სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    07.02.2019

     ზურაბ ფარესიშვილი, სტუ-ის პროფესორი

    (გაგრძელება, დასაწყისი 30 იანვრის "რეზონანსში")

    სახელისუფლებო, სამთავრობო და, ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთი საზოგადოებრივი ორგანიზაციის დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანური რესურსები მოქცეულია ვიწროპარტიული და მაფიოზური კლანების მართვის ქვეშ. სწორედ ასეთ ადამიანურ რესურსებს სჭირდება ამ კლანჭებიდან გათავისუფლება, რათა ობიექტურად და კვალიფიციურად მიუდგნენ საქართველოს სოფლის მეურნეობისა თუ გადამამუშავებელი მრეწველობის, განსაკუთრებით კი ჩაის აღდგენა-განვითარებისა და ეკონომიკის რეალურ რელსებზე გადაყვანის საქმეს.

    საკითხის მიმართ ასეთმა დამოკიდებულებამ გვიან, მაგრამ მაინც მიგვიყვანა იმ კითხვამდე, ვინ და რამ გაანადგურა ქართული ჩაი. იმისათვის, რომ ანალიზი გაგვეკეთებინა და მიზეზები ფაქტობრივად ამოგვეწია, შორს წასვლა არ დაგვჭირვებია, რაშიც საქართველოს ეკონომიკის უახლესი ისტორიაც დაგვეხმარა.

    ფაქტია, რომ ქართული ჩაის კულტურის მოშენებისა და მისი გადამუშავების საკითხები სახელმწიფოებრივ დონეზე ითხოვს უსწრაფეს ეკონომიკურ გარდაქმნებს ანტიკრიზისული მდგომარეობიდან გამოსასვლელად. დასავლეთ საქართველოს მეჩაიეობის რეგიონებში არსებული ჩაის პლანტაციები გადამხმარი, ამოძირკვული და გაპარტახებულია, ხოლო ჩაის ფოთლის პირველადი გადამუშავების ფაბრიკების უმეტესი ნაწილი მიწასთანაა გასწორებული. რაც შეეხება მოქმედ და მუშა მდგომარეობაში მყოფ ტექნოლოგიურ მანქანა-დანადგარებს, ჯართად გაიყიდა, ხოლო უმეტესი ნაწილი თურქეთში აღმოჩნდა, რასაც დღესაც წარმატებით ამუშავებენ და არა მარტო მანქანა-დანადგარებს, არამედ - ჩაის საკრეფად წასულ, მონებად ქცეულ ჩვენს თანამემამულეებს.

    როგორც აღვნიშნეთ, 1990-2005 წლებში არასწორი და მოუმზადებელი ეკონომიკური ვაი-რეფორმების განხორციელებისას უამრავი შეცდომა იქნა დაშვებული სახელმწიფოს მიერ, კერძოდ:

    - ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქართული ჩაის განადგურებასა და ჩაის მრეწველობის დაცემაში იყო საკადრო პოლიტიკის შეგნებული მოშლა, რამაც გამოიწვია უდიდესი გამოცდილებისა და ცოდნის მქონე სპეციალისტების "ჩარეცხვა" და ვაი-ხელმძღვანელების მიერ იგნორირება. მათ ნაცვლად ისეთი ხალხის მოზიდვა, რომლებსაც ჩაისთან არავითარი კავშირი ან შეხება არ ჰქონია, აღარ ვსაუბრობ მათ პროფესიულ კვალიფიკაციაზე. მათ საქართველოში აღორძინებული ჩაის დარგი შეგნებულად მოსპეს და გაანადგურეს;

    - არაჯანსაღ დონეზე იქნა ჩაის ფოთლის როგორც პირველადი გადამამუშავებელი, ისე დამფასოებელი ფაბრიკების ნულოვან აუქციონზე გაყიდვა-პრივატიზება და ისიც - კუპონებზე;

    - პრაქტიკულად არ გაითვალისწინეს პრივატიზირებული სასოფლო-სამეურნეო მიწებზე არსებული პლანტაციებიდან მოკრეფილი ნედლეულის ტრანსპორტირების, შენახვის, ხარისხის განსაზღვრისა და პირველადი გადამუშავების ფაბრიკაზე ჩაბარების მექანიზმი და სტრუქტურა. არ იქნა დამუშავებული ერთიანი შესყიდვის სისტემა მოკრეფილ ჩაიზე ხარისხების მიხედვით;

    - არ იქნა გათვლილი იმ ეკონომიკურად მძიმე პერიოდისათვის ენერგორესურსებსა და საკვებზე გაზრდილი ფასები, რომელიც საჭირო იყო ჩაის ფოთლის გადასამუშავებლად, რამაც გამოიწვია ტექნოლოგიური პროცესების დარღვევა და ისედაც დაბალი ხარისხის ნედლეულიდან უხარისხო და არაკონკურენტუნარიანი პროდუქციის გამოშვება, შესაბამისად, ფასების გაზრდაც. ამას დაემატა ტრადიციული ბაზრების დაკარგვა;

    - სახელმწიფოს მხრიდან სისტემატურად იგრძნობოდა ზერელე დამოკიდებულება მეჩაიეობისა და ჩაის მრეწველობის მიმართ. დარგის გადარჩენის მიზნით, ხელისუფლებისა და მთავრობის მიერ მიღებული საფინანსო-ეკონომიკური ღონისძიებები არ შეესაბამებოდა ცხოვრებისეულ რეალობას და პიარი უფრო იყო, ვიდრე საქმიანი გადაწყვეტილება. აქვე უნდა აღინიშნოს კომპეტენტური ორგანიზაციებისა და პირების პასიურობაც;

    - მიუღებელია ზოგიერთი სპეციალისტის მოსაზრება, რომ ჩაის მრეწველობა განადგურდა უხარისხო პროდუქციის გამოშვების გამო და ამიტომ ქართულ ჩაიზე მოთხოვნამ იკლო. ცნობისათვის, დაბალი და უხარისხო ნედლეულისა და მათ შორის ჩაისაგან მაღალი ხარისხის პროდუქციას ვერ მიიღებ. ეს ყველა ჩვენგანმა კარგად იცის. მიზეზად ამ საკითხის მოყვანა მკრეხელობაა და აშკარა მცდელობა სხვა რეალური დარღვების დამალვისა, რომლებმაც დარგი გაანადგურა;

    - თავის მართლებაში დაღლილ ვაი-გულშემატკივრებს ვერც იმაში დავეთანხმები, რომ ქართული ჩაის საექსპორტო პროდუქციის გამოშვების შეწყვეტამ გამოიწვია მრეწველობის განადგურება. სინამდვილეში პირიქით მოხდა. ჩაის მრეწველობის შეგნებულ განადგურებას მოჰყვა საექსპორტო პროდუქციის წარმოების გაჩერება.

    დაინტერესებულ პირებს მინდა მივაწოდო ინფორმაცია "საქართველოს ჩაის" მიერ გამოშვებულ საექსპორტო პროდუქციის შესახებ. ჩაის პირველი ექსპორტი 1942 წელს მოხდა, როდესაც მონღოლეთში გადაიტვირთა 1930 ტონა მწვანე აგურა ჩაის პროდუქცია. რაც შეეხება მწვანე და შავი ჩაის ექსპორტირებას, იგი იწყება 1958 წლიდან, როგორც სოციალისტურ, ისე კაპიტალისტურ ქვეყნებში, მათ შორის: ინგლისი, ჰოლანდია, ბელგია, აშშ, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ავსტრია, პაკისტანი და სხვ. ქართული ჩაის ექსპორტმა მარტო 1995 წელს შეადგინა 36,8 ათასი ტონა, რომლის საერთო ღირებულებამ გადააჭარბა 104,7 მილიონ მანეთს.

    სამწუხაროდ, მეჩაიეობაში განვითარებულმა უსუსურმა და დამანგრეველმა ეკონომიკურმა რეფორმამ მეჩაიეობის რეგიონებში მკვეთრად გააუარესა საერთო ეკონომიკური მაჩვენებელი, ხოლო უმეტეს რაიონებში თითქმის ნულამდე დაეცა. ასეთმა უპერსპექტივო და ღალატის დონეზე განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლებელია, რეალურად და საბოლოოდ იდეაშიც კი მოსპოს დარგი (საქმე აქეთკენ მიდის) და შეიძლება, მალე დადგეს ის დრო, როცა საქართველოში აღარ იქნებიან მეჩაიეობის დარგის აგრონომები, მექანიზატორები, მექანიკოსები, ტექნოლოგები, ტიტესტერები და სხვა სპეციალისტები, რომელთა მოწვევა შესაძლოა, უცხოეთიდან მოგვიწიოს.

    ამის საუკეთესო მაგალითია უცხოეთიდან მოწვეული ე.წ. ჩაის დარგის სპეციალისტები. კაცმა არ იცის, რა კვალიფიკაციის ადამიანებთან გვაქვს საქმე, ხოლო ჩვენს ხელისუფლებას აზრადაც არ მოსვლია, ეს ე.წ. მოწვეული ინვესტორები შეეხვედრებინა ჯერ კიდევ ცოცხალ, ქართული ჩაის მატიანედ ქცეულ მეცნიერებსა და სპეციალისტებს, საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის წევრებს, დოქტორებს: თ. რევიშვილს, ვ. ცანავას, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრებს, პროფესორებს: თ. მეგრელიძეს, ზ. ჯაფარიძეს, ჩაის მრეწველობაში ცნობილ ინჟინერ-ტექნოლოგებს, მეცნიერებათა დოქტორებს, სახელმწიფო პრემიის ლაურეატებს: ზ. ძნელაძეს, ლ. ქუთათელაძესა და სხვა მეცნიერებს, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს.

    ღვთის წყალობით, ოზურგეთში ჯერ კიდევ ფეხზე დგას ანასეულის ჩაისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტები და ამ მეცნიერებთან შეხვედრაში ხელისუფლების წარმომადგენლები ბევრ სასიკეთო საკითხს მოისმენენ ჩაის დარგის გადასარჩენად.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×