სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    06.12.2018

     მიმდინარე წლის 26 დეკემბერს აკადემიის საერთო კრებაზე, სანამ აკადემიის ნამდვილი წევრები კენჭს უყრით ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის აკადემიის ნამდვილ წევრად არჩევას, გთხოვთ, გაეცნოთ ჩემ მიერ მოწოდებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას:

    სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კულტურის სამინისტროსა და ეროვნული მუზეუმის მუშაობა შეამოწმა. აუდიტის ანგარიში, რომელიც მოიცავდა 2011 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდს, პროკურატურაში გადააგზავნა, სადაც 2013 წლის 25 მარტს დაიწყო გამოძიება (იხილეთ დანართი #01, #02, აუდიტის დასკვნა, წერილი პროკურატურიდან);

    2014 წელს ეროვნული მუზეუმის დაქვემდებარებაში არსებული დუშეთის არქეოლოგიური ბაზიდან განსაკუთრებული ისტორიული და ეროვნული ღირებულების 2 618 სამუზეუმო ნივთი მოიპარეს, რითაც ეროვნულ მუზეუმს მიადგა 82 865 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი (დანართი #03, #04, წერილი მუზეუმიდან, მცხეთის სასამართლოს გადაწყეტილება);

    2010 წელს ბრინჯაოს 16 ქანდაკება მოიპარეს ეროვნული გალერეის ქანდაკებათა საცავიდან, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს (დანართი #05, შსს-სგან მიღებული წერილი);

    დუშეთის არქეოლოგიურ ბაზასა და ეროვნული გალერეის საცავში მოსალოდნელი ძარცვის შესახებ ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორ დავით ლორთქიფანიძეს 2008 წლის ივნისიდან წერილობით აფრთხილებდა ეროვნული მუზეუმის უსაფრთხოების სამსახური, რაც ყურად არ იღო. ძარცვის შემდეგ დაწერილ მოხსენებით ბარათში ეროვნული მუზეუმის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი პირდაპირ ადანაშაულებს ბატონ ლორთქიფანიძეს გამოჩენილ გულგრილობაში (დანართი #06, უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათი).

    2016 წლის ნოემბერში ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალი ხელოვნების მუზეუმი წყლის დიდი ნაკადით ივსებოდა, რის გამოც ფონდებში წყალი შევიდა. 6 დღის განმავლობაში მუზეუმის თანამშრომლების არაერთი თხოვნის მიუხედავად, ეროვნული მუზეუმის დირექციამ რეაგირება არ მოახდინა. სასოწარკვეთილმა თანამშრომლებმა მეექვსე დღეს საზოგადოების წარმომადგენლებს დახმარებისათვის მიმართეს, რომელთა ჩარევის შემდეგ პრობლემა ოპერატიულად მოგვარდა (დანართი #07, "ტელეიმედის" სიუჟეტი);

    ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში არსებული ეროვნული გალერეის ქვედა სართულზე 2017 წლის 7 მარტს სახანძრო სამაშველო სამსახური 4 საათი აქრობდა ხანძარს (დანართი #08, შსს-სგან მიღებული წერილი). ცეცხლი მოეკიდა ტრანსფორმატორს. დაუჯერებელია, მაგრამ რეალობაა, რომ ამ ფაქტის მიუხედავად, ახალი ტრანსფორმატორი კვლავ იმ ადგილას დააყენეს, რაც კვლავ საფრთხის ქვეშ აყენებს ეროვნულ საგანძურს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამუზეუმო ნორმებს;

    კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურმა 2016 წელს ეროვნული მუზეუმი შეამოწმა და საგანგაშო ფაქტები გამოავლინა, რის მიხედვითაც: გაურკვეველია, რა დასახელების, რაოდენობისა და ღირებულების ექსპონატები ირიცხება ეროვნული მუზეუმის ბალანსზე; ეროვნული მუზეუმის ქონება, შენობა-ნაგებობები იჯარით არის გაცემული სახელმწიფო ინტერესების გაუთვალისწინებლად; ეროვნულ მუზეუმში პრემიები და სახელფასო დანამატები კანონთან შეუსაბამოდ გაიცემა; მუზეუმის წარმომადგენელთა უცხოეთში მივლინებებია გაფორმებული, მაგრამ მათი კონკრეტულ ქვეყანაში ყოფნის ფაქტი არ დასტურდება; ეროვნული მუზეუმი შესყიდვების განხორციელებისას "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონს" არღვევს, ტენდერებს ელექტრონულად არ ატარებს; ფონდებში ქაოსია, იქ გაყვანილობის სისტემა მოშლილია, კოლექციები შენახულია საგანგაშო პირობებში (დანართი #09, კულტურის სამინისტროს აუდიტის ანგარიში).

    ვფიქრობ, წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია დაგეხმარებათ 2018 წლის 26 დეკემბერს დანიშნული კენჭისყრის დროს გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში.

    აქვე მოგახსენებთ, რომ 2015 წლის 14 იანვარს ჩვენი (გარკვეული ჯგუფის) მიმართვის საფუძველზე მთავარ პროკურატურაში დაწყებულია გამოძიება, რის საფუძველზეც არაერთხელ დავიკითხეთ როგორც მე, ისე - ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები.

    პატივისცემით - ნინო მიქიაშვილი

    ა/ო "მემკვიდრეობა და სამართლის" დამფუძნებელი და მედიაკავშირ "ობიექტივში" გადაცემა "მემკვიდრეობის" ავტორი და წამყვანი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×