სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    02.02.2019

    ანზორ საკანდელიძე, მშენებელთა ლიგის თავმჯდომარე

    ჰამლეტისეული ყოფნა-არყოფნის პრობლემები უდგას დღეს თბილისელებს. ამის თვალსაჩინო მაგალითია 16 იანვარს გაზის აფეთქებით დიდ დიღომში დატრიალებული საშინელი ტრაგედია, 31 იანვარს ისანში 7 ადამიანის დაღუპვა და 21 იანვარს ვარკეთილში 2 ადამიანის გაზით გაგუდვა. ეს თვალით ხილული უბედურებებია და არავინ არაფერს არ ამბობს თვალით უხილავ, უკონტროლო სამშენებლო ეკოლოგიით გამოწვეულ ნელ, ე.წ. "თეთრ სიკვდილზე", როცა უკონტროლო ფალსიფიცირებული მასალებით ჩატარებული "ვაირემონტების" შედეგად ჩვენს საცხოვრებელ ბინებში მუდმივად ამოფრქვეული მომწამლავი აირებითა და რადიოაქტიური გამოსხივებით (მათ შორის, ყველაზე უფრო მომაკვდინებელია რადონის!) ყოველდღიურად ბევრი თბილისელი ავადდება, ბევრს დაავადება უმძიმდება და ბევრი იღუპება. პასუხის გამცემი და პასუხისმგებელი კი არავინაა!

    10 წლის წინ თბილისელები მაშინდელმა თბილისის მერიამ გაწირა სასიკვდილოდ, როცა სეისმომედეგობის კანონით "პნ 01-01-09" გათვალისწინებული, მაქსიმუმ, 12-სართულიანების ნაცვლად, დაუშვა სეისმომედეგობაზე და სამშენებლო ეკოლოგიაზე შეუმოწმებელი 20 და მეტსართულიანი რკინაბეტონის კარკასული "სიკვდილის კორპუსების" მშენებლობა. არადა, გაცილებით უფრო დაბალსართულიანი ასეთი რკინაბეტონის კარკასული შენობები მასობრივად დაანგრია მიწისძვრებმა 1999 წელს თურქეთის ქალაქ იზმირში, 1988 წელს სომხეთის ქალაქ ლენინაკანში, სადაც განადგურდა სწორედ ასეთი შენობების 98% და ამიტომ უწოდეს ასეთ შენობებს "სიკვდილის კორპუსები". სხვათა შორის, ამ მკვლელი კარკასული შენობებისაგან განსხვავებით, ლენინაკანში ჩვენთან ათვალწუნებული "ხრუშოვკის" ტიპის არც ერთი საცხოვრებელი კორპუსი არ დანგრეულა!

    თბილისელების სიკვდილ-სიცოცხლესთან დაკავშირებული სეისმომედეგობის დაცვის ამ კანონის გვერდის ავლით თბილისში უკვე აშენებულია ასობით "სიკვდილის კორპუსი" და დღემდე მუდმივად ჩართულია თბილისელების სიცოცხლის ხარჯზე ფულის საჭრელი კონვეიერი. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს სასიკვდილო ბაკქანალია? როგორ უნდა მოიქცეს თბილისის მერი კახა კალაძე, რომელსაც 3-ჯერ გავუგზავნეთ ჩვენ მიერ დამუშავებულ-დაპატენტებული ("საქპატენტის" მოწმობა #7069) "თბილისისა და თბილისელების გადარჩენის მეგაპროგრამა"? არც ამ მეგაპროგრამაზე და არც თბილისის მერისადმი ჩვენ მიერ გაგზავნილ 4 ოფიციალურ წერილზე დღემდე არავითარი პასუხი არ მიგვიღია.

    ჩვენი აზრით, ნამდვილად უნდა დაინტერესდეს თბილისის მერია და პირადად მერი მშენებელთა ლიგის წევრი, საქვეყნოდ ცნობილი მეცნიერებისა და მშენებლების მიერ მოწონებული ამ "მეგაპროგრამით". იგი მოიცავს არა მარტო თბილისისა და თბილისელების, არამედ ჩვენი ემიგრანტი ქართველების ჩათვლით მთელი საქართველოსა და ქართველი ხალხის დღევანდელი კატასტროფული პრობლემების კომპლექსურად მოგვარების გზებს.

    მაგალითად, მეგაპროგრამის სამშენებლო და ეკონომიკური რეფორმები უნდა განხორციელდეს თბილისელებისა და სამშობლოში დაბრუნების მსურველი ქართველი ემიგრანტების ერთიანი სტრატეგიით. ეს სტრატეგია კი უახლოესი 10 წლის განმავლობაში უნდა მოიცავდეს ავარიული სახლებიდან დაბალანსებულად გამოსახლებული, დაახლოებით 0,5 მილიონი თბილისელისა და საზღვარგარეთიდან დაბრუნების მსურველი, ასევე, 0,5 მილიონი ქართველი ემიგრანტის ჩასახლებას ძირითადად თბილისთან ახლომდებარე და საზღვრისპირა სოფლებში. ახალი ჩასახლებულებისათვის კი შპს "თბილმშენისა" და მისი რეგიონული ფილიალების მიერ წინასწარ აშენებული და კეთილმოწყობილი იქნება ასაწყობი ტიპის კოტეჯური საცხოვრებლები და სამეურნეო დანიშნულების მცირე ზომის ობიექტები. მათ აგრეთვე გრძელვადიანი იჯარით გადაეცემათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახელმწიფო მიწები და საიჯარო გადასახადისაგან გათავისუფლდებიან 5 წლით.

    სოფლებში ახალჩასახლებულებისთვის ადგილებზე გარანტირებული სამუშაო ადგილების უზრუნველყოფა განხორციელდება აკადემიკოს გივი ჯავახიშვილის მიერ მთელი საქართველოს მასშტაბით დამუშავებული და "საქპატენტის" 3 მოწმობით დაცული ახალი უნიკალური სასურსათო სუბინდუსტრიული აგროსამრეწველო კომპლექსების მშენებლობით. ბატონ გივის საბოლოო ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების დონეზე აქვს შესწავლილი საქართველოში 7 რეგიონული და 67 რაიონული ასეთი აგროსამრეწველო კომპლექსების მშენებლობა, ექსპლუატაციაში გაშვება და საბოლოო პროდუქციის მიღება. უფრო მეტიც, მას დამუშავებული აქვს 1 რაიონული კომპლექსის ტიპური პროექტი. ეს კომპლექსი შედგება 1 ძირითადი საწარმოსა და 1 სუბინდუსტრიული საკვებმომპოვებელი კომპლექსისაგან, რომლებიც, ჩაკეტილი ტექნოლოგიური ციკლიდან გამომდინარე, თავის გარშემო ქმნიან ძირითადი საწარმოსათვის საჭირო პროდუქციის დამამზადებელ 13 მცირე სამრეწველო საწარმოს. ამ ტიპური რაიონული კომპლექსის კაპდაბანდებაა 51 მილიონი ევრო და ყოველწლიურად ამზადებს 78 მილიონი ევროს ღირებულების პროდუქციას. წარმოების მაღალი რენტაბელობიდან გამომდინარე, უკუგებაა ექსპლუატაციაში გაშვებიდან 2 წელი. რაიონების სიდიდის მიხედვით, ასეთი კომპლექსი 1 რაიონში შეიძლება აშენდეს რამდენიმე.

    აკადემიკოს გივი ჯავახიშვილს დამუშავებული აქვს მართლაც საოცარი პროექტები, რომელთა განხორციელება ვერ მოხერხდა საქართველოში 40 წლის განმავლობაში და ახლა წარმატებით ახორციელებს რუსეთი და ასევე წარმატებით ხორციელდება ჩინეთშიც. ეს წერილი მინდა დავამთავრო პოეტ ვაჟა ოთარაშვილის სიტყვებით: "გაიღვიძეთ, ვიღუპებით, გონს მოეგეთ, ქართველებო!"

    ბატონ კახას თუ მართლა უნდა, თბილისი ოდესმე მაინც გახდეს სიცოცხლით სავსე ქალაქი, საჭიროა, მოგვისმინოს მშენებელთა ლიგის გამოცდილ მეცნიერებსა და მშენებლებს, განიხილოს "თბილისისა და თბილისელების გადარჩენის მეგაპროგრამა" და საქართველოს მთავრობასთან ერთად უნიკალური პროექტების განხორციელება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×