სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    26.03.2019

     საქართველო ევროკავშირთან მაქსიმალურად დაახლოებისაკენ მიისწრაფვის და მთავრობის ყველა უწყება აქტიურად ცდილობს, წევრი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა საქართველოში დანერგოს. რა ემართება სახელმწიფოს, როდესაც მისი უშუალო მეზობელი ქვეყნების უმრავლესობა დემოკრატიული იდეოლოგიებისა და თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებისაგან ძალიან შორს არის, მაგრამ ამის აღსანიშნავად მაინც არ სურს თითის ღიად გაშვერა? ამ შემთხვევაში, სახელმწიფო საზღვარი იდეოლოგიურად ჩაკეტილი ხდება, რაც, თავის მხრივ, ქვეყნებს შორის ურთიერთვაჭრობის ხელშეკრულების ქაღალდზე არსებობის მიუხედავად, ხელს უშლის საწარმოებს მათი პროდუქციის რეალიზებაში მეზობელი ქვეყნების ბაზარზე.

    საქართველოს სამთავრობო ორგანოები სამი ბრძენი მაიმუნის პოზიციას იკავებენ (ანუ, მე თუ ვერ ვხედავ ბოროტებას, არ მესმის ბოროტების შესახებ და არაფერს ვამბობ მასზე, გამოდის, მე დაცული ვარ მისგან). შესაბამისად, ოფიციალური პირები ძირითადად თავს იკავებენ იმის საჯაროდ აღნიშვნისაგან, რომ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული უპირობო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიუხედავად, ზოგიერთი ქართული პროდუქტი ხელოვნურად არ დაიშვება აზერბაიჯანში. ამ პარადოქსის უკეთ წარმოსაჩენად ყურადღებას გავამახვილებთ ცემენტის ინდუსტრიაზე (თუმცა ამ ტიპის პრობლემებს ბევრი სხვა პროდუქცია და მწარმოებელი აწყდება).

    ამჟამად, ერთი ტონა ცემენტის საშუალო გასაყიდი ფასი საქართველოში 50 აშშ დოლარით, ხოლო აზერბაიჯანში - 70 აშშ დოლარით განისაზღვრება. როდესაც ორ ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი ფასთა სხვაობა მოცემულ პროდუქტზე, ნებისმიერი მოგებაზე ორიენტირებული ბიზნესმენი დაუყოვნებლივ დასვამდა ორ კითხვას: 1) არსებობს თუ არა ნამდვილი თავისუფალი ვაჭრობა ამ ორ ქვეყანას შორის? 2) არის თუ არა დაბალი ფასის მქონე ქვეყნიდან მაღალი ფასის მქონე ქვეყნამდე სატრანსპორტო ღირებულება გასაყიდ ფასებს შორის განსხვავებაზე ნაკლები? თუ ამ ორივე კითხვაზე პასუხი არის "კი", როგორც მწარმოებელი, აგენტი, საბროკერო ან/და საბითუმო მოვაჭრე, დაუყოვნებლივ დაიწყებდა საერთაშორისო სავაჭრო გეგმების ჩამოყალიბებასა და ბაზარზე შესვლის სტრატეგიების შემუშავებას, რათა მიიღოს ორ ქვეყანას შორის ფასთა სხვაობით გამოწვეული დამატებითი მოგება. დროთა განმავლობაში, ამ ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო ვაჭრობის გაჩაღება ხელს შეუწყობდა ფასების გათანაბრებას, რაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში საკმარისად მომგებიანი იქნებოდა.

    ცემენტის საბაზრო ფასებს შორის არსებითი სხვაობა და აზერბაიჯანის მხრიდან ქართველი მწარმოებლებისათვის ოფიციალური შეზღუდვების არარსებობის მიუხედავად, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს ცემენტის კომპანიები ბაზარზე პროდუქციის ექსპორტს ამაოდ ცდილობენ. აზერბაიჯანული ცემენტი კი საქართველოში ხელოვნური დაბრკოლებების გარეშე იყიდება, რადგან ქვეყანა პატივს სცემს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და ყველა დაინტერესებულ მოთამაშეს თანაბარ შესაძლებლობას აძლევს.

    ცოტა არ იყოს, გაუგებარია, აზერბაიჯანული ცემენტის მწარმოებლები საქართველოში მომგებიან ოპერირებას როგორ ახერხებენ მაშინ, როდესაც საქართველოში უფრო დაბალი გასაყიდი ფასია და მეზობელ მწარმოებლებს ფასწარმოქმნისას საქართველომდე ტრანსპორტირების ხარჯების დამატებაც უხდებათ. მაგრამ გასაკვირია ის, რომ აზერბაიჯანში კლიენტები ამას მშვიდად შესცქერიან და რატომღაც იმავე ხელსაყრელ გასაყიდ ფასებს საშინაო ბაზარზეც არ ითხოვენ.

    აღსანიშნავია, რომ საქართველოს აზერბაიჯანში ცემენტის გაყიდვის კარგი გამოცდილება აქვს. მაგალითად, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2013 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან აზერბაიჯანში 18.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 249,770 ტონა ცემენტი იყო ექსპორტირებული. შედარებისათვის, 2012 წლის იმავე მაჩვენებელმა 14.4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 196,080 ტონა შეადგინა. წლიდან წლამდე პროგრესული ზრდა ათწლეულების განმავლობაში იყო მოსალოდნელი.

    აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, ქვეყანამ, წინა დეკადასთან შედარებით, ცემენტის წარმოება თითქმის გააორმაგა. ქვემოთ მოყვანილი გრაფიკი ცხადყოფს, რომ 2005 წელს წარმოებული ცემენტის მაჩვენებელმა 1,538 ათასი ტონა შეადგინა, ბოლო 2017 წლის გამოვლენილმა საწარმოო რაოდენობამ კი - 2,955 ათასი ტონა.

    აზერბაიჯანში ცემენტისა და კლინკერის წარმოება სამშენებლო მასალებზე შიდა მოთხოვნის სტაგნაციის მიუხედავად მაინც იზრდება, ძირითადად - საქართველოში ექსპორტის ზრდის ხარჯზე. ბოლო სამი წლის განმავლობაში, ქართული ცემენტის წარმოების ბაზარზე საერთო სამუშაო ადგილების რაოდენობა, ქვეყანაში არსებული სამშენებლო ბუმის მიუხედავად, შემცირდა ძირითადად იმის გამო, რომ საგრძნობლად გაიზარდა იმპორტირებული ცემენტის მაჩვენებელი. აზერბაიჯანში პირიქით - მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის სამშენებლო ინდუსტრია რეცესიაშია და სახეზეა ცემენტზე შიდა მოთხოვნის სტაგნაცია, სამი საწარმო მაინც აქტიურად ოპერირებს და ზრდის სამუშაო ადგილებს, რაც საქართველოში სუბსიდირებული დაბალფასიანი ექსპორტის წყალობით არის შესაძლებელი.

    აზერბაიჯანის მთავრობა ცემენტის ინდუსტრიისათვის დამახასიათებელ ყველაზე ძვირად ღირებულ კომპონენტს, საწვავს ირიბად ასპონსორებს. სუბსიდირებული საწვავის ფასები კი აზერბაიჯანული ცემენტის ქარხნების პროდუქციას თვითღირებულების უპირატესობას ანიჭებს და ჭარბად წარმოებული პროდუქციის საქართველოში რეალიზაციას ახდენს ისე, რომ საბაზრო პრინციპებით დათვლილი ხარჯების სრული დაფარვა არ ხდება.

    აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტი აღნიშნავს, რომ ქვეყანამ 2018 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში 3.2 მლნ ტონა ცემენტი აწარმოა. ეს რეკორდული მაჩვენებელი 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21.2%-ით არის გაზრდილი. წარმოების მყისიერი ზრდა ადგილობრივი ხელისუფლების პროტექციის პოლიტიკის გატარებით, მათ შორის გარკვეული ქვეყნებისთვის ცემენტის იმპორტზე ტარიფების შემოღებით, არის გამოწვეული. იმპორტის გადასახადი რიგ ქვეყნებზე 2016 წელს დაწესდა და 2020 წლის ჩათვლით იმოქმედებს.

    ქვეყნის სამ ძირითად ცემენტის კომპანიას წელიწადში 4.7 მილიონი ტონა ცემენტის წარმოების შესაძლებლობა აქვს. აღსანიშნავია, რომ ორი საწარმო სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ შეიქმნა: Norm Sement და Akkord Cement ქვეყანაში უძველესი ცემენტის ქარხანა კი Holcim Azerbaijan არის.

    Norm Sement სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდი ცემენტის ქარხანაა, რომელიც დღეში 5,000 ტონა კლინკერისა და 2 მილიონი ტონა ცემენტის წარმოების შესაძლებლობას იძლევა. პარალელურად, Akkord Cement გეზახის ქარხნის 1 მილიონი ტონა წარმადობის წელიწადში 1.3 მილიონ ტონამდე გაზრდას გეგმავს. “Global Cement”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, Akkord Cement  ამ საინვესტიციო პროექტზე უცნობ გერმანულ კომპანიასთან თანამშრომლობს.

    აზერბაიჯანის ცემენტის ბაზრის დაახლოებით 40% Holcim Azerbaijan -ს უკავია, წელიწადში 1.7 მილიონი ტონის საწარმოო სიმძლავრით. Holcim -მა პროდუქციის ექსპორტი 2016 წელს საქართველოში კლინკერით დაიწყო, ხოლო შემდგომ შემოტანილ პროდუქციას ნაყარი და შეფუთული ცემენტი დაამატა.

    ირანული ცემენტის დემპინგური ფასებით შეწუხებულმა აზერბაიჯანმა ირანიდან ერთ ტონა ცემენტის იმპორტზე 70 აშშ დოლარის გადასახადი დააწესა. ირანული ცემენტის შემოდინება ქვეყანაში მაშინვე შეწყდა, რადგან აზერბაიჯანში ტონა ცემენტის საბაზრო ფასი 70 აშშ დოლარია.

    როგორც ჩანს, საქართველოს ცემენტის მწარმოებლებს აზერბაიჯანში ამ ეტაპზე ხელოვნური დაბრკოლებები ექმნებათ და ქართული მხრიდან არავინ არის მზად, ოფიციალურად წინ აღუდგეს ამ უსამართლობას. საქართველოს ცემენტის ასოციაციის წარმომადგენლები თავს იკავებენ ამ თემაზე კომენტარისაგან იმ იმედით, რომ საქართველოს ოფიციალური უწყებები თავისუფალი ვაჭრობის დაცვას დროულად უზრუნველყოფენ. ძნელია იმის შეფასება, თუ რამდენად დიდხანს გაგრძელდება ეს აბსურდი, მაგრამ სანამ ორივე მხარის ინდუსტრიის ძირითადი მოთამაშეები ცდილობენ ერთმანეთთან შერკინებას, საქართველოში ადამიანები კარგავენ სამუშაო ადგილებს და ნელ-ნელა ქრება ქვეყნის მრეწველობის ტრადიციული დარგები.

    ნინო კობიძე

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved