სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    06.12.2018

    გაზეთ "რეზონანსის" 2018 წლის 27 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა ძალზე აქტუალური სტატია, რომელიც ეხებოდა სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო ტექნიკის ხარისხის კონტროლის საკითხს. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამედიცინო ტექნიკის ინსპექტირების ორგანო, რომელიც 2018 წლიდან აკრედიტებულია შთწ სტანდარტით, დიდი ხანია მუშაობს აღნიშნულ საკითხზე, გადავწყვიტეთ მკითხველისათვის მეტი სიცხადე შევიტანოთ, რაც არსებობს ამ მიმართულებით მსოფლიოს წამყვან ქვეყნებსა და საქართველოში.

    საქართველოში სამედიცინო ტექნიკის გარე კონტროლი არ ხორციელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ტექნიკის უსაფრთხოებასა და გამართულ ფუნქციონირებაზე არანაირი ინფორმაცია არ არსებობს. გამონაკლისს წარმოადგენს ლაბორატორიული და ნაწილობრივ რადიოლოგიური ტექნიკა, სამედიცინო-ტექნიკურ ნაკეთობათა სია კი ძალიან დიდია (დაწყებული არტერიული წნევის საზომი აპარატიდან, დამთავრებული ისეთი მაღალტექნოლოგიური ხელსაწყოებით, როგორებიცაა სუნთქვის აპარატები და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფები).

    პაციენტს უფლება აქვს იცოდეს, პერიოდულად მოწმდება თუ არა სამედიცინო ტექნიკა, რითაც კლინიკა ახორციელებს მის სამკურნალო-სადიაგნოსტიკო პროცედურებს, როდის მოხდა მისი ინსპექტირება ბოლოს, ვის მიერ, რა მეთოდოლოგიით და ა.შ.

    ჩვენი ქვეყნის საუკეთესო კლინიკებში არსებობს საინჟინრო სამსახურები, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობენ, მაგრამ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ ამ გზით აღნიშნული პრობლემა არ გვარდება და აუცილებელია სამედიცინო ტექნიკის გარე კონტროლის არსებობა.

    შეგვიძლია მოვიყვანოთ ევროპის ქვეყნების (ავსტრიის, გერმანიის) მაგალითი, სადაც სამედიცინო ტექნიკის გარე კონტროლი სავალდებულოა. არსებობს სამედიცინო ტექნიკის ინსპექტირების სამსახურები, რომლებიც ახორციელებენ კლინიკებში სამედიცინო ტექნიკის პერიოდულ ინსპექტირებას. მისი მიზანია, სამედიცინო ხელსაწყო იყოს უსაფრთხო, მუშაობდეს გამართულად და იყოს მზად გამოსაყენებლად.

    რაც შეეხება ინსპექტირების პერიოდს, მისი განსაზღვრა ხორციელდება თითოეული ტიპის სამედიცინო ტექნიკასთან მიმართებაში და გამოყენებულია ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ მოწოდებული ე.წ. "რისკზე დაფუძნებული კრიტერიუმები". აღნიშნული კრიტერიუმებით დგინდება, თუ რომელი სამედიცინო ხელსაწყო რა პერიოდულობით უნდა შემოწმდეს - წელიწადში ერთხელ, ორჯერ თუ ორ წელიწადში ერთხელ (მაგალითად, არტერიული წნევის საზომი აპარატის ინსპექტირება უნდა განხორციელდეს ყოველწლიურად, სუნთქვის აპარატისა - წელიწადში 4-ჯერ, საოპერაციო მაგიდისა - 2 წელიწადში ერთხელ).

    სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ ნებისმიერ სამედიცინო-ტექნიკურ ნაკეთობაზე უნდა არსებობდეს ნიშანდება, სადაც მითითებულია მისი ინსპექტირების პერიოდულობა, როდის განხორციელდა ბოლო ინსპექტირება და ვის მიერ, ასევე როდის ეკუთვნის შემდგომი ინსპექტირება.

    მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელ ქვეყანაში არის ნაწარმოები სამედიცინო ტექნიკა და რომელი მწარმოებლის მიერ, თანამედროვე ტექნიკური საშუალებები და ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ მოწოდებული მეთოდოლოგიები მათი მაღალტექნოლოგიურად ინსპექტირების საშუალებას იძლევა. გამომდინარე აქედან, არ არსებობს ხელოვნურად საკითხის მოგვარების აუცილებლობა.

    უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ სამედიცინო ტექნიკის გამოყენება სამკურნალო-სადიაგნოსტიკო მიზნით, თუნდაც ის იყოს ახალი, მსოფლიოში ცნობილი ბრენდის მიერ წარმოებული და ტესტირებული კლინიკაში გამოგზავნამდე, არ შეიძლება მანამ, სანამ ინსტალაციის შემდეგ მას გარე ინსპექტირების სამსახური არ შეამოწმებს, არ გასცემს შესაბამის სერტიფიკატს და არ დაიტანს მასზე ნიშანდებას. ამის შემდეგ ხელსაწყო მოხვდება პერიოდული ინსპექტირების პროგრამაში და ინსპექტირების გარე სამსახური განახორციელებს მის პერიოდულ შემოწმებას, ასევე შეაგროვებს მისი ინსპექტირების შედეგების ისტორიულ მონაცემებს, რაც შეიძლება, მომავალში გახდეს ინსპექტირების პერიოდულობის შეცვლის მიზეზი.

    ინსპექტირების გარე სამსახური არ შეიძლება იყოს რამე კავშირში რომელიმე კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებასთან, მწარმოებელ კომპანიასა და სერვისულ სამსახურთან. მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის თვალსაზრისით ინსპექტირების ორგანო სრულიად უნდა აკმაყოფილებდეს შთწ-შულ 17020 სტანდარტებს.

    ტექნიკურ უნივერსიტეტში 2018 წელს დაარსდა სამედიცინო ტექნიკის ინსპექტირების ორგანო, რომელიც აღჭურვილია მსოფლიოს წამყვანი ამერიკული კომპანიის ადგლუ-ს უახლესი აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ინჟინრებით. 2018 წელს ინსპექტირების ორგანომ გაიარა აკრედიტაცია სტანდარტით |თწ 17020 და დღეისათვის ამიერკავკასიაში ერთადერთი აკრედიტებული ინსპექტირების სამსახურია.

    სამედიცინო ტექნიკის ჩამონათვალი, რომლის ინსპექტირებაც შესაძლებელია ჩვენი ლაბორატორიის მიერ, საკმაოდ ვრცელია. რაც მთავარია, ინსპექტირების ორგანო ახორციელებს საქმიანობას მსოფლიო სტანდარტებით, რაც |თწ სერტიფიკატით არის დამოწმებული.

    გამომდინარე იქიდან, რომ სამედიცინო ტექნიკის ინსპექტირება სამედიცინო კლინიკებში დღეისათვის სავალდებულო არ არის, კლინიკები იშვიათად იყენებენ ჩვენს მომსახურებას.

    მიგვაჩნია, რომ სამედიცინო ტექნიკის უსაფრთხოებისა და გამართული ფუნქციონირებისათვის აუცილებელია, საქართველოშიც გათვალისწინებული იქნას მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პრაქტიკა და აღნიშნული ტექნიკის ინსპექტირება სავალდებულო გახდეს. ამასვე ითვალისწინებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება.

    ვიმედოვნებთ, უახლოეს მომავალში შეიქმნება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და საქართველოში სამედიცინო ტექნიკის ინსპექტირება სავალდებულო გახდება, რაც მნიშვნელოვნად აამაღლებს სამედიცინო მომსახურების ხარისხს. პაციენტებს ექნებათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამედიცინო ხელსაწყო არის უსაფრთხო, მუშაობს გამართულად და მზად არის სამკურნალო-სადიაგნოსტიკო მიზნით გამოსაყენებლად.

    სტუ-ის სამედიცინო ტექნიკის ინსპექტირების ორგანოს ხელმძღვანელი, პროფესორი

    ზვიად ღურწკაია

    ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინე გოცირიძე

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved