სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    12.01.2019

    ანზორ საკანდელიძე , თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის და რეფორმატორთა კავშირის თავჯდომარე

    ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, როგორც ჩანს, ჯერჯერობით მზად არ არის ეკონომიკის ახალი მინისტრი გიორგი ქობულია. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა "იმედის" ტელეეთერში 2018 წლის 30 დეკემბრის გვიანი ღამის მისი გამოსვლიდან. ბატონი მინისტრი გვიმტკიცებდა, რომ ჩვენი საგადასახადო კოდექსი კარგია და მსოფლიოში უკავია მესამე-მეოთხე ადგილი გადასახადების რაოდენობის და ტვირთის სიმცირით. საეჭვოა, ბოლო წლებში რა ასეთი საოცარი პროგრესი განიცადა ჩვენმა საგადასახადო კოდექსმა, როცა 9 წლის წინ ავტორიტეტულმა საერთაშორისო ექსპერტებმა ნოღაიდელის მიერ 2004 წელს მოსაკრებლებში თვალთმაქცურად გადატანილი 12 გადასახადი ჩაგვითვალეს ძირითად გადასახადებში და 18 გადასახადით 148 ქვეყანას შორის მოგვანიჭეს 92-ე ადგილი, გადასახადების გადახდის სირთულის კოეფიციენტის მიხედვით კი ერთ-ერთი ბოლო, 145-ე ადგილი!

    ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როგორ შეიძლება ჩაითვალოს კარგად 1998 წელს ნოღაიდელის მიერ მიღებული საგადასახდო კოდექსი, რომელმაც 2012 წლისთვის საქართველოში დაამკვიდრა მსოფლიო ბანკის მიერ ოფიციალურად დაფიქსირებული 72%-იანი ჩრდილოვანი ეკონომიკა?

    დღეისთვის საქართველოში რეალური მშპ არის დაახლოებით 110 მილიარდი ლარი და რეალური ბიუჯეტი კი დაახლოებით 40 მილიარდი ლარი. აქედან სახელმწფო კონტროლს ექვემდებარება მხოლოდ დაახლოებით 36 მილიარდი ლარის მშპ და 13 მილიარდი ლარის ბიუჯეტი. დანარჩენი მშპ და ბიუჯეტი კი მოქცეულია მაფიოზურ-ეკონომიკური კლანების კონტროლის ქვეშ. ამის გამო ასეთ სახელმწიფოს არ უწერია მდგრადი განვითარება და ეკონომიკის სამინისტროს უპრიანია ეწოდოს ჩრდილოვანი ეკონომიკისა და არამდგრადი განვითარების სამინისტრო!

    ამ მოსაზრებას ისიც ამყარებს, რომ საქართველოში არ არსებობს მსოფლიოში დასაქმებულთა 90%-ის დამსაქმებელი მცირე საწარმოები 10 მილიონ ევრომდე წლიური ბრუნვებით, შესაბამისად მოქმედი ევროსტანდარტებისა, რომლებსაც 2018 წლის 7 მაისიდან უკვე მიერთებულია რუსეთი აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ერთად. ქართული მცირე საწარმოების ფართოდ რეკლამირებული მაქსიმუმ 500-ათასლარიანი წლიური ბრუნვები კი არა მარტო მცირე საწარმოთა ამ ევროპულ წლიურ ბრუნვებზეა ნაკლები 60-ჯერ, არამედ ევროპულ მიკრო საწარმოთა 2-მილიონიანი ევროს წლიურ ბრუნვებზედაც ნაკლებია 20-ჯერ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოში არ არსებობს არათუ ევროპული მცირე მეწარმეობა, არამედ ევროპული მიკრო მეწარმეობაც კი. ისიც ხომ ფაქტია, რომ 60-ჯერ უფრო მცირე ქართული საწარმო ვერასდროს ვერ მოუგებს საბაზრო კონკურენციას 60-ჯერ უფრო დიდ ევროპულ მცირე საწარმოს და ვერ შეაღწევს ევრობაზარში.

    რა არის გამოსავალი? ეკონომიკის სამინისტრომ 4 წლის დაგვიანებით როგორმე ახლა მაინც სასწრაფოდ უნდა განიხილოს პარლამენტიდან დასკვნისათვის ოფიციალურად გადაგზავნილი, ჩვენს მიერ სამეცნიერო-მეთოდურ ნაშრომად დამუშავებულ-დაპატენტებული, მცირე მეწარმეობის აღდგენა-განვითარებისა და სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა (რომელთა შორის 2 მილიონზე მეტი მეანაბრეა!) ზარალის ანაზღაურების კომპლექსური რეფორმების კონცეფცია-პროგრამა და შესაბამისი დასკვნები გადაუგზავნოს პარლამენტს. ანალოგიური განხილვა 2016 წლის 25 თებერვალს უკვე შედგა ფინანსთა სამინისტროში. თავის მხრივ, პარლამენტმაც მაქსიმალურად უნდა დააჩქაროს ამ კონცეფცია-პროგრამისათვის მწვანე შუქის ანთება.

    არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი კონცეფცია-პროგრამის პრაქტიკული ამოქმედებით, განსაკუთრებული იდეალური სამეწარმეო გარემო შეექმნებათ სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელ საწარმოებს, რომლებიც საბრუნავ სახსრებად გამოიყენებენ აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის მიერ დამუშავებულ უპროცენტო ემისიურ კრედიტებს, ანუ სახეშეცვლილ ინვესტიციებს და სამეწარმეო გადასახადებს ნაღდი ფულის ნაცვლად გადაიხდიან საგადასახადო თამასუქებით, რაც ინვესტირების განხორციელების ტოლფასია. ასეთი ორმაგი ინვესტირებით, რაც არ მოითხოვს დამატებით საბიუჯეტო ხარჯებს, სწრაფად აღორძინდება როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი მრეწველობა, ისე ქართული სოფელი და მთელი საქართველო.

    სამწუხაროდ, 6 წელიწადია "ქართული ოცნება" უარს ამბობს ჩვენი უნიკალური კონცეფცია-პროგრამის დაწყებისათვის აუცილებელი 0,4 მილიონი ლარის ერთჯერად დაფინანსებაზე და ეს მიზერული თანხა არც 2019 წლის ბიუჯეტში არ გამოუყვია. ამ დაუფინანსებლობას კი საფუძველი ჩაუყარა ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა. უფრო მეტიც, ნოდარ ხადურმა გადააბიჯა კანონს და პარლამენტის გვერდის ავლით ბიუჯეტიდან თვითნებურად ამოიღო 1998 წლის 27 მარტს სახელმწიფოს მიერ აღიარებული 11 სახის დაზარალებულთა ზარალის ასანაზღაურებელი 1,2 მილიარდი ლარის ვალი, რათა ჩატეულიყო მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ნაბრძანებ მაკროეკონომიკურ ლიმიტებსა და ნორმატივებში!

    ეს კი მინიმუმ თაღლითობაა და ამ თაღლითობით უნდა დაინტერესდნენ, როგორც შესაბამისი სამსახურები, ისე ხადურის მიერ იგნორირებული და მოტყუებული პარლამენტის წევრებიც. ვფიქრობთ, ამ თაღლითობაში გახვეულია ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც, რომლის თანხმობის გარეშე ექსმინისტრი ვერ გაბედავდა ისედაც დამშეულ-დაბეჩავებული დაზარალებულებისთვის 1,2 მილიარდი ლარის მოპარვას.

    ხელისუფლებას კი კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ, თავი დაანებოს ცეცხლთან თამაშს და კარგად გაეცნოს 20-წლიან ისტორიას. 1998 წლის 27 მარტს ედუარდ შევარდნაძემ მის მიერ დაზარალებულების ზარალის ასანაზღაურებლად რატომ აღიარა სახელმწიფო შიდა ვალად საქართველოს იმდროინდელ ბიუჯეტზე 2-ჯერ უფრო მეტი, 1,2 მილიარდი ლარის ვალი და ქვეყანა ფაქტობრივად რატომ ჩააყენა დეფოლტის მდგომარეობაში!

    ამის მიზეზი იყო სტრასბურგის სასამართლოს მიერ წარმოებაში მიღება საქართველოდან გაგზავნილი დაზარალებული მეანაბრეების სარჩელებისა, რომლებიც ხანდაზმულობას არ ექვემდებარება. ეს საშიშროება დღევანდელი დღის ჩათვლით დამოკლეს მახვილივით მუდამ იქნება დაკიდებული საქართველოს სახელმწიფოს თავზე, სანამ ქვეყანაში არ მოგვარდება სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულების 25-წლიანი პრობლემა. უკვე მერამდენედ ვაცხადებთ საჯაროდ, რომ გაეროს 1985 წლის 29 ნოემბრის ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მე-8 და მე-13 მუხლებით გაერო სახელმწიფოს მიზეზით ნებისმიერ დაზარალებულს აცხადებს სახელმწიფოს მსხვერპლად და ავალდებულებს ქვეყნის ბიუჯეტიდან 100%-ით აუნაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზარალი მსხვერპლს.

    აქედან გამომდინარე, დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ფაქტობრივად დე ფოლტედ გამოცხადებულ სახელმწიფოში, სადაც სახელმწიფოს მიერ დაზარალებული მოქალაქეების ზარალის ასანაზღაურებელი ათეული მილიარდობით ლარის ვალი, რომლის ბიუჯეტიდან გადახდა ნებისმიერ დროს შეიძლება დაგვაკისროს სტრასბურგის სასამართლომ, რამდენჯერმე აღემატება ქვეყნის ბიუჯეტს!

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×