სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    11.02.2019

     ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

    მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეციალურმა კომისიამ ავლაბრის რეზიდენციის ფუნქციის თაობაზე უნდა იმსჯელოს. თავი ვალდებულად ჩავთვალე, საზოგადოებას "მართლმსაჯულების სასახლის" იდეაც გავაცნო. მიმაჩნია, რომ ეს შენობა სასამართლო ხელისუფლებას უნდა გადაეცეს, ვინაიდან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების თვითნებობის ყველაზე ეფექტური შემკავებელი, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა დაცვის ერთადერთი ქმედითი გარანტი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოა. შესაბამისად, ქვეყანა რომ სწორი მიმართულებით განვითარდეს, პირველ რიგში, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოების გამართული სისტემაა ჩამოსაყალიბებელი.

    არ უნდა იყოს სადავო, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს ფორმირებისთვის, პირველ რიგში, "პოლიტიკური ნებაა" აუცილებელი, ხოლო თუ ქართველ კანონმდებლებს რეალურად სურთ ევროინტეგრაცია და ე.წ. მესამე ხელისუფლებისთვის სახელმწიფო მექანიზმში სათანადო ადგილის მიჩენა, უპირველეს ყოვლისა, სასამართლოებს უნდა გამოუყონ შესაფერისი შენობები და არა სამართალდამცავ ორგანოებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სახელმწიფოს განვითარების დონესა და პოლიტიკური სისტემის დემოკრატიულობის ხარისხზე პოლიციის შენობების იერსახის მიხედვით კი არ მსჯელობენ, არამედ სასამართლოების. ამდენად, ადამიანი შენობაში შესვლისთანავე უნდა განიმსჭვალოს პატივისცემითა და ნდობით სახელმწიფოს სახელით მოქმედი მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოსადმი.

    საქართველოში ამ მხრივ რა ვითარებაა, მკაფიოდ ჩანს აეროპორტიდან მომავალ ავტომაგისტრალზე აღმართული შსს-ს მესვეურთა რეზიდენციისა და დიღმის ტრასაზე ავეჯის სალონის უკან განთავსებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის შედარებით. არც იმის გამართლება შეიძლება, რომ სააპელაციო სასამართლო დიღომში ცენტრალური გზის პირას მდგარი პროკურატურა-პოლიციის შთამბეჭდავი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკოლისთვის გათვალისწინებულ ნაგებობაშია განთავსებული, ხოლო ეზოში შესასვლელი "მეორადი საქონლის" საწყობებს უფრო შეეფერება. სამაგიეროდ, თბილისის პროკურატურისთვის აიგო ორიგინალური დიზაინის შენობა და ისიც თვალსაჩინო ადგილზე განთავსდა (მას რომ გასცდები, "კაზინო-ტოტალიზატორის" უშველებელ რეკლამასთან მარჯვნივ ჩაუხვევ და თბილისის სასამართლოსაც მიადგები).

    ამდენად, თუ "პირველი პირებისთვის" აგებული სასახლე იძლევა საშუალებას, გამართლებულად მიმაჩნია, მასში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია და სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა ერთად ("ადმინისტრაციული იუსტიცია") ან თუნდაც მხოლოდ სააპელაციო სასამართლო განგვეთავსებინა (ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს შენობაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია გადავიდოდა).

    თუ ეს ვერ მოხერხდება, თუ მართლა გვინდა ე.წ. ევროსტანდარტების დანერგვა, გონივრული იქნებოდა, ავლაბრის რეზიდენცია "მართლმსაჯულების სასახლედ" გვექცია ან უზენაესი სასამართლოსთვის გადაგვეცა და მასში საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა საქმეთა პალატა განგვეთავსებინა, რომელიც დღევანდელი საკონსტიტუციო სასამართლოს ბაზაზე შეიქმნებოდა.

    ცხადია, აღნიშნული წინადადება განმარტებას საჭიროებს. მიმაჩნია, რომ უაღრესად არაეფექტურად მუშაობს და დანიშნულებას ვერ ასრულებს "ნაციონალური" პარლამენტის მიერ ბათუმში "გადასახლებული" საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც, ფაქტობრივად, პოლიტიკური ნიშნით არის დაკომპლექტებული და ქვეყნისთვის დემოკრატიული ბუტაფორიული ფასადის როლს ასრულებს. შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, გამართლებულად მიმაჩნია საკონსტიტუციო სასამართლოზე საერთოდ უარის თქმა და მისი მიერთება უზენაეს სასამართლოსთან (ამაზე ადრეც იყო ლაპარაკი). სხვათა შორის, აშშ-ში, რომელიც დღეს სამაგალითოდ არის მიჩნეული, საკონსტიტუციო სასამართლო არ არსებობს და მის ფუნქციას 9-კაციანი უზენაესი სასამართლო ასრულებს.

    პარლამენტი მიიღებდა ორგანულ კანონს "სასამართლოების შესახებ", რომლითაც უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეთა პალატების გარდა, გათვალისწინებული იქნებოდა საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა საქმეთა ახალი პალატა. აღნიშნულ პალატაში დასაქმდებოდა დღევანდელი საკონსტიტუციო სასამართლოს 9-ვე წევრი (შეიძლებოდა, მათ 3 ან 6 მოსამართლე დამატებოდა) და საჩივრებს 3 მოსამართლისგან შედგენილი კოლეგიები განიხილავდნენ (დღეს კონსტიტუციურ სარჩელებს 4 მოსამართლე იხილავს, რაც არაგონივრულია, მით უმეტეს, როდესაც ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში სარჩელი არ კმაყოფილდება). ამასთან, აღნიშნულ პალატას, საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი საქმეების განხილვის გარდა, დაემატებოდა არჩევნების კონსტიტუციურობის შემოწმების, კომპეტენციების თაობაზე დავების გადაწყვეტის, აგრეთვე, მოქალაქეთა განცხადებების საფუძველზე, უზენაესი სასამართლოს მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილებების კონსტიტუციის მეორე თავთან შესაბამისობის შემოწმების ფუნქცია.

    გარდა ამისა, ამავე პალატაში რიგითობის მიხედვით გადაიხედებოდა საქართველოს მოქალაქეების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართლოში გაგზავნილი საჩივრები და მათი საფუძვლიანად მიჩნევის შემთხვევაში მთავრობას მიეცემოდა სავალდებულო ხასიათის მქონე დირექტივა ან რეკომენდაცია დაზარალებულისთვის სათანადო კომპენსაციის გაცემის თაობაზე (მით უმეტეს, სტრასბურგის სასამართლო, ფაქტობრივად, გადაივსო საქმეებით და განმცხადებლების აბსოლუტური უმრავლესობა იღებს სრულიად დაუსაბუთებელ "ტრაფარეტულ" პასუხს, რომ მათი საჩივრები არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს და არ განიხილება).

    ამასთან, არ იქნებოდა ურიგო, ამავე პალატას საკუთარი ძალებით, სათანადო ანაზღაურებით მოწვეული ექსპერტებისა ან/და ე.წ. "სასამართლოს მეგობრების" დახმარებით მოემზადებინა დასკვნები კანონპროექტების კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზეც.

    თუ საკონსტიტუციო სასამართლოს არ გავაუქმებთ, ყველა შემთხვევაში გამართლებული იქნებოდა, ის დედაქალაქში დაგვებრუნებინა დ ავლაბრის რეზიდენციაში განგვეთავსებინა. ამით არა მარტო მოსამართლე-პროფესორებსაც მიეცემოდათ ნორმალური მუშაობისა და ცხოვრების საშუალება, არამედ მოსარჩელეებსა და მედიის წარმომადგენლებსაც მოეხსნებოდათ მგზავრობასთან დაკავშირებული პრობლემები.

    ავლაბრის რეზიდენციაში შეიძლებოდა გადაგვეყვანა იუსტიციის უმაღლესი საბჭოც, რომელიც დაუყოვნებლივ საჭიროებს რეფორმირებას.

    მიმაჩნია, რომ სასამართლო ხელისუფლების მტკვრის მეორე მხარეს, მით უმეტეს, სამების ტაძრის სიახლოვეს განთავსება სიმბოლურადაც გაუსვამდა ხაზს მის დამოუკიდებლობას ხელისუფლების დანარჩენი შტოებისგან. ყველა შემთხვევაში ავლაბრის რეზიდენციაში საკონსტიტუციო სასამართლოს, უზენაესი სასამართლოს ან უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა და საკონსტიტუციო საქმეთა პალატის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, "მართლმსაჯულების სასახლის" ან "ადმინისტრაციული იუსტიციის" განთავსებით სასამართლო ხელისუფლება შესამჩნევად აიმაღლებდა შელახულ ავტორიტეტს და ამ შთამბეჭდავი შენობის ფასადზე ამოკვეთილი შეგონება ("ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!") სიმბოლურ შინაარსს შეიძენდა, თორემ დღეს ნამდვილად ცინიკურად ჟღერს.

    კარგი იქნებოდა, თუნდაც რუმინეთისგან მაინც აგვეღო მაგალითი, სადაც ქვეყნის ღირსშესანიშნაობათა ჩამონათვალში "მართლმსაჯულების სასახლე" პირველ ნომრად არის დასახელებული (მერე მოდის მეფის სასახლე და მსოფლიოში უდიდესი მთავრობის სახლი), ხოლო ესპანეთში 2005 წელს გამართულ საერთაშორისო კონკურსში ქართველმა არქიტექტორებმაც მიიღეს მონაწილეობა და 330 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული "მართლმსაჯულების სასახლის" პროექტი წარადგინეს.

    იმედი მაქვს, ზემოაღნიშნული წინადადებები გათვალისწინებული იქნება ავლაბრის რეზიდენციის ბედის გადაწყვეტისას. ამასთან, დარწმუნებული ვარ, საქართველოს რეალური დამოუკიდებლობა თუ ეღირსა, სასამართლო რეფორმის თაობაზე სპეციალისტებსაც და საზოგადოებასაც კიდევ მოუწევთ სერიოზული სჯა-ბაასი. ამასთან, მოქალაქეებს სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრების "ურყევი ნებაც" თუ შეგვრჩა, როგორც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია || გვირჩევს, ქმედებები "ანალიტიკურ აზროვნებაზე" უნდა დავაფუძნოთ და არა ემოციებზე ან, კიდევ უარესი, ერთი პირის ან პარტიის "ხუშტურებზე". ფაქტია, რომ სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტისას ხშირად ნაუცბათევად ვმოქმედებთ, რის გამოც, საერთო ჯამში, ძალზე ვაგვიანებთ და ერთხელ აშენებულის ("რეფორმირებულის") მრავალგზის გადაკეთება გვიწევს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×