სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    08.02.2019

     თსუ თეთრად მხოლოდ მისი | კორპუსის კედლების ფერის გამო არ აღიქმება. ცოდნის ტაძარს განსაკუთრებული აურა მასში მოღვაწე მამულიშვილებმა მოჰფინეს, რომლებმაც საკუთარი სულის ნათელი ერის უპირველეს კულტურულ სიმბოლოდ ქცეულ შენობას შთაბერეს და თავად იქცნენ ქართული უნივერსიტეტის სახედ. ისინი ათწლეულების განმავლობაში ღირსეულად წარმოაჩენდნენ ერის ინტელექტუალურ პოტენციალს და განსაკუთრებული წვლილი შეჰქონდათ თვითმყოფადობის ჩამოყალიბებაში.

    პატივი მხვდა წილად, ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი თსუ-ში რჩეულ ერისკაცთა გვერდით გამეტარებინა. ამასთან, გამიმართლა, რომ საშუალება მომეცა, სამშობლოსათვის მემსახურა და ჩემი მოკრძალებული წვლილი შემეტანა მომავალი თაობის განათლება-აღზრდაში. დარწმუნებული ვარ, მხოლოდ ცოდნითა და სამართლებრივი კულტურით გამორჩეული მოქალაქეები შეძლებენ ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებას. უნივერსიტეტის ძირითადი მიზანიც ანალიტიკურად მოაზროვნე, ყოველმხრივ განათლებული და ეროვნული სულისკვეთებით გამსჭვალული პროფესიონალების აღზრდა უნდა იყოს (და არა მხოლოდ გარკვეული ე.წ. უნარ-ჩვევების გამომუშავება). ამასთან, სტუდენტმა მშობლიურ ენაზე უნდა შეისწავლოს მეცნიერების საფუძვლებიც, ნოვაციებიც და არსებული პრობლემების გადაჭრის თანამედროვე მეთოდებიც.

    თსუ ყოველთვის იყო ეროვნული მუხტის აქტიური მატარებელი და მართლმადიდებელ დედაეკლესიასთან ერთად ქართული ცნობიერებისა და სახელმწიფოებრიობის მყარ საძირკველს წარმოადგენდა. სწორედ ამ მისიის წარმატებით შესასრულებლად იყო აუცილებელი, დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე მისთვის სრული დამოუკიდებლობა (ავტონომიურობა) მიგვენიჭებინა, როგორც ეს 1918 წელს განხორციელდა.

    ნაცვლად იმისა, რომ კანონმდებლობით დაგვედგინა დაფინანსების ვალდებულება (ბიუჯეტიდან გარკვეული პროცენტის გამოყოფის გზით), ამასთან, რეალურად მიენიჭებინა აკადემიური თავისუფლება (ანუ უნივერსიტეტს თავად განესაზღვრა, ვის მიიღებდა, რას ასწავლიდა ან რა კრიტერიუმებით შეაფასებდა), უმაღლესი განათლების შესახებ "ნოვატორული" კანონით ყველა არსებითი საკითხის გადაწყვეტის უფლებამოსილება, ტოტალიტარიზმის დროინდელივით, ფაქტობრივად, ისევ სახელმწიფოს შეუნარჩუნდა, ხოლო მაგ., იურისტის პროფესია და იურიდიული საგანმანათლებლო პროგრამები კანონითვე მიეკუთვნა სახელმწიფოს მხრიდან "რეგულირებადს"...

    ფაქტია ისიც, რომ თუ ცალკეული პილიტიკოსები მანამდეც ცდილობდნენ უნივერსიტეტის პროფესორების ავტორიტეტის დაკნინებას (ხან "რეტროგრადებს" უძახდნენ და ხან - "კორუმპირებულებს"...), "ვარდების რევოლუციის" შემდეგ დაიწყო თსუ-ის მიზანმიმართული ნგრევა, რაც ღვაწლმოსილი მეცნიერებისა და ქვეყნის ევოლუციური განვითარების მომხრეების თსუ-დან დათხოვნით ("ჩარეცხვით") დასრულდა... მათ ნაცვლად აკადემიურ თანამდებობებზე პარტიულ-ნომენკლატურული აქტივი დასაქმდა...

    ცხადია, "რევოლუციურ" ხელისუფლებას არ სჭირდებოდა რეალურად დამოუკიდებელი მეცნიერები, რომლებიც ძალისმიერი გზით ხელისუფლების ცვლას მიუღებლად მიიჩნევენ და სინდისთან კომპრომისზე არასოდეს წავიდოდნენ. 1917 წლის რევოლუციის შემდეგაც "ბოლშევიკებმა" მასწავლებლებად "წითელი პროფესორები" მოიწვიეს, რომლებიც ერთპარტიულ, ტოტალიტარულ სახელმწიფოს დემოკრატიულად ნათლავდნენ და რევოლუციურ ტრიბუნალებს მართლმსაჯულების ყველაზე ჰუმანურ ფორმად წარმოაჩენდნენ, ხოლო ისტორიკოსებში ავტორიტეტად ის მიიჩნეოდა, ვინც ფაქტებს მმართველი კლასის სასარგებლოდ ყველაზე მეტად გააყალბებდა.

    ამასთან, ნაცვლად იმისა, რომ დეპოლიტიზირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებად გვექცია, თსუ-ში ფაქტობრივად, ხდებოდა პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტობის დაპირისპირებულ ჯგუფებად დაყოფა და კომუნისტების დროინდელი პარტიული თუ კომკავშირული ორგანიზაციების მსგავსი ე.წ. თვითმმართველობის სტრუქტურების ფორმირება, თუმცა ეს არც უნდა გაგვკვირვებოდა, ვინაიდან წამყვან უნივერსიტეტს რეალური დამოუკიდებლობა მხოლოდ ჭეშმარიტად დემოკრატიულ ფასეულობებზეც ორიენტირებულ სახელმწიფოში შეიძლება გააჩნდეს და არა - პლუტოკრატიულსა ან ბუტაფორიულში. შედეგად, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2005-2006 წლებში, ფაქტობრივად, ისეთივე სრული კონტროლი მოიპოვა უნივერსიტეტზე, როგორსაც ამას კომუნისტები ზეობის წლებში ახერხებდნენ.

    სამწუხაროდ, მოვლენები იმაზე უფრო ტრაგიკულად განვითარდა, ვიდრე ეს შემეძლო წარმომედგინა. "გეპეის" ლექტორობიდან თსუ-ის რექტორად გამწესებულ რუსუდან ლორთქიფანიძეს "რეფორმის პირველი ტალღა" ჩაატარებინეს... ამასთან, თსუ-ზე გავლენის მოპოვების, საგანმანათლებლო სივრცეში წამყვანი პოზიციების დათმობისა და ინტელექტუალური პოტენციალის გადინების მიზნით განხორციელდა არა მარტო ფაკულტეტების გაერთიანება და შტატების შემცირება, არამედ თსუ-ის ახალი წესდების დამტკიცებაც, რომლის საფუძველზე აკადემიური საბჭოს შემადგენლობა 12-მდე შემცირდა. შედეგად, აკადემიური საბჭო, ფაქტობრივად, "პოლიტბიუროდ" გადაიქცა, ვინაიდან წევრების ნახევარი "ნაცმოძრაობის" აქტივისტებით (მათ შორის, პარლამენტარებითა და ხელისუფლების მაღალჩინოსნებით) იყო დაკომპლექტებული.

    2008 წელს თსუ-ის "რეფორმის მეორე ტალღამ" გადაუარა და, ფაქტობრივად, ხელისუფლებისათვის არასასურველი ყველა ლექტორი ან ის დამოუკიდებელი მეცნიერიც "ჩარეცხა", ვისაც შეეძლო, საკუთარი პოზიცია ღიად გამოეთქვა. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ იურიდიულ ფაკულტეტზე პროფესორების ასარჩევი საკონკურსო კომისიის წევრებს შორის სამართლის დოქტორი ერთიც არ ერია... ამ დროს, რექტორის მოვალეობას სააკაშვილის მიერ დანიშნული გიორგი ხუბუა ასრულებდა, ვინც სამართლის თეორიაში "დაუმორჩილებლობის უფლება" შემოიტანა და ხელისუფლების ძალისმიერი ცვლის (დანაშაულის) გამართლებას შეეცადა.

    ამავე პერიოდში თსუ-ის ადმინისტრაციის მიერ უხვად დაფინანსებული და "ნაცმოძრაობის" ლიდერების მიერ მართული ე.წ. სტუდენტური თვითმმათველობის აქტვისტები ("ზონდერები") განსხვავებულად მოაზროვნეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ და არა მარტო სტუდენტებს...

    "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თსუ-ის გადარჩენისა და რეალური რეფორმის გატარების იმედი გამიჩნდა, თუმცა ფაქტია, რომ ჯერჯერობით ვერც უნივერსიტეტიდან დათხოვილი ან ნებით წასული პროფესიონალების უკან დაბრუნება მოხერხდა (ძირითადად, ფუნდამენტური მიმართულებით მოღვაწე მეცნიერებს ვგულისხმობ. როგორც ვიცი, 300-ზე მეტი საზღვარგარეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებშია დასაქმებული), ვერც გაუქმებული ფაკულტეტების აღდგენა და ვერც სტუდენტური თვითმმართველობის რეალური რეფორმირება.

    ბუნებრივია, რომ ხელისუფლებასაც და მის ე.წ. ოპოზიციასაც რექტორის თანამდებობაზეც და აკადემიურ საბჭოშიც საკუთარი პოლიტიკური კურსის მხარდამჭერები სჭირდებათ, მე კი ცოდნის ტაძრის მესვეურებად მხოლოდ აღიარებულ მეცნიერებს, პოლიტიკური ამბიციებისაგან სრულიად თავისუფალ, დამოუკიდებლად მოაზროვნე და ქართული ტრადიციების დამცველ პიროვნებებს ვისურვებდი. აქედან გამომდინარე, დღესაც გავიმეორებდი ახალი თაობის უნივერსიტეტელების მოწოდებას: "ავტონომია უნივერსიტეტს!" ამასთან, აკადემიურ პერსონალს ვურჩევდი, არ მოექცნენ პოლიტიკოსთა გავლენის ქვეშ, ღირსება არავის შეალახვინონ, თავისუფლების ხიბლი სრულად შეიგრძნონ და, პროფესიულ ზრდასთან ერთად, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ მომავალი თაობის აღზრდასაც, რაც ქართული სახელმწიფოებრიობის გადარჩენის ერთადერთ მყარ გარანტად მესახება.

    მიუხედავად იმისა, რომ უსამართლოდ მომექცნენ და სრულიად უსაფუძვლოდ დამითხოვეს, ეს ჩემი უნივერსიტეტია! როგორც ზოგიერთი მოქალაქე ღვთისმსახურებას ან ბიზნესს ირჩევს, მეც გავაკეთე ჩემი არჩევანი და ქართული უნივერსიტეტის ნაწილი გავხდი. თსუ იყო და არის ჩემი სალოცავიც და საზრუნავიც. დარწმუნებული ვარ, ცოდნის ტაძრის სიყვარულში მრავალი თანამემამულე შემეცილება და, ბედნიერი ვიქნები, თუ მასზე ჩემზე მეტად იზრუნებენ და გაუფრთხილდებიან...

    ჩემს უნივერსიტეტს ვუსურვებ, ჩვეული ავტორიტეტი აღედგინოს და ქართული სახელმწიფოებრიობის გადარჩენა-აღორძინების ის მისია შეესრულებინოს, რაც მას სულმნათმა ერისკაცებმა დაფუძნებისას დააკისრეს. ამასთან, იმედი მაქვს, თსუ-ს აღარ დაატყდება თავს "რევოლუციური რეფორმები" და წინსვლას ევოლუციური განვითარების რეჟიმში განაგრძობს, რაც აკადემიური პერსონალის უფლებების დაცვის გარანტიც იქნება და ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებასაც შეუწყობს ხელს.

    ავთანდილ კახნიაშვილი,, სამართლის დოქტორი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×