სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    29.03.2019

    ანზორ საკანდელიძე, თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე

    დამშეულ და გაღატაკებულ ქართველ ხალხს იმედის ნაპერწკალი გაუჩინა "ქართული ოცნების" გადასარჩენად ღარიბაშვილის დაბრუნებამ პოლიტიკაში და ალბათ ეკონომიკაშიც. სიკვდილ-სიცოცხლის ტოლფასი სამარცხვინო შიმშილი ბატონობს დღეს საქართველოში. ამაზე მეტი ტოტალური სირცხვილი რაღა იქნება, როცა დამშეულ ქართველებს თავი ნაგვის ურნებში აქვთ ჩარგული და აუტანელი შიმშილის გრძნობის დასაოკებლად სანაგვეზე გადაყრილი ნარჩენი კვების პროდუქტებში დღედაღამ იქექებიან!

    რა გამოსავალია? ერთადერთი - ტოტალური დასაქმება! ტოტალური დასაქმებისთვის რა გზას უნდა დავადეგთ? ერთადერთს - მსოფლიოში დასაქმებულთა 90%-ის დამსაქმებელი მცირე მეწარმეობის კანონის აღდგენა და საქართველოში მცირე მეწარმეობის მყარად დამკვიდრების ტოტალური რეფორმების საუკეთესო პროგრამაზე კონკურსის გამოცხადება! დღეს სხვა რამე კანონი არის თუ არა მოქმედებაში? არა. გვქონდა 1999 წელს მიღებული მცირე მეწარმეობის ერთადერთი კანონი და ისიც 2006 წლიდან გაუქმებულია!

    გაცილებით უფრო დიდი უბედურებაა, როცა საქართველოში, 13 წელიწადია, არავინ არ იცის, რომ ქვეყანაში არ არსებობს მცირე მეწარმეობის არც ერთი კანონი, მცირე მეწარმეობის მართვის არც ერთი სტრუქტურა, არც ერთი საინვესტიციო ფონდი, არც ერთი რეალური პროგრამა და, ფაქტობრივად, სახელმწიფოს გამოცხადებული აქვს ბოიკოტი მცირე მეწარმეობასთან, ანუ დასაქმებასთან. ეს უცოდინრობა ტოტალურად ეხება პარლამენტში, მთავრობაში, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებში ყველა დასაქმებულს, პირველი პირების ჩათვლით, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავას გარდა. ასე რომ, დღეს ხელისუფლებაში აბსოლუტურად არავის არ ახსოვს ქართული მცირე მეწარმეობა და ევროპული მცირე ბიზნესის აქტის სათაური: "უპირველესად იფიქრე მცირეზე!"

    რაზე ფიქრობენ ჩვენი წამყვანი ტელეარხები, რომელთა საეთერო დრო გადაჭედილია დასაქმების თემის შოუებით? ამ შოუებზე არც წამყვანებსა და არც სტუმრებს (პარლამენტარები, მთავრობის წევრები, მეცნიერები, ეკონომისტები, ექსპერტები, სპეციალისტები, პოლიტიკოსები) არასდროს უხსენებიათ, რომ საქართველოში არ არსებობს მცირე მეწარმეობის კანონი, რომლის გარეშე დასაქმებაზე საუბარი მხოლოდ ლაყბობის ტოლფასია და ერთი შოუს თემაც კი არ გამხდარა, რატომ არ არსებობს მცირე მეწარმეობის კანონი? ასევე, არასდროს არ უხსენებიათ, რომ დღეს საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკა არის 70% და, აქედან გამომდინარე, საფინანსო-ეკონომიკური მაფიოზების კონტროლქვეშაა მოქცეული რეალური მშპ-ისა და ბიუჯეტის 70%!

    არადა, მცირე მეწარმეობის კანონის არარსებობა და 70%-იანი ჩრდილოვანი ეკონომიკის არსებობა არის ჩვენი ეკონომიკის განადგურების, მოსახლეობის ტოტალური დაუსაქმებლობისა და სიდუხჭირე-შიმშილში ცხოვრების განმაპირობებელი 2 ყველაზე დიდი, გლობალური პრობლემა, რომელთა მოგვარებას უნდა ეძღვნებოდეს ამ ეკონომიკური შოუების გადაცემების არა დღევანდელი ნულოვანი, არამედ 70-80%. ჩვენ კი კონკრეტულად ამ პრობლემებზე პრესაში გამოქვეყნებული გვაქვს ასობით სტატია და ინტერვიუ, რომელთა შორის ამ ტელეშოუების წამყვანებისთვის არც ერთი არ აღმოჩნდა საინტერესო და ერთხელაც კი ვერ ვეღირსეთ მიწვევას, მათ შორის ჩვენი საბიუჯეტო გადასახადებით დაფინანსებულ ე.წ. საზოგადოებრივ არხზეც.

    რატომ არ უნდათ 1999 წელს მიღებული მცირე მეწარმეობის კანონის აღდგენა? იმიტომ, რომ ამ კანონის აღდგენასთან ერთად ავტომატურად აღდგება მცირე საწარმოთა მართვის ცენტრი საკუთარი საინვესტიციო ფონდით, სადაც გადაირიცხება მცირე მეწარმეობის განვითარებისათვის ყოველწლიურად გამოყოფილი ადგილობრივი თუ უცხოური სოლიდური თანხები (გრანტები, ტრანშები, დახმარებები, შეღავათიანი კრედიტები), რომლებსაც ამ კანონის არარსებობის პირობებში აკონტროლებს საფინანსო-ეკონომიკური მაფია. თუ ირაკლი ღარიბაშვილი შეძლებს მცირე მეწარმეობის კანონის აღდგენას, მომენტალურად შეწყდება ამ მაფიის მიერ მცირე მეწარმეთა 13-წლიანი ძარცვა!

    არის მეორე მიზეზიც. მცირე მეწარმეობის კანონის აღდგენასა და სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა (რომელთა შორის 2 მილიონზე მეტი მეანაბრეა!) ზარალის ანაზღაურების საფუძველზე ჩვენ დამუშავებულ-დაპატენტებული გვაქვს ეკონომიკური რეფორმების უნიკალური კონცეფცია-პროგრამა. ჩვენ მიერ მიგნებული ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელ მილიონობით დაზარალებულთა მილიარდობით დოლარის ზარალის ტრანსფორმაცია-კაპიტალიზაცია ადგილობრივ უფასო ინვესტიციებად გარანტირებულ მაღალ მოგებაზე მომუშავე ასობით ახლად გახსნილ პროდუქციის მწარმოებელ მცირე საწარმოებში, სადაც შეიქმნება ათასობით ახალი სამუშაო ადგილი. 5-ჯერ უფრო მეტი ახალი სამუშაო ადგილები კი ავტომატურად დამატებით შეიქმნება ამ საწარმოთა გარეთ, არასამრეწველო ბიზნესებში!

    პრაქტიკული რეალიზაციისათვის 4 წელია უკვე გამზადებულ ასეთ მართლაც უნიკალურ კონცეფცია-პროგრამას დღემდე ბლოკავს ეკონომიკის სამინისტრო და პარლამენტს არ აძლევს დასკვნას, რათა პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე ერთად არ დადგეს ჩვენი უფასო და ათეული მილიონობით ლარის საეჭვო დანახარჯებით დამუშავებული, დღეს კი სანაგვეზე გადაყრილი თუ გადასაყრელად გამზადებული ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამუშავებული, არაფრის მაქნისი ვაიპროგრამები. სწორედ ამიტომაცაა, რომ ათეული მილიონობით ლარის დანახარჯებით ეკონომიკის სამინისტრომ ამდენი წელია, მცირე მეწარმის ევროპული მოდელის სტატუსიც კი ვერ შეიმუშავა და ტრაბახობს მის მიერ მიღებული წლიური 500 000-ლარიანი სამარცხვინო ბრუნვით. სამარცხვინო იმიტომ, რომ ევროპული სტნდარტია წლიური 10 მილიონი ევრო, რომელსაც ჩამოვუვარდებით 60-ჯერ, ევროპული მიკრომეწარმის 2-მილიონიანი ევროს ბრუნვას კი 12-ჯერ!

    ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღეს საქართველოში ევროპული დონის მცირე მეწარმეობა კი არა, ევროპული დონის მიკრომეწარმეობაც კი არ გვაქვს. ასე გვინდა დავასაქმოთ მოსახლეობა და შევიდეთ ევროკავშირში?

    აქედან გამომდინარე, მივმართავთ პოლიტიკაში დაბრუნებულ ირაკლი ღარიბაშვილს: ბატონო ირაკლი, თუ გინდათ "ქართული ოცნების" გადარჩენა, სასწრაფოდ უნდა აღდგეს 2006 წელს გაუქმებული მცირე მეწარმეობის კანონი და გამოცხადდეს კონკურსი საქართველოში მცირე მეწარმეობის განვითარების საუკეთესო პროგრამაზე. 4 წლის წინ პარლამენტში, მთავრობაში, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებში ოფიციალურად გაგზავნილი ჩვენი კონცეფცია-პროგრამა ჩაითვალოს კონკურსზე გაგზავნილად. ეს აუცილებლად გასატარებელი ღონისძიებებია, რადგან დღევანდელი ცოცხალმკვდარი მცირე მეწარმეობით ჩვენ შორს ვერ წავალთ და უმუშევრობა-შიმშილს თავს ვერასდროს დავაღწევთ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×