სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    02.03.2019

    ანზორ საკანდელიძე, საქართველოს რეფორმატორთა კავშირის თავმჯდომარე

    დღეს, როცა საქართველო მუდმივად იცლება ქართველებისაგან და ივსება არაქართველებით, ემიგრანტების საქართველოში დაბრუნებაზე უფრო დიდი საზრუნავი ხელისუფლებასა და მთავრობას არ უნდა ჰქონდეთ. სამწუხაროდ, ამ მხრივ მდგომარეობა ნამდვილად პრობლემურია და ათეული წლებია, საქართველოში ვერ მოხერხდა ემიგრანტების დაბრუნების რამე სამთავრობო პროგრამის დამუშავება.

    სწორედ არავითარი ასეთი სამთავრობო პროგრამის არარსებობამ უბიძგა საერთაშორისო დონის "აფერისტ" სააკაშვილს, გვერდში დაეყენებინა კაზანტიპის თაღლითობებით საქართველოს გამაუბედურებელი სიგუა; 10 თებერვალს ბელგიაში ჩაეტარებინა ვითომ 900 ემიგრანტის "მსოფლიო შეკრება", სადაც მილიონების მოსატეხად დააანონსა "ემიგრანტების ბანკის" დაარსება და 3 მარტს ემიგრანტების ახალი "მსოფლიო შეკრებაც" დათქვა იტალიაში. ამჟამინდელი ხელისუფლება კი კვლავ ვერაფრით ახერხებს, ემიგრანტებს საქართველოში დაბრუნების რამე სამთავრობო პროგრამა შესთავაზოს და ასე გაგრძელების შემთხვევაში ალბათ "აფერისტი" სააკაშვილი მალე დაგვიანონსებს ემიგრანტების "მსოფლიო შეკრებას" საქართველოში!

    ეს რომ არ მოხდეს, უპრიანია, მთავრობამ დაგვიანებით, მაგრამ ახლა მაინც განიხილოს 2017 წელს ჩვენ მიერ დამუშავებულ-დაპატენტებული, თბილისის მერიას განსახილველად გადაცემული და დღემდე განუხილველი "თბილისისა და თბილისელების გადარჩენის მეგაპროგრამა". ამ მეგაპროგრამის სამშენებლო და ეკონომიკური რეფორმები უნდა განხორციელდეს თბილისელებისა და სამშობლოში დაბრუნების მსურველი ქართველი ემიგრანტების ერთიანი სტრატეგიით. ეს სტრატეგია კი უახლოესი 10 წლის განმავლობაში უნდა მოიცავდეს ავარიული სახლებიდან დაბალანსებულად გამოსახლებული დაახლოებით 0,5 მილიონი თბილისელისა და საზღვარგარეთიდან დაბრუნების მსურველი, ასევე, 0,5 მილიონი ქართველი ემიგრანტის ჩასახლებას ძირითადად თბილისთან ახლომდებარე და საზღვრისპირა სოფლებში.

    ჩასახლებულებისათვის კი შპს "თბილმშენისა" და მისი რეგიონული ფილიალების მიერ წინასწარ აშენებული და კეთილმოწყობილი იქნება ასაწყობი ტიპის კოტეჯური საცხოვრებლები და სამეურნეო დანიშნულების მცირე ზომის ობიექტები. მათ აგრეთვე გრძელვადიანი იჯარით გადაეცემათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახელმწიფო მიწები და საიჯარო გადასახადისაგან გათავისუფლდებიან 5 წლით.

    სოფლებში ახალჩასახლებულებისთვის ადგილებზე გარანტირებული სამუშაო ადგილების უზრუნველყოფა განხორციელდება აკადემიკოს გივი ჯავახიშვილის მიერ მთელი საქართველოს მასშტაბით დამუშავებული და "საქპატენტის" 3 მოწმობით დაცული ახალი უნიკალური სასურსათო სუბინდუსტრიული აგროსამრეწველო კომპლექსების მშენებლობით. ბატონ გივის საბოლოო ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების დონეზე აქვს შესწავლილი საქართველოში 7 რეგიონული და 67 რაიონული ასეთი აგროსამრეწველო კომპლექსების მშენებლობა, ექსპლუატაციაში გაშვება და საბოლოო პროდუქციის მიღება.

    უფრო მეტიც, მას დამუშავებული აქვს 1 რაიონული კომპლექსის ტიპური პროექტი. ეს კომპლექსი შედგება 1 ძირითადი საწარმოსა და 1 სუბინდუსტრიული საკვებმომპოვებელი კომპლექსისაგან, რომლებიც, ჩაკეტილი ტექნოლოგიური ციკლიდან გამომდინარე, თავის გარშემო ქმნიან ძირითადი საწარმოსათვის საჭირო პროდუქციის დამამზადებელ 13 მცირე სამრეწველო საწარმოს. ამ ტიპური რაიონული კომპლექსის კაპდაბანდებაა 51 მილიონი ევრო და ყოველწლიურად ამზადებს 78 მილიონი ევროს ღირებულების პროდუქციას. წარმოების მაღალი რენტაბელობიდან გამომდინარე, უკუგებაა ექსპლუატაციაში გაშვებიდან 2 წელი. რაიონების სიდიდეების მიხედვით, ასეთი კომპლექსი 1 რაიონში შეიძლება აშენდეს რამდენიმე. საქართველოს მცირემიწიანობიდან გამომდინარე, ბატონ გივის დამუშავებული აქვს აგრეთვე 12-სართულიან საწარმოო კორპუსში განთავსებული სასურსათო სუბინდუსტრიული აგროსამრეწველო კომპლექსის ტიპური პროექტი.

    სამშენებლო რეფორმებით გათვალისწინებულია, თბილისში განთავსებული და უმოქმედო სამშენებლო დარგის სამეცნიერო ინსტიტუტების, საპროექტო-საკონსტრუქტოროებისა და ინდუსტრიის გადარჩენილი ქონებისა და კადრების ბაზაზე შეიქმნას თბილისის მერიის 2 სათავო მუნიციპალური შპს - "თბილისის სამშენებლო სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-საკონსტრუქტორო გაერთიანება" და "თბილმშენი", რომელიც ძირითადად საკუთარი ძალებით შეასრულებს თბილისის მერიის მიერ დაგეგმილ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. "თბილისი და თბილისელების გადარჩენის მეგაპროგრამა", რომელიც აგრეთვე საქართველოში ემიგრანტების ღირსეულად დაბრუნების პროგრამაცაა, სრულად და ანოტაციურ ფორმატში მალე განთავსდება უკვე მზადების პროცესში არსებულ "საქართველოს მშენებელთა ლიგის" სპეციალურ საიტზე.

    "მეგაპროგრამის" ეკონომიკური რეფორმები ეფუძნება ჩვენ მიერ სამეცნიერო-მეთოდურ ნაშრომად დამუშავებულ-დაპატენტებულ "საქართველოს ანტიკრიზისული 5-წლიანი კომპლექსური ეკონომიკური რეფორმების კონცეფცია-პროგრამას". ამ "კონცეფცია-პროგრამის" სახელობითი საგადასახადო თამასუქებით, რომლებიც სახელმწიფოს მიერ გაიცემა, დაზარალებულთა (მათ შორის 2 მილიონზე მეტი მეანაბრეა!) ზარალის საკომპენსაციოდ მოხდება მილიარდობით დოლარის ზარალის ტრანსფორმაცია კაპიტალად, უფასო ადგილობრივ ინვესტიციებად და გარანტირებულ დასაქმებად!

    განსაკუთრებით იდეალური სამეწარმეო პირობები შეექმნებათ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოყვანასა და გადამუშავებაში დასაქმებულ მეწარმეებს, რომლებიც საბრუნავ სახსრებად მოიხმარენ აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის მიერ დამუშავებულ უპროცენტო ემისიურ კრედიტებს და საწარმოო საგადასახადო გადასახადების ანგარიშსწორებას მოახდენენ არა ნაღდი ფულით, არამედ ფინანსთა სამინისტროს მიერ ზარალის საკომპენსაციოდ გაცემული სახელობითი საგადასახადო თამასუქებით.

    6 წელიწადია, ამ პროგრამის ამოქმედებას გვიჯანჯლებს "ქართული ოცნება". იმედია, ეს გაჯანჯლება მალე დამთავრდება და ამის დიდ იმედს გვაძლევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. ემიგრანტებს კი მოგიწოდებთ, ემიგრანტების ბანკი თუ ფონდი მართლა დააარსეთ, სააკაშვილი-სიგუას აფიორულ დუეტს არ ენდოთ. უპირველეს ყოვლისა, მოითხოვეთ ემიგრანტების საქართველოში დაბრუნების რეალური პროგრამა.

    ამ წერილში ზოგადად განხილული ასეთი პროგრამა განსახილველად, კარგა ხანია, წარდგენილი გვაქვს თბილისის მერიასა და პრემიერ-მინისტრის კანცელარიაში. იმედია, მალე მოხდება საქმიანი შეხვედრები, განხილვა, სამუშაო პროგრამების ერთობლივი დამუშავება, პროგრამების შესასრულებლად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება და ასე ასრულდება ქართველი ხალხის ოცნება: თბილისის ავარიული სახლებიდან მოსახლეობის დაბალანსებული გამოსახლება, საზღვარგარეთიდან ქართველი ემიგრანტების დაბრუნება და მათი ერთობლივი ღირსეული ჩასახლება თბილისთან ახლომდებარე და სახელმწიფო საზღვრისპირა სოფლებში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×