სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    (ანუ რამდენიმე რჩევა ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს)
    მოსაზრება
    30.01.2019

    ამ წერილს  საერთო არაფერი აქვს არც ლენინთან და არც ჩერნიშევსკისთან, აქ  მინდა განვიხილო საქართველოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია და შეძლებისდაგვარად ვეცადო გავცე პასუხი დასმულ კითხვაზე - რა ვქნათ?

    აღმოჩენა არ იქნება, თუკი ვიტყვი, რომ ნებისმიერი სერიოზული პოლიტიკური ინიციატივა უნდა ეყრდნობოდეს რაციონალურ აზრს და შესაბამისად გეგმას, რომელიც  ითვალისწინებს უახლოეს (ანუ ახლა რას ვაკეთებთ) და შემდგომ (მერე რას გავაკეთებთ) ამოცანათა რეალიზაციას. სამწუხაროდ, დღემდე ძირითადი აქცენტი ყველას (ვგულისხმობ ხელისუფლებას და ოპოზიციას) გადატანილი აქვს ბანალურ და პრიმიტიულ უახლოეს ამოცანაზე - როგორ მოვიგოთ არჩევნები, ამის მიღმა არავის არაფერი  აინტერესებს, და თუ აინტერესებს,  ეს ჩვენთვის უცნობია. დაპირებების უმრავლესობა საპნის ბუშტივით სკდება, ვინაიდან არ არის გამყარებული შესაბამისი ფინანსური და  მატერიალური რესურსით.

    გარდა ამისა, სასურველია, რომ პოლიტიკური სუბიექტების აქტივობა სხვადასხვა მიმართულებით (ვგულისხმობ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, განათლების და  ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელ სხვა სფეროებს) ეყრდნობოდეს გარკვეულ თეორიულ საფუძვლებს. სამწუხაროა, მაგრამ საქართველოს უახლოეს ისტორიაში ამ მიმართულებით შესაბამისი თეორიული კვლევები არ ჩატარებულა, ვგულისხმობ მეცნიერულ (არაპოლიტიზირებულ) კვლევებს, ანალიზს და მათ საფუძველზე შემუშავებულ პროგრამებს, პრიორიტეტებს და რეკომენდაციებს ქვეყნის მომავალი რაციონალური განვითარებისთვის. იქმნება შთაბეჭდილება, რომ საუკუნეების მანძილზე ცნობილმა პოლიტიკოსებმა, ფილოსოფოსებმა, ეკონომისტებმა, სოციოლოგებმა, ფსიქოლოგებმა თუ რევოლუციონერებმა ტყუილად იღვაწეს და დაგვიტოვეს თავიანთი ნააზრევი და ნაშრომები, რაც ჩვენთვის უინტერესოა, რადგან ყველაზე ჭკვიანები ვართ და ჰარი ჰარალოთი მივდივართ „ჩვენი გზით“, ოღონდ საკითხავია საით მივდივართ? ცნობილი ფაქტია, თუ ტყეში ადამიანი ორიენტირების და კომპასის გარეშე მოძრაობს, იგი დიდი ალბათობით წრეზე დადის!!! სწორედ, ამიტომ 28 წლის განმავლობაში ჩვენ წრეებს „ვარტყამთ“ ბნელ ოთახში და იდეაში შავ კატას ვეძებთ, რომელიც იქ შესაძლოა არც არის.

    ვინაიდან, არ არსებობს ქვეყნის განვითარების სტრატეგიული გეგმა, არ არის გამოკვეთილი პოლიტიკური პრიორიტეტები, ინსტიტუციების განვითარების პროგრამა და ა.შ., ამიტომ, სამოქალაქო საზოგადოება (რომლის უმრავლესობა სამწუხაროდ, აგრეთვე, არ გამოირჩევა დიდი ერუდიციით) საკუთარი  პოლიტიკური პრეფერენციების ფორმირებისას ეყრდნობა მხოლოდ პირად სიმპატიებს, „გასტრონომიულ“ პერსპექტივებს, სატელევიზიო და „ჭორტრესტის“ არხებით გავრცელებულ ინფორმაციას (სამწუხაროა, მაგრამ უკანასკნელს იმაზე დიდი წვლილი შეაქვს ამ პროცესში, ვიდრე ბევრს ჰგონია). ასეთი მიდგომის სავალალო შედეგიც სახეზეა. 

    ქვეყნის ხელისუფლების ვალდებულება გახლავთ სწორი ურთიერთობის ჩამოაყალიბება ოპოზიციასთან, რათა მან ნაყოფიერად შეძლოს თავისი პოლიტიკური ფუნქციის შესრულება, ხოლო ოპოზიცია, თავის მხრივ  ვალდებულია ხელი შეუწყოს  საზოგადოებაში ჯანსაღი კრიტიკული აზრის ფორმირებას, რომელიც საბოლოო ჯამში დახმარებას გაუწევს ან/და აიძულებს ხელისუფლებას უკეთესად შეასრულოს მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულებები და მოვალეობები. თუკი ასეთი ოპოზიციური ძალა ქვეყანაში არ არსებობს, დემოკრატიული ქვეყნის ხელისუფლება უნდა სტიმულირებდეს მის ფორმირებას, ვინაიდან ჯანსაღი კონკურენციის არარსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი პოლიტიკური და არაპოლიტიკური პროცესი განწირულია.

    ქართული „დემოკრატიის“ მოდელის შემთხვევაში ხელისუფლება, რომელიც თვლის, რომ ქვეყანა მის პირად და განუყოფელ კუთვნილებას წარმოადგენს და დროებით  არჩეული კი არ არის, არამედ ბრძოლაში მოპოვებულ „ტროფეი“-ს ფლობს, ცდილობს პოლიტიკურად, მორალურად და ფიზიკურად მოსპოს ოპოზიციური ძალა, რათა ეგრეთ წოდებული „ქარდ ბლანში“ გაინაღდოს მომავალი დაუსრულებელი და უდარდელი არსებობისთვის. ოპოზიციას მიაჩნია, რომ ხელისუფლება უკანონოდ დაეუფლა მის ადგილს ქვეყნის სადავეებში და ერთადერთი გამოსავალი ამ შემთხვევაში არის მისი მოშორება კანონიერი ან/და (თუ გაუვიდა) რევოლუციური გზით. სამწუხაროდ, იმის მომსწრენიც გახლდით, თუ როგორ ცდილობდა ზოგიერთი ოპოზიციური ძალა ხელისუფლების სავალალო შეცდომების პროვოცირებას, რომლებსაც შემდგომ ქვეყანაში დეფოლტი მოყვებოდა. ანუ, როგორც ვხედავთ, ჩვენი მოქმედებები არის  საპირისპირო იმისა, რაც უნდა ხდებოდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში, შესაბამისად ქვეყნის პოლიტიკური განვითარების ვექტორიც შებრუნებულია 180 გრადუსით,  ანუ უკუ მიმართულებით!

    ხელისუფლების და ოპოზიციის ადეკვატური რეაგირება და მოქმედება  ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე და პრობლემებზე, მოვლენათა სწორ ინტერპრეტაციას უნდა ეყრდნობოდეს და ჩემი აზრით,  სწორედ ეს გახლავთ ერთ-ერთი ასპექტი, რომელშიც ტრადიციულად ძალიან გვიჭირს. შემიძლია მაგალითიც მოგიყვანოთ ბოლო პოლიტიკური პერიპეტიებიდან. არ დავიჩემებ, რომ ზუსტი სტატისტიკური მონაცემები გამაჩნია, მაგრამ რამდენადაც ცნობილია, არჩევნების დროს ხმები ოფიციალურად გაიყო დაახლოებით შემდეგნაირად: 1147701 vs 780680 წინააღმდეგ. აი, სწორედ აქ  იწყება „ინტერპრეტაციული ეოფორია“!!! ოპოზიცია თვლის, რომ ეს 780 680 ამომრჩეველი (ამას დამატებული, საეჭვოდ გაბათილებული ბიულეტენების ავტორები)  მისი აქტიური ელექტორატია და  მზად არის მუშტებზე დაიხედოს და ბიცეფსების დემონსტრირება მოახდინოს. ხელისუფლება კი ისე „აბოლებდა“ მოსახლეობას, რომ თვითონ დაიჯერა, რომ მილიონზე მეტი ამომრჩეველი და ერთგული მომხრე ჰყავს და  კვლავ აგრესიულ რიტორიკას და მოქმედებას იწყებს და ისე იქცევა, თითქოს  მოსახლეობის უმრავლესობის უპირობო მხარდაჭერა გააჩნდეს. სამწუხაროდ, ცხადია, რომ ხელისუფლების კანდიდატის (სწორედ ხელისუფლების კანდიდატის და არა დამოუკიდებელი კანდიდატის) ხმათა ყულაბაში, გარდა აქტიური ელექტორატისა, დიდი წვლილი შეტანილი აქვთ:

    ა) ადმინისტრაციულ რესურსს; 

    ბ) მოსყიდულ კონტინგენტს; 

    გ)„იძულებით“  კონტინგენტს; 

    დ) „არა ნაცებს“ კონტინგენტს (ჩემი აზრით საკმაოდ დიდი პროცენტი). 

    და პირიქით, ოპოზიციური კანდიდატის ამომრჩევლებში ანალოგიურ კონტინგენტს წარმოადგენენ: 

    ა) ხელისუფლებაზე (ამა თუ იმ მიზეზით) განაწყენებული ელექტორატი; 

    ბ) „არა მოღალატეს“ კონტინგენტი (ესეც საკმაოდ დიდი რაოდენობაა ამომრჩევლის); 

    გ) გაერთიანებაში არ შესული პარტიების მოწოდებით მომქმედი ამომრჩეველი;

    რაც შეეხება აქტიურ ელექტორატს, ამ კატეგორიაში მე ვგულისხმობ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც მზად არის პირველივე მოწოდებაზე გავიდეს ქუჩაში და აქტიურად, ამა თუ იმ ფორმით, დაიცვას თავისი ხმა და პოზიცია. ჩემი აზრით, დღეის მდგომარეობით, აქტიური ელექტორატი ორივე მხარეს ყავს დაახლოებით თანაბარი რაოდენობით (რაც, ასე თუ ისე გამოიკვეთა არჩევნების პირველ ტურში), თან საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობას ამ ელექტორატს ნამდვილად ვერ დავარქმევთ.

    შესაბამისად, ჩვენი მსჯელობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, ორივე ძალას მხოლოდ ილუზორული უპირატესობა გააჩნია. არც ერთ მათგანს, რადიკალური მეთოდების გამოყენებით, დომინანტური პოზიციის მოპოვების შესაძლებლობა რეალურად არ აქვს, თუ არა პირიქით, სავარაუდოა, რომ რომელიმე მხარის მიერ სტრატეგიული შეცდომის დაშვების შემთხვევაში, ძალთა თანაფარდობა შეიძლება მომენტალურად და დრამატულად შეიცვალოს და ყველაფერი  ან რეპრესიებში, ან რიგით რევოლუციაში გადაიზარდოს.

    ვფიქრობ, რომ დამატებითი საარჩევნო და პოლიტიკური მხარდაჭერის ძირითადი  პოტენციალი ამ მომენტისათვის კონცენტრირებულია სწორედ არსებულ პასიურ ელექტორატში, რომელმაც პრაქტიკულად ბოიკოტი გამოუცხადა არჩევნებს - „არც ამათ“ და „არც იმათ“ მოტივით, პლიუს ამას მოსახლეობის ის კატეგორია, რომელიც ჩვენ უკვე განვიხილეთ (სხვა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ზემოქმედების შედეგად საარჩევნო ყუთებთან მიყვანილი ელექტორატის ჩამონათვალში), თუკი ის, რომელიმე მხარის აქტიურ ელექტორატად გარდაიქმნება.

    ჩვენ ლოგიკურად მივედით იმ დასკვნამდე, თუ რა სეგმენტზე უნდა იმუშაონ ახლა  პოლიტიკურმა ძალებმა,  რათა  მოიპოვონ მხარდაჭერა და გამარჯვება მომავალ არჩევნებში. სავარაუდოდ, წამყვანი პოლიტიკური სპექტრის პარტიებს და გაერთიანებებს ამის შესაძლებლობა გააჩნით, სწორი სტრატეგიის და ტაქტიკის გამოყენებით.  

    სწორ სტრატეგიას და ტაქტიკას კი ჭირდება:

    ა) საღი აზრი  და რეალობის ადეკვატური აღქმა (მაგალითად, თუ ხარს მულეტა აღიზიანებს და  ამის გამო სისტემატურად იერიშზე გადმოდის, ნუ აუფრიალებთ  მას ხარის ცხვირ წინ და ამით აირიდებთ რიგით შემოტევას);

    ბ) სწორი პოლიტიკური ხედვა, პოზიტიური გამოცდილება და ის საბაზისო ცოდნა,  რაზეც  დასაწყისში ვისაუბრეთ.

    ზემოთქმულის გარეშე ისევ გველის წრეები „ბნელ ოთახში“ და ერთი ადგილის ტკეპნა.

    სანამ მსჯელობას გავაგრძელებთ, მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო საკითხს, თუ რა წვლილი შეუძლიათ შეიტანონ სტაბილიზაციის და პოლიტიკური პროცესების პოზიტიურად განვითარებაში პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს და ახალ პრეზიდენტს.

    დავიწყოთ დილემით. ფორმალური და არაფორმალური ლიდერი - სოციოლოგიაში და ფსიქოლოგიაში ცნობილი ფენომენი გახლავთ. ვეცდები მარტივად ავხსნა ამ ფენომენის აზრი ყოფით მაგალითზე. ორგანიზაციაში მოდის ახალგაზრდა დირექტორი, რომელსაც მართვის არასაკმარისი, ან როგორც ახლა იტყვიან, მენეჯერული გამოცდილება არ გააჩნია. სამუშაო ადგილზე მას ხვდება დირექტორის მოადგილე, რომელიც იქ 25 წლის მანძილზე მოღვაწეობს და ამ პერიოდში უკვე 5-6 დირექტორი ყავს გამოცვლილი. დასკვნის გაკეთება მარტივია, თუ ვინ იქნება ორგანიზაციის რეალური ხელმძღვანელი და ავტორიტეტი თანამშრომლების თვალში. ამ შემთხვევაში დირექტორი გახლავთ ორგანიზაციის ფორმალური ხელმძღვანელი, ხოლო მოადგილე რეალური, მაგრამ არაფორმალური. ისმის კითხვა - შეუძლია თუ არა ფორმალურ ლიდერს რეალურ ლიდერად ჩამოყალიბება. დიახ! ცალსახად შეუძლია, მაგრამ ეს არის მთლიანად დამოკიდებული მის:

    ა) პირად თვისებებზე;

    ბ) საწყის პირობებზე;

    გ) არაფორმალური ლიდერის სიძლიერეზე;

    დ) ორგანიზაციაში არსებულ სიტუაციაზე; 

    აღარ გავაგრძელებ. თუ ვინმეს აინტერესებს, შეუძლია თვითონ ჩაუღრმავდეს ამ თემას, მაგრამ ვფიქრობ, რომ რაც აღვწერე საკმარისია იმისთვის, რომ ნათელი გახდეს რისი თქმა მინდა. ჩვენი პრეზიდენტობის ორივე კანდიდატს, საარჩევნო კამპანიის დასაწყისში, ცალსახად ფორმალური ლიდერის სტატუსი უფრო მოუხდებოდა, ვიდრე პირიქით. და აი აქ გავიმეორებ კითხვას - შეუძლიათ თუ არა მათ რეალურ ლიდერებად ჩამოყალიბება (ვგულისხმობ სუბიექტს, რომელსაც მაღალი ავტორიტეტი და მნიშვნელოვანი გავლენა გააჩნია პარტიაში, გაერთიანებაში, საზოგადოებაში)? იდეაში, დიახ შეუძლიათ! უმნიშვნელოვანესი ამ შემთხვევში არის პუნქტი ა) პირადი თვისებები, რომლებსაც ჩვენ ჯერ სრულად არ ვიცნობთ და დარწმუნებული ვარ, წინ ბევრი სიურპრიზი გველის. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ახლადარჩეულ პრეზიდენტს  უმძიმესი პოზიცია აქვს საწყისი პირობების თვალსაზრისით (საარჩევნო დონაციის მინიმუმ 10 მილიონი ამას ცხადყოფს), მაგრამ ორივეს  აბრკოლებს პოზიცია გ) არაფორმალური ლიდერის სიძლიერეზე. როგორ გაუმკლავდებიან ამ გამოწვევას, ვნახოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, მათ რეალურ ლიდერებად ფორმირებას, ალიანსს სტარტეგიულ საკითხებში ან მისალიანსს, ქვეყნის განვითარებისთვის და შესაძლო „ერთიანი პოლიტიკური სივრცის“ შექმნისთვის  დიდი მნიშვნელობა აქვს, მათ შორის 2020 წლის არჩევნებისთვის. 

    უნდა გაითვალისწინოს თუ არა ეს ვითარება დაპირისპირებულმა მხარეებმა  (ალბათ უკვე სამივემ) - ცხადია, უნდა გაითვალისწინოს და არა მარტო, ხელისუფლება რას იზამს რთული გამოსაცნობი არ არის, ვინაიდან, გარკვეული ტენდენციები მის ქმედებებში უკვე აშკარად ჩანს, მაგრამ, ვფიქრობ ოპოზიცია ამიერიდან უნდა ეცადოს, რომ ნებისმიერი კრიტიკა პრეზიდენტის მიმართ ეფუძნებოდეს მხოლოდ ობიექტურ ფაქტებს, იყოს კონსტრუქციული, შეიძლება მკაცრიც, მაგრამ არა შეურაცხმყოფელი.  არ იფიქროთ, რომ მშვიდობის მტრედის ფუნქციას ვირგებ,მხოლოდ და მხოლოდ პრაგმატული მიდგომა მაქვს. უკვე არსებული დაპირისპირების ესკალაცია ოპოზიციას და პრეზიდენტს შორის, ობიექტურად ხელს შეუშლის ქალბატონი პრეზიდენტის დამოუკიდებელ ფიგურად ჩამოყალიბებას (რამდენადაც ცნობილია, მას შესაბამისი ამბიცია ნამდვილად გააჩნია) და გააძლიერებს მის მმართველ პარტიასა და  ლიდერებთან კავშირს, მათზე დამოკიდებულებას (და შესაბამისად ვალდებულებებს, რომლებსაც პრეზიდენტის სასახლე უკვე შეეწირა) და მინიმუმამდე დაიყვანს ოპოზიციასთან მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივას ქვეყნის საკეთილდღეოდ. ამ მომენტისთვის არსებული ვითარების გათვალისწინებით, ოპოზიციის და პრეზიდენტის ურთიერთობის სწორ კალაპოტში მოქცევა, სერიოზულ ძალისხმევას და, რა თქმა უნდა, კეთილ ნებას მოითხოვს პროცესის ყველა მონაწილისგან. აგრეთვე, ეჭვი მეპარება, რომ ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა და ხელისუფლებამ, ასეთი ფორმის საარჩევნო მარათონის შემდგომ, შეხმატკბილებული ურთიერთობა შეინარჩუნოს.

    ასეა თუ ისე, პრეზიდენტის სტატუსი, პიროვნებისგან გარკვეულ ტრასფორმირებასაც მოითხოვს, სახელმწიფოებრივი აზროვნება წინა პლანზე უნდა წამოიწიოს და დომინირებდეს სხვა ნებისმიერ თვისებებსა და ემოციებზე, მათ შორის პირად ამბიციებსა და წყენაზე. სამწუხაროდ, ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ეს ბარიერი ჯერ ვერ გადალახა, მაგრამ, ცხადია, ამას გარკვეული დრო, სურვილი და პირობები ჭირდება. თუ მან ეს ვერ მოახერხა, შედეგი იქნება დრამატული ქვეყნისთვის, მისთვის და ალბათ მმართველი პარტიისთვის (ვინაიდან იგი საზოგადოებაში მაინც მმართველ პარტიასთან ასოცირდება). 

    დავუბრუნდეთ ძირითად თემას - რა ვქნათ. ჩემი აზრით, ყველაფერი უნდა დავიწყოთ საზოგადოებაში გაღვივებული აგრესიის და პიროვნული დაპირისპირების შეჩერებით. ეს გახლავთ უმთავრესი ამოცანა, ვინაიდან ამ ფონზე ნებისმიერი კონსტრუქციული პროცესების რეალიზაციაზე შეგვიძლია არც ვიოცნებოთ. სამწუხაროდ, დაპირისპირების საბაბს ჩვენ უცებ ვპოულობთ, მაგრამ აქვე აღსანიშნავია, რომ საბაბი ხშირად „შემოგდებულია“და შემდგომი მოვლენები პროვოცირებულია ჩვენი „უფროსი ძმის“ და მეზობლის - რუსეთის ძალისხმევით, მის მიერ კონტროლირებადი ძალების და პიროვნებების მეშვეობით. ეს ალბთ ცალკე განხილვის საგანია, მაგრამ ამ გავლენას ვერსად გავექცევით. მტრის ტრადიციული ხელწერის ნიშნები გახლავთ - რელიგიური და ეთნიკური შუღლის გაღვივება სხვადასხვა მეთოდებით, პროვოკაციული მოქმედებები ამა თუ იმ მოქალაქეთა ჯგუფების „დაცვის“ მოტივით, ცრუპატრიოტული, შოვინისტური იდეების და იდეოლოგიის გაღვივება და შემდგომ მათი ექსპლუატაცია საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, კორუფციულ საფუძვლებზე დამყარებული ეკონომიური თანამშრომლობის სტიმულირება,  სეპარატიზმის და კრიმინოგენული სიტუაციის გაღვივება და უამრავი სხვა. რატომ? სწორედ იმიტომ, რომ დაპირისპირების ფონზე არაფერი გამოგვივა, შორს ნუ წავალთ, გადავხედოთ ჩვენს უახლეს ისტორიას. აქვე აღვნიშნავ, რომ სანამ რომელიმე პოლიტიკურ ძალას ან პარტიას მოსახლეობაში მხარდაჭერა გააჩნია (პირობითად ავიღოთ მინიმალური საარჩევნო ბარიერი 5%) და, თუ ეს პოლიტიკური პარტია/მოძრაობა/გაერთიანება კანონით არ არის აკრძალული, არავინ ეკითხება მოწინააღმდეგე ძალას, თუნდაც უმრავლესობით მოსულს ხელისუფლებაში, შუღლის გაღვივებით და ძალისმიერი მეთოდებით „დაასრულოს“  კონკურენტის არსებობა!!! ეს გახლავთ გზა  საზოგადოების დაპირისპირების და ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ.

    ყოველივე იმიტომ აღვწერე, რომ სასურველი შედეგის მისაღწევად, დასმული ამოცანის საწყისი პირობები სწორად უნდა იქნას გაანალიზებული. სამწუხაროდ, ამ პუნქტის რეალიზაციის რეცეპტი ჯერ არ არსებობს, ამაზე ერთობლივად უნდა იღვაწონ პოლიტიკოსებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ.

    ამავე რაკურსში აუცილებლად უნდა შევეხოთ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკური დებატების კულტურას და მისი ამაღლების აუცილებლობას (თუ ეს დელიკატური ტერმინი შეიძლება გამოვიყენო ამ შემთხვევაში). რასაც ჩვენ ამ წლების განმავლობაში ვუყურებთ, და რისი მომსწრენიც გახლავართ, უფრო მდაბიო დონის „ბლატაობის“ შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე პოლიტიკური დისპუტის. უარესიც, ეს ნორმალური ადამიანების ურთიერთობას საერთოდ არ ჰგავს და გარკვეულ წილად აწესებს ურთიერთობის მცდარ „ნორმას“ პოლიტიკური საკითხების განხილვისას. სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილი (მათ შორის ჩინოვნიკები) სიამოვნებით იტაცებს ამ ესტაფეტას და ეს პათოლოგია დარბაზებიდან და ტელევიზორების ეკრანებიდან საზოგადოების ყოფით ცხოვრებაშიც გადმოდის.  აქედან კი მუშტების ქნევამდე სულ ერთი ნაბიჯია დარჩენილი.

    მუშტების ქნევა კი არც ოპოზიციის და ხელისუფლების ურთიერთობას წაადგება (მითუმეტეს პარლამენტში).  უკვე აღვნიშნეთ, რომ ძალთა თანაფარდობიდან გამომდინარე, ძალისმიერი მეთოდით მიზნების მიღწევა არცერთ მხარეს არ ძალუძს. სამწუხაროდ, პოლიტიკოსები ისე გაერთნენ ერთმანეთთან ქიშპობით, რომ ვეღარ გრძნობენ მოსახლეობის განწყობას. ხელისუფლებას ნდობის ვოტუმი უკვე დაკარგული აქვს, მაგრამ რევოლუციური სიტუაცია საქართველოში ჩამოყალიბებული არ არის,  საერთოდ შორს ვართ ამ სიტუაციიდან  კონკრეტული მომენტისთვის. 

    რატომ ვაძლევ თავს უფლებას ასე შევაფასო რევოლუციური პერსპექტივა? დავესესხები რევოლუციების დარგში ნომერ პირველ და ცნობილ ავტორიტეტს (რევოლუციური მეცნიერების გურუს, თუმცა ჯალათს და პირადად ჩემთვის მიუღებელ პიროვნებას) ვლადიმერ ულიანოვ-ლენინს, მაგრამ არ განვიხილავ მის ფორმულირებას კლასობრივ ჭრილში და ვეცდები მოვარგო ის ჩვენს რეალობას. რევოლუციური სიტუაციის ობიექტური და სუბიექტური ნიშნები:

    1. ხელისუფალნი ვეღარ მართავენ ძველებურად - მმართველ ძალას არ გააჩნია შესაძლებლობა შეინარჩუნოს ძალაუფლება უცვლელი ფორმით;

    2. ხალხს აღარ სურს ძველებურად ცხოვრება - სიღარიბის და სიდუხჭირის მკვეთრი და ზეზღურბლოვანი ზრდა და მასების სურვილი უკეთესობისკენ შეცვალონ თავის ცხოვრების პირობები;

    3. მასების პოლიტიკური აქტივობის მკვეთრი ზრდა, რომელიც განპირობებულია როგორც კრიზისული სიტუაციით, აგრთვე ხელისუფლების ქმედებებით. 

    მაგრამ, როგორც ამბობს რევოლუციონერი ვლადიმერი, ქვეყანაში რომც იყოს ჩამოყალიბებული რევოლუციური სიტუაცია, საჭიროა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პირობა რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ იგი რევოლუციაში გადაიზარდოს - მოსახლეობის უმრავლესობას უნდა ესმოდეს რევოლუციური გარდაქმნების აუცილებლობა, მზად იყოს აწარმოოს მასობრივი რევოლუციური  მოქმედებები და თავიც  კი გაწიროს ამის გამო (!!!!!!).

    მოდით ვნახოთ, რამდენად მიესადაგება XX საუკუნის დასაწყისში შექმნილი რევოლუციური თეორია საქართველოში XXI საუკუნეში განვითარებულ მოვლენებს. 2003 წელს ქვეყანა გაყოფილი იყო ორ ძირითად ნაწილად, ერთ მხარეს იყო გაზულუქებული, გამდიდრებული და აშკარად კორუმპირებული ხელისუფლება, ხოლო მეორე მხარეს ყველა დანარჩენი, თან საბოლოოდ გაღატაკებული და „გაძვალტყავებული“ (რომელსაც დასაკარგი აღარაფერი ჰქონდა და ყველაფერზე წამსვლელი იყო), პოსტკომუნისტური 13 წლიანი ეპოპეის შემდეგ. ეს აშკარად აკმაყოფილებდა რევოლუციური სიტუაციის მეორე და ყველა შემდგომ პირობას, ხოლო მიტინგების დაწყების და ოპოზიციის მიერ პარლამენტის შენობაში შეჭრის მომენტიდან და დასრულებული იმ მომენტით, როდესაც (რამდენადაც ჩემთვის ცნობილია) შევარდნაძემ საგანგებო სიტუაციის გამოცხადების ბრძანება გასცა (საბედნიეროდ მისი ბრძანება ჰაერში დარჩა), მას ძალოვანი სტრუქტურები აღარ ემორჩილებოდნენ!!! ეს აშკარად აკმაყოფილებს რევოლუციური სიტუაციის პირველ პუნქტს. შედეგად მივიღეთ ვარდების რევოლუცია.

    თვალი გავუსწოროთ რეალობას, 2003 წლის სიტუაცია რადიკალურად განსხვავდებოდა დღევანდელი სიტუაციისგან, დრო გავიდა, პოლიტიკური და სოციალური სიტუაცია მკვეთრად  შეიცვალა. გასათვალისწინებელია, აგრეთვე, უარყოფითი რევოლუციური გამოცდილებით გამოწვეული ქართული საზოგადოების ნიჰილიზმი მსგავსი მოვლენების მიმართ. რაც მთავარია, 2003 წლიდან, ავად თუ კარგად, მოხდა ეგრეთწოდებული, საშუალო სოციალური ფენის ფორმირება. ეს სეგმენტი პოლიტიკურად, სოციალურად და ბიზნეს თვალსაზრისით აქტიურია, აქვს გარკვეული სისტემატური შემოსავალი და ქვეყანაში მდგრადი სტაბილურობის ინტერესი გააჩნია. შესაბამისად, ჩემი აზრით, დღეს ქართულ საზოგადოებას უკვე სულ სხვა პოზიცია და პოლიტიკოსებისადმი რადიკალურად განსხვავებული დაკვეთა აქვს. მარტივად რომ ვთქვათ, საზოგადოება პოზიტიური პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების მომხრეა, სურს ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, მაგრამ ამ ეტაპზე აშკარად ემიჯნება რადიკალურ და  დესტაბილიზაციურ პროცესებს.

    რაც შეეხება ე.წ. „საშულო ფენას“. ჩემი აზრით,დღეს სწორედ ეს ფენა განაპირობებს საზოგადოების რადიკალურ განწყობილებათა რევოლუციური რეალიზაციის პერსპექტივას. ქვეყანაში სტაბილურობის ბედი განისაზღვრება იმით, თუ საით გადაიხრება ეს კატეგორია. გაამართლებს ხელისუფლების რადიკალურ ქმედებებს, თუ აქტიურად ჩაერთვება რევოლუციურ მოძრაობაში. თეორიულ დონეზე რომ არ ვისაუბროთ, მოგიყვანთ პრაქტიკულ მაგალითს: ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მიერ მოსახლეობის სწორედ ამ კატეგორიის უფლებების უხეშმა ხელყოფამ დაასრულა მისი მმართველობის პროცესი. დიახ, სწორედ ამან და არა ციხეებში „ცემა-ტყეპამ“, რომელიც მხოლოდ საბაბი იყო, ხოლო ძირითადი საფუძველი  გახლდათ რეპრესიები (თუ რაც გნებავთ ის დაარქვით) საშულო (და არა მარტო საშუალო) ფენის მიმართ.

    აღნიშნულიდან გამომდინარე, მაქვს საფუძველი ეჭვი შევიტანო ჩვენს მიერ განხილული რესურსების მქონე ოპოზიციის (თან მისი ნაწილის) რადიკალური მოთხოვნების მიზანშეწონილობაში და კერძოდ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნაში!!!

    მოლაპარაკებების წარმოების და მოთხოვნების წამოყენების ტაქტიკას აქ ვრცლად ვერ განვიხილავთ, მაგრამ მარტივად ვიტყვი რომ, როდესაც სტრატეგიული უპირატესობა არ გაქვს, მოლაპარაკება რადიკალური მოთხოვნებით არ უნდა დაიწყო, ვინაიდან ამ მოთხოვნების იძულებით აღსრულების არანაირი ბერკეტი ხელთ არ გაგაჩნია. აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუ რამდენად სწორი და დროულია ასეთი მოთხოვნის წამოყენება. ნუთუ  არავინ დაფიქრებულა იმაზე, რომ ხელისუფლების თანხმობის შემთხვევაში, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შედეგი არსებულ პოლიტიკურ რეალობაში და პროცესების ინერციით,შეიძლება ოპოზიციისათვის ანალოგიური შედეგით დასრულდეს ან უარესით? ვფიქრობ, ამ ეტაპზე, ყველაზე პრაგმატულია საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების მოთხოვნა (ვინაიდან ამ მოთხოვნას ოპოზიციის თითქმის მთელი სპექტრი და საზოგადოების დიდი ნაწილი ეთანხმება) და ამ მოთხოვნის გამაერთიანებელ მოტივად გამოყენება პროცესში პოლიტიკური პარტიების და საზოგადოების მაქსიმალურად ჩასართავად. მიდა ყურადღება გავამახვილო  იმ ფაქტზეც, რომ თუ საქართველოში არ დაინერგა ხმის მიცემის ახალი, თანამედროვე ფორმა/პროცედურა, არანაირ თეორიულ საკანონმდებლო ცვლილებებს აზრი არ ექნება და ყველა მომავალი არჩევნები კვლავ უნდობლობის და დაპირისპირების წყაროდ გადაიქცევა, რაც საბოლოო ჯამში ქვეყანაში დაძაბულობას და შესაძლებელია დესტაბილიზაციასაც კიგამოიწვევს.

    მნიშვნელოვანია, აგრეთვე, ორივე მხარისთვის, არჩევნებამდე დარჩენილი დროის რაციონალურად გამოყენება და შესაბამისი პროგრამების, კონცეფციების, წინადადებების და მათი რეალიზაციის ტაქტიკის შემუშავება. აღნიშნულმა ძალისხმევამ, აქტიური ელექტორატის ზრდა უნდა გამოიწვიოს და მხოლოდ ამის შემდეგ, პროცესში მონაწილე ყველა სუბიექტი, სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალური პოლიტიკური აქტივობის ფონზე, მზად არის მივიდეს 2020 არჩევნებზე, როგორც ამბობენ  - „პოლიტიკური ფორმის პიკზე“.

    ცხადია, თუკი ოპოზიციას საკმაოდ გრძელი გზა აქვს გასავლელი, რათა მოიპოვოს უფლება განახორციელოს ქვეყნისთვის და ხალხისთვის სასიკეთო რეფორმები, ხელისუფლებას იგივე მიზნების რეალიზაციისთვის ჭირდება მხოლოდ კეთილი ნება. იგი ბევრად უკეთეს საწყისს პირობებში იმყოფება (საპარლამენტო უმრავლესობის, პარტიული მთავრობის და ქვეყნის ბიუჯეტის განკარგვის შესაძლებლობის ჩათვლით,როგორც მინიმუმ). ვინაიდან,  ხელისუფლება არის ქვეყანაში სტაბილურობის და კონსტიტუციური წესრიგის გარანტი, შესაბამისად იგი პირდაპირ უნდა იყოს დაინტერესებული ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარეობის სტაბილიზაციით და რადიკალური ოპოზიციური აზრის „ტემპერატურის“ დაწევით (რაც ავტომატურად მოხდება სწორი და პრაგმატული პოლიტიკის წარმოების შემთხვევაში). სამწუხაროდ, არსებული სიტუაციისმცდარი პოლიტიკური ხედვა მხოლოდ აღვივებს უთანხმოებას ოპოზიციურ ძალებს შორის. დღევანდელ პირობებში, პოლიტიკური ოპონენტების სრული იგნორირება, აგდებული დამოკიდებულება მათ მიმართ და ნებისმიერი აგრესია, აუცილებლად გამოიწვევს ხელისუფლებისთვის არასასურველ შედეგს. როგორს და რა ფორმით, მალე გამოჩნდება, თუ ეს დამოკიდებულება არ შეიცვალა. ძველი ანეგდოტი არსებობს: ნიკოლოზ მეორეს დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის ორდენი მიანიჭეს, რატომო? როგორ რატომ? -რუსეთში რევოლუციური სიტუაციის შექმნისთვისო. იმედია ქართული ოცნება ანალოგიურ ნომინაციაში არ იქნება გამარჯვებული.

    ახლა დაუბრუნდეთ საკითხს, თუ რით უნდა მოიზიდოს პოლიტიკურმა ძალამ ამომრჩეველი, რით უნდა გახდეს მიმზიდველი ქვეყნის მოსახლეობისთვის ესა თუ ის პოლიტიკური ძალა. მსოფლიო პრაქტიკამ ამაზე ცალსახა პასუხი გასცა - პროგრამით!!!

    სამწუხაროდ, არ მახსოვს არცერთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც დალაგებული, გააზრებული და მოტივირებული პროგრამა (პროგრამულ დოკუმენტს ვგულისხმობ) გააჩნია. არის მცდელობები, რომ წინასაარჩევნო დაპირებებს პროგრამის ფორმა მისცენ, მაგრამ ეს ცხადია შორს არის იდეალისგან. როგორ მიიღოს გადაწყვეტილება ამომრჩეველმა ვის მისცეს ხმა, თუ კი არ იცის რას სთავაზობენ. და, როდესაც არ იცის რას სთავაზობენ, ძირითადად ემხრობა „ოღონდ ამას არა“ პოზიციას. ჩვენ უკვე ტრადიციულად, წლების მანძილზე, არჩევნებს უარყოფითი მოტივაციით ვატარებთ, და უარყოფითი მოტივაციით ქვეყანა რომ ვერ აშენდება, იმედია ამაში დავრწმუნდით.

    ალბათ დროა, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და გაერთიანებამ, ქვეყნის განვითარების თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური ხედვა შემოგვთავაზოს. ეს ორივე კომპონენტი აუცილებელია, ვინაიდან, როგორც  უკვე აღვნიშნე, ნებისმიერი პოლიტიკური და სოციალური ინიციატივა უნდა ემყარებოდეს  ფინანსურ რესურსს და შესაბამის გათვლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი შეიძლება სერიოზულ საფრთხედგადაიქცეს ქვეყნის ბიუჯეტისთვის და უარესი სოციალური და ეკონომიკური შედეგები გამოიწვიოს. ცხადია, არც ის არის მისაღები, როდესაც ამომრჩეველს რამეს დაპირდები, ხოლო  არჩევნების მოგების შემდგომ ან ამტკიცებ, რომ მსგავსი დაპირება არ მიგიცია, ან დებილობას აბრალებ ელექტორატს, ვინაიდან უმტკიცებ, რომ დაპირება შეუსრულე, მაგრამ ის ამას ვერ ხედავს.

    ზოგადად, იმისთვის, რომ დაავადებული განიკურნოს, მას ჯერ სწორი დიაგნოზი უნდა დაუსვან. ჩვენ ტრადიციულად, ძირითადად ანალიზის და დიაგნოზის მაგივრად „ბუას“ ვეძებთ და გადაბრალებით ვართ დაკავებულები. მე პირადად, გარკვეულ სისტემურ პრობლემას ვხედავ იმ მოვლენებში, რომელიც საქართველოში განვითარდა 1990 წლის შემგომ. კატამ-თაგვი, თაგვმა-თოფი, თოფმა-მგელი, მგელმა-თხა ასეა ჩვენი ამბავი, ხმათა დიდი უმრავლესობით არჩეული ლიდერები და მათი პოლიტიკური ძალები, ისტორიულ წამებშიგანდეგილები ხდებიან და ქვეყანაში ისევ და ისევ რევოლუციის აჩრდილი ჩნდება. აღნიშნულიდან გამომდინარე ეს პროცესი უკვე რეგულარულ ხასიათს ატარებს და ამის საფუძვლები ბევრად უფრო ღრმად არის დაფარული, ვიდრე ზედაპირულად ჩანს. თუკი მოქმედ სისტემაში მუდმივად ერთგვაროვანიპრობლემა ჩნდება, ეს ნიშნავს იმას, რომ მის სტრუქტურაში გარკვეული ხარვეზი არსებობს. ჩემი აზრით, ძირითადი ხარვეზი ჩვენისახელმწიფოს მოწყობის სტრუქტურაში გახლავთ - ადეკვატური მაკონტროლებელი მექანიზმების და დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობა. ცხადია  ახლა არ მაქვს  პასუხი, თუ როგორი უნდა იყოს კონტროლის მექანიზმი, იქნება ეს ერთი გლობალური ქვესისტემა, თუ მრავალი კომპონენტი არსებული სისტემის სტრუქტურაში (ალბათ ორივე), მაგრამ ამის გარეშე ჩვენ და ჩვენი შთამომავლობა, მუდმივად ვიქნებით ქვეყანაში პოლიტიკური კატაკლიზმების მომსწრენი. მაკონტროლებელი სისტემის პაკეტში აუცილებლად მოიაზრება ანტიკორუფციული და ანტიმონოპოლიური მექანიზმებიც. ეს ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი გახლავთ ქვეყნის ეკონომიკის რაციონალური განვითარების. გადახედეთ რა ხდება დღეს ფარმაცევტულ, საწვავ-საპოხი მასალების, სადაზღვევო და სხვა ბაზარზე, აღარაფერს ვამბობ საბანკო სისტემებზე. ისიც ცხადია, რომ ეფექტური მაკონტროლებელი სისტემა უნდა ეყრდნობოდეს ადეკვატურად მოქმედ პარლამენტს და ძლიერ და დამოუკიდებელ სასამართლო ინსტიტუტს, ამის გარეშე იგი რიგით რუდიმენტად და „ბიუჯეტიჭამიად“ გადაიქცევა.

    სასამართლო რეფორმის დეტალების განხილვას არ დავიწყებთ, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, დაანონსებული რეფორმის პოზიტიური შედეგი დღემდე არ ჩანს (საპირისპირო რომ არ ვთქვათ). სწორედ ამიტომ მინდა დავსვა ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა: არის თუ არა მზად „თანამედროვე“ იდეოლოგიის და „პროვინციული“ პრინციპების მატარებელი საქართველოს მოსამართლეთა კორპუსი (იშვიათ გამონაკლისებს არ ვგულისხმობ), არსებულ რეალობაში განახორციელოს დამოუკიდებელი და ობიექტური მართლმსაჯულება? გააჩნიათ თუ არა მათ შესაძლებლობა, საკუთარ კეთილდღეობაზე და პირად ინტერესებზე მაღლა ქვეყნის ინტერესები და მოქალაქეთა უფლებები დააყენონ??? არავის არ მინდა მივაყენო შეურცხყოფა, მაგრამ სამწუხაროდ უნდა ვაღიარო, რომ ჩემი აზრით არა! ამის არც შესაძლებლობა და  არც ნება მათ სამწუხაროდ არ გააჩნიათ. მოსამართლეთა კორპუსი უკვე იზოლირებულ კასტად ჩამოყალიბდა, რომელიც ძირითადად საკუთარი ინტერესების ლობირებით და დაცვით არის დაკავებული. მე, როგორც რიგით ამომრჩეველს, ძალიან მაინტერესებს რა გზას შემომთავაზებს ხელისუფლება და ოპოზიცია ამ ჩიხიდან გამოსასვლელად, ვინაიდან ამ პრობლემის ფუნდამენტურ გადაწყვეტაზე დამოკიდებულია საქართველოს მომავალი განვითარების პერსპექტივა. ობიექტურობისთვის უნდა აღვნიშნო, რომ წლების განმავლობაში, სხვადასხვა ხელისუფლება მოხერხებულად იყენებდა ამ სისტემაში არსებულ ხარვეზებს, ამიტომ ცხადია, რომ ამ ხარვეზების აღმოფხვრის ინიციატორად მისი წარმოჩენა ნაკლებად სავარაუდოა, ვინაიდან მართლმსაჯულებაში ჩარევის ბერკეტს დაკარგავს. სწორედ ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ოპოზიციას შეიძლება გამოვტყუოთ იდეები, პრობლემის გადაწყვეტის ხედვა, გეგმა და დაპირებები, სანამ ის ხელისუფლად მოგვევლინება, ვინაიდან არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ტრადიციულად იგივე ცდუნება გაუჩნდება.

    აგრეთვე, ლოგიკური და სავარაუდოა, რომ თუ კი ამდენი ხნის განმავლობაში, პოლიტიკურ არენაზე არსებულმა მოთამაშეებმა, საკუთარი ძალების გამოყენებით,  რადიკალურად სასიკეთო ვერაფერი შემოგვთავაზეს (ეს უკვე ცხადია), ალბათ მომავალშიც ვეღარ შემოგვთავაზებენ.

    სწორედ ამიტომ, ყოველივე ზემოაღნიშნულის რეალიზაციის მიზნით, აუცილებელია ადგილობრივი და უცხოელი მეცნიერების, სპეციალისტების და დამოუკიდებელი ექსპერტების მოწვევა და კვლევებში ჩართვა.  ეს ეხება არა მარტო ქვეყნის პოლიტიკური მოწყობის საკითხებს და სასამართლოს, არამედ ეკონომიკას, ფინანსებს, სოციალურ, სამედიცინო და განათლების სფეროებს, აგრეთვე, სხვა სტრატეგიულ მიმართულებებს. აქვე ყურადღება მინდა გავამახვილო დეცენტრალიზაციის აუცილებლობაზე და რეგიონების განვითარების გეგმის შემუშავების აუცილებლობაზე. აღნიშნული დარგების სპეციალისტები საქართველოში არსებობენ, მაგრამ სამწუხაროდ საბჭოთა ტრადიციების შესაბამისად „არაპარტიული“ აზრი  არავის აინტერესებს, არა და ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალი სწორედ არაპარტიულ სეგმენტში არის კონცენტრირებული. ხელისუფლების და პოლიტიკური პარტიების მიზანს უნდა წარმოადგენდეს ამ პოტენციალის მოზიდვა და მისი ცოდნის და გამოცდილების პოლიტიკურ გეგმებში ჩართვა და შემდგომი რეალიზაცია. ერთ-ერთი ძირითადი დაბრკოლება ამ გზაზე გახლავთ ჩემს მიერ ნახსენები აგრესია, ყველაფრის ზეპოლიტიზირება და ადამიანების (ამ შემთხვევაში სპეციალისტების და ექსპერტების) დევნა დაპირისპირებული პოლიტიკური ძალების მიერ. ცხადია ასეთ ვითარებაში ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალი მიუწვდომელი და გამოუყენებელი დარჩება და კვლავ, ტრადიციულად, ისევ იგივე წრეზე წავალთ. 

    ქართველ სპეციალისტებს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ ემსახურონ თავის ქვეყანას საკუთარი ცოდნით და გამოცდილებით. ამის გამო ქოცნაცობას ნუ დავაბრალებთ, შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ და პრობლემებს ნუ შევუქმნით!!!

    სწორედ აქ მინდა დავსვა კიდევ ერთი კითხვა, ხომ არ მოვიდა იმის დრო, რომ მთავრობა დაკომპლექტებული იყოს არა მარტო გაურკვეველი „პოლიტაქტივით“, არამედ დარგების ავტორიტეტული სპეციალისტებითაც? ცხადია, რომ პრემიერ-მინისტრი პოლიტიკური ფიგურა უნდა იყოს. არსებული ხელისუფლებისთვის ამის გაკეთება პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრმ სამწუხაროდ დღევანდელი სიტუაცია მე კრილოვის იგავ-არაკს მაგონებს. ოპოზიციას კი შეუძლია სწორედ ამ მიმართულებით მოიპოვოს „ქულები“. როგორ? მარტივად, ჩრდილოვანი კაბინეტის შეთავაზებით. სამწუხაროდ საქართველოში დღემდე არ არსებობს ჩრდილოვანი კაბინეტის პრაქტიკა. მარტივად ავხსნი, ჩრდილოვანი კაბინეტი არის ოპოზიციური მინისტრთა კაბინეტი მოლოდინში, იგი შექმნილია ოპოზიციური პარტიის(ების) მიერ სავარაუდოდ შიდა არჩევნების შედეგად და ახორციელებს მისი(მათი) პოზიციის და  პოლიტიკური კურსის დემონსტრირებას. ამ მექანიზმის გამოყენებით, ოპოზიციაში ყოფნისას, პარტიას(ებს) შუძლია(თ) დაანახოს ამომრჩეველს თავის ზრახვა და ეცადოს მოხიბლოს იგი კოალიციური, კონსტრუქციული და პროფესიული ჩრდილოვანი კაბინეტის წარმოდგენით. ვფიქრობ, რომ შეთავაზების სწორედ ასეთი ფორმა შეიძლება გახდეს გადამწყვეტი აქტიური ელექტორატის მოზიდვის სტრატეგიაში. ეს არის პოლიტიკური პარტიის თუ გაერთიანების ღია დეკლარაცია, თუ რის გაკეთებას აპირებს, როგორ და რა რესურსებით. ჩრდილოვან კაბინეტს ეძლევა, აგრეთვე, შესაძლებლობა გააცნოს მოსახლეობას თავისი მოქმედების პროგრამა და სწორედ ეს გახდება პოლიტიკური სიმპატიის თუ კრიტიკული მიდგომის საფუძველი და არა ტრადიციული ემოციური მიდგომა, რომელზეც ჩვენ ვრცლად ვისაუბრეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ტიპის სიმპატიის გამოსახატად, ამომრჩეველი ნამდვილად მივა საარჩევნო ყუთთან და ყველაფერს გააკეთებს რათა მომავალში დაიცვას თავისი ხმა. 

    კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა, მოტყუება და ბანალური „გადაგდება“, ყოვლად მიუღებელი ქმედება გახლავთ და მას მოსახლეობის და სასამართლო სისტემის მკვეთრი და მკაცრი რეაქცია უნდა მოყვეს.

    ჩემი აზრით, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მაგალითს ახლა წარმოგიდგენთ, თან სამწუხაროდ ამაში ერთ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ნამდვილად ვერ დავადანაშაულებ. მინდა შევეხო საყოველთაო სახალხო განხილვას პრეზიდენტის არჩევის ფორმის შესახებ. ჩემი აზრით, ეს კონკრეტული იდეის ფარულ „გაპრავებას“ უფრო ჰგავდა, ვიდრე აზრის გათვალისწინებას. ვიღაცამ, ჩვენს მაგივრად, იმპერატიულად გადაწყვიტა, რომ საქართველო უნდა იყოს საპარლამენტო რესპუბლიკა, შეუკვეცა პრეზიდენტს უფლებები, გაუზარდა პრემიერს და მერე მიმართა მოსახლეობას კითხვით, სურს თუ არა მას, ასეთი უფლებების მქონე პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევა. მიკვირს, რომ ამაზე პრინციპული და სერიოზული მსჯელობა არ გამართულა, ვინაიდან, ჩემი აზრით, „მწარედ“ მოგვატყუეს. ჯერ უნდა გარკვეულიყო თუ როგორი ქვეყნის მოწყობა გვინდა (სავარაუდოდ რეფერენდუმის მეშვეობით):

    1. საპრეზიდენტო რესპუბლიკა;

    2. შერეული მმართველობა;

    3. საპარლამენტო რესპუბლიკა.

    აი ეს იქნებოდა მოსახლეობის აზრის გათვალისწინება და დემოკრატიის ნიმუში, ჩვენ კი, როგორც თბილისში ამბობენ,  კოლექტიურად მკვდარზე გვირგვინი დაგვადებინეს, თან ზარ-ზეიმით. თუმცა აღმოჩნდა, რომ არც ისეთი მკვდარი და უმნიშვნელო ყოფილა პრეზიდენტის თანამდებობა როგორც გვეუბნებოდნენ, ამას არჩევნებზე შექმნილი მძაფრი კონკურენცია და დრამატული დაპირისპირების მაგალითი ცხადყოფს. 

    კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც მინდა გავამახვილო ყურადღება. თუ კი ადრე, ავად თუ კარგად, ცნობილი იყო, საზოგადოების რომელი სექტორი რა იდეას ემსახურებოდა, ბოლო არჩევნებმა ძალიან სახიფათო ტენდენცია გამოააშკარავა. მე ვგულისხმობ ცრუ არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნის პრეცენდენტს. ეს ტენდენცია ისეთი სერიოზული საფრთხის მატარებელია, რომ ჩემი აზრით საქართველოს საზოგადოებამ ეს ჯეროვნად დღემდე ვერ გააანალიზა. უნდა ვაღიარო, რომ ამას სამწუხაროდ რუსული ხელწერის სუნი ასდის. სასწრაფოდ უნდა მოხდეს ამ და მსგავს ფაქტებზე რეაგირება, წინააღმდეგ შემთხვევაში ხვალ ჩვენ  ქვეყანაში ისეთ აჯაფსანდალს მივიღებთ, რომ სიტუაციის თავს და ბოლოს ვერავინ ვერასდროსგაარკვევს.

    ვფიქრობ, რომ ასე თუ ისე მოვახერხე ძირითადი აზრის გამოხატვა, მაგრამ, სანამ დავასრულებ კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს მინდა შევეხო. ეს გახლავთ ქვეყანაში მორალური პრინციპების არსებობის და პატრიოტიზმის საკითხი. თუ საზოგადოება ყოველდღიურ ცხოვრებაში არ ხელმძღვანელობს ელემენტარული მორალური პრინციპებით და ნორმებით, მასში დომინირებს კონფორმიზმი და იგი მასობრივი სოციალური ყოფაქცევის თვალსაზრისით „დინებას მიჰყვება“, იგი ვერ მიიღებს ვერც პოზიტიურ შედეგს ქვეყნის აღმშენებლობაში და ვერც დემოკრატიულ პოლიტიკურ წყობილებას მასში. ყველაფერი უნდა დაიმსახურო, მათ შორის დემოკრატიაც და ცივილიზებული და განვითარებული ქვეყანაც. ნუ ველოდებით, რომ ჩვენს მაგივრად ვინმე გააკეთებს ჩვენ საქმეს. სამოქალაქო საზოგადოებას თავისი გადამწყვეტი ფუნქცია გააჩნია ქვეყნის განვითარების ყველა ასპექტში. მისი კონტროლი და პოზიტიური ზემოქმედება ჭირდება არა მარტო ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციასაც, სწორი, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკური კურსის ფორმირების მიზნით. სწორედ ამიტომ არის ნათქვამი, რომ ყოველი ხალხი იმსახურებს სწორედ ისეთ ხელისუფლებას, როგორიც ჰყავს!!!

    სამწუხაროა, მაგრამ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილის პატრიოტიზმი გულში მუშტის რტყმევით და საქართველოს ლამაზი სადღეგრძელოთი შემოიფარგლება და თუ ამას „ჰერიო ბიჭებო“ სიმღერაც მოჰყვა, ყველას ამაღლებული განწყობა და თვითკმაყოფილების განცდა ეუფლება. არა ბატონებო! პატრიოტიზმი  სამშობლოს თეატრალიზებულ სიყვარულს არ ნიშნავს. სხვა მრავალი ფაქტორის გარდა იგი ყოველდღიურ ცხოვრებაში მორალური და ეთიკური პრინციპების დაცვით გამოიხატება!!!

    ამორალურია, როდესაც უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებს, ისედაც მიზერულ სოციალურ დახმარებას უწყვეტენ გაზულუქებული ჩინოვნიკები. ამორალურია, როდესაც საზოგადოებას უფრო ადარდებს ციხეში პატიმრების მდგომარეობა (თუმცა ესეც უნდა ადარდებდეს), ვიდრე პატიოსანი მოქალაქეების, მოხუცების და ბავშვების ბედი, რომლებიც სისტემატურად ნაგვის ბუნკერებიდან იკვებებიან. ამორალურია, როდესაც მოსახლების თვალწინ ნადგურდება ქვეყნის ბუნებრივი რესურსი და უმრავლესობას ეს საერთოდ არ ადარდებს. ამორალურია, როდესაც განათლების სისტემა, რომელმაც ჩვენი შვილები პიროვნებებად უნდა ჩამოაყალიბოს, უსახო და უსისტემო ინსტიტუტად გარდაიქმნა, რომელიც მათ სულიერად და ინტელექტუალურად ამახინჯებს. ამორალურია მასწავლებლების და საგანმანათლებლო სფეროს მუშაკების პოლიტიკურ პროცესებში ჩათრევა. ამორალურია, როდესაც აგრესია ვინმეს მიმართ მოწონებას, ქებას და წახალისებას იმსახურებს. ამორალურია, როდესაც საზოგადოებაში კრიმინალური მენტალიტეტი სუფევს. ამორალურია,  როდესაც ადამიანებს არ გააჩნიათ შესაძლებლობა ელემენტარული წამალი შეიძინონ, ვინაიდან სააფთიაქო ბიზნესი მონოპოლიზებულია და მოსახლეობის გარკვეული სეგმენტისთვის პრაქტიკულად მიუწვდომელია. ამორალურია, როდესაც ხალხის მიერ დაქირავებული ხელისუფლების შემოსავლები ათჯერ და ასჯერ აღემატება დამქირავებლის შემოსავლებს. ამორალურია, რომ ყაჩაღური გზით მოპოვებული ქონება სამარცხვინოდ აღარ ითვლება. ამორალურია, როდესაც უაზრო სიძულვილით მოტივირებულ მოტინგზე ათობით ათასი მოქალაქე გამოდის და მტრის ოკუპაციის წინააღმდეგ ერთი ავტობუსი ხალხი ვერ გროვდება. ამორალურია, როდესაც სახელმწიფო მოხელე უსულო რობოტს უფრო ჰგავს ვიდრე ადამიანს. ამორალურია,  როდესაც ცდილობ მტერს, რომელიც შენი შვილების ზურგზე ხტოდა და შარდავდა მათზე, ღვინო და მწვანილი მიყიდო ან ხინკალი გაასინჯო და ამით ბიზნესი აიწყო. ამორალურია, როდესაც ქუჩაში მათხოვრების და უსახლკაროების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ამას არავინ იმჩნევს. ამორალურია, როდესაც მშობელი შვილს კანონმორჩილ მოქალაქედ არ ზრდის. ამორალურია, როდესაც საზოგადოება სულიერ მოთხოვნილებებს დაპირისპირებით და აგრესიით იკმაყოფილებს. ამორალურია, როდესაც ასაკოვანი ადამიანები „უპერსპექტივოდ“ ითვლებიან  და მათი მომავალი ბედი საზოგადოებაში აღარავის ადარდებს. ამორალურია, პარტიული ნიშნით ადამიანების დასაქმება ან სამსახურიდან განთავისუფლება. ამორალურია, როდესაც ადამიანები თვეების მანძილზე, ღია ცის ქვეშ პროტესტს გამოხატავენ უსამართლობის წინააღმდეგ, მაგრმ სამართალს მაინც ვერ პოულობენ.

    ამორალურია, როდესაც ქვეყანაში ნეპოტიზმი ყვავის. ამორალურია, როდესაც ჯარისკაცებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ სამშობლოს, ამის გამო თავის მართლება უწევთ. ამორალურია, სხვის გაჭირვებაზე საკუთარი კეთილდღეობის მოწყობა. ამორალურია, როდესაც პატიოსნების, სიკეთის და კაცთმოყვარეობის გამოვლინება სისუსტედ განიხილება და სისულელედ ითვლება.

    აი შემდგომი - ამორალურია კი თქვენთვის მომინდია. დარწმუნებული ვარ, რომ პირველი ათეული უცებ მოგაფიქრდებათ, მაგრამ მაშინ რატომ გვიკვირს, რომ ყველა თვალსაზრისით ასეთ არასახარბიელო სიტუაციაში ვცხოვრობთ (უფრო სწორედ ვარსებობთ ამ წლების განმავლობაში) და როგორც ამბობენ „ნათელ მომავალზე“ კი ვოცნებობთ, მაგრამ მისი რეალიზაციის იმედი რეალურად არ გაგვაჩნია. სამოქალაქო საზოგადოება ვალდებულია გააქტიურდეს და თავისი წვლილი შეიტანოს ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში. სხვა გზა აღარ გვაქვს. ხელისუფალთ კი ვურჩევ, ნუ აღიქვამთ საქართველოს მოსახლეობას  საარჩევნო რესურსად და უსულო ელექტორატად, ქუჩაში რომ გახვალთ, ჩახედეთ ადამიანებს თვალებში, ეგებ რამე სასიკეთო ემოცია და იდეა გაგიჩნდეთ.

    გიორგი ალექსიძე

    თბილისი. 7 დეკემბერი 2018

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved