სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    26.11.2018

     ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

    არჩევნების პირველი ტურის წინ საქართველოს მე-5 პრეზიდენტობის 5 ყველაზე რეიტინგულ ("გაპიარებულ") კანდიდატს "რეზონანსის" მეშვეობით (22.1.2018) 5 კითხვა დავუსვი. მაინტერესებდა, ამომრჩეველთა ნდობის მოპოვების შემთხვევაში რამდენად კანონიერად და გონივრულად აპირებდნენ თუნდაც რამდენიმე საშინაო პრობლემის მოგვარებას. ვინაიდან პასუხი არავინ გამცა, საარჩევნო ბიულეტენში ბოლო ნომრად მითითებული, მაგრამ ნამდვილად ღირსეული კანდიდატი შემოვხაზე.

    ამჯერად თითქმის ერთნაირი შედეგით მეორე ტურში გასულ კანდიდატებს, რომლებიც თითოეული დამატებითი ხმისთვის ძალისხმევას არ იშურებენ, საარჩევნო შტაბებში მივაკითხე. იმედი მაქვს, ახლა მაინც მოიცლიან რიგითი ამომრჩევლის წერილობით მიმართვაზე საპასუხოდ, ვინაიდან სახელმწიფო სიმბოლიკის, მიწის ფონდის განიავების, ქვეყნის ფედერალიზაციის ან დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის თაობაზე პრეზიდენტობის კანდიდატების პოზიცია მათი მხარდამჭერებისთვისაც უნდა იყოს საინტერესო და დანარჩენ მოქალაქეებსაც დაეხმარება არჩევანში.

    იმედი მქონდა, საქვეყნოდ დასმული კითხვებით ჟურნალისტები მაინც დაინტერესდებოდნენ და პრეზიდენტობის კანდიდატებს დაუსვამდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, ზემოაღნიშნული საკითხები უმნიშვნელოდ მიაჩნიათ და მხოლოდ იმ თემებს აშუქებენ, რომლებსაც "ილიაუნის", ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ან უცხოეთიდან დაფინანსებული სხვა ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციების "ექსპერტები" წამოწევენ.

    სხვათა შორის, საქართველოს კონსტიტუციაში "ნაციონალურ ინტერესებში" ცვლილება რომ არ შეეტანათ, პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები უნდა დანიშნულიყო, ვინაიდან პირველ ტურში ამომრჩეველთა უმრავლესობა (53 %) საარჩევნო უბნებზე არ გამოცხადდა. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, მეორე ტურის ბიულეტენი "ყველას წინააღმდეგ" ხმის მიცემის შესაძლებლობასაც რომ ითვალისწინებდეს, საპრეზიდენტო არჩევნებში გაცილებით მეტი მოქალაქე მიიღებდა მონაწილეობას და ორივე კანდიდატის წინააღმდეგ მისცემდა ხმას. მით უმეტეს, წინასაარჩევნო კამპანია "ანტირეკლამაზეა" აგებული, რის შედეგადაც მედია და ბილბორდები ორივე კანდიდატის, ფაქტობრივად, მხოლოდ ნეგატიურ მხარეებს წარმოაჩენენ.

    არადა, განვითარებულ ქვეყნებში (მაგ., შვედეთი, ბელგია, ფინეთი, პოლონეთი, ესაპანეთი და სხვა) არსებობს ასეთი გრაფა და ყველას წინააღმდეგ ხმის მიმცემი პირები არჩევნებში მონაწილეებად ითვლებიან (ჩვენი კანონმდებლობით, თუ ორივე კანდიდატი გადახაზული აღმოჩნდა, ბიულეტენი ბათილად ითვლება). რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომაც კი აღიარა "ყველას წინააღმდეგ" ხმის მიცემის უფლება, თუმცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა (ცხრავე მოსამართლემ) გასულ წელს შეტანილი ანალოგიური სარჩელი (#871) განსახილველად არ მიიღო (საგულისხმოა, რომ მოსარჩელეები სხდომაზე არ მიიწვიეს), რითაც, ფაქტობრივად, წაახალისა არჩევნების შედეგებით მანიპულირება.

    საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ამჯერად უკვე მთელ ქვეყანაში, ფაქტობრივად, იგივე ვითარებაა შექმნილი, როგორც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისას #1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქში, როდესაც მეორე ტურში "სააკაშვილის რეჟიმის" წინააღმდეგ მობილიზებულმა ამომრჩევლებმა "დამოუკიდებელი" კანდიდატი საქართველოს პარლამენტში საკუთარ წარმომადგენლად ისე გაამწესეს (68%-მა დაუჭირა მხარი), მისი საარჩევნო ბუკლეტიც კი არავის წაუკითხავს.

    წინაასარჩევნო სარეკლამო კამპანიის ძირითადი გზავნილიდან ("არა ძალადობას!") გამომდინარე, 28 ნოემბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური კი არ ჩატარდება, არამედ მოქალაქეები, ფაქტობრივად, რეფერენდუმში მიიღებენ მონაწილეობას და პასუხს გასცემენ კითხვაზე: გსურთ თუ არა, რომ თქვენზე იძალადონ?! შედეგად, საარჩევნო უბნებს ის მოქალაქეებიც მიაკითხავენ, რომლებმაც პირველ ტურში სახლში დარჩენა ამჯობინეს და "48"-ს ("არას") შემოხაზავენ. შედეგად, ვინაიდან სააკაშვილის "ერთიანი გუნდის" მომხრეთა ("ხუთოსნების") რიცხვი დიდად არ შეიცვლება, საქართველოს მე-5 პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს ვიხილავთ (ხმების არანაკლებ 60 %-ს მოაგროვებს), რომელიც მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე, ფაქტობრივად, მისი კონკურენტის მხარდამჭერი პოლიტიკური გაერთიანებების სასარგებლოდ იმუშავებს.

    ფაქტია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, მოსალოდნელი შედეგით, ფაქტობრივად, "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერთა სასარგებლოდ დასრულდა, ვინაიდან არჩევნებში მონაწილეთა უმრავლესობამ (50 %-ზე მეტმა) ვაშაძე-ბაქრაძე-უსუფაშვილს მისცა ხმა, რაც, პირველ რიგში, "ქართული ოცნების" მესვეურთა დამსახურებაა. მმართველ პოლიტიკურ ძალას საკუთარი კანდიდატი რომ წარედგინა (მაგ., მაია ცქიტიშვილი, ზურაბ აბაშიძე, ნოდარ ჯავახიშვილი, დავით სერგეენკო, ლადო ჭანტურია...), ან რომელიმე სხვა დამოუკიდებელი კანდიდატი შეერჩია (მაგ., ლია მუხაშავრია, ნათია წკეპლაძე, ჯონი ხეცურიანი, მინდია უგრეხელიძე, მიხეილ ჯიბუტი, ვლადიმერ პაპავა...) დარწმუნებული ვარ, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში სადეპუტატო მანდატების არანაკლებ 70 % ექნებოდათ გარანტირებული.

    სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერამ და კანაფის კულტივაციის თემის წამოწევამ, ფაქტობრივად, იგივე ფუნქცია შეასრულა, როგორიც ალკოჰოლური სასმელის მოხმარებისა და ე. წ. უშრომელი შემოსავლის აკრძალვამ საბჭოთა კავშირის დაშლაში. მაშინაც ხალხი მმართველი კომუნისტური პარტიის წინააღმდეგ განეწყო და შედეგიც სწორედ ისეთი "დაიდო", როგორიც "პერესტროიკის" ინიციატორებს ჰქონდათ დაგეგმილი.

    ამდენად, გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება მომავალი საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგად, თუ საარჩევნო გარემო რადიკალურად არ შეიცვალა და იგივე პროცედურები დარჩა, საკანონმდებლო ორგანოში სადეპუტატო მანდატების უმრავლესობას ევროინტეგრაციისა და ლიბერალური იდეოლოგიის პლატფორმაზე "გაერთიანებული ოპოზიცია" დაეუფლება, ხოლო ყოფილი "მოქალაქეების", "ნაცებისა" და "მეოცნებეების" მეორე ნაწილს საპარლამენტო უმცირესობაში ვიხილავთ. მათი მორიგი "კოაბიტაციის" შედეგად კი მიზანმიმართულად გაგრძელდება ქვეყნის შემდგომი "ფედერალიზაცია".

    ფაქტია, რომ ევროპის საბჭოს მიერ ადრე გამოცემულ ერთ-ერთ კრებულში საქართველოს რუკა აფხაზეთის, აჭარისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის გარეშე იყო გამოსახული, ხოლო ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვემო ქართლში დასახლებულმა აზებაიჯანელებმა "ბორჩალოს საზოგადოებრივი პარლამენტი" შექმნეს. არც ის არის საიდუმლო, რომ ჯავახეთში მცხოვრები სომხების ნაწილიც, დიდი ხანია, საკუთარ სახელმწიფოზე ოცნებობს. აღარაფერს ვიტყვი "მცოცავ ოკუპაციაზე".

    ამდენად, შექმნილ ვითარებაში ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა, ერთიანი ქართული სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად გავერთიანდეთ და ევროპული ტიპის სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვისაც ერთად ვიზრუნოთ, გაპოლიტიკოსებული თანამედროვე "ყვარყვარეების" (ოსტაპ ბენდერებისა თუ სქვილერების) ინტერესებში ამჯერად უკვე ზურაბიშვილ-ვაშაძის "პირველობისთვის" ვუპირისპირდებით ერთმანეთს.

    ისიც ნიშანდობლივია, რომ სრულიად საქართველოს მოქალაქეებს, ისევე როგორც 2016-ში მთაწმინდელებს, არჩევანი სააკაშვილისდროინდელ ორ მინისტრს შორის უწევთ. ამასთან, ორივე კანდიდატს მეორედ მოუწია მეორე ნახევრების ძებნა და საქართველოში ჩამოსვლამდე ორივემ მოასწრო სხვა ორი ქვეყნის ინტერესების დაცვა. ამდენად, არსებითად აღარ მიმაჩნია, ამ ორიდან რომელი გახდება მოქალაქეების მორიგი "რჩეული".

    დაბოლოს, ვინაიდან ვიცი, ვინ გახდება პრეზიდენტი და მომავალ პარლამენტში უმრავლესობით ვინ მოვა, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ ვაპირებ, მაგრამ თუ რომელიმე კანდიდატი ჩემს კითხვებზე დასაბუთებულ (გონივრულ) პასუხებს გამცემს, ხმასაც მივცემ და შემოხაზული ბიულეტენის ფოტოსაც საქვეყნოდ გამოვფენ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×