სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    03.12.2018

    ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი
    საქართველოს პრეზიდენტობის მეორე ტურში თითქმის ერთნაირი შედეგით გასულ საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრებს, რომლებიც თითოეული დამატებითი ხმისთვის ძალისხმვევას არ იშურებდნენ, საარჩევნო შტაბებში მივაკითხე და იმავე კითხვებზე ვთხოვე პასუხების გაცემა, რომლებიც პირველი ტურის წინ საქვეყნოდ დავუსვი. იმედი მქონდა, ამჯერად მაინც მოიცლიდნენ რიგითი ამომრჩევლის წერილობით მიმართვაზე საპასუხოდ, ვინაიდან სახელმწიფო სიმბოლიკის, ქართული მიწის განიავების, ქვეყნის "ფედერალიზაციის" ან კორუმპირებული მაღალჩინოსნებისთვის დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის საკითხზე პრეზიდენტობის კანდიდატების პოზიცია მათი მხარდამჭერებისთვისაც უნდა ყოფილიყო საინტერესო და დანარჩენ მოქალაქეებსაც დაეხმარეოდა არჩევანში.
    კითხვებთან ერთად, გაზეთ "რეზონანსში" (26.11.2018) გამოქვეყნდა ჩემი პროგნოზი, რომ პრეზიდენტობის "დამოუკიდებელი კანდიდატი" ხმების არანაკლებ 60%-ით გაიმარჯვებდა, ხოლო მომავალ პარლამენტში "გაერთიანებული ოპოზიცია" სწორედ "ქართული ოცნების" "დამსახურებით" მოიპოვებდა მანდატების უმრავლესობას. შესაბამისად, ვინაიდან შედეგი წინასწარ ვიცოდი, ამასთან, ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე კითხვები ორივე კანდიდატმა უპასუხოდ დატოვა, ჩემი ხმა არც ერთს არ მივეცი.
    ცესკო-მ გამარჯვებულად "ფრანგი" სალომე ზურაბიშვილი გამოაცხადა, თუმცა ნეგატივზე აგებული საარჩევნო კამპანიისა და მანკიერი პროცედურის შედეგად საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, ფაქტობრივად, "სალომე ვაშაძე" გახდა, ვინაიდან "რუსეთუმე" გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერებიც (ძირითადად ყოფილი და დღეს მოქმედი "ნაციონალები".) არ აღიარებენ დამარცხებას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნითაც გეგმავენ მასშტაბურ საპროტესტო აქციებს.
    მიმაჩნია, რომ ქვეყანაში არსებული ურთულესი პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარებიდან და "გაერთიანებული ოპოზიციის" მოთხოვნების საფუძვლიანობიდან გამომდინარე, მოსაძებნია კრიზისიდან გამოსვლის არაორდინარული გზა, რომელიც მასობრივ არეულობასაც აგვაცილებდა თავიდან და დაპირისპირებულ მხარეებსაც აიძულებდა, სახელმწიფო ინტერესებში წასულიყვნენ კომპრომისზე.
    ვინაიდან სალომე ზურაბიშვილი ყველა მოქალაქის პრეზიდენტობას აპირებს, კონფლიქტური ვითარების განსამუხტად გონივრული იქნებოდა, მიბრძანებულიყო კვირას დანიშნულ აქციაზე და დაპირებოდა შეკრებილებს, რომ ახალი პარლამენტის არჩევისთანავე გადადგებოდა თანამდებობიდან, თუ ამას ხალხი მოითხოვდა.
    რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების ვადამდე და მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარების საკითხს, ის დაუყოვნებლივ დაიწყებდა კონსულტაციებს პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლებსა და ექსპერტებთან, რის შემდეგაც მხარს დაუჭერდა ურთიერთშეჯერებულ პოზიციას.
    ცხადია, ურიგო არ იქნებოდა, თუ იმასაც განაცხადებდა, რომ არ დაუშვებდა პოლიტიკური ნიშნით თანამოქალაქეების დაპირისპირებას და მომავალი პარლამენტის ფორმირებამდე დარჩენილ ვადაში ეცდებოდა, რომ შეცვლილიყო საარჩევნო სისტემა და პროცედურა, დაზუსტებულიყო საარჩევნო სიები, განახლებულიყო საარჩევნო კომისიები, ამაღლებულიყო მოქალაქეთა მართლშეგნება და საარჩევნო კულტურა, რაც იქნებოდა საქართველოში ევროსტანდარტების შესაბამისი რეალურად სამართლიანი არჩევნების ჩატარების გარანტი.
    ამასთან, ქალბატონი სალომე მოუწოდებდა მოქალაქეებს, გაერთიანებულიყვნენ ევროპული ტიპის სამართლებრივი სახელმწიფოს ასაშენებლად, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, რეალური რეფორმების განსახორცილებლად (პირველ რიგში, სასამართლო სისტემაში, საბანკო და საგადასახადო სექტორებში) და სოციალურ-ეკომომიკური ვითარების რადიკალურად გასაუმჯობესებლად.
    ლოგიკურად მიმაჩნია, რომ ყოველთვის პრაგმატულად მოზროვნე და მოქმედი ბატონი გრიგოლი, თუ ნამდვილად არ უნდა ქვეყანაში მორიგი დესტაბილიზაცია ან რევოლუცია, ამ პირობებზე იქვე მიულოცავდა კონკურენტს გამარჯვებას და "ხელიხელჩაკიდებულები" ერთად გაუძღვებოდნენ ერს მორიგი "ნათელი მომავლისკენ" (პარლამენტის წინ დამოუკიდებლობის აღდგენამდე მდგარი მონუმენტები გამახსენდა).
    ამ შემთხვევაში საქართველოს მე-5 პრეზიდენტად არჩეულ მანდილოსანს მიეცემოდა რეალური შანსი, ნორმალურ ვითარებაში განეხორციელებინა კონსტიტუციაში შემორჩენილი უფლებამოსილება და ოპონენტების მხრიდანაც დაემსახურებინა პატივისცემა. ამასთან, ისტორიაშიც შევიდოდა, როგორც პოლიტიკური გამჭრიახობის წყალობით, ფაქტობრივად, ორად გახლეჩილი ერის შემრიგებელი ქალი ლიდერი. იმედი მაქვს, დანარჩენ ქართველებსაც გვეყოფა გონიერება, ვარდების რევოლუციის მე-15 წლისთავზე დედაქალაქის ცენტრში არ გავმართოთ "ნაციონალური ევრომაიდანი" და მორიგი "ხავერდოვანი რევოლუციით" არ დავიზარალოთ ("ვიღაც მესამის" დასაცინადაც არ გავიხადოთ) თავი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved