სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    დღეს ქუთაისის სასამართლო მოქალაქესა და პარლამენტს შორის 2 წლის წინ დაწყებული დავის თაობაზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს
    მოსაზრება
    28.02.2019

    ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

    აშკარა გახდა, რომ სასამართლო ხელისუფლებაში განხორციელებულმა ე.წ. რეფორმებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომის ფაქტმა, აგრეთვე პარლამენტსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დამარწმუნა, რომ მართლმსაჯულების სისტემაში მართლაც სერიოზული პრობლემებია. მით უმეტს, რომ პოლიტიკოსები ჯერჯერობით მოსამართლეთა უვადოდ გამწესებისა და უზენაესი სასამართლოს წევრების შერჩევის კრიტერიუმების თაობაზეც კი ვერ შეთანხმებულან. ვითარება მას შემდეგ უფრო გამწვავდა, რაც პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ეკა ბესელიას ინიციატივას მოსამართლეთა უვადოდ გამწესების გადავადების თაობაზე, ხოლო თამარ ჩუგოშვილმა დეპუტატებს იუს-დან ხუთივე არამოსამართლე წევრის გამოწვევა ურჩია.

    მიმაჩნია, რომ არა მარტო მოსამართლეების, არამედ იუს-ს არამოსამართლე წევრთა შერჩევის პროცედურაც და კრიტერიუმებიც დასაზუსტებელია. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში უკვე ორი თვეა, რაც პარლამენტის წინააღმდეგ ორი წლის წინ შეტანილი სამი სარჩელი იხილება. ბოლო სხდომა 26 თებერვალს გაიმართა, ხოლო გადაწყვეტილებას მოსამართლე მილდენბერგერი დღეს გამოაცხადებს. არსებობს რეალური გზა7 არსებითად შეიცვალოს იუს-ის შემადგენლობაც, გაუქმდეს ადრე მიღებული გადაწყვეტილებები მოსამართლეების (მათ შორის, მურუსიძის) უვადოდ გამწესების თაობაზე და შეჩერდეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესიც.

    სარჩელების თანახმად, იუს-ის წევრების შესარჩევი კონკურსები ორგანული კანონის დარღვევით და შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის გარეშე ჩატარდა, ხოლო გამარჯვებული კანდიდატების მიერ საკონკურსოდ წარდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამებოდა კონკურსის პირობებს. კერძოდ, კონკურსი პარლამენტს უნდა გამოეცხადებინა და არა პარლამენტის თავმჯდომარეს (რეგლამენტის თანახმად, თავმჯდომარეს მხოლოდ კონკურსის ვადები უნდა გამოექვეყნებინა). ამასთან, "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში იუს-ის წევრობის კანდიდატის წარსადგენად შემდეგი პროცედურაა დადგენილი: "საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევარებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე. ზემოაღნიშნული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ერთ-ერთი სფერო კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში უნდა იყოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში."

    მართალია, აღნიშნული ნორმა მრავალ კითხვას ბადებს, საკმაოდ ბუნდოვანი და არაგონივრულია (მაგ., სასამართლოებთან შეხება კანდიდატს კი არ მოეთხოვება, არამედ მის წარმდგენ იურიდიულ პირს, ამასთან, ა(ა)იპ-ებს უნივერსიტეტებზე მეტი უფლებები აქვთ), თუმცა ბოლო წინადადებიდან მკაფიოდ ჩანს, რომ სწორედ კანდიდატის წარმდენი იურიდიული პირი უნდა მონაწილეობდეს სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში (წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით).

    პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოცხადებული კონკურსების პირობით კი: "არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს აქვს უფლება, წარადგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი, თუ კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოებში განხორციელებულ სამართალწარმოებაში".

    ვინაიდან, ქართული ენის გრამატიკის წესების თანახმად, ნაცვალსახელი "მისი" მიმართება მასთან ახლოს მყოფ სიტყვა "კანდიდატს", ამასთან, "წარმოდგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება" მხოლოდ ფიზიკურ პირს შეუძლია, აღნიშნული ნორმიდან ერთმნიშვნელოვნად გამომდინარეობს, რომ სასამართლოებში წარმომადგენლობით უფლებამოსილება იუს-ის კანდიდატს მოთხოვება. აღნიშნული ნორმა, რომელიც პარლამენტის რეგლამენტშია შეტანილი, გაცილებით მკაფიოა და გონივრულიც (ლოგიკურიც), მაგრამ აშკარად ეწინააღმდეგება იერარქიულად მაღლა მდგომ ორგანულ კანონს.

    გარდა არსებითი (შინაარსობრივი) შეუსაბამობებისა, ორგანული კანონისა და და პარლამენტის რეგლამენტის (კონკურსის პირობის) ზემოაღნიშნული ნორმები რედაქციულადაც (გრამატიკულადაც) განსხვადებიან ერთმანეთისგან ("არაკლებ ბოლო 2 წელი - "ბოლო 2 წელი, "მონაწილეობა" - "განხორცილება", "სამართალწარმოება" - "საქმეთა წარმოება"...), რამაც განაპირობა კიდეც დარღვევები კონკუსების ჩატარებისას.

    კონკურსში გამარჯვებული კანდიდატები არ წარუდგენიათ "შესაბამისი ორგანიზაციების კოლეგიურ ხელმძღვანელ ორგანოებს", არ დასტურდება არანაკლებ 10 წლის განმავლობაში სპეციალობით მუშაობა და არც სასამართლოს მიერ გაცემული დოკუმენტებია, რომლებითაც დადგინდებოდა, რომ მათი წარმდგენი ორგანიზაციები "არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობდნენ სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში." ამასთან, კონკურსი ჩატარდა პარლამენტის რეგლამენტისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დარღვევით, ხოლო კანდიდატები არათანაბარ პირობებში იყვნენ ჩაყენებულნი. კერძოდ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს კანდიდატებისთვის კითხვების დასმის საშუალება არ მიეცათ, კონკურსში გამარჯვებული ერთ-ერთი კანდიდატი მეორე ტურში ისე გავიდა, პირველ ტურში მონაწილეობა არ მიუღია (კომიტეტში გამართულ შეხვედრას არ დასწრებია), დეპუტატები არც მეორე ტურში გასული კანდიდატებით დაინტერესებულან და არც პარლამენტის სხდომაზე მიუწვევიათ, ხოლო იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტს კანდიდატთა მონაცემების ნაცვლად (რაც რეგლამენტის 219-ე მუხლის მე-11 პუნქტით ევალებოდა), ფაქტობრივად, საკუთარი შეხედულებით შედგენილი "მოკლე ბიოგრაფიული ცნობები" გააცნო.

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოსგან ვითხოვდი კონკურსების და იუს-ის წევრად არჩევის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილებების ბათილად ცნობას.

    მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნები შესაბამისი მტკიცებულებებით დავასაბუთე, პარლამენტის წარმომადგენელთა აზრით, ორგანული კანონისა და რეგლამენტის შესაბამისი მუხლები "აბსოლუტურად არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს", კონკურსი "აბსოლუტურად სწორად გამოცხადდა", კონკურსებთან მიმართებით კანონმდებლობაში "აბსოლუტურად გაწერილი პროცედურაა" და "ყველაფერი ძალიან ნათლად არის კანონით ჩამოყალიბებული", რაც არ გამკვირვებია, ვინაიდან პარლამენტის მიერ მიღებული ყველა კანონი ("უზენაესის" ჩათვლით) თავიდან "აბსოლუტურად ნათელია" და მხოლოდ ვლინდება "გაპარული ხარვეზები".

    თუ სასარჩელო მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილდება, 2017 წელს ჩატარებული კონკურსები იქნება ცნობილი ბათილად და იუს-ს 5 არამოსამართლე წევრი გამოაკლდება, ხოლო სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში მხოლოდ 3 არამოსამართლე წევრი დატოვებს თანამდებობას. შესაბამისად, პარლამენტს ახალი კონკურსის გამოცხადება მოუწევს, ხოლო მოსამართლეთა "უვადოდ დანიშვნის თაობაზე იუს-ს მიერ არამოსამართლე წევრების მონაწილეობით" ადრე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები გაუქმდება. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული საქმე ქართული სასამართლოსთვისაც "საგამოცდო ტესტია" ევროსტანდარტებთან შესაბამისობაზე. თუ მოსამართლე კანონით იხელმძღვანელებს, მიუკერძოებელი იქნება, გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებს და მას საკმარისად დაასაბუთებს, ჯერ კიდევ შესაძლებელია, საზოგადოებაში მყარად ფესვგადგმული სამართლებრივი ნიჰილიზმი (სამართლის ნორმების არცოდნა და/ან აბუჩად აგდება) დავძლიოთ და განვითარებულ ქვეყნად ვიქცეთ. ამასთან, მოსამართლესაც ეძლევა შანსი, ისტორიაში შევიდეს და უვადოდ გამწესდეს უაღრესად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (28.02.2019)
    მდგომარეობიდან გამოსავალი ასე წარმომიდგენია--გადაიყვანონ ირაკლი კობახიძე უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარედ და მოარჯულებს იმ მურუსიძე-ჩინჩალაძე-მიქაუტაძე -გვრიტიშვილებს, ნინოსავით მაგას ვერ დააჩოქებენ, ნინო გვენეტაძე ხისტი არ იყო, ის ადვილად დაჩაგრეს.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved