ტერიტორიებზე.

    იყო შემთხვევები, როდესაც ერთ მიწაზე პრეტენზიას აცხადებდა 2 ან 3 ქვეყანა. განსაკუთრებით რთული იყო ეთნიკურად და რელიგიურად განსხვავებულ რეგიონებში სამართლიანი საზღვრების გავლება. მსგავს სიტუაციაში გარდაუვალი იყო ომები და კონფლიქტები რესპუბლიკის შთამომავლებს შორის.

    დაძაბულობა სუფევდა ქრისტიანულ მოსახლეობაშიც, მათ შორის პოლონელებსა და მრავალ ებრაელს შორის, რომელთაც ჰქონდათ მოლოდინი, რომ მომავალი სახელმწიფოები უზრუნველყოფდნენ მათ კულტურულ და ეროვნულ ავტონომიას. ომისშემდგომი სიღარიბე, შიმშილი, განადგურება, ეპიდემია გავლენას ახდენდა საზოგადოებრივ და ხალხთა შორის ურთიერთობაზე.

    პოლონეთის საბოლოო საზღვრები 1918-1923 წლებში ჩამოყალიბდა, 1920 წელს ბოლშევიკური რუსეთის წინააღმდეგ ომში მოპოვებული გამარჯვების წყალობით. დამოუკიდებლობამოპოვებული პოლონეთი ვერ იქნებოდა ერთპიროვნულად ნაციონალისტური (ისევე, როგორც მეზობელი სახელმწიფოები), რადგან რესპუბლიკაში ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე განსხვავებული ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები. ახალი ევროპის ყველა ქვეყანა მრავალეროვანი და მრავალკონფესიური იყო.

    პოლონეთში მცხოვრებ არაერთ უმცირესობაში ყველაზე დიდი ჯგუფი იყო უკრაინული და ებრაული. ამავე დროს მეზობელ ქვეყნებში დაახლოებით 2 მილიონი პოლონელი ცხოვრობდა. 1918-1921 წლების დიდი ომების მემკვიდრეობამ უდიდესი გავლენა მოახდინა პოლონეთისა და მეზობელი სახელმწიფოების ურთიერთობაზე, ასევე მკვეთრად გააუარესა მილიონობით მოქალაქის მატერიალური მდგომარეობა და ყოველდღური ცხოვრება.

    პოლონელთა თითქმის ასწლიანი ბრძოლა დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის ამერიკული-ჰოლივუდური ფილმების მსგავსად, ბედნიერი დასასრულით დასრულდა. მაგრამ აღნიშნული ფილმი ცენტრალურ ევროპაში იქნა გადაღებული. პოლონეთის სახელმწიფოებრიობის რეჟისორები კი ისეთი პატივსაცემი და საქვეყნოდ ცნობილი ადამიანები იყვნენ, როგორებიცაა: ტადეუშ კოშჩუშკო, იუზეფ პონიატოვსკი, ადამ იერჟი ჩარტორისკი, გენერალი იუზეფ ბემი, რომუალდ ტრაუგუტი, იუზეფ პიუსუდსკი, იგნაცი იან პადერევსკი. მათი სიბრძნის, გამბედაობისა და შორსმჭვრეტელი ხედვის გარეშე ვერასდროს მოხერხდებოდა პოლონელთა ოცნების ახდენა დამოუკიდებელი პოლონეთის შესახებ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved