სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    15.03.2019

     პოსტკომუნისტურ საქართველოში, უკვე 30 წლის მანძილზე, გარკვეული პერიოდულობით ჩნდება „ახალი ინიციატივა“ ლუსტრაციის კანონის მიღებისა და ამოქმედების შესახებ. სამწუხაროდ, ეს სწორედ ის საკითხი გახლავთ, რომელსაც საეჭვო პოლიტიკური და მორალური დივიდენდების გარდა, შეუძლია, ერთი მხრივ, სამოქალაქო საზოგადოებაში დაძაბულობა და დაპირისპირება შემოიტანოს, ხოლო მეორე მხრივ, დამოუკიდებელი ქვეყნის უშიშროების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა კომპეტენტური სამსახურები მრავალი წლით   არაქმედითუნარიან უწყებად დატოვოს. 

    ლუსტრაციის პრაქტიკა

    უპირველეს ყოვლისა, მსგავსი საკითხის ინიცირება უნდა ხდებოდეს გააზრებულად, კომპეტენტური ჯგუფების მიერ, სერიოზული კონსულტაციების საფუძველზე (მათ შორის, ამ დარგის წამყვან სპეციალისტებთან), სადაც გაანალიზებული იქნება ქვეყნის მომავალი  განვითარების სტრატეგია და ლუსტრაციის პროცესის შედეგად მოსალოდნელი სიკეთე და საფრთხეები. ხომ არავის მოსდის აზრად, განიხილოს ქირურგიული ჩარევის პერსპექტივა ექიმების გარეშე, თუ ითვლება, რომ ეს დარგი ნაკლებად მნიშვნელოვანია და სერიოზულ მიდგომას არ საჭიროებს? სამწუხაროდ, ის, რაც ჩვენ გვესმის ლუსტრაციასთან მიმართებაში, მსგავს ეიფორიულ, რევანშისტულ და შეტევით ხასიათს არ უნდა ატარებდეს. არ მაქვს შესაძლებლობა ამ წერილში ფუნდამენტურად ავხსნა ყველა დეტალი (ეს, ალბათ, ბევრად უფრო ვრცელ დოკუმენტშიც ვერ მოხერხდება), მაგრამ მინდა ძირითად საკითხებს მაინც შევეხო.

     

    თავად ტერმინ ლუსტრაცია-ს საფუძვლად უდევს ლათინური სიტყვა - lustratio, რაც   მსხვერპლთშეწირვის შედეგად განწმენდას ნიშნავს. ცხადია, ამ ტერმინის მნიშვნელობამ ისტორიული ტრანსფორმაცია განიცადა (ფორმა, კრიტერიუმები და აღსრულების მეთოდები), მაგრამ ამის გამო არსი არ შეცვლილა - ეს გახლავთ განწმენდის მცდელობა. თუ კი წარსულში განწმენდის პროცედურა მიზნად ისახავდა ახალშობილების დაცვას თანმდევი ბოროტი სულებისგან ან მოსახლეობისთვის უბედურებების არიდებას, XX საუკუნეში, ლუსტრაცია უკვე ახლად შობილი დემოკრატიული სახელმწიფოების დაცვას ემსახურება, ძველი (ძირითადად, კომუნისტური) რეჟიმის ზეგავლენისა და რესტავრაციისგან. ლუსტრაციის ტერმინის ერთ-ერთი თანამედროვე მნიშვნელობა გახლავთ:

    ხელისუფლების ცვლილების შემდგომ, წინა ხელისუფლების მომხრეებისთვის (ანუ ახალი ხელისუფლების მიმართ პოტენციურად არალოიალურად განწყობილი პირებისთვის), გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით, სამართლებრივი შეზღუდვების დაწესება.

    მიჩნეულია, რომ ამ ღონისძიებამ საზოგადოების თვალში ახალი ხელისუფლების ლეგიტიმაციის ხარისხი უნდა გაზარდოს  და მოახდინოს წინა ხელისუფლებასთან გამიჯვნისა და მის მიერ წარმოებული (დანაშაულებრივად აღქმული) პოლიტიკის დაგმობის დემონსტრირება.

    ზოგიერთმა პოსტსოციალისტურმა/საბჭოთა ქვეყანამ აღნიშნული (ლუსტრაციის) სპექტრის კანონები მიიღო და მხოლოდ სპეციალისტებმა იციან, თუ რა პრობლემები მოჰყვა ყოველივე ამას. მაგრამ თუ ევროპის შუაგულში  (NATO-ს საფარქვეშ) მყოფი, მაღალი პოლიტიკური კულტურისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე ქვეყნებისთვის ამას ტრაგიკული შედეგები არ მოუტანია, იგივე, შესაძლოა, სრულიად დამანგრეველი აღმოჩნდეს რუსეთის საზღვარზე მდებარე, დღევანდელ არასტაბილურ მდგომარეობაში მყოფი საქართველოსთვის. 

    გარდა ამისა, ზოგადად, მიმაჩნია, რომ საკითხის აქტუალობა უკვე მინიმალურია და უფრო თეატრალიზებულ ეფექტზეა ორიენტირებული, ვიდრე რეალურ პოლიტიკურ სარგებელზე. წარმოგიდგენთ მცირე სტატისტიკას ლუსტრაციის კანონების მიღების თარიღებზე და ამ კანონით გათვალისწინებული, ლუსტრირებული კონტინგენტის მიმართ (ცალკე განხილვის საგანია, თუ ვინ უნდა შედიოდეს ამ კონტინგენტში) შეზღუდვების დაწესების ვადებზე:

    1. ალბანეთი მიღებულია -1995 წ. / შეზღუდვები დაწესდა 2002 წ.-მდე;

    2. ბულგარეთი მიღებულია -1992 წ.;

    3. გერმანია მიღებულია -1991 წ.;

    4. ლატვია მიღებულია -1992 წ. და 1995 წ.;

    5. ლიტვა მიღებულია -2000 წ. / შეზღუდვა დაწესდა 10 წლით;

    6. მაკედონია  მიღებულია -2008 წ.;

    7. პოლონეთი მიღებულია -1997 წ. / შეზღუდვა გამოყენებულ იქნა, როგორც სანქცია,

    კანონის დარღვევისთვის, ვადით 3 - 10 წ.-მდე;

    8. სლოვაკეთი მიღებულია - 1991 წ. და 1992 წ. / შეზღუდვა დაწესდა 5 წლით; 

    9. უნგრეთი მიღებულია - 1992 წ. და 2005 წ.;

    10. ჩეხეთი მიღებულია - 1991 წ. და 1992 წ. / შეზღუდვა დაწესდა 5 წლით;

    კარგად დააკვირდით თარიღებს. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ, თუ ლუსტრაციის სუბიექტი 1990 წელს 30 წლის იყო (ჩავთვალოთ ეს კომუნისტური პარტიის, კომკავშირის და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (შემდგომში სუკ-ის) საშუალო რანგის ფუნქციონერის მინიმალურ ასაკად), დღეს ის უკვე 60 წლის გახლავთ.

    სამწუხაროდ,  საქართველოში, ლუსტრაციის მომხრეები, ძირითადად, აპელირებენ ევროპაში მიღებული კანონებით, მათი აღწერით და სტატისტიკური მონაცემებით, მაგრამ ნაკლებ ყურადღებას უთმობენ ამ კანონებით გამოწვეულ სამართლებრივ პრობლემებსა და არსებულ უარყოფით პრაქტიკას.  ჩემი აზრით, ლუსტრაციის თემასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი დეტალურად უნდა აჯამებდეს მსოფლიოში მსგავსი ღონისძიების განხორციელების შედეგად მიღებულ პოზიტიურ და ნეგატიურ ეფექტებს და მხოლოდ ამის საფუძველზე იძლეოდეს შემდგომ რეკომენდაციებს. ამასთანავე, როგორც უკვე აღვნიშნე, გარდა ღია ინფორმაციისა, სპეცსამსახურების ხელთ არსებობს ამ თემასთან დაკავშირებული მონაცემთა ვრცელი მასივი, რომელიც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ არის და, სავარაუდოდ, არც იქნება. 

    ცნობილია, რომ ყოფილი სოცბანაკის ქვეყნების უმრავლესობაში ამ კანონების ამოქმედებას,  ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, სერიოზული შეცდომები და პრობლემები მოჰყვა. პრობლემების გადაჭრაში ჩართული იყო ყველა დონის (მათ შორის, საკონსტიტუციო) სასამართლო. მიღებული იქნა უამრავი გადაწყვეტილება, თუმცა, სამწუხაროდ, მხოლოდ სახელმწიფო დონეზე ამ პრობლემების მოგვარება ვერ მოხერხდა და ამიტომ დღეისათვის, პოსტსაბჭოთა ლუსტრაციასთან დაკავშირებით, დაფიქსირებულია რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოზიცია (მისი 1096(1996) და 1481(2006)  რეზოლუციების სახით), რომელიც ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებების დაცვის აუცილებლობაზე და პრიორიტეტულობაზე ლუსტრაციის პროცესში. 

    კერძოდ: რეზოლუცია 1096(1996) მუხლი 12 (არაოფიციალური თარგმანი):

    ასამბლეა აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ დემოკრატიულმა, სამართლის უზენაესობის პრინციპებზე დაფუძნებულმა სახელმწიფომ, მხოლოდ გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეიძლება განახორციელოს აღნიშნული ღონისძიებები (იგულისხმება ლუსტრაცია - ავტ.).

    პირველ რიგში, ბრალეულობა, მისი ინდივიდუალური და არა კოლექტიური  ხასიათიდან გამომდინარე,  დადგენილ უნდა იქნას ყოველ კონკრეტულ საქმეზე, რაც ხაზს უსვამს ინდივიდუალური და არა კოლექტიური ლუსტრაციის კანონების გამოყენების აუცილებლობას.

    მეორეც, გარანტირებული უნდა იყოს - დაცვის უფლება, უდანაშაულობის პრეზუმფცია ბრალეულობის დამტკიცებამდე და სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. ამ ღონისძიებების მიზანი არ შეიძლება იყოს შურისძიება. ასევე, დაუშვებელია, ლუსტრაციის შედეგების არადანიშნულებისამებრ გამოყენება პოლიტიკური ან სოციალური მიზნებისათვის.

    ლუსტრაციის კანონმდებლობის მიზანია, ახლად წარმოშობილი დემოკრატიის დაცვა და არა იმ ადამიანების დასჯა, რომლებიც  დამნაშავეებად მოიაზრებიან - აღნიშნული უნდა განხორციელდეს სისხლის სამართლის გამოყენებით,  პროკურორების მიერ. 

    წმინდა სამართლებრივი და ეთიკური პრობლემების გარდა, პოსტსაბჭოთა ლუსტრაციამ  წარმოშვა უამრავი სხვა უარყოფითი პრეცენდენტი. ორგანიზებულობითა და კანონმორჩილების თვალსაზრისით ყველასათვის სამაგალითო ქვეყანაში - გერმანიაში, კომისიიდან, რომლის კომპეტენციაშიც შედიოდა ლუსტრაციის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება (მსგავსი კომისიის შექმნას ითვალისწინებს საქართველოს კანონიც), მოხდა შტაზის აგენტურული სიების გაჟონვა პრესასა და ინტერნეტში, რამაც ძალიან ბევრი ადამიანი დააზარალა. აგრეთვე ცნობილია, რომ ყოფილი დასავლეთ გერმანიის პოლიტიკოსები შტაზის საარქივო მასალებს ყოფილი აღმოსავლეთ გერმანიის პოლიტიკური კონკურენტების წინააღმდეგ იყენებდნენ. ყოველივე ამან აიძულა გერმანიის ხელისუფლება და სასამართლოები, შეზღუდვები დაეწესებინათ ამ ტიპის ინფორმაციასთან წვდომაზე, გავრცელებაზე, დამუშავებაზე და ა.შ. 

    ბულგარეთი იძულებული გახდა, ნაწილობრივ გაეუქმებინა 1992 წ. კანონის მოქმედების სპექტრი და  აეკრძალა საიდუმლო პოლიციის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელება, ასევე იმ დოკუმენტების შინაარსის გასაჯაროება, რომლებიც ადასტურებენ პოლიტიკოსებისა და სხვა პირების ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ფაქტს. პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალმა, 2007 წელს, მიზანშეწონილად ჩათვალა მოქმედი ლუსტრაციის კანონის სუბიექტთა სპექტრის შემცირება. ლუსტრაციის კანონებში, უარყოფითი პრაქტიკისა და პრეცენდენტების გამო, მსგავსი ცვლილებების შეტანა გამონაკლისი არ გახლავთ, ვინაიდან ამის სხვა მაგალითებიც არსებობს.

    როგორც ვხედავთ, ლუსტრაციის კანონების მიღებასა და მათ რეალიზაციას შუაგულ ევროპაშიც კი, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, უმტკივნეულოდ არ ჩაუვლია და დღემდე ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. მეტიც, მაგალითად, ერაყში, სადამ ჰუსეინის რეჟიმის დაცემის შემდგომ, ჩატარებულმა ლუსტრაციამ ხელი შეუწყო სამოქალაქო ომის დაწყებას.

    ცხადია, ისტორიული შეცდომები არავინ უნდა გაიმეოროს, და თუ ლუსტრაციის ჩატარების მიზანშეწონილობა მაინც დადგინდება, იგი ცალსახად უნდა ეფუძნებოდეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციების, ადამიანის უფლებების დაცვისა და უდანაშაულობის პრეზუმციის პრინციპებს.

    თუკი გავითვალისწინებთ საქართველოში, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გამოყენებით ბოლო წლებში განხორციელებულ (უკვე ტრადიციულ) შანტაჟსა და ვიდეოტერორს, რომელშიც გარკვეული ალბათობით ქვეყნის ოფიციალური სტრუქტურებიც მონაწილეობენ  - გარანტიას გაძლევთ, რომ მსგავსი ლუსტრაციის ჩატარება, ადამიანების ახალი მასობრივი შანტაჟისა და ტერორის საფუძველი გახდება. ნებისმიერი დაპირება ამ თემაზე ყოველგვარ საფუძველს არის და იქნება მოკლებული. 

    შესაბამისად, დღეიდან, როდესაც გაიგებთ რომელიმე „გულანთებული“ პოლიტიკოსის ან, უბრალოდ, პატრიოტი აქტივისტის განცხადებას იმის შესახებ, რომ „აი, იქ ჩაატარეს და ცუდი არაფერი მომხდარა“, არ დაუჯეროთ! მოხდა, თან ძალიან ბევრი და თან ეს „ცუდი“ უამრავ ადამიანსა და მისი ოჯახის ბედს შეეხო. ამიტომ, მსგავსი ღონისძიების ჩატარების მიზანშეწონილობის განსაზღვრას, კრიტერიუმების შემუშავებას, მის მომზადებასა და რეალიზაციას, ბრძნული და სახელმწიფოებრივი მიდგომა სჭირდება.

    ლუსტრაციის სუბიექტები

    ახლა, ძალზე მნიშვნელოვანი, თუ არა მთავარი საკითხი - ვინ უნდა იყოს ლუსტრაციის სუბიექტი? წლების განმავლობაში, საქართველოში შექმნილია „ბუას“ იმიჯი, რომელიც დამნაშავეა ჩვენს ყველა უბედურებაში. თურმე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ინსტიტუტები იმიტომ ვერ ფუნქციონირებენ „ნაყოფიერად“, რომ „ბუა“ ამის შესაძლებლობას არ აძლევს. და ეს „ბუა“ არის საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის ყოფილი სპეცკონტინგენტი, ანუ აგენტურა. პროპაგანდის შედეგად იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი ყველა პრობლემა უეცრად დასრულდება, თუ გავიგებთ, ვინ არიან ეს „ერის მოღალატე და დამოუკიდებელი საქართველოს დაუძინებელი  მტრები“. ამიტომ, უნებლიედ, ჩვენი საზოგადოება ლუსტრაციის კანონის ძირითად სუბიექტად  მიიჩნევს მხოლოდ ყოფილი სუკ-ის აგენტურას.  ქალბატონებო და ბატონებო, ეს მცდარი აზრი გახლავთ!

     

    კომუნისტური რეჟიმების ლუსტრაციის პროცესები გამოწვეულია იმით, რომ აღნიშნული რეჟიმები სისტემატურად და უხეშად არღვევდნენ ადამიანის უფლებებს, მაგრამ, ცხადია, არანაირი გამართლება და პოლიტიკური პერსპექტივა არ გააჩნია ლუსტრაციის ისეთ ფორმას, რომელიც თავად არღვევს ამ უფლებებს.

     

    ყველაფერს აქვს თავისი წესი და რიგი. ჯერ ფაშისტური რეჟიმი მიჩნეული იყო დანაშაულებრივ რეჟიმად და მხოლოდ ამის შემდეგ სჯიდნენ მათ, ვინც ამ რეჟიმთან თანამშრომლობდა. ფაშისტური რეჟიმი ჯერ აღიარეს დანაშაულებრივ რეჟიმად და მხოლოდ ამის შემდეგ დასაჯეს ისინი, ვინც ამ რეჟიმთან თანამშრომლობდა. ეს გახლავთ ერთადერთი სწორი, მორალურად, ეთიკურად, და, რაც მთავარია, იურიდიულად გამართლებული მიდგომა. სამწუხაროა, მაგრამ ჩემი აზრით, არსებული კანონი - „თავისუფლების ქარტია“ - მცდარ პრინციპზე გახლავთ დაფუძნებული. ამის დამადასტურებელ მაგალითს  მოგვიანებით წარმოგიდგენთ.

     

    მოდით, ობიექტურად შევაფასოთ ჩვენთან არსებული სიტუაცია. სუკ-ი ემსახურებოდა კომუნისტურ პარტიას, აგენტურა, რომელიც ამოღებულია ამ კამპანიის მიზანში, თანამშრომლობდა სუკ-თან. აი, სწორედ აქ არის კაზუსის თავი და თავი. საქართველოში კომუნისტური რეჟიმი და კომუნისტური პარტია, კომკავშირი და პიონერია,  ჯერ  არ არიან იურიდიულად  დანაშაულებრივ ორგანიზაციებად მიჩნეული, უფრო მეტიც, უამრავი ყოფილი პარტიული ფუნქციონერი დღეს ხელისუფლების სხვადასხვა შტოში არის დასაქმებული. პარტიის მთავარი სადამსჯელო ორგანო „ვე-ჩე-კა“ (Всероссийская чрезвычайная комиссия/სრულიად რუსეთის საგანგებო კომისია), შემდგომ „ენ-კა-ვე-დე“ (Народный комиссариат внутренних дел СССР/ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი), შემდგომ „კა-გე-ბე“ (Комитет государственной безопасности CCCP/სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი) - ესენიც არ გახლავთ იურიდიულად დანაშაულებრივ ორგანიზაციად აღიარებული (სუკ-ის ყოფილი თანამშრომლებიც არიან დღეს საჯარო მოხელეები და ხელისუფლებაშიც არიან წარმოდგენილი) და დღეს ლუსტრაციის ინიციატორებს სურთ დასაჯონ ვიღაც, ვინც ამ სუბიექტებთან თანამშრომლობდა. რას ნიშნავს ეს? კომუნისტური მენტალიტეტით და მეთოდებით ვებრძვით კომუნიზმს? ბატონებო, თუ საბჭოთა რეჟიმი და მის მიერ ჩატარებული რეპრესიები არ მოგწონთ,  ნუ მიბაძავთ საბჭოთა კავშირს, თორემ მაშინ რა განსხვავებაა 2019 და 1937 წლებს შორის? 

     

    თუ ქვეყანას, 30 წლის დაგვიანებით, მაინც სურს ამგვარი სადამსჯელო ხასიათის მქონე ლუსტრაციის ჩატარება, მაშინ პროცედურულად უნდა განხორციელდეს შემდეგი: 

     

    1. ჯერ კომპარტია და კომკავშირი იურიდიულად უნდა იქნას მიჩნეული  დანაშაულებრივ ორგანიზაციებად და უნდა აიკრძალოს მათი საქმიანობა საქართველოს ტერიტორიაზე. შემდგომ უნდა გავასამართლოთ ამ ორგანიზაციების ცოცხლად შემორჩენილი მაღალჩინოსნები და ფუნქციონერები (მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის). ამასთან, საქართველოს კომპარტიის (და, შესაბამისად, კომკავშირის) ყოფილ წევრებს უნდა დაუწესდეთ კანონით გათვალისწინებული ყველა ტიპის შეზღუდვები (მუდმივად ან დროებით); 

    2. შემდგომი ეტაპი უნდა შეეხოს საბჭოთა საქართველოს მთავრობის, რეგიონალური და რაიონული ხელისულების, საქართველოს სუკ-ის და მილიციის ყოფილ მაღალჩინოსნებს და თანამშრომლებს, იგივე ტიპის სანქციებით; 

    3. მხოლოდ ამის შემდგომ შეგვიძლია სამართლიანად „მივადგეთ“ იმათ, ვინც ნებით თუ უნებლიედ თანამშრომლობდა მათთან, ყოველ შემთხვევაში, სამართლებრივი გზა ეს გახლავთ. ამ შემთხვევაში მიზანშეწონილობას არ განვიხილავ.

     

    აქ კი დავუბრუნდები „თავისუფლების ქარტია“-ს.  კანონის მიდგომა ლუსტრაციის სუბიექტების შერჩევის მიმართ აბსოლუტურად არაკომპეტენტური და ტენდენციურია. მეტიც, ლუსტრაციის შემოთავაზებული სქემა რაციონალურ და საღ აზრს არის მოკლებული, ვინაიდან ეფუძნება დილეტანტურ წარმოდგენებს ლუსტრაციის ძირითად მიზნებსა და სპეცსამსახურების საქმიანობის სპეციფიკაზე. 

    კერძოდ კი:

     

    მუხლი 9. თანამდებობრივი შეზღუდვის გავრცელების დრო და პირები, რომლებზედაც ვრცელდება ეს შეზღუდვა

    1. ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრულ თანამდებობებზე არ შეიძლება დანიშნულ ან არჩეულ იქნენ პირები , რომლებიც 1921 წლის 25 თებერვლიდან 1991 წლის 9 აპრილამდე იყვნენ :

    ა) ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლები და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან (1991 წლის 9 აპრილი დან ):

    ა.ა) უარი განაცხადეს დამოუკიდებელი საქართველოს სპეციალურ სამსახურებთან საიდუმლო თანამშრომლობაზე;

    ა.ბ) სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, გარიცხულ იქნენ საიდუმლო თანამშრომელთა აპარატიდან;

    ა.გ) დაუდგენელი მიზეზების გამო გაწყვიტეს კავშირი დამოუკიდებელი საქართველოს სპეციალურ სამსახურებთან;

     

    ბ) ყოფილი სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ოფიცრები, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან (1991 წლის 9 აპრილი) უარი განაცხადეს დამოუკიდებელი საქართველოს სპეციალურ სამსახურებში მუშაობის გაგრძელებაზე ან რომელთაც, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, უარი ეთქვათ დამოუკიდებელი საქართველოს სპეციალურ სამსახურებში მუშაობის გაგრძელებაზე;

    ....

    ე) საქართველოს ტელერადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე;

     

    ეს გახლავთ მხოლოდ პატარა ფრაგმენტი ამ საკანონმდებლო „შედევრიდან“. თქვენ თავად განსაჯეთ, რამდენად სწორი მიდგომა და კრიტერიუმებია არჩეული ამ კანონის ავტორების მიერ. უპირველეს ყოვლისა, კომუნისტური პარტიის ე.წ. ნომენკლატურა საერთოდ არ არის ნახსენები. ანუ კომუნისტური რეჟიმის სულის ჩამდგმელები და 1921 წლიდან ყველა დანაშაულის და უბედურების ინიციატორები თამაშგარე მდგომარეობაში ანუ, როგორც ამბობენ, ოფსაიტში არიან და ამ კანონის სუბიექტები არ არიან (ძალიან საინტერესოა, რატომ?). ამგვარი მიდგომა, ჩემი აზრით, ამ კანონს არალეგიტიმურს ხდის, ვინაიდან იგი ეწინააღმდეგება სამართლიან და საყოველთაოდ აღიარებულ ლუსტრაციის ძირითად პრინციპებს, მიზნებსა და ევროპის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციების (1096 (1996) და 1481 (2006)) სულისკვეთებას. სწორედ ეს გახლავთ ჩემს მიერ ნახსენები ერთ-ერთი ძირითადი შეუსაბამობა კანონის მცდარ პრინციპებთან დაკავშირებით.

     

    აგრეთვე, ამ კანონის  მე-9 მუხლის შესაბამისად, თუ  სპეცსამსახურების ყოფილმა აგენტმა  (მუხლი 10-ის თანახმად - საკავშირო, საქართველოს სსრ-ის და ავტონომიური რესპუბლიკების სუკ-ის, საკავშირო, საქართველოს სსრ-ის და ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა სამინისტროების (შსს-ს), საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების განსაკუთრებული განყოფილებებისა და სამხედრო დაზვერვის) ან სსრკ-ის სუკ-ის ყოფილმა თანამშრომელმა, 1991 წლის შემდგომ უარი განაცხადეს დამოუკიდებელი საქართველოს სპეციალურ სამსახურებთან საიდუმლო თანამშრომლობაზე ან, შესაბამისად, სამსახურეობრივ თანამშრომლობაზე (მიზეზი არავის აინტერესებს) ან დამოუკიდებლობის შემდგომ სპეცსამსახურებმა თვითონ თქვეს მათთან თანამშრომლობაზე უარი (აქაც ძალიან ზოგადი საფუძველია მითითებული), მაშინ ესენი პოტენციური მტრები არიან და ექვემდებარებიან ლუსტრაციასა და შეზღუდვებს, მაგრამ თუ თანხმობა განაცხადეს და გააგრძელეს თანამშრომლობა, მაშინ ესენიც ოფსაიტში აღმოჩნდნენ.

     

    ეს ხომ ვერანაირ ლოგიკაში ვერ ჯდება! საკმარისია, ერთი დეტექტივი მაინც გქონდეს წაკითხული, რომ მიხვდე ამ მიდგომის არაადეკვატურობას. საინტერესოა, რატომ არ უშვებს კანონის ავტორი იმას, რომ სუკ-ის მიერ იძულებით გადაბირებულ და წლების მანძილზე წნეხის ქვეშ მყოფ ადამიანს, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, საერთოდ აღარ სურდა სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა და მათთან რაიმე კავშირის დამყარება? განა ეს რთული გასაგებია?! თუ ჩვენ გადავწყვიტეთ, ახლა დავსაჯოთ ისინი იმდროინდელი უარისთვის?

     

    1992 წ. მე ვიყავი ყოფილ აგენტურასთან კავშირის აღდგენის პროცესის მონაწილე და სწორედ ამიტომ მაქვს მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება ამ ძალზე პრინციპული და მნიშვნელოვანი საკითხისადმი ამგვარი აგრესიული, პრიმიტიული და დილეტანტური მიდგომის მიმართ.

     

    მეგობრებო, თუ აღნიშნული ორი კონტინგენტის რომელიმე წარმომადგენელი ანტიქართულ საქმიანობას ეწეოდა და მტრის სპეცსამსახურების დავალებებს ასრულებდა, ის, პირიქით, დაეთანხმებოდა დამოუკიდებელი საქართველოს სპეცსამსახურების ყველა წინადადებას! ეს მისთვის დიდი საჩუქარი იქნებოდა ოპერატიული შეღწევის თვალსაზრისით! დარწმუნებული ვარ, რომ ამგვარი დიფერენციაცია ვერანაირად ვერ გამოდგება ლუსტრაციის კრიტერიუმად.

     

    ცნობისათვის, საქართველოს სსრ-ის შსს, კლასიკური გაგებით, სპეცსამსახურად არ ითვლება, მაგრამ „თავისუფლების ქარტია“ მას ასეთად მიიჩნევს. ამის გამო, მიუხედავად იმისა, რომ 1954 წლიდან, სახელმწიფო უშიშროების საკითხები  შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში აღარ შედიოდა, საქართველოს სსრ-ის შსს-ს აგენტურა მასობრივ ლუსტრაციას“ მაინც ექვემდებარება! სამწუხაროდ, კანონი იმპერატიულდ აწესებს ყველა „სპეცსამსახურისთვის“ ლუსტრაციის ვადის ზღურბლს - 1991 წ. 9 აპრილს. რამდენად მართებულია ასეთი მიდგომა? ვფიქრობ, ეს სპეციალისტების სერიოზული მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.

     

    თავს უფლებას მივცემ და კიდევ ერთ ძალიან დელიკატურ და, ზნეობრივი თვალსაზრისით, უაღრესად მნიშვნელოვან კითხვას დავსვამ. რომც გავიზიაროთ „თავისუფლების ქარტია“-ს სულისკვეთება და ჩავთვალოთ, რომ მაღალ საჯარო თანამდებობებზე (მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დეკანების და კათედრების გამგეების თანამდებობებზე) ყოფილი აგენტების დანიშვნა დაუშვებელია და სახიფათო, ეკლესიაში არსებული ანალოგიური კონტინგენტი ლუსტრაციის გარეშე რატომ რჩება? განა დღევანდელ ვითარებაში ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და ხიფათის შემცველი თემა არ არის? სამწუხაროდ, ჩვენი კანონი სასულიერო პირებს ლუსტრაციის სუბიექტებად არ მიიჩნევს, რაც აგრეთვე სერიოზულ ეჭვს ბადებს მისი (კანონის) პოლიტიკური და სამართლებრივი ვარგისიანობის შესახებ. 

     

    ვფიქრობ, მოყვანილი მაგალითები საკმარისია, რათა მივხვდეთ, რამდენად ტენდენციური, გაუაზრებელი და არაადეკვატური კანონი გვაქვს დღეს და რა გვემუქრება მისი ამოქმედების შემთხვევაში. ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ გაეცნოთ მას საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ლოგიკური, ტერმინოლოგიური, შინაარსობრივი და იურიდიული თვალსაზრისით, ამ დოკუმენტს წარმატებულად ნამდვილად ვერ ჩავთვლით. 

     

    აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ამგვარი ლუსტრაცია იგეგმება ქვეყანაში, სადაც სტალინის მუზეუმი არსებობს და კომპარტია დღემდე აქტიური ორგანიზაცია გახლავთ, სადაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ,  საქართველოს კომპარტიის ცკ-ს პირველი მდივანი და საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრი მოსახლეობამ მეორე პრეზიდენტად აირჩია, ხოლო უშიშროებასა და პოლიციას წლების განმავლობაში კომუნისტური პერიოდის ოფიცრები მართავდნენ, სადაც ზოგიერთი ინდივიდუმის, პოლიტიკოსისა და პოლიტიკური პარტიის საქმიანობა რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებასთან აშკარა ალიანსის ნიშნებს ატარებს. მე მხოლოდ ზოგიერთ ფაქტს აღვნიშნავ (სამწუხაროდ, მრავალი ანალოგიური მაგალითის მოყვანა შემიძლია), ხოლო მათი ინტერპრეტაციის ვარიაციები შეიძლება უამრავი იყოს. 

     

    ობიექტურობისთვის მინდა ვთქვა, რომ კომუნისტებთან თანამშრომლობაზე თუ მიდგა საქმე, მაშინ ისინიც თანამშრომლობდნენ ვინც: სიმღერებს, ლექსებს და პროზას უწერდა მათ, გასართობ ინდუსტრიაში მოღვაწეობდა (კინო, თეატრი, ესტრადა), იბრძოდა კომუნისტების მხარეს, ქმნიდა საბჭოთა მეცნიერებას, იარაღს, აძლიერებდა საბჭოთა სპორტს, მსახურობდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში, მოწინავე მშრომელი იყო და ა.შ. ცალკე მინდა გამოვყო ე.წ. „ანონიმსჩიკების“ და „პატრიოტების“ დიდი არმია, რომელმაც საგრძნობი წვლილი შეიტანა კომუნისტური რეპრესიების გაღვივებაში.

     

    არა, ეს სულ სხვა რამეაო, იტყვით თქვენ. არა, ბატონებო, არ არის სულ სხვა რამე. როდესაც ცეკვავ, მღერი და ადიდებ ქვეყანას იმ პერიოდში, როდესაც იგი რეალურად მტრის მიერ არის ოკუპირებული და მასში მასობრივი რეპრესიები მიმდინარეობს, როდესაც კრებაზე, ცხვარივით, მორჩილად ხელს სწევ და ხმას აძლევ „ქვეყნის მტრების“,  რეალურად კი ქვეყნის ინტელიგენციისა და საუკეთესო ინტელექტუალური ნაწილის ფიზიკურ განადგურებას - შენ თანამონაწილე ხარ ამ უმსგავსობის!!! ობიექტურად ეს ასეა და თავს ნუ იტყუებთ! როდესაც საბჭოთა კავშირის ტერიტორია ან, გნებავთ, საფრანგეთი განთავისუფლდა გერმანული ოკუპაციისგან, ყველას, ვინც ჩამოთვლილ საქმიანობაში მონაწილეობდა, მოღალატე და კოლაბორაციონისტი უწოდეს და დასაჯეს. შესაბამისად, საქართველოში სამართლიანი და სრული პოსტსაბჭოთა ლუსტრაციის ჩატარების შემთხვევაში, „დასასჯელი“ კონტინგენტი, ფაქტობრივად,  საზოგადოების უდიდეს ნაწილს  წარმოადგენდეს, ხოლო ჩვენ ავიღოთ და კომუნისტებთან თანამშრომლობის დაღი დავასვათ ადამიანების ერთ რომელიმე მცირე კატეგორიას (თან, არქივების დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, მხოლოდ ამ კატეგორიის ნაწილს) და შემდგომ მათზე გადავტეხოთ „ლუსტრაციის ჯოხი“ - უბრალოდ უმსგავსობაა, ამორალურია და, ჩემი აზრით, ქვეყნის მომავალი პოლიტიკური განვითარების ბედზე ზრუნვის კი არა, უფრო საჩვენებელი სადამსჯელო-პროპაგანდისტული ოპერაციის ხასიათს ატარებს. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ამ ადამიანების დიდი ნაწილი იძულების წესით თანამშრომლობდა სუკ-თან და, პრაქტიკულად, კომუნისტური სისტემის მსხვერპლი იყო.

     

    ჩემი აზრით, დასავლეთ ევროპაში ჩატარებული ლუსტრაციის ღონისძიებების „ბრმა კალკირება“ დაუშვებელია, ვინაიდან  საქართველოში არსებული მდგომარეობა რადიკალურად განსხვავდება იმ სიტუაციისგან, რომელიც ევროპულ ქვეყნებში განვითარდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში და მის შემდგომ. 

     

    საქართველოს 200-წლიანმა არსებობამ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, თავისი წვლილი შეიტანა საქართველოს მოსახლეობის სპეციფიურ, შეიძლება ითქვას, დამახინჯებულ, მორალურ-ფსიქოლოგიური ფაქტორების ჩამოყალიბებაში. მე ვგულისხმობ დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის ანექსიის/ოკუპაციისა, ეკლესიისთვის დამოუკიდებლობის ჩამორთმევისა და ეთნიკური რუსების მასობრივი გადმოსახლების, რუსული ენის და იდეოლოგიის დაწესების და რუსული ჯარის ჩვენს მიწა-წყალზე ყოფნის მიმართ. ამას შეჩვევას, გულგრილობას დავარქმევთ თუ რაიმე სხვა ტერმინს მოვიშველიებთ, ამით არსი არ შეიცვლება - მოსახლეობის უმრავლესობა ამ პროცესების მიმართ, პოლიტიკური აქტივობის თვალსაზრისით (ბოლო ეტაპზე ეროვნული მოძრაობის გაძლიერებამდე), ინდიფერენტული იყო და ძირითადად ყოფით საკითხებზე ჰქონდა გადატანილი აქცენტები. გვერდს ვერ ავუვლით იმასაც, რომ ნებისმიერი მოძალადე რეჟიმის დროს, მოსახლეობა არის ძალადობის მსხვერპლის როლში და ამ შემთხვევაში ვითარდება უკვე სხვა ფსიქოლოგიური ფაქტორი. „შიში შეიქმნს სიყვარულსა“ - ამ ფენომენის ძალიან ზუსტ აღწერას გვთავაზობს შოთა რუსთაველი, ამას აგრეთვე „სტოკჰოლმის სინდრომს“ უწოდებენ. შეიძლება ფსიქოლოგიის სპეციალისტებმა ამ ფენომენის სხვა ინტერპრეტაციებიც შემოგვთავაზონ, მაგრამ ფაქტი სახეზეა, მაგალითად, ე.წ. სამამულო ომიდან (სადაც ერთი მხრიდან საბჭოთა ჯარისკაცებს მოწინააღმდეგე ესროდა, ხოლო ზურგიდან „ენ-კა-ვე-დე“-ს „ზაგრად ოტრიადები“) და სტალინის საკონცენტრაციო ბანაკებიდან დაბრუნებული უამრავი ადამიანი, სიცოცხლის ბოლომდე „სტალინისტი“ იყო, ან გნებავთ თანამედროვე ჩრდილოეთ კორეის მაგალითი აიღეთ, სურათი აბსოლუტურად იდენტურია.

     

    ვფიქრობ, ასეთი დამოკიდებულების ობიექტური მიზეზიც არსებობს, ვინაიდან რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდგომ, ეროვნული დამოუკიდებლობისა და ქვეყნის თავისუფლების იდეისთვის მებრძოლი საზოგადოების ნაწილი, ორი საუკუნის მანძილზე ფიზიკურად ნადგურდებოდა (სხვათაშორის, თვით ქართველების აქტიური მონაწილეობით), ხოლო 1921 წ.-დან რეჟიმმა ინტელექტუალური და პროგრესულად მოაზროვნე მოსახლეობის დარჩენილი ნაწილი გამოხშირა. ცხადია, ამან გადამწყვეტი როლი ითამაშა „მორჩილი“ საზოგადოების ფორმირების პროცესში. განა, 30-იან წლებში ვინმე ღიად აპროტესტებდა უსამართლობას ან ქვეყანაში მიმდინარე რეპრესიებს, ხოლო შემდგომ, 70-იანებში, ვინმე იცავდა „ცეხავიკებს“ და სხვა კომუნისტური საჩვენებელი აქციების მსხვერპლთ? სამწუხაროდ, არა.   

     

    აუცილებლად გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადამიანები დაიბადნენ, იცხოვრეს და გარდაიცვალნენ ისე, რომ სხვა წყობილება და რეჟიმი არც უნახავთ, ხოლო საბჭოთა პროპაგანდის და ინფორმაციული ვაკუუმის პირობებში, ოპოზიციური აზრის ფორმირების საფუძველიც კი არ გააჩნდათ. 

     

    ევროპაში კი, სადაც საბჭოთა ოკუპაცია 1939 (1945) წელს  დაიწყო და დასრულდა, ყველაზე გვიან, 1991-ში (მაქსიმუმ 52 წლის განმავლობაში, ანუ 1 თაობის არსებობის პერიოდში), სიტუაცია რადიკალურად განსხვავდებოდა საბჭოთა კავშირისგან - არსებული რეჟიმი, მოსახლეობის მიერ, მაინც ოკუპაციურ რეჟიმად აღიქმებოდა და მასთან თანამშრომლობა ბევრად უფრო მიუღებელი და სამარცხვინო იყო ვიდრე საბჭოთა საქართველოში. სამწუხაროდ, ამის დასტურად  1956 წ. განვითარებული მოვლენები უნდა მოვიყვანო. იმ პერიოდში, როდესაც უნგრეთის პატრიოტები საკუთარი ქვეყნის კომუნისტური რეჟიმისგან გასათავისუფლებლად იბრძოდნენ (რასაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა), ჩვენთან საბჭოთა ჯარი უმოწყალოდ გაუსწორდა საქართველოს მოსახლეობას, რომელიც გამოვიდა ქუჩაში „დიდი ბელადის“ იოსებ სტალინის - ჯუღაშვილის და ლავრენტი ბერიას „იმიჯის“ დასაცავად! მოსკოვში, ხრუშჩოვთან კოლექტიური საპროტესტო დეპეშის გაგზავნის მცდელობას ტრაგიკული შედეგი მოყვა (1956 წ. 9 მარტი), დაიღუპა უამრავი ადამიანი. დღეს ამ ტრაგიკული მოვლენების მრავალი ინტერპრეტაცია არსებობს, მაგრამ, ჩემი აზრით, თუ ობიექტურად გავაანალიზებთ მათ, პირველ შემთხვევაში, ადამიანებმა თავი დამოუკიდებლობისთვის გაწირეს, მეორე შემთხვევაში კი, მიზეზი კუთხური მენტალიტეტი და მახინჯი ფსიქოლოგიური ფაქტორი გახლდათ.

     

    სწორედ დღეს გვჭირდება საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდის სერიოზული ანალიზი (მათ შორის, ფსიქოლოგიური) და შესაბამისი დასკვნების გაკეთება. ვინ იფიქრებდა, რომ დამოუკიდებლობისთვის ამდენი წლის ბრძოლისა და 2008 წლის ომის შემდგომ, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ასეთი ლმობიერი პოზიცია და ნოსტალგია ექნებოდა საბჭოთა კავშირის და რუსეთის მიმართ?! აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩემ პოზიციას საქართველოში სპეციფიური ფსიქოლოგიური ფაქტორის არსებობის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამგვარი მენტალიტეტი (და ბოლო პერიოდში მისი მნიშვნელოვანი გაძლიერება) ბევრად უფრო რეალურ და სერიოზულ საფრთხეს  წარმოადგენს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და მისი შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის, ვიდრე ნებისმიერი  სხვა ფაქტორი!

     

    აგენტურა  

    ახლა ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო უშიშროების აგენტურას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ვინაიდან მკითხველი ძალიან ზედაპირულად და არასწორად არის ინფორმირებული ამის შესახებ. 

     

    თქვენთვის ოპერატიული სამსახურის მუშაობის ძირითადი პრინციპი გასაგები რომ გახდეს, განვმარტავ: აგენტის გადმობირებაზე, მის უსაფრთხოებაზე, მისი საქმიანობის დაგეგმვაზე, ორიენტირებაზე (ინსტრუქციების მიწოდებაზე - რა აინტერესებს სამსახურს, სად, როგორ და ვისგან მოიპოვოს აღნიშნული ინფორმაცია), ნებისმიერი აგენტურული ინფორმაციის მიღებაზე, დამუშავებასა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღებაზე, პასუხისმგებელია უწყების ოპერატიული თანამშრომელი, რომელიც მასთან კავშირზე იმყოფება. იგი ვალდებულია, ოპერატიულად (ანუ სხვა აგენტურული და ოპერატიული შესაძლებლობების მეშვეობით - მათ შორის, ოპერატიულ-ტექნიკური) გადაამოწმოს ნებისმიერი მიღებული ინფორმაცია და მხოლოდ დეტალური გადამოწმების შემდგომ მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილება. მთელ ამ პროცესში საკვანძო პასუხისმგებელი ფიგურა აგენტი კი არა - ოპერატიული თანამშრომელი გახლავთ. ოპერატიული საქმიანობის ძირითადი ეტაპის დასრულების შემდგომ, საქმე გადადის გამომძიებლებთან და ა.შ. გარკვეულ ვითარებაში შესაძლებელია პირიქით, ოპერატიული საქმიანობა ხორციელდებოდეს საგამოძიებო უწყების დავალებით. 

     

    ასე რომ, არავინ დაგაბნიოთ: ოპერატიულ საქმიანობაზე, მათ შორის, ამ საქმიანობის შედეგად შემუშავებულ დასკვნებსა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე,  პასუხს აგებს ოპერატიული სამსახური, ოპერატიული თანამშრომლისა და მისი ხელმძღვანელის სახით. საქმის შემდგომ გამოძიებაზე - საგამოძიებო უწყება, გამომძიებლისა და მისი ხელმძღვანელის სახით, ხოლო მართლმსაჯულებაზე - სასამართლო, მოსამართლის ან/და მოსამართლეების სახით. აგენტი, მიკროფონი, მანქანა, კალამი, ქაღალდი და მოსამართლის ჩაქუჩი მხოლოდ პროცესის განხორციელების ინსტრუმენტები გახლავთ. 

     

    ლუსტრაციის პროცესის ეფექტურობის განხილვისას, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ საქართველოს სუკი-ის არქივების ძირითადი ნაწილი დღეს აღარ არსებობს. ნაწილი გატანილია რუსეთში და დღესაც იქ რჩება, ხოლო ნაწილი განადგურდა (აგენტურის პირადი და სამუშაო საქმეების ჩათვლით). დარჩენილია ლუსტრაციისთვის აუცილებელი მინიმალური დოკუმენტაცია და ინფორმაცია, თან  ამ ინფორმაციის  ნაწილი, სასამართლოს მიერ, რაიმე სახის მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული. ამ პოზიციას ადასტურებს რადიო «თავისუფლების» 2004 წლის, 9 სექტემბრის ძალიან საინტერესო მასალაც - „რამდენად ღია და ღირებულია უშიშროების არქივები“. სამწუხაროდ, ამან განაპირობა ის, რომ პოსტსაბჭოთა საქართველოს არსებობის მანძილზე,  ლუსტრაციის ყოველი ახალი ტალღა, მხოლოდ რუსეთის სპეცსამსახურებს უქმნიდა მომგებიან პირობებს და  ბევრი ჩვენი მოქალაქე მათი შანტაჟის მსხვერპლი გახდა, ვინაიდან, როგორც აღვნიშნე, აგენტების პირადი საქმეები რუსეთის სპეცსამსახურების ხელთ აღმოჩნდა. არსებულ ვითარებაში კი, აგენტის პირადი საქმე მაკომპრომენტირებელ დოკუმენტს წარმოადგენდა და წარმოადგენს, ასე რომ, შექმნილი „ლუსტრაციის აჟიოტაჟი“ მტერს მხოლოდ უმარტივებს მიზნების მიღწევას ჩვენს ტერიტორიაზე და ხშირად პროვოცირებულიც კი არის მის მიერ. აქედან გამომდინარე, სასურველია, გარდა ლუსტრაციის ჩატარების მიზანშეწონილობისა, კარგად გავაანალიზოთ მისი ინიციატორების მოტივაცია.

     

    აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ დაზვერვის და კონტრდაზვერვის ხაზით, ყოველი აგენტი  დაკავშირებული იყო კონკრეტულ ოპერატიულ საქმესთან, რომელიც დღესაც შეიძლება ინტერესს წარმოადგენდეს ჩვენი მოწინააღმდეგეებისათვის, შესაბამისად, დიფერენცირება, ვინ „მივალიუსტრიროთ“ და ვინ არა, წარმოუდგენელ ძალისხმევას მოითხოვს. ერთმა შეცდომამ შეიძლება გაშიფროს ჩვენი სამსახურების ინფორმირებულობა, მუშაობის სტილი და სქემა. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ყოფილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის აგენტურის ასპექტიც - რამდენად საჭირო და მიზანშეწონილია, დღევენდელ ვითარებაში, ამ კონტინგენტის ლუსტრაციის ჩატარება? არსებული კანონი ამ ნიუანსს საერთოდ არ ითვალისწინებს და მათ ავტომატურად ლუსტრაციის სუბიექტად მიიჩნევს, შესაბამისად, ამ მიმართულებითაც, ჩვენმა დაუფიქრებელმა და  და გაუაზრებელმა მოქმედებამ, შეიძლება მკვეთრად ნეგატიური შედეგი გამოიღოს,  რაშიც ყველაზე მეტად საქართველოს მტრები არიან დაინტერესებულები და რასაც მომავალში აუცილებლად გამოიყენებენ ჩვენს წინააღმდეგ.

     

    ჩემი აზრით, ბევრად უფრო აქტუალური და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის პრინციპული  საკითხი გახლავთ, თუ რა აგენტურულ შესაძლებლობებს ფლობს დღეს რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე (მაგალითად, ვინ იყვნენ ის ნიღბიანი ადამიანები რუსულ ჯავშანტექნიკაზე, 2008 წელს გზას რომ უკვალავდნენ ოკუპანტებს სამეგრელოში? საქართველოს კონტრდაზვერვას დღემდე ეს ინფორმაცია ან არ გააჩნია, ან არ აინტერესებს, ვინაიდან ამ პირების გამოვლენა და საჩვენებელი დასჯა კრიტიკულად მნიშვნელოვანია პოლიტიკური, მორალური და პროფილაქტიკური თვალსაზრისით) და რა უნდა გავაკეთოთ, რათა წინ აღვუდგეთ რუსეთის ამგვარ მისწრაფებებს. თქვენს ყურადღებას იმაზე გავამახვილებ, რომ ამ აგენტურას საერთო არაფერი გააჩნია იმ კონტინგენტთან, რომლისკენაც მიმართულია „ლუსტრაციის მახვილი“, თუმცა შესაძლებელია გარკვეული გადაფარვა, აღნიშნული საკითხისადმი ქვეყანაში ტენდენციური დამოკიდებულებისა და არასწორი პოლიტიკის გამო. 

     

    დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, საქართველოს წინაშე არსებული საფრთხე (უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობის თვალსაზრისით) არა თუ შემცირდა, არამედ რადიკალურად გაიზარდა. სპეციალისტები ალბათ დამეთანხმებიან, რომ დაახლოებით 1979 წელი ითვლება თარიღად, როდესაც საბჭოთა რუსეთმა აქტიურად დაიწყო საქართველოს სუკ-ისგან დამოუკიდებელი აგენტურული აპარატის ფორმირება.  კერძოდ, საბჭოთა შეიარაღებული ძალების დანაყოფებში გადაბირებული საქართველოს მოქალაქეების მონაცემები და მათზე ინფორმაცია აღარ ეგზავნებოდა სუკ-ს. სავარაუდოდ, სწორედ ამ კონტინგენტის გამოყენება იგეგმებოდა მომავალში საქართველოს წინააღმდეგ. ამასთან ერთად, 1980-იან წლებში მკვეთრად გაიზარდა სუკ-ის ინტერესი რუსეთში მცხოვრები (მუდმივად ან დროებით) ქართველების მიმართ და მათი გადაბირების მცდელობები. ამ კონტინგენტის სიები ჩვენს უშიშროებას არასოდეს გააჩნდა, ახლაც არ გააჩნია და თუ ზოგიერთი მონაცემის მოპოვება მაინც მოვახერხეთ, ეს მოხდება მხოლოდ ჩვენი კონტრდაზვერვის სამსახურის ნაყოფიერი საქმიანობის შედეგად. მაგალითად, საქართველო-რუსეთის დიპლომატიური ურთიერთობების არსებობის პერიოდში, რუსეთის სპეციალური სამსახურების საქმიანობის სტილის გათვალისწინებით, საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებდნენ:

     

    1. რუსეთის შეიარაღებული ძალების, გენერალური შტაბის, დაზვერვის მთავარი სამმართველოს („გრუ“-ს) არალეგალური რეზიდენტურა;

    2. „გრუ“-ს  დიპლომატიური რეზიდენტურა (რუსეთის საელჩოში, დიპლომატიურ საფარქვეშ მოქმედი რეზიდენტურა);

    3. რუსეთის საგარეო დაზვერვის არალეგალური რეზიდენტურა;

    4. რუსეთის საგარეო დაზვერვის დიპლომატიური რეზიდენტურა;

    5. „ფსბ“-ს აგენტურული ქსელი.

     

    თან, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ, რუსეთის სამხედრო დაზვერვის საქმიანობა საქართველოში ხორციელდებოდა და იმართებოდა (სავარაუდოდ, ახლაც ხორციელდება და იმართება) არა მარტო ადგილობრივად, რეზიდენტების მიერ ქვეყნის შიგნიდან, არამედ მეზობელი ქვეყნებიდანაც. მარტივად რომ აგიხსნათ, მოქმედების პრინციპი ძალიან ჰგავს აბლაბუდას. სამწუხაროდ, ჩვენ მხოლოდ ერთი მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურების საქმიანობა განვიხილეთ, მაგრამ საქართველოში „მოღვაწეობენ“ აგრეთვე ჩვენი სხვა მეზობელი ქვენების სპეცსამსახურები, და არა მარტო მეზობლების. რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორს - ირანს - აგრეთვე გააჩნია ოპერატიული ინტერესები ჩვენს ქვეყანაში. ცხადია, ეს დაინტერესებული ქვეყნების სრული ჩამონათვალი არ გახლავთ. დაზვერვის ამ სამსახურების „ბუკეტს“ ემატება მუდმივი საფრთხე საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების აგენტურული ქსელების მხრიდან. 

     

    მინდა თქვენი ყურადება გავამახვილო იმაზე, რომ, როგორც წესი, უცხო ქვეყნის მზვერავებისა და აგენტების დაპატიმრება ან/და ქვეყნიდან გაძევება, მხოლოდ პოლიტიკური ან განსაკუთრებული მნიშვნელობის აქცია გახლავთ. ეროვნული სპეცსამსახურის ძირითადი მიზანია ამ კონტინგენტის გამოვლენა და სხვადასხვა მეთოდით განეიტრალება, მათ შორის, გადმობირებით ან მუდმივი კონტროლს ქვეშ, ცრუ ინფორმაციის („დეზის“) მიწოდებით. ამის შედეგად  შესაძლებელი ხდება მოწინააღმდეგესთან ოპერატიული თამაშის წარმოება და საკუთარი ოპერატიული ინტერესების რეალიზაცია. სწორედ ამიტომ, კონტრდაზვერვის სამსახურის პროდუქტიულობა არ უნდა ფასდებოდეს  „დაჭერილი“ ჯაშუშების რაოდენობით. რთული წარმოსადგენი არ გახლავთ, რაოდენ დიდ ფიზიკურ, ოპერატიულ და ფინანსურ რესურსებს მოითხოვს აღწერილი საქმიანობა. ისიც ცხადია, რომ ამ მოქმედებათა თანმიმდევრობა (ოპერატიული საქმიანობის ყველა ეტაპზე) შეუძლებელია ეროვნული სპეცსამსახურების აგენტურული შესაძლებლობების გარეშე. 

     

    თავს  უფლებას მივცემ და დავაფიქსირებ, რომ დროა მივიღოთ რადიკალური ზომები საქართველოს კონტრდაზვერვის სამსახურის გაძლიერების მიზნით, რომელიც მუდმივად პოლიტიკურ ჭიდილს ეწირება, ვინაიდან ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის სტრუქტურაში შედის და, შესაბამისად, მუდმივი რეფორმების, რესტრუქტურიზაციისა და გამოხშირვის პროცესშია. სამწუხაროა, მაგრამ პოლიტიკოსები და საზოგადოება აბსოლუტურად ინდიფერენტულები არიან ამ საკითხის მიმართ. კონტრდაზვერვის სამსახურის რეფორმირებაზე, გაძლიერებასა და მის საქმიანობაზე ეფექტური კონტროლის დაწესების შესახებ, არავის არაფერი სმენია. ეს საეჭვოდ არ გეჩვენებათ არსებულ მძიმე ვითარებაში? ამის ნაცვლად საზოგადოებას სთავაზობენ ინადიროს „ჯადოქრებსა“ და „ბუებზე“ და ამით გადაჭრას ქვეყანაში არსებული პრობლემები. 

     

    ალბათ მკითხველისთვის საინტერესო იქნება, თუ რა უნდა მოვიმოქმედოთ, რათა რეალურად შევამციროთ არსებული საფრთხეები, არ დავუშვათ ჩვენი მოქალაქეების შანტაჟი და მინიმუმამდე დავიყვანოთ მტრის აგენტურული შესაძლებლობების გაძლიერება, საარქივო აგენტურის ხარჯზე -  გაგიკვირდებათ, მაგრამ ზუსტად იმის საპირისპირო, რასაც სისტემატიურად ვაკეთებდით ამ წლების მანძილზე და ახლაც ვაკეთებთ. 

     

    იყო ასეთი ცნობილი ჩეკისტი, გენერალ-ლეიტენანტი, სტალინის ლეგენდარული „ტერმინატორი“ და, როგორც მას უწოდებდნენ, „მთავარი საბჭოთა დივერსანტი“ - პავლე სუდოპლატოვი. იგი უდავოდ აგენტურული და დივერსიული ოპერაციების საყოველთაოდ აღიარებული, უმაღლესი რანგის სპეციალისტი გახლდათ  (ოტო სკორცენი - „რეიხის დივერსანტი“ - მასთან შედარებით პიონერი იყო). თავის ერთ-ერთ წიგნში, მან უნებლიედ გააჟღერა რეცეპტი, სწორი პოლიტიკური და ფსიქოლოგიური მიდგომის შემთხვევაში, როგორ შეიძლება გაანეიტრალო რუსეთის სპეცსამსახურების აგენტურის ნაწილი. რაც მთავარია, ეს ეხებოდა აგენტურის ყველაზე კრიტიკულ კატეგორიას - საბჭოთა სამხედრო საკონცენტრაციო ბანაკებში მოქმედ აგენტურას (გერმანელ ჯარისკაცებს). ანუ მკითხველისთვის მარტივი გასაგებია, თუ რა შედეგი მოყვებოდა ამ  კატეგორიის აგენტების მიერ მიწოდებულ ყველა ინფორმაციას. «ტროიკაც» კი არ სჭირდებოდათ, ვინაიდან გერმანელი ტყვეები ადამიანებად არ აღიქმებოდნენ. სუდოპლატოვის ინფორმაციით, 1950-იან წლებში, საბჭოთა კავშირმა გადაწყვიტა აღედგინა კავშირი ამ ტიპის აგენტებთან, რომელთა დიდი ნაწილი უკვე გერმანიაში იყო დაბრუნებული, მაგრამ ყველა მცდელობა გაგზავნილი მეკავშირის წარუმატებლობით ან გაუჩინარებით მთავრდებოდა, რაც ცხადყოფდა, რომ კავშირის აღდგენის ღონისძიება, ჩეკისტებისთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, აშკარად ჩაიშალა. ამიტომ, მოგვიანებით, დაზვერვამ დაიწყო ინფორმაციის მოძიება, რათა დაედგინა წარუმატებლობის მიზეზები. ვეცდები, მოკლედ მოგიყვეთ რა დაადგინეს. აღმოჩნდა, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობამ არსებული საფრთხის საკითხი განიხილა და დააფიქსირა შემდეგი პოზიცია - გასათვალისწინებელია ის არაადამიანური პირობები, რომელშიც ომის დროს აღმოჩნდნენ გერმანელი მოქალაქეები და საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკებში მოხვედრილი ტყვედ აყვანილი ჯარისკაცები, აგრეთვე ის, რომ რიგითი ადამიანის ფსიქიკამ შეიძლება ვერ გაუძლოს ასეთ ფსიქოლოგიურ წნეხს და მისი მხრიდან თვითგადარჩენისათვის აუცილებელი მოქმედებები გამოიწვიოს (ყველა გმირი ვერ იქნება). შესაბამისად, ამოქმედდა პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა მოსახლეობაში ინფორმაციის გავრცელებას იმის თაობაზე, რომ თუ პირები, რომლებიც ფარულად ემსახურებოდნენ საბჭოთა რეჟიმს, გულწრფელი აღიარებით ნებაყოფლობით გამოცხადდებოდნენ შესაბამის ინსტანციებში, მათ გარანტირებული ექნებოდათ სრული კონფიდენციალობა და ისინი გათავისუფლდებოდნენ სისხლის სამართლის პასუხისგებლობისგან. როგორც ვნახეთ, ამან იმუშავა და საბჭოთა დაზვერვა, პრაქტიკულად,  ძველი აგენტურის გარეშე დარჩა. ცხადია, უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს, მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელია წარმატებული პრეცენდენტები და პოზიცია. მნიშვნელოვანია, რომ ეს ეხებოდა მათ, ვისი სიებიც სახელმწიფოს არ ჰქონდა და არც ოპერატიული შესაძლებლობა გააჩნდა ამდენი აგენტის გამოსავლენად. არ გეცნობათ სიტუაცია? არ იყვნენ ჩვენი თანამემამულენი საბჭოთა სპეცსამსახურების მხრიდან ანალოგიური ზემოქმედების და ძალადობის მსხვერპლნი? სამწუხაროდ, ჩვენ გააზრებულად თუ გაუაზრებლად ყველაფერს პირიქით,  წინდაუხედავად და ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების საზიანოდ ვაკეთებთ. 

     

    მოკლედ რომ ვთქვათ, მხოლოდ გაუთვითცნობიერებელ ადამიანს შეიძლება მიაჩნდეს, რომ ჩავატარებთ ლუსტრაციას და გვეშველება (თან ჰორიზონტიდან მოვიშორებთ არასასურველ ადამიანებს). აღნიშნული ინიციატივა მითუმეტეს ძალიან საეჭვოა, როდესაც მის პედალირებას დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ახორციელებენ. 

     

    აი აქ კი, კიდევ ერთი კრიტიკული და გადამწყვეტი მომენტი იკვეთება - არსებულ ვითარებაში, რატომ არის დარწმუნებული ჩვენი საზოგადოება, რომ  ოდესმე, უშიშროების დარჩენილი არქივებიდან ობიექტურ ინფორმაციას მიიღებს  და არა სეკვესტრირებულს ან/და საერთოდ დამახინჯებულს, ფალსიფიცირებულს და არაადეკვატურს? ეს ხომ საერთოდ ეროვნულ ტრაგედიაში გადაიზრდება.  მსგავსი პრეცენდენტები ლუსტრაციის ისტორიაში არის და არა ერთი. მაგალითად, სპეციალისტები დასაბუთებულად ვარაუდობენ, რომ შტაზის შენობის დარბევის წინ, უამრავი ყალბი დოკუმენტი შეიქმნა, რომელიც შემდგომ  ავტომატურად გავრცელდა საზოგადოებაში. გარწმუნებთ, რომ დღევანდელ პირობებში ჩვენი მტრები ამას წარმატებით გამოიყენებენ ქვეყანაში ქაოსის შესაქმნელად. დღეს, პოლიტიკური დაპირისპირების, რუსეთიდან ოკუპაციისა და პრორუსული ძალების მკვეთრი გააქტიურების ფონზე, ასეთი ბრუტალური ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობა არ გვაგვაჩნია!

     

    რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია - არის თუ არა მზად ჩვენი დაზაფრული საზოგადოება, გაიგოს მსგავსი ინფორმაცია თავის კლასიკოსებზე, მსახიობებზე, მეცნიერებზე, სასულიერო პირებზე, მასწავლებლებზე, მშობლებზე, შვილებზე და, რაც მთავარია, მიღებული ინფორმაციის სწორი და ობიექტური ინტერპრეტაცია გააკეთოს? დარწმუნებული ვარ, რომ არა, უფრო სწორედ - ვერა.

     

    კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მსგავსი „ანტიაგენტურული“ აქცია გაანადგურებს სპეციალური სამსახურებისა და პოლიციის ოპერატიულ შესაძლებლობებს და მათ მომავალ განვითარებას, ვინაიდან პრეცენდენტი არის პრეცენდენტი და თუ ასეთი რამ ერთხელ დაუშვეს, არ იქნება გამორიცხული, რომ, გარკვეული კონიუქტურის გამო, კვლავ გაიმეორონ (მაგალითად, ყოფილი ხელისუფლების (ნაციონალური მოძრაობის) პერიოდის აგენტურის მიმართ, ან შემდგომში, დღევანდელი სპეცსამსახურების აგენტურის მიმართ და ა.შ.). ყოველ შემთხვევაში, ამაში საქართველოს მოსახლეობას ვერავინ ვეღარ გადაარწმუნებს. საკმარისია ექიმებმა ერთხელ მაინც გამოაქვეყნონ კონფიდენციალური ინფორმაცია ვენერიულ სნეულებათა მქონე პაციენტთა ვინაობის შესახებ, გარანტიას გაძლევთ, რომ უახლოესი 25 წლის განმავლობაში, მათი დახმარებით აღარავინ ისარგებლებს. აქ კი საკითხი ეხება ქვეყნის უსაფრთხოებასა და მომავალში შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობის საკითხს. მაგრამ ის, რაც ოპერატიული სამსახურისთვის საზიანოა, გამოძიების და მართლმსაჯულების სისტემისთვის, გარკვეულ ფარგლებში, მიზანშეწონილად მიმაჩნია. ჩემი აზრით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ იღებდა უაზრო და შეთითხნილი ბრალდებების საფუძველზე ადამიანების გასამართლებისა და დახვრეტის გადაწყვეტილებას. მე აქ საქმის აღძვრის ინიციატორებს, ანუ „ენ-კა-ვე-დე“-ს და ეგრედ წოდებულ „ტროიკებს“ ვგულისხმობ. ეს იქნება პრევენციული ღონისძიება იმათთვის, ვინც მომავალში პასუხისმგებელი იქნება მსგავსი გადაწყვეტილების მიღებაზე და უკანონობისა და ტერორის „გაპრავებას“, ანუ  კანონიერი სახის მიცემას ეცდება. სწორედ ეს გახლავთ ამ საკითხისადმი თანამედროვე ევროპული მიდგომა. მაგრამ ისევ და ისევ, ამის გაკეთება სპონტანურად, გაუაზრებლად, დილეტანტურად და სერიოზული აწონ-დაწონვის გარეშე დაუშვებელია.

     

    და ბოლოს, მინდა, ნახევრად რიტორიკული კითხვა დავსვა: კვლავ დარწმუნებულები ხართ იმაში, რომ მხოლოდ 30 წლის წინანდელი თანამშრომლობა „კა-გე-ბე“-თან, ამ თანამშრომლობის არსის დეტალური შესწავლის გარეშე, საკმარისი პირობა გახლავთ იმისთვის, რომ 2019 წელს (თუ 2020-ში ან შემდგომ) ადამიანის მიმართ დამამცირებელი რეპრესიული და შეზღუდვითი ღონისძიებები ჩავატაროთ? ფიქრობთ, რომ ეს პოლიტიკური პრობლემების გადაჭრას და საზოგადოების გამთლიანებას შეუწყობს ხელს? და პირიქით, არის თუ არა „არააგენტობა“ საკმარისი პირობა იმისთვის, რომ ადამიანი დაუფიქრებლად დავნიშნოთ „თავისუფლების ქარტია“-ს მიერ მე-8 მუხლით განსაზღვრულ პოზიციებზე? იქნებ მოვიდა დრო, სხვა კრიტერიუმები და კონტროლის მექანიზმები შევიმუშავოთ, რათა ამ თანამდებობებზე არ მივიღოთ ქვეყნის მტრები, ამორალური, კორუმპირებული, გარყვნილი და კრიმინალური მენტალიტეტის მქონე  პიროვნებები?

     

    ლუსტრაციის კანონი დემოკრატიული საზოგადოების ქმედით ინსტრუმენტად მოიაზრება, რომლის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს კანონიერების და მორალის უზენაეს პრინციპებს და  ემსახურებოდეს ქვეყნის სტრატეგიული განვითარების მიზნებს. თუ ეს ასე არ არის, ეს კანონი შეიძლება უბრალოდ საფრთხეს წარმოადგენდეს ქვეყნისთვისა და მისი მოსახლეობისთვის. სამწუხაროდ, ჩვენთან არც რეალური დემოკრატიაა, არც სრულყოფილი სამოქალაქო საზოგადოება, არც ქვეყნის განვითარების სტრატეგიული გეგმა გვაქვს და არც ადეკვატური ლუსტრაციის კანონი, ხოლო მორალურ პრინციპებზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ვფიქრობ, დაგვიანებულ, ნაწილობრივ და, რაც მთავარია, მცდარ პრინციპებზე დაფუძნებულ ლუსტრაციის ჩატარებას, სჯობს საერთოდ შევიკავოთ თავი ამ საეჭვო ღონისძიებისგან და პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღების სხვა ეფექტური მეთოდები ვეძიოთ. ცხადია, ეს მეთოდები სერიოზულ პოლიტიკურ, სამართლებრივ და სოციოლოგიურ  კვლევებს უნდა ეფუძნებოდეს.

     

    გიორგი ალექსიძე 

    სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი

    ყოფილი: 

    საქართველოს საინფორმაციო სადაზვერვო სამსახურის, ტერორიზმთან და უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებთან ბრძოლის განყოფილების უფროსი;

    ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსი;

    საქართველოს  უშიშროების  მინისტრის მოადგილე, ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი; 

    საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×