სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    30.01.2019

     ზურაბ ფარესიშვილი , სტუ-ის პროფესორი

    გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველოში შექმნილმა ცნობილმა პოლიტიკურმა ვითარებამ და სიტუაციებმა საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანა. ეს ფაქტი დიდად მისასალმებელი და საოცნებო იყო ქართველი ხალხისათვის, მაგრამ ამ ისტორიულ მოვლენას საქართველო როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ისე სტრატეგიული თვალსაზრისით მოუმზადებელი შეხვდა. სამწუხაროდ, ფაქტი სახეზეა. გასული წლების სახელისუფლებო სტრუქტურებმა ნაჩქარევ და ემოციურ ფონზე ვერ გააკეთეს დამოუკიდებელი ქვეყნისათვის აუცილებელი და სასიცოცხლო სოციალურ-ეკონომიკური გათვლები, რომლებიც საჭირო იყო საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესებში. ამის გამო დაშვებული იქნა გამოუსწორებელი შეცდომები, რომლებსაც დღეს ვიმკით.

    1990 წლიდან მოყოლებული, სახელისუფლებო, საპარლამენტო და სამთავრობო ორგანოებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე დანიშნული თუ არჩეული გოგონები და ბიჭუნები, რომლებსაც შრომის წიგნაკი იქვე გაუხსნეს და დღეს "სერიოზულ" პოლიტიკოსებად და ხელმძღვანელებად არიან წარმოდგენილი, ვერც მაშინ და ვერც ახლა ვერ აკონტროლებდნენ და აკონტროლებენ როგორც აგროსამრეწველო სისტემას, ისე სოციალურ-ეკონომიკურ სივრცეს.

    სამწუხაროდ, ყოველივე ეს იმ განუკითხაობის პერიოდიდან მოდის, როდესაც დაკანონდა ნებისმიერი უკანონობა, რაც დღემდე გრძელდება სხვადასხვა სახითა და შეფუთვით, რამაც ხელი შეუწყო მომხვეჭველებს, მოეხდინათ სახელმწიფო ქონების, მათ შორის მიწის, შენობა-ნაგებობებს, საწარმოებისა და სხვა მრავალი ობიექტის ე.წ. პრივატიზაცია, ანუ "პრიხვატიზაცია", რაც შესანიშნავად გამოიყენა "მხედრიონის", "მოქალაქეთა კავშირის", "ნაციონალური მოძრაობისა" და სამთავრობო სტრუქტურებში ვირთხებივით შემძვრალმა ყაჩაღებმა.

    სწორედ აქედან დაიწყო და გრძელდება ქვეყნის განადგურება, რასაც ვერ გადაურჩა საქართველოს ჩაის მრეწველობაც. გამომდინარე აქედან, მთლიანად განადგურდა ჩაის ფაბრიკები. მინდა შეგახსენოთ, რომ ასეთი ფაბრიკები და საწარმოები საქართველოს ჩაის სისტემას უკვე 2000 წლისათვის 155 ერთეულამდე ჰქონდა, რომლის საერთო საბალანსო ღირებულება რამდენიმე მილიარდ მანეთს აღემატებოდა.

    წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების მიერ ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების მოშლამ, თუნდაც პოსტსაბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, საქართველოს დააკარგვინა მის მიერ წარმოებული სასოფლო-სამეურნეო და მზა პროდუქციის სარეალიზაციო ბაზრები, ხოლო წინდაუხედავმა მიდგომამ, რაც გამოიხატა საზღვარგარეთიდან გენმოდიფიცირებული და უხარისხო პროდუქციის შემოტანის არნახულმა ზრდამ, ქვეყნის ისედაც განადგურებულ მრეწველობას ადგილობრივი ბაზარიც დააკარგვინა. აღარ ვლაპარაკობ ადამიანების ჯანმრთელობაზე.

    მაინც რამ გამოიწვია ჩაის დარგისა და განსაკუთრებით ჩაის მრეწველობის ასეთი დეგრადაცია და სად არის მიზეზთა ის ჩახლართული რგოლი, რომლის გაშლა არავის სურს ან არ შეუძლია, რათა რეალურად გამოაჩინოს და გამოააშკარაოს მიზეზთა მთელი ჯაჭვი.

    1990 წლიდან მოყოლებული, ყველა დროის ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა საბაზრო ეკონომიკის ძირითადი და საკვანძო მოთხოვნები, ანტიმონოპოლიური თავისებურებანი და პროცესები მთლიანად მიანდეს ბაზარს, რომელიც პოსტსაბჭოთა კავშირის სისტემაში ცხოვრების პირობებში უცხო იყო ჩვენი ქვეყნისათვის. პრივატიზების დრაკონულმა მეთოდებმა დააზარალა საზოგადოება და საქართველოს მრეწველობის პრაქტიკულად ყველა დარგი, რასაც ვერ გადაურჩა აგრარული სექტორიც და კერძოდ, მეჩაიეობა.

    ძალადობით ხელში ჩაგდებული ჩაის, როგორც პირველადი, ისე მეორეული გადამუშავების ფაბრიკები, მათ შორის - თბილისის ჩაის გადამწონი ფაბრიკა, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმო იყო საბჭოთა კავშირის მასშტაბით, ჯართად იქნა გაყიდული.

    მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა საქართველოს მეჩაიეობის რეგიონების, სოფლის მეურნეობაში ერთ დროს დასაქმებული მოსახლეობა იმდენად, რამდენადაც მათთვის გაუცხოებულ სიტუაციაში, საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთების დამუშავებისა და მოვლა-პატრონობის არავითარი პირობები არ იქნა გათვალისწინებული და ეს საკითხი დღემდე გაუგებარ მდგომარეობაშია.

    უფრო მეტიც, სოფლის მოსახლეობამ დაიწყო მათზე განპირობებული და პრივატიზებული ნაკვეთების გაყიდვა, სანაცვლოდ - ამორტიზებული და საზღვარგარეთიდან შემოტანილი ძველი მანქანების ყიდვა, დღეს კი არც მიწის ნაკვეთი და არც ჯართად ქცეული მანქანები აღარ შემორჩათ.

    (გაგრძელება "რეზონანსის" მომდევნო ნომრებში)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ხვიჩა   (31.01.2019)
    ძმაო არ ხარ მართალი ეს კაცი კი არ უბერავს ჩაის აღდგენაზე ფიქრობს უბედური და უპერსპექტივო შენ ყოფილხარ

    2019   (30.01.2019)
    რომელ ჩაიზე უბერავთ თქვე უბედურებო, რომელმაც ლამის არის სილამაზით განთქმული მეგრელი ქალები დაამახინჯა და წელი გასწყვიტა???ძლივს ამოისუნთქა სამეგრელომ და ხალხმა გააშენა თხილის კულტურა, რომელიც ნაკლებად შრომატევადია და უფრო რენტაბელური, რომელიც მთლიანად ექსპორტზე გადის და 200მლნ დოლარს იძლევა და ახლად გაშენებული პლანტაციების ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ 500მლნ-დოლარამდე ავა...მაგრამ ამ დარგში სახელმწიფოს არც ერთი თეთრი არ ჩაუდია და ეტყობა არც აპირებს ჩადებას, მაშინ როდესაც მევენახეობასა და მეციტრუსეობაში სუფსიდირებას ახდენს, ეს არის მიზანმიმართული ქმედება, რომელიც უამრავი ადამიანის გოლოდომორს გამოიწვევს...


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×