სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    22.11.2018

    ანზორ საკანდელიძე, რეფორმატორთა კავშირის თავმჯდომარე

    ძნელია ამ კითხვაზე ცალსახად დამაჯერებელი პასუხის გაცემა, რადგან 2006 წლიდან დღემდე საქართველოში გაუქმებულია 1999 წელს მიღებული ერთადერთი ჩარჩო-კანონი და ყველა მცირე მეწარმე გამოცხადებულია კანონგარეშედ. ეს კანონი არეგულირებდა რა მცირე, საშუალო და მსხვილ საწარმოთა სტატუსს წლიური ბრუნვების მაჩვენებლების მიხედვით, მცირე საწარმოებისათვის წლიური ბრუნვები განსაზღვრული იყო 0,5 მილიონ ლარამდე, საშუალო საწარმოებისთვის - 0,5 მილიონი ლარიდან 1,5 მილიონ ლარამდე და მსხვილი საწარმოებისათვის - 1,5 მილიონ ლარზე მეტი. მიუხედავად ამ კანონის გაუქმებისა, საქართველოს სტატისტიკური სამსახურები დღემდე სარგებლობენ სწორედ ამ მონაცემებით.

    მცირე და საშუალო საწარმოების ეს წლიური ბრუნვები თავიდანვე იყო აშკარა შეუსაბამობაში ევროპული სტანდარტების მოთხოვნებთან: მცირე საწარმოებისათვის წლიური ბრუნვა - ჯერ 7 და შემდეგ 10 მილიონი ევრო, საშუალო საწარმოებისათვის კი - ჯერ 40 და შემდეგ 50 მილიონი ევრო. 2003 წელს ჩვენ დავამუშავეთ "პროგრამა-დეკრეტი საქართველოში მცირე ბიზნესის რეფორმების შესახებ", რომელიც შევუთანხმეთ ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფს. ჯგუფს ხელმძღვანელობდა და აშკარად გვერდში დაგვიდგა მინისტრის პირველი მოადგილე, უდავოდ ნიჭიერი ეკონომისტი ნათია თურნავა. სამინისტროს ექსპერტებთან განსაკუთრებით გაგვიჭირდა მცირე საწარმოთა და, შესაბამისად, მცირე მეწარმეთა სტატუსზე შეთანხმება.

    ჩვენ ვითხოვდით, რომ ვინაიდან საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოთა წლიური ბრუნვები ევროპულ ბრუნვებს კატასტროფულად ჩამორჩებოდა, ამ ეტაპზე დროებით მცირე და საშუალო საწარმოთა სტატუსი გაერთიანებულიყო ერთ, მცირე საწარმოთა სტატუსში - წლიური ბრუნვით 7 მილიონი ლარი. ამ გზით უფრო დავუახლოვდებოდით მცირე საწარმოთა ევროპულ სტატუსს, თუმცა ჩამორჩენა მაინც მნიშვნელოვანი, დაახლოებით 3-ჯერ ნაკლები იქნებოდა. ექსპერტებთან ამ ციფრზეც ვერ შევთანხმდით. ისინი მოითხოვდნენ, რომ ზღვარი არ გაცდენოდა 1,5 მილიონ ლარს. ჩვენ იძულებული გავხდით დავთანხმებულიყავით 1,5 მილიონ ლარს იმ პირობით, რომ ბრუნვის ეს მაჩვენებელი ზრდის მიმართულებით გადაიხედებოდა ყოველ 2 წელიწადში.

    ასეთი დათმობით ჩვენ მივაღწიეთ "პროგრამა-დეკრეტის" დანარჩენი ოთხი ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტის სრულად შეთანხმებას. სამწუხაროდ, 2004 წელს ხელისუფლებაში მოსულმა ნაციონალებმა მათ მიერ ეკონომიკის მინისტრად დასმული კახა ბენდუქიძისა და, განსაკუთრებით, ჯერ ფინანსთა მინისტრად და შემდეგში პრემიერ-მინისტრის რანგში აღზევებულ ზურაბ ნოღაიდელის მეშვეობით სასწრაფოდ დაბლოკეს უკვე შეთანხმებული ჩვენი "პროგრამა-დეკრეტი".

    გარდა ამისა, მათ გააუქმეს პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ ხელმოწერილი 2002 წლის 22 ივნისის #309 ბრძანებულება: "საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოთა სახელმწიფო მხარდაჭერის 2002-2004 წლების პროგრამის დამტკიცების შესახებ", სადაც რეალიზებული იყო ჩვენი წინადადება, რომ საქართველოში მცირე მეწარმეობა განვითარებულიყო ამერიკული მოდელით და ამ მოდელის შესაბამისად, 1999 წლის მცირე მეწარმეობის ჩარჩო-კანონით განსაზღვრული მცირე მეწარმეობის მართვის ცენტრის, "მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის" ფილიალები შექმნილიყო საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონში.

    ამით ნაციონალებმა დიდი დარტყმა მიაყენეს ახლად ფეხადგმულ ქართულ მცირე მეწარმეობას. სამწუხაროდ, ისინი ამასაც არ დასჯერდნენ და მზაკვრულად დაიწყეს 1999 წლის მცირე მეწარმეობის მთელი ჩარჩო-კანონის რევიზია მართვის ცენტრის დაკნინებით, რაც 2006 წელს დამთავრდა ამ ჩარჩო-კანონის გაუქმებითა და როგორც მართვის ცენტრის, ისე ნაციონალების მთავარი სამიზნის, მართვის ცენტრთან არსებული მცირე მეწარმეთა საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციით!

    2006 წლიდან დღემდე, მცირე მეწარმეობის ამ ჩარჩო-კანონისა და, შესაბამისად, მცირე მეწარმეთა საინვესტიციო ფონდის გაუქმების გამო მცირე მეწარმეობისათვის ყოველწლიურად გამოყოფილი ადგილობრივი თუ უცხოური ათეული მილიონობით დოლარის გრანტები, ტრანშები, დახმარებები და შეღავათიანი კრედიტები, მცირე მეწარმეთა გვერდის ავლით, სისტემატურად მიემართება საფინანსო მაფიოზების მიერ შერჩეულ ბანკებში. 12 წელიწადია, გრძელდება მცირე მეწარმეთა ეს დაუნდობელი ძარცვა, რომელშიც წილი "ქართულ ოცნებასაც" უდევს!

    აქედან გამომდინარე, სასწრაფოდ უნდა აღვადგინოთ 2006 წელს გაუქმებული ჩარჩო-კანონი და ამ კანონთან ორგანულად მიბმული მართვის ცენტრი მცირე მეწარმეების საინვესტიციო ფონდით. იქ დაიწყებს შემოდინებას მცირე მეწარმეობის განვითარებისათვის გამოყოფილი ფულადი ნაკადები და შეწყდება მცირე მეწარმეთა მრავალწლიანი ძარცვა.

    დეპუტატებს კი შევახსენებთ: პარლამენტში წელს შემოტანილი მარიხუანის ლეგალიზების კანონპროექტის სასწრაფო წესით განხილვა-მიღებით რომ აპირებთ ხალხის დასაქმებას, რატომ არ განიხილავთ 3 წლის წინ პარლამენტში შემოტანილ და 2018 წლის 10 ოქტომბერს განმეორებით კვლავ შემოტანილ, ჩვენ მიერ სამეცნიერო-მეთოდურ ნაშრომად დამუშავებულ-დაპატენტებულ უნიკალურ "საქართველოს ანტიკრიზისული 5-წლიანი კომპექსური ეკონომიკური რეფორმების კონცეფცია-პროგრამას"?

    ამ "კონცეფცია-პროგრამის" ძირითადი ასპექტები გამოქვეყნებული გვაქვს 100-ზე მეტ პუბლიკაციაში (მათ შორის - გაზეთ "რეზონანსში" ყველაზე დიდი რაოდენობით), მოწონებულია ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ, 2016 წლის 25 თებერვალს დადებითად განხილულია ფინანსთა სამინისტროში მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძის თავმჯდომარეობით შექმნილ უაღრესად კომპეტენტურ 9-კაციან კომისიაზე.

    აქედან გამომდინარე, პარლამენტარებს გირჩევთ, "გირჩების" მიერ ლობირებული მარიხუანის ლეგალიზებით კი არ შექმნათ ახალი სამუშაო ადგილები, არამედ მსოფლიოში ძირითადი დამსაქმებელი, საქართველოში 12-წლიანი ტყვეობიდან გასათავისუფლებელი, მცირე მეწარმეობის ლეგალიზებაზე დაფუძნებული ჩვენი "კონცეფცია-პროგრამით", რომელიც მცირე მეწარმეებს, სხვა უამრავ სიკეთესთან ერთად, ღირსეულ სტატუსსაც მიანიჭებს, ეს კი ნამდვილად სწრაფად გასაკეთებელია, რადგან რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 2018 წლის 7 მაისს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, სადაც რუსეთში და, შესაბამისად, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, მცირე მეწარმის წლიური ბრუნვაა 800 მილიონი მანეთი, ანუ დაახლოებით 12 მილიონი დოლარი!

    როგორ გგონიათ, ბატონებო, აფხაზები და ოსები მოინდომებენ თუ არა საქართველოს იურისდიქციაში ცხოვრებას, სადაც სამუშაო ადგილების შექმნას ცდილობენ არა მცირე მეწარმეობის, არამედ მარიხუანის ლეგალიზებით და სადაც მცირე მეწარმეთა წლიური ბრუნვა 0,2 მილიონი დოლარი რუსეთის მაჩვენებელზე ნაკლებია 60-ჯერ?!

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×